2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუცია ერთდროულად ეროვნული და სოციალური შინაარსის იყო. მან ხელისუფლებაში მოიყვანა პარტია, რომელსაც კორუფციისა და კრიმინალის აღმოფხვრის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევის, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, ევროპული და ატლანტიკური ვექტორის განმტკიცების, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების გეგმა ჰქონდა, და კიდევ მეტი - ამ გეგმის სწრაფადვე განხორციელების უნარიც აღმოაჩნდა.

პრეზიდენტ მ. სააკაშვილის ადმინისტრაციამ გადაჭრა თითქმის ყველა ის ეროვნული პრობლემა, რომლის გადაჭრის იმედი სასოწარკვეთილ ამომრჩეველს უკვე აღარ ჰქონდა. გეოგრაფიული ერთეული სახელმწიფოდ გადაიქცა.

დღემდე 2003 წლის რევოლუციის და მისი ლიდერების დატოვებული დროშა აღიმართება, ჰიმნს ვმღერით, საპატრულო პოლიცია გვიცავს, ბიუროკრატია გვემსახურება, ინსტიტუტებს ვაკითხავთ, ბიუჯეტს ვხარჯავთ, პროექტების რეალიზაციას ვეწევით - „ლაზიკა“ ერქმევა თუ „ანაკლიას“ დაარქმევენ, რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ეს პროექტი საქართველოს კეთილდღეობას ემსახურება?

რატომ წააგო მაშინ რევოლუციის ერთ-ერთმა მთავარმა ძალამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის საპარლამენტო, მომდევნო ადგილობრივი და საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები?

***

2008 წლის 7 აგვისტოს რუსული აგრესიით გამოწვეული ომის „ენმ“-ზე, საქართველოს მთავრობაზე და მ. სააკაშვილზე გადაბრალება, „ცოცხები“, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა ლუმპენებს დავუტოვოთ. მსგავზე სერიოზული საუბარი 2500 წლის წერილობითი ისტორიის მქონე ერს არ ეკადრება.

ამომრჩეველმა „ენმ“-ს ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება არ აპატია: ერთდროულად ეროვნული და სოციალური რევოლუციის ორი მთავარი ამოცანა - დემოკრატიული რესპუბლიკისა და სოციალურ თანასწორობაზე აგებული საზოგადოების დაფუძნება - აბსოლუტური პოლიტიკური მანდატის პირობებში ამოცანადვე დარჩა.

ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა სრულიადაც არ ნიშნავს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. ასეთი ინსტიტუტები თანაბარი ეფექტურობით შეიძლება ემსახურონ დემოკრატიასა და დიქტატურას. სახელმწიფოს რესპუბლიკურობა და დემოკრატიულობა მოქალაქეებისა და მათივე პოლიტიკური ორგანიზაციების პოლიტიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის ხარისხით განისაზღვრება, ხოლო ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ ზემოხსენებული მიზნის მიღწევისთვის საჭირო ინსტრუმენტებია.

ხელისუფლების კონსოლიდაცია, რაც აუცილებელი იყო 2003-2007 წლების მტკივნეული რეფორმების მყისიერად გასატარებლად, მიუღებელი აღმოჩნდა ამომრჩევლისთვის შემდგომ ეტაპზე, როდესაც „ენმ“-ის მიერ გატარებულმა რეფორმებმა არა მარტო სახელმწიფო შექმნა, არამედ, შესაბამისად, ამომრჩევლის თვითპატივისცემა და მისი სრულფასოვანი დემოკრატიისკენ სწრაფვა გაზარდა.

ეს არის ყველა რევოლუციის პრობლემა. რევოლუციამ არ იცის და არ სურს, იცოდეს, როდის, როგორ და რით უნდა დამთავრდეს ის. ქუჩის თავისუფალი სტიქიისა და ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ეტაპზე შეუზღუდავი ძალაუფლების შემდგომ ყველანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა რევოლუციონერისთვის აუტანელია. ერნსტ იუნგერის არ იყოს, რევოლუციონერი ხელისუფლებაში შედის, როგორც გალიაში“.

ამიტომ არ შეცვალა ენმ“-მ პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ დანატოვარი კონსტიტუცია ჩვენ, სახელმწიფოს ასეთი უზენაესი კანონის „წყარომ“ ვიკითხოთ: არის ამ კანონზე დაფუძნებული ჩვენი „რესპუბლიკა“ რესპუბლიკა? რა თქმა უნდა, არა. შეიძლება სახელმწიფო რესპუბლიკად იწოდებოდეს სახელმწიფო კონსტიტუციით, რომელიც არსებობის ყველა ეტაპზე ერთი პირის ნებით თუ უნებლიეთ ერთპიროვნულ მმართველობას უშვებს? რომელიც საშუალებას აძლევს მმართველ პოლიტიკურ ძალას არა მარტო თავისი კონსტიტუციური უმრავლესობით ბეჭდის დამრტყმელ ორგანოდ გადააქციოს პარლამენტი, არამედ არაფორმალური მმართველობის პირობებში ხელისუფლების ყველა შტოს მონოპოლიზაცია მოახდინოს, რისი მოწმეც დღეს ვართ? დემოკრატიული საარჩევნო კანონის არმიღებაზე აღარაფერს ვამბობთ.

ამომრჩეველმა „ენმ“-ს არ აპატია, რომ შესაბამის პოლიტიკურ ეტაპზე რევოლუციური მთავრობა კონსერვატიულ მთავრობად არ გადაიქცა: რევოლუციური მთავრობა მართავს ძალით, ამომრჩეველს კი უკვე იმ მთავრობის მოლოდინი ჰქონდა, რომელიც არაპერსონიფიცირებული ძალაუფლებით მართვას დაიწყებდა. ყველაფერი „სწრაფი“, „რადიკალური“ და „ახალი“ კარგია რეფორმების პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპს კი სიფრთხილე, საზოგადოებრივი კონსენსუსი და ბალანსი სჭირდება, რომ მიღწეულის ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს.

ანტუან დე რივაროლი აღნიშნავდა, რომ როდესაც იცვლება მთავრობა, რომელიც საკმარისად უვარგისი იყო იმისთვის, რომ აჯანყების მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ უძლური იმისთვის, რომ აჯანყება ჩაეხშო, ამისთანა მთავრობას რევოლუცია ანადგურებს, როგორც სიცხე ავადმყოფობას; „მაგრამ ვის მოუვა თავში სიცხით ცხოვრების უსასრულოდ გაგრძელების სურვილი?“

ამომრჩეველმა „ენმ“-ს არ აპატია ოპოზიციის მარგინალიზაცია, დაკნინება, მასთან გაუთავებელი კონფლიქტი. ვინ-ვინ და „ენმ“-მ კარგად იცოდა, რომ ოპოზიცია რესპუბლიკური ხელისუფლების სრულფასოვანი ნაწილია, რომელშიც დემოკრატიული იდეალების მატარებელი მოძრაობს, „ენმ“-ის ხელისუფლებას როგორც სარკეში, ისე უნდა ჩაეხედა პერიოდულად. ანტუან დე რივაროლის არ იყოს, „მე ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ!“, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „რადგან ვაზროვნებ, ჩემი აზროვნება სწორია!“.

საერთოდ, რა დემოკრატიასა და თავისუფლებაზეა საუბარი, როდესაც 25 წელიწადია, სამოქალაქო ომი ცხელი ეტაპიდან რემისიაში გადადის წინ და უკან?

ამომრჩეველმა იცის, რომ საქართველოს მართვა დემოკრატიის გარეშე შეუძლებელია, იმ დემოკრატიისა, რომელსაც ზედსართავი სახელი არ სჭირდება და ან სრულია, ან საერთოდ არ არსებობს. ამომრჩეველი ამ პრინციპის ერთგულებას ელოდა „ენმ“-სგან.

სასაცილოა, როდესაც მავანს არ სურს კონსტიტუციაში იმ სტატიის შეტანა, რომელიც რეფერენდუმსა და მისი გამართვის წესს აკანონებს, იმიტომ, რომ თურმე „ამომრჩეველი ამისთვის მზად არ არის“. ანუ ამომრჩეველი მზად არ არის, რომ თვითონ განსაჯოს და გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მზად არის, რომ გადაწყვეტილების მიმღები აირჩიოს სწორად?

მთლიანი შიდა პროდუქტის შთამბეჭდავი ზრდა 2003-2012 წლებში შესანიშნავი მიღწევაა და ამ შედეგის დადება მხოლოდ „ენმ“-ს შეეძლო. მაგრამ მშპ-ზე, ინდექსებსა და ტარიფებზე, კრედიტებსა და მეგაპროექტებზე, დოლარის კურსზე ფიქრში საერთოდ დაიკარგა მოსახლეობის ის პროცენტი, რომელსაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრების გამო არც სახელმწიფო აინტერესებს, არც პოლიტიკური პროცესი და არც ადამიანის უფლებების დეკლარაცია. ლიბერალური ტრიადიდან - „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ - მას მხოლოდ „თავისუფლება“ შერჩა, რაც უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ადამიანისთვის თავისუფლად შიმშილის უფლებას ნიშნავს.

ჩვენს „პროგრესისტებს“ სჯერათ, რომ ბიზნესის ეგოისტური ინტერესი, თუ მას თავისუფალ ეკონომიკურ გარემოს შეუქმნი და სახელმწიფოს მაქსიმალურად ჩამოაშორებ ეკონომიკას, ბუნებრივად მიიყვანს ქვეყანას საყოველთაო კეთილდღეობამდე. სამწუხაროა, რომ მათ არ გაუვლიათ კონსულტაცია აშშ-ის იმ მოქალაქეებთან, რომელთაც თითქმის ყველა რეგულაციიდან გათავისუფლებულმა ბანკებმა 2008 წელს სახლები, სამუშაო ადგილები, მცირე ბიზნესი ან შვილების სწავლებისთვის და პენსიისთვის გადადებული სახსრები დააკარგვინა და, საბოლოო ჯამში, პროლეტარის სტატუსამდე დაიყვანა.

სიღატაკეში მყოფი ადამიანი „ენმ“-სგან მყისიერ ჯადოსნურ ქმედებებს, მწირ სოციალურ დახმარებას ან ქვეყნის წარმატებების მაგიდიდან ნამცეცებივით ჩამოვარდნილ ქველმოქმედებას კი არ ელოდა, არამედ მომავლისთვის განსაზღვრულ, ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილ პროგრამას, რომელიც მას და მის შვილებს ღირსეულ განათლებასა და ღირსეული ცხოვრების პირობებზე წვდომას მოუტანდა - თუნდაც არცთუ ისე ახლო მომავალში.

როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია თავისივე პრინციპებს ივიწყებს და თავისი თავის აღქმას იწყებს ერთადერთ პრინციპად, კომპრომისი ღირებულებების ხარჯზე გარდაუვალია. ამგვარ კომპრომისზე კი ადამიანიც და პოლიტიკური ორგანიზაციაც ერთხელ მიდის, შემდეგ ის ცხოვრების წესი ხდება.

რაზეც ამომრჩეველს შეეძლო, ხელი ჩაექნია უმეტეს შემთხვევაში დილეტანტებითა და კორუფციონერებით დაკომპლექტებული მთავრობების პირობებში (1992-2003 წლებში და 2012 წლის შემდეგაც ასე იქცევა!), ის მან არ აპატია დემოკრატებითა და ძალიან ხშირ შემთხვევაში იდეალისტებით დაკომპლექტებულ პოლიტიკურ მოძრაობას.

მაშინ რა არის გასაოცარი იმაში, რომ რევოლუციის დემოკრატიული იდეალების, რბილად რომ ვთქვათ, არასრულმა რეალიზაციამ სახელმწიფო რეაქციას ჩაუგდო ხელში?

***

ძალიან მძიმეა ჩემთვის პროდასავლური ძალების ზედიზედ მეოთხე მარცხზე საუბარი. იმ ძალების, რომლებსაც მხარს უჭერ, რომლებმაც ჩვენს სამშობლოს შანსი მისცეს პრეზიდენტ მ. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, და რომლების პოლიტიკურ შეცდომებზეც პირადად აგებ პასუხს.

ამომრჩეველმა არჩევნების ბედი გადაწყვიტა, მაგრამ პოლიტიკური განაჩენი პროდაასვლური ძალებისთვის არ გამოუტანია. სულ მცირე, ამომრჩეველთა 33%, რომელმაც მათ ხმა მისცა და ამომრჩევლების 49%, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა, იმის მაჩვენებელია, რომ დემოკრატიული და პროდასავლური ძალები 2020 წლის არჩევნებს მოიგებენ.

უბრალოდ, საჭიროა, რომ ყველას ახსოვდეს: ნამდვილი დემოკრატია ჩვენი ერისა და მისი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის გარანტიაა; რომ ქართული დემოკრატია მაშინ იარსებებს, როდესაც ერს ეცოდინება, რომ ის თავის მომავალს თვითონ ირჩევს და პოლიტიკური ორგანიზაცია ან პოლიტიკოსები მხოლოდ მისი ინსტრუმენტები არიან; რომ დემოკრატიის დონის განსაზღვრა ხდება იმის მიხედვით, რამდენად დიდია ერის მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში; რომ დემოკრატია არაფერი არ არის, თუ არა ერის თვითპატივისცემის გამოხატვა და საკუთარი თავის აღქმა არა მოსახლეობად, არამედ ერად; რომ დემოკრატიას რესპუბლიკა სჭირდება, რესპუბლიკას - მოქალაქე, მოქალაქის ჩამოყალიბებას კი - მთავრობის ზრუნვა მის განათლებასა და ქონებრივ მდგომარეობაზე. დემოკრატია საქართველოში შეიძლება იყოს მხოლოდ ევროპული და თამაშები რუსეთთან და ევრაზიასთან მათი „სუვერენული დემოკრატიით“ ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზიდან აცდენაა. ჩვენი ევროპული გზა იმას კი არ ნიშნავს, რომ უნივერსალურ ბანალობებში გავითქვიფოთ, არამედ იმას, რომ დემოკრატიული ერების ოჯახში ის პოზიტივი შევიტანოთ, რაც მხოლოდ ქართველ ერს შეუძლია.

სიტყვა „პატრიოტიზმი“, რომელიც ყველა დემაგოგის საფარი გახდა, „ეროვნულობით“ უნდა ჩაანაცვლოს საზოგადოებამ. მხოლოდ დაბადების ადგილით ან ენით სიამაყე იმას ჰგავს, რომ გიხაროდეს, რომ ხუთშაბათს დაიბადე. მთავარია, ამაყობდე სახელმწიფოთი და ერთიანი ღირებულებებით, რომელზეც სახელმწიფოა დაფუძნებული. ერი ხომ სხვა არაფერია, გარდა ერთიანი ღირებულებებისა.

ყოველთვის ვიგებდით, როდესაც ერთი მიზანი და ერთიანი ღირებულებები გვამოძრავებდა.

მოვა დრო და 2003 წლის რევოლუციის იდეალები საქართველოში მაინც გაიმარჯვებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი