ტელეკომპანია „დიას“ ეთერში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა თამაზ გვიმრაძემ სამინისტროს მიერ დევნილებისთვის განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ბანკებთან მოხდა მოლაპარაკება და სახელმწიფომ  იპოთეკური სესხი 100-მდე ოჯახს დაუფარა“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

განცხადების დაზუსტების მიზნით, ჩვენ თამაზ გვიმრაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, „ბანკებთან მოლაპარაკებაში“ სახელმწიფოს მიერ ბანკებისთვის დევნილების მაგივრად სესხის დაფარვა იგულისხმა.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის“ დაფარვის პროექტი 2015 წელს დაიწყო და 2016 წლამდე, სამ ეტაპად გაგრძელდა. უწყებაში ამჟამად არ აკონკრეტებენ, მოხდება თუ არა უფრო მეტი იძულებით ადგილნაცვალი პირის განცხადების დაკმაყოფილება. აღნიშნული პროგრამა მხოლოდ იმ დევნილი ოჯახების დახმარებას გულისხმობდა, რომლებსაც ერთადერთი საცხოვრებელი ფართი 2016 წლის 1 იანვრამდე იპოთეკით ჰქონდათ შეძენილი.

სამინიტროს ოფიციალური ინფორმაციით, იპოთეკური სესხის დაფარვაზე განაცხადი 531 ოჯახს აქვს შევსებული და აქედან  92 დაკმაყოფილდა. აღნიშნულისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.73 მლნ ლარი გამოიყო. შევსებული განაცხადების შეფასება დევნილთა მინისტრის 320-ე ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „სოციალური კრიტერიუმის“ მე-5 დანართის

შესაბამისად განხორციელდა, რაც ძირითადად დევნილების ოჯახური და სოციალური მდგომარეობის, ასევე საცხოვრებელი ფართის შესახებ ინფორმაციის დადგენას გულისხმობს. შევსებულ ანკეტასთან ერთად, დევნილებმა იპოთეკის შესახებ საჭირო სხვა დოკუმენტებიც წარადგინეს.

პროგრამის შესაფასებლად, ფაქტ-მეტრი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ესაუბრა. "ეს პროგრამა დევნილებისათვის ფართის გადაცემისა და დაკანონებისა ერთ-ერთი ფორმა იყო, იმიტომ, რომ ეს მათ მიერ უკვე შეძენილი ფართი უნდა ყოფილიყო. ეს არის გრძელვადიანი განსახლების პროგრამა. უბრალოდ საინტერესოა, რა პერიოდის განმავლობაში ხდებოდა ანკეტების შევსება და შევსება ყველა დევნილმა თუ მოასწრო," - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქეთი ბებიაშვილმა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დალი გოგოლაძის თქმით, აღნიშნული პროგრამის შესახებ დევნილებმა ინფორმაცია ტელევიზიისა და სოციალური მედიის გარდა, უშუალოდ სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებიდან მიიღეს: "ჩვენ დავდიოდით კარდაკარ და ვაწოდებდით დევნილებს ინფორმაციას. დაახლოებით ერთი თვე იყო ის ვადა, რომელშიც დევნილებს განაცხადები უნდა შეევსოთ. მეორე ეტაპზე დამატებითი დროც კი გამოვაცხადეთ".

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 88 215 დევნილი ოჯახი. მათგან საცხოვრებელი ფართით 35 568-ია დაკმაყოფილებული, ხოლო დასაკმაყოფილებელია  52 647 ოჯახი.

დასკვნა

ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ იპოთეკური სესხი 92 დევნილ ოჯახს დაუფარა. თუმცა, მსურველთა რიცხვმა 531 შეადგინა. პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყო, მხოლოდ იმ იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას ითვალისწინებდა, რომლებსაც 2016 წლის 1 იანვრამდე ერთადერთი საცხოვრებელი ფართი იპოთეკით ჰქონდათ შეძენილი. დღესდღეობით ცნობილი არ არის, აღნიშნული პროგრამა მომავალში  გაგრძელდება თუ არა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, თამაზ გვიმრაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი