მედიკამენტების დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვა არ ითვალისწინებს, წამლებზე ფასები კი თითქმის მესამედით გაიზარდა
სიმართლე
2024 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ ისაუბრეს. გადაცემაში ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ პენსიონერები მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ, ამ საკითხის კომენტირებისას პრობლემის ძირითად მიზეზად მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება დაასახელა. მან ასევე განაცხადა: “საყოველთაო ჯანდაცვით ვინც სარგებლობს, მედიკამენტებიც მოიაზრება ამ მომსახურებაში. ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მეტი წინსვლა იქნება”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას “ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი თქმით: “მედიკამენტების ნაწილი ნამდვილად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვიდან, როცა სტაციონალური მკურნალობაზეა საუბარი. მაგრამ, ექიმის მიერ დანიშნული მედიკანტები არ იფარება, ხოლო ფასები მედიკამენტებზე იზრდება. ბოლო მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, მედიკამენტების ფასი საშუალოდ თითქმის მესამედით, 27.7%-ით არის გაზრდილი”.

ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, რა შემთხვევაში ითვალისწინებს მედიკამენტების დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ასევე, ჩვენ გადავამოწმეთ მედიკამენტებზე ფასების ცვლილების მაჩვენებელიც.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისას საჭირო მედიკამენტებს ანაზღაურებს. გეგმიური სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში კი, მედიკამენტების ღირებულება არ ანაზღაურდება, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სამკურნალო საშუალებების ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია მიზნობრივ ჯგუფებში, თუმცა ეს მინიმალურია. 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და სოციალურად დაუცველ პირებს მედიკამენტების ხარჯები წლიური ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში (50%-იანი თანაგადახდით) უფინანსდებათ. შშმ ბავშვებს, მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებს და საპენსიო ასაკის პირებს სამკურნალო საშუალებების ხარჯები წლიური ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში (50%-იანი თანაგადახდით) უნაზღაურდებათ. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე საპენსიო ასაკის მოსახლეობას კი, მედიკამენტები წლიური ლიმიტის 200 ლარის ფარგლებში (50%-იანი თანაგადახდით) უფინანსდებათ. მედიკამენტების ხარჯები ასევე უფინანსდებათ ვეტერანებს, წლიური ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში (50%-იანი თანაგადახდით). აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფები (გარდა ვეტერანებისა) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდეც სარგებლობდნენ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით და მედიკამენტებიც ანალოგიურად უფინანსდებოდათ (იხ. 218 და 165 დადგენილებები). 2014 წელს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდნენ და ჯანმრთელობის დაზღვევის ის პაკეტი შეუნარჩუნდათ, რითაც მანამდე სარგებლობდნენ.

მიმდინარე წელს საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა (2014 წლის მონაცემები) გამოქვეყნდა. კვლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, USAID-ის და მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა. კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობის მიერ მკურნალობაზე, განსაკუთრებით ჰოსპიტალური შემთხვევების დროს, ჯიბიდან გადახდილი თანხები შემცირდა. თუმცა, უღარიბეს კატეგორიაში და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების წილი გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მედიკამენტებზე ფასები 17.7%-ით გაიზარდა. აქვე განვმარტავთ, რომ საქსტატი ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასების ცვლილებას აკვირდება. ესენია: ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ტკივილგამაყუჩებლები, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ანთების საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები. ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასების ზრდა ძირითადად ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია. თუმცა, მედიკამენტებზე ფასების ზრდა ჯერ კიდევ ლარის გაუფასურებამდე, 2014 წლის თებერვლიდან დაიწყო (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). 2011-2013 წლებში მედიკამენტებზე ფასები მცირდებოდა, 2014 წელს კი მედიკამენტებზე ფასები 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის ბოლო (ნოემბრის) მონაცემებით მედიკამენტებზე ფასები 24.2%-ით არის გაზრდილი (გრაფიკი 1). აქვე განვმარტავთ, რომ მედიკამენტებზე ფასების ცვლილების წლიური მაჩვენებლის დაანგარიშებისთვის დეკემბრის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემთანაა შედარებული. 2015 წლის შემთხვევაში კი (რადგან დეკემბრის მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი), ნოემბრის მაჩვენებელი წინა წლის დეკემბრის მაჩვენებელთანაა შედარებული.

 

გრაფიკი 1: მედიკამენტებზე ფასების ცვლილება 2011-2015 წლებში (%)

image001

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის მთავარ მიზეზად არამიზნობრივი მოხმარება მოიყვანა. ბუნებრივია, მედიკამენტების თვითნებური მოხმარება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ამწვავებს, თუმცა, ეს არ არის ძირითადი მიზეზი. ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თავადვე განაცხადა, 2014 წლის 1 იანვრიდან მედიკამენტები რეცეპტით გაიცემა, რამაც მედიკამენტების თვითნებური მოხმარება შეამცირა. თვითნებური მოხმარების წილის შემცირებამ კი ზოგადად მედიკამენტების მოხმარებაზე მოთხოვნა შეამცირა, რასაც სხვა თანაბარ პირობებში, ფასების არა მატება, არამედ კლება უნდა გამოეწვია. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ მედიკამენტებზე ფასები იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებით გეგმავს.

 

დასკვნა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისას ხდება. საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას არ ითვალისწინებს. სამკურნალო საშუალებების ხარჯები 50%-იანი თანაგადახდით მინიმალური წლიური ლიმიტის (50, 100 და 200 ლარის) ფარგლებში მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს უნაზღაურდებათ (ესენია: 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი პირები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, საპენსიო ასაკის პირები და ვეტერანები). აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფები (გარდა ვეტერანებისა) ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდეც სარგებლობდნენ და მედიკამენტების ხარჯები ანალოგიურად უფინანსდებოდათ.

2014-2015 წლებში მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ქმნის. მიმდინარე წლის ნოემბერში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით მედიკამენტებზე ფასები 24.2%-ითაა გაზრდილი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ:

იხილეთ ჩვენი სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე: