ბოლო დღეებში აქტიური განხილვის თემა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო ცვლილება გახდა. ამის შესახებ საუბრები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ გენერაციის ცალკეული ობიექტებისთვის განსაზღვრული ტარიფისა და გადაცემა/დისპეტჩერიზაციის ტარიფების გადახედვამ გამოიწვია. ცვლილებების მთავარ მიზეზად დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შემცირება მიიჩნევა.

საქართველოს ელექტროსისტემა ოთხ პირობით მდგენელად შეიძლება დაიყოს, რომელთაგან თითოეული კომპონენტი სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე გავლენას ახდენს:

  1. გენერაციის ობიექტებს წარმოადგენს 5 ერთეული თბოსადგური, ქართლის ქარის სადგური და 71 ჰიდროელექტროსადგური;
  2. ელექტროენერგიის გადაცემას ახორციელებს სამი ოპერატორი: ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, ბ) სს „საქრუსენერგო“, გ) სს „ენერგოტრანსი“;
  3. დისპეტჩირებაზე პასუხისმგებელია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
  4. ელექტროენერგიის განაწილებას, გარდა პირდაპირი მომხმარებლების შემთხვევისა, უზრუნველყოფს სამი სუბიექტი: ა) სს „თელასი“, ბ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, გ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
14-23

დეკემბერს სემეკმა თბოსადგურებისა და ცალკეული ჰესების, ასევე გადაცემა/დისპეტჩერიზაციის ტარიფებს გადახედა. შესაბამის ცვლილებებს ცხრილი 1 ასახავს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები მხოლოდ ზრდის მიმართულებით არ განხორციელებულა, ცალკეულ შემთხვევებში ტარიფი კლების მიმართულებითაც შეიცვალა. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის შემთხვევაში ფიქსირებული გასაყიდი ტარიფის ზრდაა, ვინაიდან აღნიშნული ობიექტების გამომუშავება 2016 წლის 11 თვის მონაცემებით მთლიანი გამომუშავების 38%-მდე შეადგენს. ტარიფი შემცირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ოპერირებადი 8 ჰესის და სს „ზაჰესის“ შემთხვევაში, რომელთა ჯამური გამომუშავება ამავე პერიოდში 1,747 მლნ კვტსთ-ია, რაც სრული გამომუშავების 18%-მდეა.

საშუალოდ 3.109 თეთრით გაძვირდა ზღვრული ტარიფი თბოელექტროსადგურებისთვის, თუმცა გარდაბნის თესისა და ენერგეტიკული კორპორაციის (თბილსრესის #3 და #4 ბლოკები) შემთხვევაში გარანტირებული სიმძლავრის საფასური შესაბამისად დღეში 22.3 და 13.6 ათასი ლარით შემცირდა, „ჯიფაუერისა“ და „მტკვარი ენერჯის“ შემთხვევაში კი გაიზარდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურიც, შესაბამისად დღეში 6,307 და 585 ლარით.

გარდა გენერაციის ობიექტების ტარიფებისა, შეიცვალა გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის საფასურიც. სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ენერგოტრანსის 400 კვტ-იანი ხაზის შემთხვევაში გაიზარდა გადაცემის ტარიფი, თუმცა ენერგოტრანსისთვის 500 კვტ-იანი ხაზით გადაცემისა და სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის დისპეტჩერიზაციის ტარიფი შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში იმპორტირებული ენერგიის ლარში გამოხატული ღირებულება ავტომატურად გააძვირა, თუმცა ანალოგიურად გაიზარდა ექსპორტირებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებაც გამოსახული ლარში, წმინდა ექსპორტი კი მიმდინარე მდგომარეობით 113 მლნ კვტსთ-ს შეადგენს.

ცხრილი 1: 

სამომხმარებლო ტარიფის კომპონენტების ცვლილება

10

რაც შეეხება თავისთავად სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებას, ამ მიზნით შესაბამის დადგენილებაში ბოლო ცვლილება 2015 წელს შევიდა, როდესაც ჯერ "ენერგო-პრო ჯორჯიას", შემდეგ კი "თელასის" მომხმარებლისათვის ტარიფი გაიზარდა. აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ლარის კურსი, მოქმედი ტარიფის დამტკიცების თარიღის კურსთან მიმართებაში, "ენერგო-პროს" შემთხვევაში 31%-ით, „თელასის“ შემთხვევაში კი 42%-ით იყო შემცირებული. დღეის მდგომარეობით ლარის გაუფასურების მიმდინარე მაჩვენებელი ბოლო ცვლილების პერიოდთან მიმართებაში 23%-მდეა.

თეორიულად, ტარიფის მატების თავიდან აცილების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორისაა ბაზრის სუბიექტებთან მოლაპარაკება. კერძოდ, მათ წინაშე არსებული მოთხოვნების, მათ შორის საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება (მსგავსი პრეცედენტი ცნობილია). თუმცა, აღნიშნულ გზა დარგის განვითარებაზე უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე ნაკლებად სასურველია.

თეორიულად დასაშვებია ტარიფის შენარჩუნება რესურსის ძვირ ნაწილზე - თბოსადგურების მიერ გამომუშავებულ და იმპორტირებულ ენერგიაზე უარის თქმის ხარჯზე. თუმცა, აღნიშნული ავტომატურად მოხმარებაში შეზღუდვებს (გრაფიკი) ნიშნავს, რაც ასევე ნაკლებად მისაღები ალტერნატივაა. ასევე მიუღებელია ბიუჯეტიდან სუბსიდირების გზა, რაც ერთი მხრივ სოციალური პროექტებით ისედაც გადატვირთული ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთია, მეორე მხრივ კი, თუ მომხმარებლისთვის ტარიფი არ გაიზრდება, შესაბამისად არ შემცირდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და ეს შეუძლებელეს გახდის ენერგიის ძვირი წყაროების წილის შემცირებას მთლიან გამომუშავებაში.

შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის სუბიექტების ხარჯების ზრდის პირობებში, ყველაზე ლოგიკური და ეკონომიკური შინაარსის თვალსაზრისით გამართლებული გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფის ზრდაა, რაც ერთის მხრივ შეამცირებს მოთხოვნას ელექტროენერგიაზე (შემცირდება ძვირი ენერგიის მიღების აუცილებლობა), მეორე მხრივ კი, კომერციულ სუბიექტებს მისცემს გაზრდილი ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას.

საერთო ჯამში, ტარიფის ცალკეული კომპონენტების ზრდა საკმარისად მაღალია, თუმცა აღნიშნული ნაწილობრივ სხვა კომპონენეტების შემცირების ხარჯზე დაბალანსდა. შედეგად, ამ ეტაპზე სემეკმა მიზანშეწონილად სამომხმარებლო/საყოფაცხოვრებო ტარიფის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება მიიჩნია, ხოლო საშუალო და მაღალი ძაბვის ტარიფები გაიზარდა. „თელასის“ შემთხვევაში 0.035 თეთრით მოიმატებს საშუალო ძაბვაზე ელექტროენერგიის ფასი, ხოლო მაღალ ძაბვაზე 0.446 თეთრით. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლისთვის კი, საშუალო და მაღალი ძაბვის ტარიფი შესაბამისად 0.657 და 0.001 თეთრით გაძვირდება.

სემეკის ხელმძღვანელის განცხადებით, ტარიფების გადახედვის გადაწყვეტილება დოლართან მიმართებაში ლარის კურსის 2.5-ის დონეზე გათვალისწინებით იქნა მიღებული. თბოსადგურების შემთხვევაში კი, კურსი ერთ დოლარში 2.78 დონეზე არის გათვალისწინებული, რის მიზეზადაც გაზის შესასყიდ ფასზე კურსის ცვლილების პირდაპირი გავლენა დასახელდა. ამავე მიზეზით შესაძლოა ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფიც გაიზარდოს. კურსის ცვლილების მიუხედავად, სამომხმარებლო ტარიფი გაზზე დღემდე ნარჩუნდებოდა, კორექტირება განიცადა მხოლოდ კომერციული სექტორისათვის მისაწოდებელი აირის ფასმა, ვინაიდან ბაზრის აღნიშნული ნაწილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დერეგულირებულია.

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი