2017

წლის 20 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა სერგი კაპანაძემ  ივანე (ვანო) მერაბიშვილის საქმესთან დაკავშრიებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. კაპანაძის მოსაზრებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საფუძველია, რასაც ამ მუხლთან დაკავშირებული პრაქტიკაც მოწმობს. „მე-18 მუხლის დარღვევა აქამდე სადაც იყო დადგენილი ევროპის სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში, ან ყველა ტუსაღი გაათავისუფლეს ან მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა ქვეყნებს, რომ გაათავისუფლონ ეს ტუსაღები“, - განაცხადა პარლამენტარმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2017 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ევროსასამართლოს დიდმა პალატამ, სექციის მიერ  2016 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება

გაიზიარა და ვანო მერაბიშვილის საქმეზე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (5§1-თან ერთობლიობაში) დაადგინა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შეფასებით მერაბიშვილის პატიმრობა ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორების მიზანს არ ისახავდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა დასაწყისში  ლეგიტიმური იყო, 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (პატიმრის ციხიდან გაყვანა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებზე ინფორმაციის გამჟღავნების სანაცვლოდ გათავისუფლების დაპირება) 2013 წლის 25 სექტემბრიდან მან არალეგიტიმური სახე მიიღო, რადგან თავდაპირველი  მიზნის კონვენციასთან შეუსაბამო მიზნით ჩანაცვლება მოხდა, რაც კონვეცნიის მე-18 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.

  რას გულისხმობს კონვენციის მე-18 მუხლი? “ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის

” მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მიხედვით, კონვენციით დადგენილ უფლებაში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა დასაშვებია მხოლოდ ამ უფლებითვე განსაზღვრული მიზნებისთვის, და არა სხვა მიზნებისთვის. ნებისმიერი სხვა მიზნით ჩარევა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ჩაითვლება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონვენციის მთლიანი სტრუქტურა ხელისუფლებების კეთილსინდისიერების პრეზუმფციას განამატკიცებს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ესა თუ ის საჯარო პოლიტიკა თუ ინდივიდაულური ღონისძიება „დაფარულ მიზანს“ ემსახურებოდეს, შესაბამისად, ცხადია, რომ კეთილსინდისიერების პრეზუმფცია გაბათილებადია. ამისთვის, განმცხადებელმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი უფლება არასათანადო მიზნით არის შეზღუდული, უნდა დააჯეროს სასამართლო, რომ სახელმწიფომ დაარღვია კეთილსინდისიერების პრინციპი და მის ხელთ არსებული ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა.

  სასამართლოს მიერ მე-18 მუხლის დარღვევის  დადგენის შემთხვევები

მე-18 მუხლის დარღვევაზე მსჯელობისას, სასამართლო  საკმაოდ მკაცრ სტანდარტს იყენებს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დღემდე სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა მხოლოდ შვიდ შემთხვევაში დაადგინა. აქედან 6 შემთხვევა სექციის დონეზე, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის და რუსეთის სახელმწიფოების შემთხვევაში დადგინდა. ბოლო, მეშვიდე შემთხვევა მერაბიშვილის საქმეა, რომელზეც დანარჩენი საქმეებისგან განსხვავებით, საბოლოო სიტყვა  სასამართლოს დიდმა პალატამ თქვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

პირველი საქმე, რომელზეც სასამართლომ 2004 წლის 19 მაისს მე-18 მუხლის დარღვევა (მე-5 მუხლთან ერთობლიობაში) დაადგინა Gusinskiy v Russia

იყო. გუსინსკის, რომელიც ერთ-ერთი მედიაკომპანიის მფლობელი იყო, ბრალი დასდეს თაღლითობაში და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, რადგან განმცხადებლის დაკავების მიზანი იყო არა მხოლოდ ის, რომ ბრალდებული უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოსთვის წარედგინათ, არამედ ის, რომ დაეშინებინათ, რათა მას კომპანიის წილები სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიისთვის („გაზპრომისთვის“) გადაეცა.

საქმეზე Ceborati v Moldova -

სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები, რომლითაც პროკურატურა ცდილობდა მის მიერ წარდგენილი ბრალის დადასტურებას  და რის გამოც ეს პირი 2006 წლის 9 აგვისტოდან 19 ნოემბრის ჩათვლით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, არ იყო საკმარისი იმისათვის რომ ობიექტური დამკვირვებელი პირის ბრალეულობაში დაერწმუნებინა. ამასთან, პირის დაკავებისა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების დაწყების რეალური მიზანი სხვა საქმეზე მის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის გადათქმევინება იყო.

შემდეგი საქმე Lutsenko v Ukraine

იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2010 წლის ნოემბერში უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით დაიწყო. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რომლის ერთადერთ მიზანსაც ლუცენკოს მოსაზრებით მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება წარმოადგენდა. სასამართლოს შეფასებით, საქმის გარემოებების გათვალიწინებით  ლუცენკოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობას განმასხვავებელი მახასიათებლები გააჩნდა, რაც აღნიშნული შემთხვევის პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების უფრო ზოგადი კონტექსტიდან განცალკევებით განხილვის საშუალებას იძლეოდა. სასამართლომ  დაადგინა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას (მე-5 მუხლთან ერთობლიობაში). კერძოდ, ლუცენკოს დაკავება და მისი წინასწარი  პატიმრობა  ემსახურებოდა არა სასამართლოს წინაშე მის წარდგენას, არამედ სხვა მიზნებს. სხვა მიზნად დასახელდა ლუცენკოს მიერ მედიის საშუალებით გაჟღერებული განცხადებები, რომლითაც ის ცდილობდა საზოგადოებისთვის მისი უდანაშაულობის დამტკიცებას, რაც პროკურატურის შეფასებით საზოგადოებისთვის აზრის შეცვლას, პროკურატურის დისკრედიტაციასა და სასამართლოზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა.

ლუცენკოს საქმის მსგავსია Tymoshenko v Ukraine.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2011 წლის აპრილში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც ლუცენკოს შემთვხვევაში, ტიმოშენკოც სტრასბურგის სასამართლოს პოლიტიკური მოტივის დადგენას სთხოვდა. სასამართლომ  ამ საქმეშიც დაადგინა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კონვენციის მე-18 მუხლის (მე-5 მუხლთან ერთობლიობაში) დარღვევა და განაცხადა, რომ ტიმოშენკოს დაკავება და მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობის გამოყენების რეალური მიზანი იყო მისი დასჯა სასამართლოს მიმართ პატივისცემის ნაკლებობისათვის და არა გონივრული ეჭვის საფუძველზე დანაშაულის ჩადენისათვის კომპეტენტური სასამართლოს წინაშე წარდგენა, თუმცა ცალსახად პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორების მიზანი სასამართლოს არ დაუდგენია.

მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა (Ilgar Mammadov v. Azerbaijan).

 მამადოვი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას  წარმოადგენდა, აწარმოებდა პირად ინტერნეტ ბლოგს სადაც არაერთ პოლიტიკურ საკითხს განიხილავდა და ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. ამასთან, საზოგადოებაში აზერბაიჯანის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა. 2013 წლის 24 იანვარს, მან ისმაილში იმოგზაურა, სადაც ერთი დღით ადრე მასობრივი საპროტესტო აქცია მოეწყო. მამადოვმა ბლოგის საშუალებით აქციის მიმდინარეობა აღწერა და ხელისუფლება რეალური მოვლენების დამალვაში დაადანაშაულა, რასაც ქვეყანაში არეულობის შექმნის მცდელობის ბრალდებით მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა მოჰყვა.

აღნიშნულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ მამადოვის დაკავება  კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევით მოხდა. კერძოდ, დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი გაჩუმება და სახელმწიფოს კრიტიკის გამო დასჯა იყო.

საქმეში Jafarov v Azerbaijan,

სასამართლომ ასევე მე-18 მუხლის (მე-5 მუხლთან ერთობლიობაში) დარღვევა დაადგინა. ჯაფაროვი, სამოქალაქო აქტივისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი იყო. მის სახელს  არაერთი კრიტიკული ანგარიში უკავშირდება. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკური პატიმრების სიის ევროპის საბჭოსთვის წარდგენის პროცესში. ჯაფაროვმა დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერების გამო, ვერ მოახერხა ორგანიზაციის სათანადო წესით რეგისტრაცია, რაც შემდეგში მისი დაკავების საფუძველი გახდა. კერძოდ, მას ბრალად უკანონო მეწარმეობა (რეგისტრაციის გარეშე), დიდი ოდენობით  გადასახადის გადაუხდელობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედებოდა.

სასამართლომ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის და დაფინანსების შესახებ ქვეყანაში არსებული მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, არასამთავრობო სექტორის მიმართ  ქვეყანაში არსებული დამოკიდებულება (მათ ქვეყნის მტრებად მოიხსენიებდნენ)  და აღნიშნული პირების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების პრაქტიკა, სარწმუნოდ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯაფაროვის დაკავება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზანს. სასამართლოს შეფასებით დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი, რამდენადაც ჯაფაროვის დაკავებისა და წინაპატიმრობის რეალური მიზანი, მისი გაჩუმება და სამოქალაქო აქტივიზმისათვის და ხელისუფლების კრიტიკისათვის მისი დასჯა იყო.

  რა შედეგები მოჰყვა მე-18 მუხლის დადგენას კონკრეტულ საქმეებზე?

იმ საქმეებში, სადაც  კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას (მე-5 მუხლთან ერთობლიობაში) ჰქონდა ადგილი, სასამართლოს პირდაპირი მითითება პირის დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ, არცერთ შემთხვევაში არ გვხვდება.

პროცედურულად, მას შემდეგ რაც ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება გახდება საბოლოო, იგი აღსასრულებლად გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს. შემდეგში, გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტი აძლევს სახელმწიფოს ე.წ. ინდივიდუალური (სამართალწარმოების ხელახალი გამართვის დავალდებულება; კონკრეტული სახის მითითება და ა.შ) ან ზოგადი ღონისძიებების (სისტემური პრობლემების მოგვარება, მათ შორის კანონმდელობის შეცვლა) შესრულების ვალდებულებას.

აღსანიშნავია, რომ მოცემული  ექვსი საქმიდან, 5 შემთხვევაში მოხდა პირის გათავისუფლება (სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თუ უშუალოდ მის შემდეგ). მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, ილგარ მამადოვის საქმეზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის არაერთი, პირდაპირი მითითების მიუხედვად, აზერბაიჯანს ამ დრომდე არ გაუთავისუფლებია უფლებადარღვეული პირი.

აღნიშნულ პირთა გათავისუფლება სხვადასხვა გზით მოხდა. მაგალითად, გუსინსკისა და ცებორატის შემთხვევაში, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გაათავისუფლეს. კერძოდ, გუსინსკის წინააღმდეგ წარმოებული საქმე მას შემდეგ შეწყდა, რაც ხელისუფლების მიზანი მიღწეულ იქნა, რაც გუსინკის მედიაკომპანიის წილების გაზპრომისთვის გადაცემას გულისხმობს. ცებორატი კი ეროვნულმა სასამართლოებმა გაამართლეს.

ადამინის უფლებათა აზერბაჯანელი დამცველის რასულ ჯაფაროვის საქმეზე 2016 წლის 18 მარტს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, პრეზიდენმა ილჰამ ალიევმა 148 კაცი შეიწყალა, მათ შორის ჯაფაროვიც.  პრეზიდენტის მიერ შეწყალების

გზით გათავისუფლდა, იური ლუცენკოც.

ტიმოშენკოს შემთხვევაში მისი გათავისუფლების საფუძველი უკრაინის რადას მიერ სისხლის სამართლის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები გახდა. იგი ცვლილებებიდან მეორე დღესვე, პარლამენტის დადგენილების საფუძველზე გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილების აღსრულების მხრივ მნიშვნელოვანია ილგარ მამადოვის საქმე, რომელიც ამ დრომდე არ გათავისუფლებულა.  გადაწყეტილების აღსრულების გადახედვის დაწყების დღიდან მინისტრთა კომიტეტი გამუდმებით მოუწოდებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას რომ დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ მამადოვი, რომელიც 2013 წლის 4 თებერლიდან მოყოლებული  პატიმრობაში იმყოფება.

მინისტრთა კომიტეტმა ამ დროის განმავლობაში არაერთი რეზოლუცია (პირველი რეზოლუცია; მეორე რეზოლუცია)

გამოსცა, რომლითაც მამადოვის კვლავ პატიმრობაში ყოფნის ფაქტზე შეშფოთებას გამოთქვამდა  და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ქვეყნისთვის ყველაზე ხელსაყრელი გზით მამადოვის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდა.

მინისტრთა კომიტეტმა 2016 წლის 8 ივნისს, კვლავ მიიღო რეზოლუცია (CM/ResDH(2016)144), რომლითაც საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანა.  საბოლოოდ, 3 წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში, მინისტრთა კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვტილება მიიღო, რომლითაც აზერბაიჯანს, კონვენციის 46-ე მუხლით განსაზღვული ერთ თვიანი ვადა მისცა, რაც გულისხმობს, რომ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, ქვეყნის ევროპის საბჭოდან გარიცხვის შესაბამისი პროცედურა დაიწყება. აღნშინული ვადაც უშედეგოდ გავიდა, საბოლოოდ 2017 წლის 5 დეკემბერს, კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია (

CM/ResDH(2017)429), რომლითაც სასამართლოს მიმართა კითხვით,  შეასრულა თუ არა აზერბაიჯანმა სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შემდეგ ღონისძებებს უკვე მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს. ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში მინისტრთა კომიტეტი შეწყვეტს საქმეს.

დასკვნა

ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ამ დრომდე მხოლოდ 7 საქმეში დაადგინა. მათგან ექვს შემთხვევაში სექციის დონეზე, ხოლო ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, რადგან დარღვევა დიდმა პალატამ დაადგინა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, სექციის გადაწყვეტილება გადასინჯა და გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ ექვსიდან 5 შემთხვევაში, პირები რომელთა წინააღმდეგაც კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა გათავისუფლებულნი იქნენ ან უშუალოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე (გუსინსკი, ცებორატი), ან გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (ჯაფაროვი, ლუცენკო, ტიმოშენკო). ერთადერთი შემთხვევა როდესაც სახელმწიფომ შესაბამისი ზომები არ მიიღო, მამადოვი აზერბაიჯანის შესახებ საქმეა. მინისტრთა კომიტეტის მიერ პირდაპირი მითითების მიუხედავად ამ დრომდე მამადოვის გათავისუფლება არ მომხდარა. რის საპასუხოდაც, ევროპის საბჭომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და აზერბაიჯანის მიმართ სპეციალური პროცედურები დაიწყო, რაც შესაძლოა მისი ევროპის საბჭოდან გარიცხვით დასრულდეს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი