ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე:

მარიუხუანას მცენარის ორი ყველაზე აქტიური ქიმიური კომპონენტი არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD). THC ძლიერი ფსიქოაქტიური ეფექტით გამოირჩევა და თრობას იწვევს, ხოლო CBD-ის მსგავსი თვისებები არ გააჩნია და შფოთვას არეგულირებს. სამედიცინო კანაფში CBD-ის მაღალი შემცველობა და THC-ის დაბალი შემცველობაა (არაუმეტეს 0/2%-ისა), რაც თრობას არ იწვევს. სამედიცინო მარიხუანა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორებიცაა: გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია, სხვადასხვა ტიპის მენტალური აშლილობა (მაგ. შიზოფრენია), გლაუკომა, კუნთების სპაზმები, ღებინება (განსაკუთრებით ქიმიოთერაპიების დროს) და სხვა.

  ანალიზი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა:

„მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნით გამოიყენება, ნარკოტიკული თრობის ეფექტი არ აქვს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მარიხუანას მცენარე 100-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს,

რომლებიც კანაბინოიდების სახელით არიან ცნობილნი. ორ მათგანს, მცენარის ყველაზე აქტიურ ინგრედიენტს, თერაპიული თვისებები აქვს. კანაფის მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC), რომელიც ტვინის სპეციფიკურ რეცეპტორებზე მოქმედებს, ძლიერი ფსიქოაქტიური ეფექტი აქვს და თრობას იწვევს. მეორე არის კანაბიდიოლი (CBD), რომელიც ფსიქოაქტიური ეფექტით არ ხასიათდება და THC-ით გამოწვეულ თრობას არეგულირებს. სწორედ აღნიშნული თვისება ხდის მას მედიცინისათვის მიმზიდველს.

მარიხუანა, რომელიც სამედიცინო მიზნით მოიხმარება, განსაკუთრებით მაღალი რაოდენობით შეიცავს კანაბიდიოლს და დაბალი დოზით - ტეტრაჰიდროკანაბინოლს. შესაბამისად, მისი (ან მისი პროდუქტის) მომხმარებლები თრობისგან გამოწვეულ ეიფორიას არ განიცდიან. CBD-ის ასევე შეუძლია THC-ის უკუეფექტების (მაგ. შფოთვის) განეიტრალება.

სამედიცინო მარიხუანა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მათ შორის: ალცჰეიმერი, ეპილეფსია, ასთმა, მადის კარგვა, კიბო (სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს და აფერხებს თავად სიმსივნური წარმონაქმნის ზრდას), კრონის დაავადება, კვებითი აშლილობა (როგორიცაა ანორექსია), გლაუკომა, გაფანტული სკლეროზი, კუნთების სპაზმები, ღებინება (განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან), კახექსია და სხვა.

კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების განსხვავებული ფორმები არსებობს: კანაფის ფარმაცევტული პროდუქტები, რომლებიც შესაბამისი ორგანიზაციების მიერ ნებადართულია (მაგალითად, სინთეტიკური კანაბინოიდი (დრონაბინოლი) და კონტროლირებული და სტანდარტიზებული კანაფის მცენარე (CBD-ის მაქსიმალური შემცველობით და THC-ის მინიმალური ოდენობით). ამჟამად, აშშ-ის 29 შტატსა და კოლუმბიის რაიონში კანაფის სამედიცინო მიზნით მოხმარება ლეგალურია. ამერიკის ფედერალურმა სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) კი კანაბინოიდების შემცველი ორი პრეპარატი დაამტკიცა.

მედიცინაში კანაფის მცენარის კონკრეტული ჯიშები გამოიყენება. მაგალითად, 2011 წელს კოლორადოში შეიქმნა კანაფის მცენარის ჯიში (სახელად Charlotte’s Web), რომელსაც CBD-ის 20%-იანი და THC-ის 0.5%-ზე ნაკლები შემცველობა აქვს. Charlotte’s Web-ის ზეთისგან ამზადებენ ექსტრაქტს, რომელიც კიბოთი და ეპილეფსიით დაავადებულების სამკურნალოდ გამოიყენება. კიდევ ერთ ასეთ ჯიშს წარმოადგენს ავიდეკელი (Avidekel) CBD-ის 15.8 – 16.5%-იანი და THC-ის 0%-იანი შემცველობით. კანაფის მცენარის აღნიშნული ჯიში ისრაელში, ისრაელის მთავრობის მიერ ლიცენზირებულ კომპანიაში შეიქმნა. ავიდეკელმა დადებითი შედეგები აჩვენა რევმატული ართრიტის, კოლიტის, ღვიძლის ანთების, გულის დაავადებებისა და დიაბეტის მკურნალობისას.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი