2013 წლის 28 ივნისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

დეპუტატებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ წარადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა საკუთარი მოხსენების დასრულების შემდეგ კანონმდებლების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ 2011 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 11 დასკვნა იყო გადაგზავნილი სამართალდამცავ უწყებებში. მათ ნაწილზე მოხდა რეაგირება და თანხები იქნა დაბრუნებული.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით და გადაწყვიტა გადაემოწმებინა, რამდენი დასკვნა გაიგზავნა 2011 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან სამართალდამცავ უწყებებში.

„სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ კანონით, აუდიტის სამსახურის დასკვნა რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოს ეგზავნება. როგორც აუდიტის სამსახურში განგვიმარტეს, უწყების ანგარიშები იგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ასევე აჭარის ა/რ-ის პროკურატურაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით, 2011

წელს მთავარ პროკურატურაში მხოლოდ ორი დასკვნა გაიგზავნა. კერძოდ, სსიპ „საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის“ 2007 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მასალები ანგარიშთან ერთად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მასალები ანგარიშთან ერთად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაცია დასტურდება მთავარი პროკურატურიდან მიღებული წერილითაც. უწყების ცნობით,

მთავარ პროკურატურაში 2011 წელს აუდიტის სამსახურიდან მართლაც 2 წერილი შევიდა. ამასთან, ერთი მათგანი რეაგირებისთვის თბილისის პროკურატურას, მეორე კი შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.

ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მის მიერ პარლამენტის სხდომაზე დასახელებული რიცხვი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობის 2012 წლის მონაცემებს ეხებოდა და 2011 წლის დასახელება მხოლოდ მის მიერ დაშვებული უნებლიე შეცდომა იყო. ჩვენ ესეც გადავამოწმეთ.

ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის

თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2012 წელს ჩატარებულ აუდიტებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ იქნა შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ წინასწარი აუდიტის მასალები;
  2. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის მასალები - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან (შენობის დემონტაჟი) დაკავშირებით;
  3. ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და მისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მასალები;
  4. შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მასალები;
  5. შუახევის მუნიციპალიტეტის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მასალები;
  6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში „ფთიზიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრადმე პერიოდის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
  7. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2010-2011 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის აქტი;
  8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის ფინანსური აუდიტის შუალედური აქტი;
  9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის ფინანსური და შესაბამისობის  აუდიტის აქტი;
  10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური და შესაბამისოსბის აუდიტის აქტი;
  11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2012 წელს ჩაატარა სულ 57 აუდიტი. მათ შორის: 41 - ფინანსური, 13 - შესაბამისობის და 3 - ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტორულმა საქმიანობამ მოიცვა 2 803 589 ათასი ლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები და გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მოცულობამ 44 481 ათასი ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის 2012 წლის ანგარიშის

თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის გადაგზავნილი აუდიტის მასალების (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში “ფთიზიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის” 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში) საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 4 პირი და სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნდა 195 ათასი ლარი. სამართალდამცავი ორგანოების მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთმა აუდიტორმა ჩაატარა 6 ორგანიზაციის საფინანსო-ეკონომიკური შემოწმება/ექსპერტიზა, რის შედეგადაც ბიუჯეტის სასარგებლოდ მიმართული იქნა 400 ათასი ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებულმა თანხამ შეადგინა 16,6 ათასი ლარი. ამავე ინფორმაციით, სულ აუდიტის სამსახურის საქმიანობის შედეგად ბიუჯეტში მიმართული იქნა 611,6 ათასი ლარი.

დასკვნა მთავარი პროკურატურიდან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, 2011 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში გაგზავნილი იყო მხოლოდ ორი დასკვნა, თუმცა, 2012 წელს სამართალდამცავი ორგანოებისთვის გაგზავნილი დასკვნების რაოდენობა ნამდვილად თერთმეტს შეადგენს. გენერალური აუდიტორის მიერ ჩვენთან გაკეთებული განმარტებით, მის მიერ 2012 წლის ნაცვლად 2011-ის დასახელება უნებლიე შეცდომას წარმოადგენდა, რასაც, როგორც წესი, ფაქტ-მეტრი არ ამოწმებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კვლევა უკვე ჩატარებული გვქონდა და ის ბოლო ორი წლის განმავლობაში აუდიტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციულ ხასიათსაც ატარებს, სტატიის გამოქვეყნება მაინც გადავწყვიტეთ. თუ გავითვალისწინებთ ერთის მხრივ ლაშა თორდიას მიერ ჩვენთან გაკეთებულ განმარტებას, მეორეს მხრივ კი იმ ფაქტს, რომ გენერალური აუდიტორი პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის ანგარიშს წარადგენდა, მის განცხადებას ფაქტ-მეტრი სიმართლედ აფასებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი