ყალბი ახალი ამბავი (Fake News) პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და მისი გატარების საჭირო ინსტრუმენტად მიიჩნევა. არ არსებობს ყალბი ახალი ამბის აღიარებული დეფინიცია, მაგრამ დამკვიდრებული გაგებით იგი არის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული დეზინფორმაცია/ტყუილი, რომელიც ინფორმაციის წყაროს პოპულარიზაციას ან/და კონკრეტული ჯგუფის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გატარებას უწყობსხელს.საქართველოს შემთხვევაში ყალბი ამბები პრორუსული ჯგუფების მიერ რუსული პოლიტიკის გატარებას ისახავს მიზნად. ჩვეულებრივ, ისინი დასავლეთის იმიჯის შელახვით და რუსეთის პოპულარიზაციით არიან დაკავებულნი.

ფაქტ-მეტრი გთავაზობთ იმ მედია საშუალებების სიას (იხ. ცხრილი) საქართველოში, რომლებიც არაერთხელ არიან შემჩნეულნი ყალბი ახალი ამბების გავრცელებასა და ამ გზით ქვეყნის პროდასავლური კურსის დისკრედიტაციაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სია შესაძლოა არ იყოს სრული, ასევე, ჩამოთვლილი სააგენტოების მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია აუცილებლად ყალბი არ არის.

მედია საშუალებები, რომლებიც შემჩნეულნი არიან ყალბი ამბების გავრცელებაში

1

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“

2

„საქართველო და მსოფლიოს“ ონლაინ პლატფორმა Geworld.ge

3

მარშალპრესი

4

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

5

ტელევიზია „ობიექტივი“

6

საქინფორმი

7

ჯეო-დაიჯესტი (GeoDigEst)

8

Mediacity.ge

9

Mediatv.ge

10

All.ge

11

თბილისი 24

12

ალტ-ინფო

13

პოლიტიკანო

შენიშვნა:ცხრილში ასახულია 2017 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობა. ფაქტ-მეტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სახის საინფორმაციო წყაროების გადამოწმებას და განაახლებს მოცემულ ცხრილს.

ყალბი ამბების მაგალითები

საქართველო და მსოფლიო:„თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბათუმი თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცეს“.

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:ფაქტ-მეტრი)

„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ბათუმი თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცეს, ყალბია. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება რეგიონში არსებულ კულტურულ და ისტორიულ კავშირებს ეხება. თურქეთის პრეზიდენტის ამავე გამოსვლაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყნების გეოგრაფიულ საზღვრებს პატივს სცემს.

მარშალპრესი:„გაეროს გამომძიებლის თქმით, 4 აპრილს სირიაში უმრავლესობა არა ქიმიური, არამედ ჩვეულებრივი ბომბებით დაიღუპა“.

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:ფაქტ-მეტრი)

„მარშალპრესის“ მასალა, სავარაუდოდ, ეყრდნობა Euronews-ისრუსული რედაქციისმიერ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნული და, შესაბამისად, ქართული მედიასაშუალებაც გაეროს წარმომადგენლის 21 აპრილის განცხადებას,რომ სირიის რამდენიმე წლიანი კონფლიქტის დროს დაღუპულთა უმრავლესობა ჩვეულებრივ იარაღს ემსხვერპლა და არა ქიმიურს, არასწორად უკავშირებს 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ქიმიური იარაღით თავდასხმას და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას.გაეროს წარმომადგენლის, სერხიო პინეიროს მიერ 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებები არასწორადაა ინტერპრეტირებული.

ასავალ-დასავალი:„დიდ ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლითაც რეაბილიტაციას ექვემდებარება ყველა ის პედოფილი თუ ჰომოსექსუალი, რომლებიც ადრინდელი „არაჰუმანური და ჰომოფობიური კანონებით” გაასამართლეს. ამ კანონის მოქმედება კი, არც მეტი არც ნაკლები, 65 ათას ბრიტანელზე გავრცელდება!”

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:მითების დეტექტორი)

„კანონი, რომელზეც „ასავალ-დასავალი“ მიუთითებს და „ალან ტურინგის“ სახელით არის ცნობილი, პედოფილიისთვის გასამართლებულებისთვის ნასამართლეობის მოხსნას არ ითვალისწინებს, რადგან პედოფილია ბრიტანეთში დღესაც სისხლის სამართლის დანაშაულია. რეაბილიტაცია მხოლოდ ჰომოსექსუალური ურთიერთობებისთვის გასამართლებულებს შეეხება“.

ობიექტივი:ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი: „არავითარი ღამის და მცოცავი [ანექსია] არ არსებობს, მე მინდა, რომ ჩვენ ეს კარგად გავიგოთ. სააკაშვილმა აღადგინა სამხრეთ ოსეთი ავტონომიურ საზღვრებში. კანონით აღადგინა ის ტერიტორია ისევ, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ის საზღვრები აღადგინა…“

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:მითების დეტექტორი)

ბონდო მძინარაშვილის განცხადება სიცრუეა, რადგან რუსეთი იმ ტერიტორიების ანექსიას ახდენს, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდშიც საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს 20 აპრილსსაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში შეიქმნა და 1991 წლის 11 დეკემბრამდე იარსება. საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა.

საქინფორმი:„დასავლეთის პროპაგანდა უკვე სკოლებს მიადგა!“

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:ფაქტ-მეტრი)

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით სახელმძღვანელო „სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“ შეიმუშავა. 2011 წელს აღნიშნული საგანი უკვე დაინერგა საქართველოს სკოლებში, თუმცა ახალი სახელმძღვანელო გადაახალისებს ძველ მასალას და თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოიყვანს. აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში გააშუქა მედიასაშუალება „საქინფორმმა“ წინამდებარე ინფორმაცია. მან სახელმძღვანელოს სკოლებში „რბილი ძალით“ შესვლა და დასავლეთის პროპაგანდა უწოდა. მედიასაშუალება შეეცადა მკითხველის პროვოცირება გამოეწვია და საგნისადმი ნეგატიურად განეწყო. „საქინფორმმა“ იმ სახელმძღვანელოს დისკრედიტაცია მოახდინა, რომელიც მოსწავლეებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უმუშავებს და საფრთხეებზე რეაგირებას ასწავლის.

ჯეო-დაიჯესტი:„ევროპარლამენტმა აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი გააუქმა“.

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:ფაქტ-მეტრი)

GeoDigest-მა გაავრცელა ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის Facebook სტატუსი, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაცია გაუუქმა, რაც არასწორი ინფორმაციაა. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და მოუწოდა ევროკომისიას, რომ დროებით შეზღუდულიყო ამერიკის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, რადგან აშშ-ს ჯერ კიდევ სავიზო მოთხოვნები აქვს ევროკავშირის წევრ ხუთ სახელმწიფოსთან,რაც ორმხრივი სავიზო(Visa Reciprocity)მექანიზმის პრინციპს არღვევს. თუმცა, აღნიშნულ რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და არც ევროპარლამენტს აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება. ევროპარლამენტის რეზოლუციას უარყოფითად უპასუხა ევროკომისიამ, რადგან მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავიზო მოთხოვნების შემოტანა ამ პროცესს მხოლოდ გაართულებდა. შესაბამისად, აშშ-სა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა კვლავ ძალაშია.

Mediacity.ge:„ჯორჯ სოროსი: 25 დეკემბერს ამერიკა ყირაზე დადგება, ჩვენ მსოფლიოს განადგურებას ვიწყებთ!“

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:ფაქტ-მეტრი)

„მედიასითის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯორჯ სოროსი ამერიკის „ყირაზე დაყენებასა“ და „მსოფლიოს განადგურებას“ იწყებს, ყალბია. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არანაირი წყარო არ არის მითითებული იმის დასამტკიცებლად, რომ სტატიაში მოცემული ციტატები ნამდვილად სოროსს ეკუთვნის. გარდა ამისა, თავისთავად სტატია შინაარსობრივად სრულიად აბსურდულია და მორიგი მცდელობაა, მოახდინოს ჯორჯ სოროსის პიროვნების დისკრედიტაცია. სტატიის სიყალბეზე მეტყველებს ისიც, რომ „მსოფლიოს განადგურება“ წესით 2016 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. ფაქტი კი ისაა, რომ არც მსოფლიო განადგურებულა და „მედიასითიც“ განაგრძობს ყალბი ახალი ამბების გავრცელებას.

Mediatv.ge:„ჰელოუინი სატანისტურ დღესასწაულს უკავშირდება“.

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:ფაქტ-მეტრი)

საინფორმაციო სააგენტო Mediatv.ge-ს მიერ გავრცელებული სტატია – „რატომ უკავშირდება ჰელოუინი სატანის დღესასწაულს – რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს დღესასწაული და რატომ ღელავენ მორწმუნენი“, რომელიც თავდაპირველად ვებგვერდ mshoblebi.ge-ზე იქნა გამოქვეყნებული, არ შეესაბამება სიმართლეს. სტატიაში მოყვანილი მტკიცება იმის შესახებ, რომ ჰელოუინი სატანის დიდების დღესასწაულია, მცდარია, რადგან საპირისპიროზე მეტყველებს მისი წარმოშობის ისტორია (დასავლური ქრისტიანული ეკლესიის მიერ კელტური დღესასწაულის შეცვლილი ფორმით შეთვისება) და აღნიშვნის მიზანი (ბავშვების კარდაკარ სიარული და ტკბილეულის მოთხოვნა ნათესავებისა და მეგობრების სულებისათვის ლოცვის სანაცვლოდ).

All.ge:„ვანდალიზმი მცხეთაში – ჯვრის მონასტრის კედლებზე არაბული და ლათინური წარწერებია“.

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:ფაქტ-მეტრი)

All.ge-ს მიერ 2017 წლის 10 ივლისს ვანდალიზმის აქტზე გავრცელებულივიდეო(რომელიც ქმნის ახლადმომხდარი ფაქტის შთაბეჭდილებას) ახალი არ არის. ის გადაღებულია 2016 წლის მარტში. მისი სათაური შეიცავს კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლების დისკრედიტაციის მცდელობას. შესამჩნევია, რომ ის აღვივებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისადმი.

თბილისი 24: „პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ცივი წყალი გადაასხა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ირიბად უარი განუცხადა”.

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:მითების დეტექტორი)

„აღნიშნული მტკიცება დეზინფორმაციაა და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საპირისპირო განცხადება გააკეთა, როცა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად მზად უნდა იყოს.“

ალტ-ინფო: „სტატისტიკის მიხედვით, შვედეთში ყველა გაუპატიურების 92% მიგრანტების მიერ არის ჩადენილი. საინტერესოა, რომ იმ ათი ქვეყნის ჩამონათვალში, საიდანაც შვედეთში ჩასულებზე ყველაზე მეტი გაუპატიურების ფაქტი მოდის, მხოლოდ ერთი არაისლამური ქვეყანაა (ჩილე). ყველაზე მეტი გაუპატიურება ქვეყანაში ერაყელებს აქვთ ჩადენილი. შემდეგ მოდის ავღანეთი, სომალი, ერიტრეა, სირია, გამბია, ირანი, პალესტინა, ჩილე და კოსოვო. ავღანელი მიგრანტის შემთხვევაში 79-ჯერ მეტი შანსია, რომ გაუპატიურება ჩაიდინოს, ვიდრე შვედის შემთხვევაში.“

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:მითების დეტექტორი)

„შვედეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნული საბჭოს განმარტებით, დამნაშავეთა ოფიციალური სტატისტიკა მათი წარმოშობის ან დაბადების ადგილის მიხედვით – არ არსებობს. შვედეთში რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა მიგრანტების დანაშაულის ზრდასთან დაკავშირება უსაფუძვლოა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვედეთისა და მისი მიგრაციის პოლიტიკის თაობაზე უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის საპასუხოდ „ფაქტები მიგრაციისა და კრიმინალის შესახებ შვედეთში“ გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია რამდენიმე ფართოდ გავრცელებული უსაფუძვლო მტკიცება.ერთ-ერთი მათგანია მცდარი გზავნილი, თითქოს შვედეთში გაზრდილი დანაშაულის მიზეზი ლტოლვილები არიან.საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შვედეთის დანაშაულის პრევენციის ეროვნული საბჭოს მონაცემებით, 2015 წლისთვის შვედეთის მოსახლეობის 13 %-მა მათ მიმართ მიმართული ძალადობა განიცადა. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა დაახლოებით იგივეა რაც 2005 წელს დაფიქსირდა.“

პოლიტიკანო:„უკრაინელებმა ებრაელებს, საშინელი ჰოლოკოსტი მოუწყვეს და შედეგად 1.6 მილიონი ებრალი მოკლეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 70 წლის მერე საიდუმლოს ფარდა აეხადა, ის რაზეც ბევრს ეჭვი გააჩნდა ოფიციალურად დადასტურდა. რა თქმა უნდა დღეს უკრაინაში ამაზე არავინ საუბრობს, მხოლოდ “გოლოდომორი” აკერიათ პირზე.“

გადამოწმებული ინფორმაცია(წყარო:მითების დეტექტორი)

„პოლიტიკანო Dailymail-ის სტატიის ყალბ ინტერპრეტაციას ახდენს, რადგან ინგლისურენოვან სტატიაში ღიად ნათქვამია, რომ ებრაელების მიმართ დანაშაულის ავტორები არა უკრაინელები, არამედ გერმანელები იყვნენ. პოლიტიკანო ასევე არ ახსენებს სტატიის იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინელი ნაციონალისტების ნაცისტებთან თანამშრომლობის საკითხს საბჭოთა პროპაგანდა ავრცელებდა, რასაც დღეს რუსეთი აგრძელებს.“

სტატიაში მოყვანილი მაგალითები არ არის ერთადერთი ფაქტი, რომელიც აღნიშნულმა მედია სააგენტოებმა გააყალბეს ან/და არასწორი ინტერპრეტაციით წარუდგინეს მკითხველს.ფაქტ-მეტრსადამითების დეტექტორზე, ამგვარი, გადამოწმებული ფაქტი მრავლადაა.

ფაქტ-მეტრი მკითხველს მოუწოდებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს ზემოაღნიშნული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი