"

ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, "ბოლო სამი წლის განმავლობაში რელიგიური უმცირესობის თავისუფლების ხელყოფის რამდენიმე ფაქტი მოხდა. კერძოდ: ჭელაში, მოხეში, სამთაწყაროში, წინწყაროში და ნიგვზიანში. ეს ინციდენტები გამოძიების მიღმა დარჩა და არავინ დასჯილა".

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2012 წლის 26 ოქტომბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მოსახლეობის ნაწილმა სოფელში მცხოვრები მუსლიმების საერთო ლოცვისთვის ტრადიციული შეკრება გააპროტესტა. პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა ქრისტიანებმა მუსლიმებს გზა გადაუღობეს და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვეს. ადგილობრივი მუსლიმების განმარტებით, მათ ეჭრებოდნენ სამლოცველოში და ლოცვის გაგრძელების შემთხვევაში სამლოცველოს გადაწვით ემუქრებოდნენ. სახალხო დამცველის ანგარიშიდან

ირკვევა, რომ ამ ქმედებებს სამართალდამცავების მხრიდან ადექვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მათ ვერც დანაშაულის ფაქტების ადგილზე აღკვეთა და ვერც უკანონო ქმედებებში მონაწილე პირების დასჯა შეძლეს.

კონფლიქტი მხოლოდ 2012 წლის 5 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოგვარდა, რომელსაც სამუფთოს წარმომადგენელი, სახალხო დამცველი და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მუსლიმი მრევლისთვის სალოცავში ლოცვის თავისუფლად გაგრძელების შესახებ შეთანხმება

შედგა. 9 ნოემბერს, პარასკევის ტრადიციული ლოცვა სოფელ ნიგვზიანში მშვიდ გარემოში ჩატარდა.

რელიგიურ ნიადაგზე კიდევ ერთი დაპირისპირება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მოხდა. დაპირისპირების საფუძვლად ქრისტიანი მოსახლეობა 2012 წლის ნოემბრის ბოლოს უცნობი პირების მიერ მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სასაფლაოდან, სასაფლაოს კარიბჭეში ჩატანებული ჯვრის ამოჭრას ასახელებდა.

 რის გამოც, ქრისტიანებმა მუსლიმ მოსახლეობას სალოცავში მისვლა და ლოცვის ჩატარების უფლება არ მისცეს. ამ შემთხვევაშიც, პრობლემა მორიგებით გადაწყდა. 2012 წლის 10 დეკემბერს მართლმადიდებელი და მუსლიმი თემების  წარმომადგენლებს, ასევე მათ რელიგიურ ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით, ის პიროვნება, ვინც ჯვარი ჩამოხსნა დაისჯებოდა, ხოლო ქრისტიანები მუსლიმებს რელიგიური რიტუალის ჩატარებაში ხელს აღარ შეუშლიდნენ.

ნიგვზიანისა და წინწყაროს შემთხვევებისგან განსხვავებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები 2 თვეს გაგრძელდა და სოფლიდან მუსლიმთა სულიერი წინამძღოლის დროებით წასვლითა და პარასკევის ტრადიციული ლოცვის შეჩერებით დასრულდა.

სამთაწყაროში რელიგიური კონფლიქტი მუსლიმთა მიერ ცალკე სამლოცველოს გახსნის მცდელობას მოჰყვა. 2013 წლის 24 მაისს სალოცავში პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესასრულებლად შეკრებილ მუსლიმ მრევლს რელიგიური მსახურების განხორციელებაში სოფელ სამთაწყაროსა და მეზობელი სოფლების მართლმადიდებელმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა, რაც მუსლიმთა სალოცავიდან ყურანის, მაგიდისა და ხალიჩის მეჩეთიდან გარეთ გამოყრასა და მუსლიმებისათვის მიყენებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე პოლიციაც იყო. თუმცა, მათ არაფერი მოუმოქმედებიათ.

აგრესია განსაკუთრებით მუსლიმი მრევლის წინამძღოლის, სულიკო ხოზრევანიძის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი განცხადებით, 2013 წლის 7 ივნისს, ავტომანქანით ორმა უცნობმა მიაკითხა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად გაეცნენ და სოფელში რელიგიური დაძაბულობის წარმოქმნისათვის დაპატიმრებით დაემუქრნენ. სახალხო დამცველმა შსს-ს აღნიშნულ ფაქტზებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

სახალხო დამცველის რწმუნებულმა, ნინო სულამანიძემ ჩვენთან საუბრისას  აღნიშნა, რომ მოსახლეობის წახალისებას უშუალოდ სოფლის რწმუნებული, გულნარა ნადირაშვილი ახდენდა, რომელიც არა მხოლოდ რეაგირების გარეშე ტოვებდა მუსლიმების შევიწროებისა და მათზე განხორციელებული მუქარის ფაქტებს, არამედ, ადგილობრივების განცხადებით, თავად დადიოდა სახლებში და მუსლიმებს მოუწოდებდა ლოცვა შეეწყვიტათ. სახალხო დამცველმა აღნიშნულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რწმუნებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართა. მუნიციპალიტეტი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

რელიგიურ ნიდაგზე დაპირისპირება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეშიც მოხდა. მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ შენობაში (ისტორიული მეჩეთი) დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოჰყვა, რომლის მუსლიმთა სამუფთოსათვის გადაცემასაც წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებმაც აქციის მონაწილე 14 მუსლიმი პირი დააკავეს. როგორც დაკავებულებმა სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადეს,

სამართალდამცავები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და "თათრებს" უწოდებდნენ. ასევე, გარეგნული დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ დაკავებულ პირებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.

2014

წლის 23 ოქტომბერს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამი ბრალდებული გათავისუფლდა, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს დადგენილებით 11 დაკავებულს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, ორი პირი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდა.

2014 წლის 2 დეკემბერს სადავო შენობაზე საკუთრების უფლების დასადგენად სპეციალური კომისია

შეიქმნა. მისი შექმნიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, კომისიამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა კომისიის სხდომებში. "ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის" წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის განცხადებით, კომისიის ლეგიტიმურობას სერიოზული პრობლემა გააჩნია, ის აბსოლუტურად ჩაკეტილია და საჯარო კონტროლს არ ექვემდებარება.

რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ადგილი ადიგების მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაშიც ჰქონდა. 2013 წლის 14 ივლისს, ადიგენში მუსლიმმა მოსახლეობამ შეგროვებული ფულით თურქეთიდან რკინის კონსტრუქციის მინარეთი ჩამოიტანა და მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაამონტაჟა, რამაც ადგილობრივი ქრისტიანების პროტესტი გამოიწვია.

პირველ აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  ჭელაში მინარეთის უნებართვოდ დამონტაჟების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. თუმცა, 26 აგვისტოს დემონტაჟი არა გამგეობამ, არამედ შემოსავლების სამსახურმა საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების ფარგლებში განახორციელა. დემონტაჟის მიზეზად მინარეთის საქართველოში შემოტანისას ჭელას მეჩეთის წინამძღვარის, ჯამბულ აბულაძის მიერ საბაჟო დეკლარაციის არასწორედ შევსება დასახელდა, რასაც შესაძლოა იმპორტის გადასახადის შემცირება გამოეწვია. სოფელში სამართალდამცავთა სრული მობილიზება გამოცხადდა. მათ გადაკეტეს გზა და არ უშვებდნენ ადგილობრივებს. გზა მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნა, რაც მინარეთი სოფლიდან გამოიტანეს. აღნიშნულ ფაქტს მუსლიმთა მხრიდან სამმართველოსთან აქცია

მოჰყვა, რა დროსაც შსს-ს თანამშრომლებმა აქციის 22 მონაწილე დააკავეს, ხოლო მოგვიანებით 13 პირი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 6 პირს ადმინისტრაციული, ხოლო 3 პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომლებსაც რამდენიმე თვის შემდეგ ბრალი მოეხსნათ.

სახალხო დამცველის განცხადებით, შემოსავლების სამსახურს მინარეთის დემონტაჟის კანონისმიერი უფლებამოსილება არ გააჩნდათ. საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2007 წლის 21 ნოემბერს დადებული საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, განსაბაჟებელი საქონელი იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

2013

წლის 27 ნოემბერს, მას შემდეგ რაც მინარეთის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მინარეთი კვლავ აღადგინა.

რელიგიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითაა დადგენილი. მისი მიხედვით, აღმსარებლობის გამო პირთა დევნა აკრძალულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი რელიგიური წესის აღსრულებაში ხელის შეშლისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. რელიგიური წესის აღსრულების ხელშეშლის კრიმინალიზაციით სახელმწიფომ  ვალდებულება იკისრა, რომ  ამგვარი ქმედების პრევენცია და კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოეხდინა.

სახალხო დამცველის 2013-2014 წლის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული შემთხვევების საფუძველს იდენტური მოტივაცია, ისლამისა და მისი სიმბოლოების საჯარო სივრცეში დამკვიდრების მიუღებლობა წარმოადგენს. სახალხო დამცველის შეფასებით, არცერთ ზემოხსენებულ შემთხვევაში სამართალდამცავ პირებს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულება არ შეუსრულებიათ. დანაშაულებისადმი "შემწყნარებლური" პოზიცია, დაუსჯელობა, გარკვეულ შემთხვევებში უმრავლესობისადმი მიკერძოება და სამართალდამცავების მიერ არაეფექტური ზომების გატარება პრობლემებს მხოლოდ ამწვავებდა. აღნიშნულ პრობლემაზე თავის 2013 წლის ანგარიშში ყურადღება თომას ჰამერბერგმაც გაამახვილა. რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, დღემდე არცერთ სამართალდარღვევაზე არ არის გამოძიება დასრულებული. მართალია, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით შეთანხმება შედგა, თუმცა, "ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევიდან

ჩანს, რომ აღნიშნული შეთანხმებები მყიფეა. მაგალითად, ნიგვზიანში ადგილობრივი ქრისტიანები უკმაყოფილებას გამოხატავენ კონფლიქტის ამგვარი პირობებით გადაწყვეტის გამო და კონფლიქტის განახლების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. მუსლიმი თემის განმარტებით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ ადგილობრივი ქრისტიანების მხრიდან მათ მიმართ დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები გრძელდებოდა.

მოხეში სადავო შენობაზე გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღიათ. წინწყაროში მხოლოდ ჯვრის ჩამოხსნის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა. "ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის" წარმომადგენელის განცხადებით, მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მხოლოდ მუქარად დაკვალიფიცირდა, მაშინ როდესაც ხშირ შემთხვევაში ქმედებები სცდებოდა მუქარის ფარგლებს და დევნაში გადაიზრდებოდა. თუმცა, გამოძიება არც მუქარასთან დაკავშირებით დასრულებულა. სამთაწყაროში კი პარასკევის ტრადიციული ლოცვები დღემდე არ განახლებულა. რაც შეეხება ჭელას, როგორც ჭელის მეჩეთის წინამძღვარმა ჯამბულ აბულაძემ ფაქტ-მეტრს განუცხადა, შემოსავლების სამსახურისგან შემოწმების განახლების შესახებ წერილი

 მიიღო. ასევე, მისი თქმით, 19 ნოემბერს გასვლითი შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურმა მას 774 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ჯამბულ აბულაძის მიერ, დოკუმენტში, ტრანსპორტირების შემცირებული ხარჯი იყო მითითებული.

დასკვნა 2012-2013

წლებში ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, მოხესა და ჭელაში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევებს ჰქონდა ადგილი. გამოვლინდა მუქარისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები. კონფლიქტები ძირითადად ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის შეთანხმებით სრულდებოდა. სოფელ მოხესა და სამთაწყაროში კი პრობლემა ჯერაც არ გადაწყვეტილა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, აღნიშნული კონფლიქტების დროს გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და უცნობია, როდის ან რა შედეგით დასრულდება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ლევან თარხნიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი