ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა, რადიო "ძველი ქალაქის" ეთერში განაცხადა,

რომ ქუთაისში "ოქროს ჩარდახთან" დაწყებული კაფე-ბარის მშენებლობა დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება. "კი ამბობთ, რომ იქ არავინ იყო ჩამოსული, მაგრამ თვითონ საბუთებში დოკუმენტურად დევს ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა და მათი [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს] წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რომელმაც დაადასტურა, რომ იქ მშენებლობა შეიძლება" - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ქუთაისის მერმა რიონის მარცხენა სანაპიროზე, სკვერში, ისტორიული ძეგლის - მეფეთა რეზიდენცია "ოქროს ჩარდახიდან" რამდენიმე მეტრში, შპს "ანასტასიას" მიერ სკვერის ნაწილში კაფე-ბარის მშენებლობის ნებართვის შესახებ ბრძანება 2016 წლის 27 იანვარს გასცა. ადგილი, რომელზეც კაფე-ბარი უნდა აშენდეს, ქუთაისის ცენტრში (რუსთაველის გამზირი №9 ბ) მდებარეობს.

მშენებლობის დაწყება საზოგადოებისა და ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს (იხ. ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). მათი აზრით, მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიის მხრიდან არაკანონიერად, საკითხის შეუსწავლელად, ნაჩქარევად გაიცა. არასამთავრობოებმა ივნისის დასაწყისში საკრებულოს განცხადებითაც მიმართეს და კაფე-ბარის მშენებლობის თემაზე რიგგარეშე სხდომის

ჩატარება მოითხოვეს, თუმცა საკრებულოს მათი მოთხოვნისთვის დღემდე პასუხი არ გაუცია.

არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, კაფე-ბარის მშენებლობა შეუსაბამობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონთან,

რომლის თანახმადაც ისტორიულ ძეგლთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში - 50 მეტრის რადიუსში, მშენებლობა აკრძალულია.

გარდა ამისა, წყლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული ტერიტორია 50 მეტრიან წყალდაცვით ზოლს მიეკუთვნება, მშენებლობა კი მდინარის კალაპოტიდან 2 მეტრის მოშორებით მიმდინარეობს. იმას, რომ აღნიშნული ადგილი საშიშ ზონაში მდებარეობს, ისიც ადასტურებს, რომ რამდენიმე წლის წინ მდინარე რიონის ადიდებამ სკვერის დატბორვა გამოიწვია. ფოტოებზე,

რომლებიც გადაღებულია 2005 წლის 26 აპრილს, კარგად ჩანს, რომ ტერიტორია, სადაც კაფე-ბარი უნდა აშენდეს, მდინარის ტალღებითაა დაფარული.

ქუთაისის მერმა, მერის მოადგილეებმა და სამსახურის უფროსებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კაფე-ბარის მშენებლობა კანონის სრული დაცვით

მიმდინარეობდა და ნებართვა შეთანხმებული იყო როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილი გზების დეპარტამენტთან.

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა არასამთავრობოებს მერიის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით უპასუხა და ამ ორი უწყებიდან მიღებული წერილებიც გამოაქვეყნა (იხ. ბმული 1, ბმული 2). თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი მნიშვნელობის ძეგლის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ადგილზე უნდა შეესწავლათ, ირღვეოდა თუ არა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური ხედი. მაგრამ, ადგილზე საკითხის შესასწავლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ ჩამოსულა. ქუთაისის მერიის მიერ გაგზავნილი თანდართული საპროექტო დოკუმენტი სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე ზეპირად განიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "რეალურ სივრცეში" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურისტმა თეა ონიანმაც დაადასტურა,

რომ ადგილზე საკითხის შესწავლა არ მომხდარა.

ადგილზე საკითხის შესასწავლად არც საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოსულა, რომელსაც მერიამ ასევე წყალდაცვით ზოლში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე თანხმობისთვის მიმართა. დეპარტამენტის მიერ მერიისადმი გაგზავნილ წერილში წერია: "

აღნიშნული ნაკვეთი განლაგებულია მდინარე რიონის მარცხენა ნაპირის ჭალისზედა ტერასაზე და არ მდებარეობს საინჟინრო დაცვის ზონაში. აქედან გამომდინარე, კაფე-ბარის მშენებლობა არ საჭიროებს დეპარტამენტთან შეთანხმებას". ადგილობრივი არასამთავრობოების აზრთ, მშენებლობით წყლის შესახებ კანონის მე-20 მუხლი ირღვევა, დეპარტამენტის არგუმენტი კი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობას წარმოადგენს.

დასკვნა

ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ ქუთაისის მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე შესაბამისი უწყებებიდან თანხმობა მიიღო. თუმცა, რისკების კვლევისა და იდენტიფიცირების მიზნით ადგილზე საკითხის შესწავლა არ მოუთხოვია. მერიამ არ გაითვალისწინა მშენებლობის რისკებთან დაკავშირებული სხვა გარემოებებიც (წყალდიდობის მაგალითი და ა.შ.).

მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქუთაისში მშენებლობა გააპროტესტეს და მის საწინააღმდეგოდ 600-მდე ხელმოწერაც შეგროვდა, მერიაში იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ადგილი სპეციალისტებმა შეისწავლეს. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია და ის, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ისტორიული ძეგლის ხედს წამოწყებულმა მშენებლობამ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ადგილზე არავის შეუმოწმებია.

ამდენად, ბაქარ ჭეიშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი