2014

წლის 30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, მიხეილ მაჭავარიანმა ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე ისაუბრა. მისი თქმით „საქართველოში პრაქტიკულად 20-25%-ით გაძვირდა ყველაფერი“. აღნიშნულ თემას ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, გიგი წერეთელი გამოეხმაურა და განაცხდა: „ფასები იზრდება, მაჭავარიანი რომ საუბრობდა, ის 25%-იანი კომპონენტი მედიკამენტებზე მოდის. მედიკამენტები არის ერთ-ერთი ყველაზე მთვარი ნაკლი ჯანდაცვის პროგრამის იმიტომ, რომ ხელმისაწვდომობა არ არის. მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს. თუ გავაანალიზებთ ხარჯებს ჯანდაცვაზე ვნახავთ, რომ 40- 50 პროცენტი შეიძლება მედიკამენტებს მიჰქონდეს“.

ინფლაციის თემის შესწავლისას, ფაქტ-მეტრმა თავდაპირველად მიხეილ მაჭავარიანის განცხადება გადაამოწმა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის აპრილის თვეში წლიურმა ინფლაციამ 3.4%, ხოლო თვიურმა ინფლაციამ კი - 3% შეადგინა. ამასთან, 2014 წლის განმავლობაში არც თვიური და არც წლიური ინფლაცია 3.5%-ზე მეტი არ ყოფილა და მას 20-25% არ შეუდგენია, როგორც  ამას დეპუტატი აცხადებდა.

ჩვენ ასევე გადავამოწმეთ გიგი წერეთელის განცხადება, რომელიც მედიკამენტებზე ფასების ზრდას და მასზე ხელმისაწვდომობას შეეხებოდა.

ზოგადად, მიმდინარე კვირაში მედიკამენტების ფასები აქტუალური თემა იყო.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მედიკამენტებზე ფასების აშკარა მატებაზე მიუთითებდა და აღნიშნულს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორად განხორციელებას უკავშირებდა. ჭიაბერაშვილის თქმით, „საყოველთაო მოხმარების წამლებზე ფასები 2012 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა“. აღნიშნულს არ დაეთანხმა ჯანდაცვის მინისტრი დავით სეერგენკო, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულ სააფთიაქო ბაზარზე არ არსებობს მედიკამენტებზე ფასების ზრდის მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ტენდენცია. მისი თქმით, უფრო მეტიც, ყველაზე ძვირადღირებული წამლების ჯგუფში მოხდა ფასების 60%-იანი კლება.

უშუალოდ გიგი წერეთელის განცხადების კვლევისას, ჩვენ თავად დეპუტატს დავუკავშირდით იმის დასაზუტებლად, თუ კონკრეტულად რა პერიოდს გულისხმობდა, როცა მედიკამენტებზე ფასების საშუალოდ 25%-იან ზრდაზე საუბრობდა. მან ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ განცხადებაში ბოლო პერიოდს, კერძოდ კი 2014 წელს დაფიქსირებულ ფასების ზრდას გულისხმობდა. გიგი წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ ის განცხადების გაკეთებისას ბიზნესისა და ეკონომიკის საინფორმაციო პორტალის bpn-ის 29 აპრილის სტატიას ეყრდნობოდა. ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტებზე ფასები, საშუალოდ 20-25 პროცენტით გაიზარდა. მედიკამენტების ფასების ცვლილების გასარკვევად, ჩვენ სტატისტიკის ეროვნულ დეპარტამენტს შემდეგი კითხვებით

მივმართეთ:

  • საშუალოდ რამდენი პროცენტით გაიზარდა მედიკამენტებზე ფასები 2014 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში და აპრილში (გასულ თვესთან შედარებით);
  • საშუალოდ რამდენი პროცენტით გაიზარდა მედიკამენტებზე ფასები 2014 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014

წლის პირველ ოთხ თვეში მედიკამენტებზე ფასების ცვლილების საშუალო მაჩვენებელი ასეთია: იანვარში წინა თვესთან შედარებით მედიკამენტებზე ფასებმა 0.4%-ით იკლო. თებერვალში მათი ფასი 6.8%-ით, მარტში - 2.5%-ით და აპრილში - 0.1%-ით გაიზარდა.

image001

ასევე, საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მედიკამენტებზე ფასების საშუალო დონის ზრდამ 5.1% შეადგინა. როგორც ვხედავთ, ეს მაჩვენებელი დეპუტატის განცხადებას არ ადასტურებს.

თავის განცხადებაში გიგი წერეთელი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამასაც შეეხო. ჩვენ ამ თემაზე ადრეც გვიმუშავია (იხ. ბმული). ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა და საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. 2013 წლის 1 ივლისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი

დაიწყო და პროგრამა გაფართოვდა. პირველ ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 453 სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურების და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე მას გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დავადებების მკურნალობა და მშობიარობის ხარჯების დაფინანსება დაემატა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტებით უზრუნველყოფა მხოლოდ გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობისას ხორციელდება. სხვა მხრივ, პროგრამა ამ ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსებას მართლაც არ ითვალისწინებს, როგორც ამას დეპუტატი მიუთითებდა.

ამასთან, 2013 წლის იანვარში შემუშავებული „ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიშის

“ თანახმად, მედიკამენტების დანახარჯები მოსახლეობის მიერ ჯანდაცვისთვის გაღებული სახსრების თითქმის ნახევარს შეადგენს. შესაბამისად, დეპუტატი განცხადების ამ ნაწილშიც მართალია.

  დასკვნა 2014

წლის პირველ ოთხ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მედიკამენტებზე ფასების საშუალო ზრდამ 5.1% შეადგინა. 2014 წლის იანვარში კი, წინა თვესთან შედარებით, მედიკამენტებზე ფასებმა 0.4%-ით იკლო. თებერვალში მედიკამენტებზე ფასები 6.8%-ით გაიზარდა. ასევე, ფასების ზრდა ფიქსირდება მარტში 2.5%-ით, აპრილში კი 0.1%-ით. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, მედიკამენტებზე ფასები მართლაც გაიზარდა, თუმცა არა 25%-ით, როგორც ამას დეპუტატი მიუთითებდა. შესაბამისად, გიგი წერეთელი განცხადების პირველი ნაწილში ცდება.

დეპუტატი მართალია განცხადების მეორე ნაწილში, სადაც საუბრობს მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ამ ეტაპზე მართლაც არ ითვალისწინებს მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ამასთან, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვისთვის გაღებული სახსრების თითქმის ნახევარს სწორედ მედიკამენტები შეადგენს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგი წერეთელის განცხადება: „მედიკამენტებზე ფასები 25%-ით გაიზარდა. მედიკამენტები არის ერთ-ერთი ყველაზე მთვარი ნაკლი ჯანდაცვის პროგრამის. მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს. თუ გავაანალიზებთ ხარჯებს ჯანდაცვაზე, ვნახავთ რომ 40- 50 პროცენტი შეიძლება მედიკამენტებს მიჰქონდეს“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი