რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 5-10 სექტემბერს მორიგი მასშტაბური წვრთნა – "კავკაზ 2016" ჩაატარეს. მანევრები რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში ჩატარდა, რომელსაც რუსეთმა ანექსირებული ყირიმიც მიაკუთვნა. ფორმალურად წვრთნებში 12,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. თუმცა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ ვალერი გერასიმოვის თქმით, საერთო ჯამში, წვრთნებში 120 ათასი სამხედრო და სახელმწიფო უწყების თანამშრომელი იყო ჩართული.

მანამდე, აგვისტოში, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში 12 უფრო მცირე წვრთნა და მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება ჩატარდა.

მანევრების ძირითადი ნაწილი ანექსირებულ ყირიმში, ოპუკის პოლიგონზე, ასევე, ვოლგოგრადის ოლქში, პრუდნოის პოლიგონზე გაიმართა. წვრთნებში ჯარების ყველა სახეობა – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები, ასევე, საჰაერო თავდაცვა მონაწილეობდა. სცენარი მოწინააღმდეგის ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიებას, სწრაფ კონტრშეტევასა და მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევას ითვალისწინებდა. საზღვაო მანევრები შავი და კასპიის ზღვის აკვატორიებშიც ჩატარდა.

წვრთნების „ლეგენდა“ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. თუმცა, როგორც რუსული მედია აღნიშნავს, სამხედროებმა ამოცანები აგრესიის მოგერიების სრულმასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში შეასრულეს. წვრთნების ხასიათისა და გამოყენებული შეიარაღების გათვალისწინებით, – მაგალითად, „ისკანდერის“ ტიპის ტაქტიკური რაკეტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები „ტრიუმფი“ და „ს-300“, „კალიბრის“ ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები და ა. შ., – ცხადი ხდება, რომ ამ მანევრებით რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს არა ტერორისტულ ან პარტიზანულ დაჯგუფებებთან ბრძოლისთვის, არა „მშვიდობისთვის იძულების“ ოპერაციისთვის, არამედ უცხო ქვეყნის რეგულარულ ჯარებთან ფართომასშტაბიანი კონვენციური ომისთვის ამზადებს.

მსგავსი ხასიათის წვრთნები რუსეთს ბოლო წლებშიც ჩაუტარებია (მანევრები „ვოსტოკ 2014“ და „ცენტრ 2015“), თუმცა ბოლო წვრთნებს თვისობრივი სიახლე ახლდა – მანევრებში პირველად რეზერვისტებისგან შემდგარი ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ამ მანევრებისთვის 700 რეზერვისტი გაიწვიეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან – როსტოვის, ნოვოსიბირსკის, არხანგელსკისა და მურმანსკის ოლქებიდან. ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები სამხრეთის ოლქში გადაისროლეს, სადაც მათ ობიექტების დაცვის, ასევე, მოწინააღმდეგის დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლის ამოცანა დაეკისრათ.

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, რუსეთმა რეზერვისტების მობილიზაციის მიზნით ყველა სამხედრო ოლქში რეზერვის სარდლობები ექვსი წლის წინათ შექმნა, თუმცა პრაქტიკაში ისინი მხოლოდ ახლა აამოქმედა.

გამოცემის ცნობით, აგვისტოში, შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმების ღონისძიებების ფარგლებში, ყირიმში, ქალაქ სევასტოპოლში რეზერვისტთა 500-კაციანი ქვედანაყოფი შეიქმნა, 400 რეზერვისტისგან შემდგარი მოტომსროლელთა ბატალიონი – ნოვოსიბისკში, სტავროპოლის ოლქის ქალაქ ბუდიონოვსკში კი 1500-კაციანი რეზერვისტთა პოლკი ჩამოყალიბდა.

ტერიტორიული თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება, რეზერვისტთა გაწვევა და მათი ჩართვა სამხედრო მანევრებში მოწმობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურს, ფართომასშტაბიანი ომისთვის არა მხოლოდ შეიარაღებული ძალები, არამედ სამოქალაქო მოსახლეობაც მოამზადოს და საომარ ვითარებაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სწრაფი მობილიზაციის გეგმებზეც მუშაობს.

ვითარების დაძაბვამ აგვისტოში ყირიმის გარშემო გააჩინა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რუსეთი წვრთნების საბაბით უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება. თუმცა ჯერჯერობით ამ ეჭვებმა არ გაამართლა.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვი მართლაც ემზადება ფართომასშტაბიანი ომისთვის ძლიერ მოწინააღმდეგესთან. როგორც „ბი-ბი-სი“-ს რუსულ სამსახურს რუსმა სამხედრო ექსპერტმა ვიქტორ მურახოვსკიმ განუცხადა, მანევრების მასშტაბის, ხასიათის, ასევე, მოქმედების არეალის გათვალისწინებით, რუსეთის არმია ნატო-ს ქვეყნების ძალებთან ბრძოლის რეპეტიციას გადის.

რუსი ექსპერტი მიხაილ ხოდარენოკი კი, ასევე, მიიჩნევს, რომ რუსი სამხედროები „მართლაც ომისთვის ემზადებიან“. თუმცა, მისი აზრით, ომისთვის მზადება შეიარაღებული ძალების ჩვეული მდგომარეობაა. როგორც ხოდარენოკი „გაზეტა.რუ“-ში აღნიშნავს, 2016 წლის წვრთნებისა და შემოწმებების ამოცანა რუსეთის არმიისა და ფლოტის მომზადებაა „ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებაში მოქმედებისთვის, მათ შორის ვითარების ყველაზე არახელსაყრელი განვითარების შემთხვევაში“.

თავის მხრივ, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი საიმონ სარაჯიანი, გამოცემა „ნეიშენალ ინთერესთში“ (The National Interest) აღნიშნავს, რომ ამ მანევრებით საგანგაშო არაფერი ხდება. მისი აზრით, მართალია, რუსეთი სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ომს უმიზეზოდ დაიწყებს. ასეთ მიზეზად, მისი აზრით, შეიძლება იქცეს თავდასხმა რუსეთზე, ან მის რომელიმე მოკავშირეზე, ან კლიენტზე, ან რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი რომელიმე რეჟიმის დამხობა, ან იმის გაცნობიერება რუსეთის ხელისუფლების მიერ, რომ რომელიმე მეზობელი შესაძლოა, „გაექცეს“ და სხვა ალიანსს შეუერთდეს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიან მანევრებს რუსეთი თითქმის ყოველ წელს ატარებს.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სწორედ კავკასიის რეგიონში გასულ წლებში ჩატარებული სამხედრო წვრთნები ყოველთვის რუსეთის მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებზე იყო მორგებული. მანევრები „კავკაზ 2008“-ის ლეგენდა ოფიციალურად ჟღერდა, როგორც „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციისა და მშვიდობისთვის იძულების განხორციელება“, რაც შესრულდა კიდეც და ეს მანევრები საქართველოში შემოჭრის მოსამზადებელი ეტაპი გამოდგა.

წვრთნები „კავკაზ 2012“ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა. ამ მანევრების დროს რუსული ძალები უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის რეგულარულ ჯარებთან ბრძოლას ამუშავებდნენ. საბედნიეროდ, ამ მანევრებს რეალური საბრძოლო მოქმედებები აღარ მოჰყოლია.

თუ ამ წვრთნებს „კავკაზ 2016“-ის სცენარს შევადარებთ, თვალშისაცემია, რომ მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური მიზნები და ამოცანები უფრო გლობალური ხასიათის გახდა – რუსეთი საკუთარ შეიარაღებულ ძალებს არა ლოკალური, არამედ უფრო მასშტაბური და გლობალური დაპირისპირებისთვის ამზადებს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი