“მაპატიე, მუსტაფა!” – გაუპატიურებული ევროპელი ქალები მიგრანტებს მიტევებას სთხოვენ
ყალბი ამბავი
2001 ნახვა
A+
A
A-

ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ამბავი არის ყალბი.

 

რეზიუმე: მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით – „მაპატიე, მუსტაფა!“ – იტყობინება, რომ ევროპელი ქალების ინიციატივით 30 იანვარს დაიწყო ფლეშმობ აქცია #sorry (მაპატიე), რომლის ფარგლებშიც გაუპატიურებული ევროპელი ქალები მიგრანტებს მიტევებას სთხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას მხოლოდ რუსული სააგენტოები (Новые Известия, Панорама, 360tv.ru) ავრცელებენ, ხოლო თავად კამპანია, თავისი ჰეშთეგით #sorry, არ იძებნება არც ერთ საერთაშორისო სოციალურ ქსელში. სტატიას თან ახლავს ფოტო, რომელზეც გამოსახულია ევროპელი გოგონა, წარწერით: „Sorry, Mustafa“ („მაპატიე, მუსტაფა“). სიმართლეს არც ეს უკანასკნელი შეესაბამება, რადგან როგორც ირკვევა, სურათი გადაღებულია 2014 წელს და მასზე გამოსახულია უკრაინელი აქტივისტი, რომელიც #ZahriyHeroya-ს („გაათბე გმირი“) აქციაში მონაწილეობდა. ორიგინალ ფოტოზე დატანილია წარწერა „холодно? подумай про того, хто спить в окопi” („გცივა? იფიქრე იმაზე, ვისაც სანგრებში სძინავს“). აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, „საქართველო და მსოფლიო“ მიზნად ისახავს ევროპის მოსახლეობის დისკრედიტაციას.

 

ანალიზი

მედიასაშუალებამ „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „მაპატიე, მუსტაფა!“. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაუპატიურებული ევროპელი ქალები მიგრანტებს მიტევებას სთხოვენ. სტატიის მტკიცებით, ევროკავშირის ქვეყნებში 30 იანვარს დაიწყო ფლეშმობი #sorry (მაპატიე), რომელიც სოციალურ ქსელებში გერმანელმა, შვედმა, დანიელმა და სხვა ქვეყნების ქალებმა გაავრცელეს. როგორც ავტორი მიუთითებს, „აქციის მიზანია ევროპელი ქალების მონანიება ლტოლვილების წინაშე გარყვნილი საქციელისა და სამოსის გამო, რომლებმაც უბიძგეს მიგრანტებს ქალებზე სექსუალური ძალადობისკენ“.

აღნიშნული აქცია (ჰეშთეგ კამპანიით #sorry) არ იძებნება ინტერნეტ სივრცეში. საერთაშორისო სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ტვიტერი, ინსტაგრამი) ძებნისას კი, არ მოიპოვება მსგავსი კონტექსტის შემცველი პოსტები. კამპანიის შესახებ მხოლოდ ისეთი რუსული სააგენტოები იუწყებიან, როგორებიცაა: Новые Известия, Панорама, 360tv.ru. აღნიშნულ ვებ-გვერდებზე გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს ევროპელი გოგონას სურათი, წარწერით: “Sorry, Mustafa” (მაპატიე, მუსტაფა). Findface-ის აპლიკაციის დახმარებით ირკვევა, რომ ზემოთ აღნიშნული ფოტო გადაღებულია 2014 წელს და მასზე გამოსახულია უკრაინელი აქტივისტი გოგონა, რომელიც #ZahriyHeroya-ს („გაათბე გმირი“) აქციაში მონაწილეობდა. აღნიშნული სოციალური კამპანია მიზნად ისახავდა ზამთრის ცივ დღეებში მეომარი უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ორიგინალ ფოტოზე არა “Sorry, Mustafa” (მაპატიე, მუსტაფა), არამედ უკრაინული წარწერა „холодно? подумай про того, хто спить в окопi” („გცივა? იფიქრე იმაზე, ვისაც სანგრებში სძინავს“) არის დატანილი.

გარდა ამისა, „საქართველოს და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ აქციის ორგანიზატორია ბრიტა ბორგი და მისი კომენტარიც არის ციტირებული: „ჩვენ ტყუილუბრალოდ ვადანაშაულებთ მათ ძალადობაში. ისინი დაგვეხმარნენ ცხოვრების წესის, ჩაცმის სტილის სხვა კუთხით დანახვასა და იმის გაცნობიერებაში, რომ დროა, შევიცვალოთ“. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ სივრცეში არ მოიპოვება ინფორმაცია არც მსგავსი განცხადების და არც ბრიტა ბორგის პიროვნების შესახებ (ძიების შედეგებიდან ირკვევა, რომ ბრიტა ბორგი იყო შვედი მომღერალი, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა).

ამრიგად, მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და ევროპის მოსახლეობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გააზიარეთ: