ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა: „ბიუჯეტის მუხლის - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება - ზრდა არის 2 575 500. რეალურად, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციული რესურსების კვება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

პუნქტები, რომელზეც სევდია უგრეხელიძე საუბრობს, 2017 წლის ბიუჯეტში მოცემულია კოდებით - 07 02 03 და 07 02 04. პირველი ეხება საზოგადოების განათლების და ინფორმირების ხელშეწყობას, მეორე კი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას. 2017 წლის ბიუჯეტში პირველი მუხლისთვის 4 682 200 ლარია განსაზღვრული, ხოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლი 1 087 200 ლარს ითვალისწინებს.

2016

წელს 07 02 03 მუხლის თანხა 2 740 100 ლარს შეადგენდა, ხოლო 07 02 04 მუხლის - 1 000 000 ლარს. 2017 წელთან შედარებით, პირველ ნაწილში სხვაობა 1 942 100 ლარია, ხოლო მეორე ნაწილში 87 000 ლარი. შესაბამისად, ჯამში, აღნიშნულ ორ მუხლს 2017 წელს 2 029 100 ლარი ემატება.

რაც შეეხება გასული წლების ბიუჯეტებს, აღნიშნული ორი მუხლისთვის გათვალისწინებული დაფინანსება

ასეთია:

წელი      2011     2012     2013     2014       2015 2016 2017
საზოგადოების განათლების და ინფორმირების ხელშეწყობა 2 601 808 3 298 471 1 844 963 1 243 000 1 442 600 2 740 100 4 682 200
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება 47 324 622 350 1 168 300 1 000 000 1 087 200
ჯამური თანხა 2 601 808 3 298 471 1 892 287 1 865 350 2 610 900 3 740 100 5 769 400

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს, წინა წლებთან შედარებით, აღნიშნული მიმართულებებით დასახარჯი თანხის მოცულობა შემცირდა. თუმცა, 2013 წლის შემდგომ, ყოველწლიურად, ბიუჯეტის ორივე მუხლში დაფინანსება იზრდება, ხოლო 2017 წელს (2013-თან შედარებით) კი თითქმის ორმაგდება.

იმისთვის, რომ უფრო დეტალურად შეგვესწავლა ამ ორ მიმართულებაში კონკრეტულად რა აქტივობები ხორციელდება და თითოეული აქტივობის თანხობრივი ასახვა როგორია, ფაქტ-მეტრმა თბილისის მერიიდან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა. კერძოდ, 2015 და 2016 წლებში ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში, პუნქტებში - საზოგადოების განათლების და ინფორმირების ხელშეწყობა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება. თბილისის მერიამ პირველ ჯერზე მხოლოდ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების პუნქტის დეტალური ხარჯები მოგვაწოდა და არ დაგვისაბუთა, რატომ არ მოგვაწოდა საზოგადოების განათლების და ინფორმირების ხელშეწყობის ნაწილის ბიუჯეტი. მას შემდეგ, რაც მეორე პუნქტის ხარჯვის ანგარიში კვლავ მოვითხოვეთ, მერიამ მოგვაწოდა მხოლოდ 2015 წლის დეტალური ბიუჯეტი და არ გამოგვიგზავნა 2016 წლის ანალოგიური სტატისტიკა. ცხრილებში ასახულია ის კონკრეტული აქტივობები, რომლებიც გასულ წლებში თბილისის მერიის ბიუჯეტის აღნიშნული ორი მუხლიდან დაიფარა.

  1. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, 2015 წელი:
 კომპანია (შ.პ.ს.)  მომსახურება  ჯამური თანხა (ლარებში)
საგადასახადო ინსპექცია გადასახადები 16 206.4
გრინ ფი რეკლამის ხარჯი 48 212.44
სვიჩ ქომუნიქეიშენს რეკლამის ხარჯი 24 633.04
ბრავო რექორდს სარეკლამო რგოლების სატელევიზიო ეთერში განთავსება 698 961.71
ფ/პ პირდაპირ ეთერში სატელემაუწყებლო მომსახურება 16 000
ჰორიზონ ტვ სტუდია პირდაპირ ეთერში სატელემაუწყებლო მომსახურება 7 980
პანდა პროდაქშენ რეკლამის ხარჯი 89 670.5
თბს ტვ სარეკლამო რგოლების განთავსება 217 828.8
მიმღები დაშიფრულია პირდაპირ ეთერში სატელემაუწყებლო მომსახურება 48 825.6
ჯამი 168 318.49
 
  1. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება, 2016 წელი:
პრინტარეა საგამომცემლო-სასტამბო 74 914.25
დიოსი საგამომცემლო-სასტამბო 7 218.22
ფრანი საგამომცემლო-სასტამბო 6 281
სმოლ-სტუდიო ვიდეო რგოლის გადაღება 15 000
ვესტა რეკლამა 4 583.1
თბს ტვ. მედია რეკლამა 528 978.16
სეზანი საგამომცემლო-სასტამბო 10 416
თეგი საგამომცემლო-სასტამბო 1 723.25
ბისსტუდიო რეკლამა 82 000
აუთდორ.ჯი საგამომცემლო-სასტამბო 45 661.1
ფაუნტეინ ჯორჯია ალმების, გულსაბნევების,მუყაოს ჩანთების შეძენა 3 861
პორტ80 რეკლამა 24 780.03
ინტერპრინტ ჯორჯია სამკერდე ნიშნების,ბუშტების შეძენა 2 600
მიმღები დაშიფრულია პირდაპირ ეთერშისატელემაუწყებლო მომსახურება 59 632
პრინტ-მედია საგამომცემლო-სასტამბო 15 758.4
სახელმწიფო ორგანო, ქ. თბილისის მერია, ბარათი რეკლამა 5 127.45
 ჯამი  907 284.49

3.

საზოგადოების განათლების და ინფორმირების ხელშეწყობა, 2015 წელი:

კომპანია (შ.პ.ს.) მომსახურება  ჯამური თანხა (ლარებში)
ქეჩერა თვითკოპირებადი ოქმების ბეჭვდა 830
ვესტა საგამომცემლო-სასტამბო 56 274.6
კომბიტეკი საგამომცემლო-სასტამბო 76 028.5
ჯეო ქლინ + საგამომცემლო-სასტამბო 3 201
ფავორიტი სტილი საგამომცემლო-სასტამბო 16 588
ფრანი საგამომცემლო-სასტამბო 1 229.5
ბეჭდვითისიტყვის კომბინატი საგამომცემლო-სასტამბო 830
დკ. საგამომცემლო-სასტამბო 735
ფაუნტეინ ჯორჯია საგამომცემლო-სასტამბო 8 060
ჯი ჯი ეს ჰოლდინგი საგამომცემლო-სასტამბო 7 155.2
პრინტარეა საგამომცემლო-სასტამბო 29 876.34
ჯამი 200 808.14
 

როგორც ცხრილებიდან ჩანს, თანხები ძირითადად საგამომცემლო-სასტამბო საქმიანობას და რეკლამას ხმარდება.

  დასკვნა

როგორც კვლევამ აჩვენა, ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ზემოაღნიშნული მუხლების დაფინანსება მუდმივად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. მნიშვნელოვანი ზრდაა (დაახლოებით ორი მლნ ლარი) 2017 წლის ბიუჯეტშიც. ჩვენ ასევე შევისწავლეთ, დეტალურად რაში იხარჯება ბიუჯეტის ეს ნაწილი. როგორც აღმოჩნდა, მისი ძირითადი წილი სასტამბო-საგამომცემლო საქმიანობას და რეკლამას ხმარდება.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ სხვა წელს აღნიშნული მუხლების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები ისე მკვეთრად არ გაზრდილა როგორც მიმდინარე წელს, ფაქტ-მეტრი ცალსახად ვერ იტყვის, მართლაც ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კვებას ემსახურება თუ არა ეს ზრდა. ამდენად, სევდია უგრეხელიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი