2014

წლის 26 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „რეაქცია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „კვლევები აჩვენებს, რომ პირველად ამ წლების განმავლობაში პოლიციისადმი ნდობა დაეცა“.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობას „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში იკვლევს. რესპონდენტები კვლევის ფარგლებში პასუხობენ შეკითხვას, თუ როგორია მათი მოსაზრება ამა თუ იმ ინსტიტუტის მუშაობის შესახებ.

ჩვენ გავეცანით ორგანიზაციის მიერ 2007-2014 წლებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს (იხ. IRI-ის კვლევები: 2007 წ. 31.08 – 10.09, 2008 წ. 23.09 – 01.10, 2009 წ. 21.02 – 03.03, 2010 წ. 4-13 მარტი, 2010 წ. 27.09 – 7.10., 2011წ. 26.04- 4.05, 2011 წ. 27.10 – 11.11., 2012 წ. 26.06- 4.07., 2012 წ. 9-21 ნოემბ., 2013 წ. 18-27 თებერვ., 2013 17.05 – 2.06, 2014 წ. 19.02-13.03.).

ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 2014 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა, პოლიციის მუშაობას დადებითად გამოკითხულთა 82% აფასებს, რაც წინა, 2013 წლის მაის-ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. ამასთან, კვლევის თანახმად, 4%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც პოლიციის მუშაობას უარყოფითად აფასებს.

image001 2012

წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმავე წლის ნოემბერში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის პირველი კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა და 2%-ით გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც უწყების საქმიანობას უარყოფითად აფასებდა. მომდევნო გამოკითხვებით, 2013 წელს პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებელმა 86% და 88% შეადგინა, თუმცა 2014 წლის თებერვალში ის 82%-მდე დაეცა. 2007-2014 წლების საზოგადოებრივი გამოკითხვებით, იმ ინსტიტუტთა შორის, რომელსაც საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა, პოლიციას, ეკლესიისა და ჯარის შემდეგ, ძირითადად მესამე ადგილი ეკავა. მხოლოდ 2007 წელს (აგვისტო-სექტემბერი) პოლიცია ნდობის მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იყო, 2011 წელს (აპრილი-მაისი) კი მეორე ადგილზე. 2014 წლის მონაცემებით, პოლიცია ინსტიტუტებისადმი ნდობის მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა.

2007-2014

წლების პერიოდში პოლიციას ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი (65%) 2007 წელს ჰქონდა. 2008 წელს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც უწყების მუშაობას დადებითად აფასებდა 84%-მდე გაიზარდა, თუმცა 2009 წელს ეს მაჩვენებელი 69%-მდე დაეცა. 2010 წლიდან იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პოლიციის მუშაობას დადებითად აფასებდნენ, თანდათან იზრდებოდა და 2011-2012 წლებისთვის 87-88%-ის ფარგლებში მერყეობდა.

ფაქტ-მეტრი ასევე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2012-2014 წწ. კვლევებს გაეცნო, სადაც რესპონდენტები ასევე ინსტიტუტების საქმიანობას აფასებდნენ (იხ. NDI-ის კვლევები 2014 წ. აგვ., აპრ.2014, ნოემ.2013, სექ.2013, ივნ.2013, მარ.2013, ნოემ.2012, აგვ.2012, ივნ.2012). image002 2014

წლის აპრილთან შედარებით, 2014 წლის აგვისტოში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პოლიციის მუშაობას „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ აფასებენ, 11%-ითაა შემცირებული. 2012 წლის ივნისისა და აგვისტოს მონაცემებით, პოლიციის მუშაობას „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ გამოკითხულთა 58% აფასებდა, 2012 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 52%-მდე შემცირდა. ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის ნოემბრის მონაცემებით, პოლიციის მუშაობას „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ გამოკითხულთა 62% აფასებდა. მომდევნო კვლევებით კი, ეს მაჩვენებელი 51% და 40%-მდე შემცირდა.

ჩვენ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში ჩატარებულ 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013

წლების გამოკითხვების შედეგებსაც გავეცანით, სადაც რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ შეკითხვაზე, თუ რამდენად ენდობოდნენ ან არ ენდობოდნენ საქართველოს პოლიციას. 2013 წელს, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც პოლიციას სრულად ან ნაწილობრივ ენდობა, 2012 წელთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი, თუმცა ორგანიზაციას 2014 წლის კვლევის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

image003

დასკვნა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) და „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ბოლო კვლევების თანახმად, საზოგადოების პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებელი/იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ ინსტიტუტის მუშაობას დადებითად აფასებენ, შემცირდა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის მონაცემებით, რომელიც 2014 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა, პოლიციის მუშაობას დადებითად გამოკითხულთა 82% აფასებს, რაც 2013 წლის მაის-ივნისის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით კი, 2014 წლის აპრილთან შედარებით, 2014 წლის აგვისტოში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პოლიციის მუშაობას „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ აფასებენ, 11%-ითაა შემცირებული.

თუმცა, თუკი 2007-2014 წლებში საზოგადოების პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებელს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგი შემცირდა. მაგალითად, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიხედვით, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც პოლიციის მუშაობას დადებითად აფასებდა, 2009 წელს 2008 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „კვლევები აჩვენებს, რომ პირველად ამ წლების განმავლობაში პოლიციისადმი ნდობა დაეცა,“ არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი