მარნეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის სპეციალისტმა დავით დავაძემ რადიო "მარნეულის" ეთერში (10:41

წთ) განაცხადა, რომ "მარნეულში არსებული ადმინისტრაციული შენობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია". მან ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული შენობების გარდა, 2014 წლის 6 იანვრის პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, სავალდებულოა ყველა სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობის ნებართვა არ გაიცეს ისე, თუ ისინი არ იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

რადიო "მარნეულის" ეთერს თან ახლავს განმარტება

იმის თაობაზე, რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მათ მარნეულის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დავით დავაძემ საკუთარ განცხადებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულ შენობებში არა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ადმინისტრაციული შენობები, არამედ მხოლოდ ქალაქ მარნეულში არსებული ადმინისტაციული შენობები იგულისხმა.

ფაქტ-მეტრი ქალაქ მარნეულში არსებული ადმინისტრაციული შენობების ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო

 ჩვენ მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული, მათ შორის გამგეობის და საკრებულოს აპარატის სასმსახურის  შენობები, ასევე მარნეულის კულტურის სახლი დავათვალიერეთ. როგორც ფოტომასალიდან ჩანს, მარნეულის თვითმმართველობის ცენტრალური შენობის და მარნეულის კულტურის სახლის შენობების შესასვლელებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალურად მოწყობილი პანდუსები არსებობს, გამგეობის შენობის პირველ სართულზეც პანდუსია განთავსებული. ერთი შეხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შენობები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მთავრობის დადგენილების

მიხედვით კი, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ ყველა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებში თავისუფლად მოხვედრის საშუალება", ამ დადგენილებით აგრეთვე გათვალისწინებულია ბევრი ის დეტალი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივ შენობებში შშმ პირების გადაადგილებას. დადგენილების მიხედვით, შენობა-ნაგებობებში შესასვლელად მოწყობილი უნდა იყოს პანდუსი ან ელექტრომექანიკური ამწე-შესასვლელი ბაქანი, კარგად განათებული და დაცული ატმოსფერული ნალექებისაგან, ეტლიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მოწყობილი უნდა იყოს სახელურები, ბერკეტები, ონკანები, ღილაკები, საბილეთო-სავაჭრო ავტომატ-აპარატები და სხვა მოწყობილობანი, რომლებიც უნდა მოეწყოს იატაკის დონიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე. დადგენილების თანხმად, აშენებული და მშენებარე  საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები მოყვანილი უნდა იქნეს შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, მისი ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში. ანუ, 2019 წლის 6 იანვრამდე.

ქალაქ მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი შენობის შესასვლელთან, პირველ სართულზე მოსახვედრად სპეციალური პანდუსები მოწყობილია. შესავლელში სახელურით, ხოლო შიგნით, პირველ სართულამდე მისასვლელად სახელურის გარეშე. პირველი სართულიდან მეორე და მესამე სართულებზე გადაადგილება კი მხოლოდ კიბით არის შესაძლებელი, ეს, ბუნებრივია, ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავისუფლად ჩაერთონ,  იყვნენ აქტიური მოქალაქეები (იხ. ფოტო). ქალაქ მარნეულში არსებული კულტურის სახლში შშმ პირების მოხვედრა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ არის შესაძლებელი, გარეთ მოწყობილია სპეციალური პანდუსი, რომელიც პირდაპირ, დაბრკოლების გარეშე მხოლოდ დარბაზში მოხვედრას უზრუნველყოფს. თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მარნეულის კულტურის სახლში ვერც მეორე სართულით, ვერ ცენტრალური შესავლელით და ვერც საპირფარეშოთი ისარგებლებს (იხ. ფოტო). თუმცა, საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის

შესახებ გვეუბნება რომ: "სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით".

ქალაქ მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართევლობის ცენტრალური შენობის გვერდით ასევე მდებარეობს კიდევ ერთი ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სამსახური. ამ კონკრეტულ ნაგებობას არც გარეთ, არც შიგნით  და არც სხვა სართულებზე არ გააჩნია პანდუსი (იხ. ფოტო). ქალაქ მარნეულში N22 საოლქო საარჩევნო კომისია და რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ერთ შენობაშია განლაგებული. ამ ნაგებობას სპეციაულური პანდუსი არ აქვს და აქ მოხვედრა შშმ პირებისთვის შეუძლებელია (იხ. ფოტო).

დასკვნა

როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, მარნეულის ადმინისტრაციული შენობების უმეტესობას, მართალია გარე პანდუსი აქვს მოწყობილი, თუმცა შშმ პირებისთვის შენობების შიგნით დამოუკიდებლად გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. შენობაში არ არსებობს სპეციალური საპირფარეშოები. ანალოგიური ვითარებაა მარნეულის კულტურის სახლში. ხოლო ის შენობები, სადაც მუნიციპალური სამსახურები და საარჩევნო კომისია არის განთავსებული, საერთოდ არ არის ადაპტირებული.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ საჯარო დანიშნულების შენობების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მთავროიბის დადგენილებით ვადა 2019 წლამდეა დაწესებული.

ამრიგად, დავით დევაძის განცხადება იმის თამობაზე , რომ ქალაქ მარნეულში არსებული ადმინისტრაციული შენობები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი