თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ეთერში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ისაუბრა (30

წთ-დან). წამყვანის კითხვაზე, რა თანხებს ხარჯავს მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის და აღნიშნულ სამუშოებში ეხმარებათ თუ არა სახელმწიფო, შათირიშვილმა განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 2016-2017 წლებში არცერთი ძეგლის რეაბილიტაცია არ განუხორციელებია.

„ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გვაქვს იმის უფლება და არც საშუალება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გამოვყოთ სარემონტო თანხები. ისე, მაგალითად, განათებას ვაკეთებთ ჩოლოყაშვილის სასახლესთან, დასუფთავების აქციებს ვაკეთებთ ასეთ ადგილებში. რაც შეეხება, რომ იქ რაღაცა შევცვალოთ, ავაშენოთ, გადავაკეთოთ, რესტავრაცია გავუკეთოთ, მაგის არც კომპეტენცია გვაქვს და არც სახსრები. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თელავის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია. არც შარშან და არც წელს არ განუხორციელებიათ რესტავრაცია არცერთი კულტურული ძეგლის“, - განაცხადა შათირიშვილმა.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოფიციალური წერილით მივმართეთ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებული პასუხის მიხედვით,

თელავის მუნიციპალიტეტში სულ 60 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თელავის გამგეობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის პროგრამით გათვალისწინებულია სოფელ ვანთის სასახლის კომპლექსში შემავალი ეკლესიის კონსერვაცია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარია გამოყოფილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. მიღებული პასუხის თანახმად, 2016-2017

წლებში სააგენტომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე სამი კულტურული მემკვიდერობის ძეგლის რეაბილიტაცია განახორციელა.

2016 წელს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მდებარე მამა დავითის და სოფელ გულგულას კვირაცხოვლის

სახელობის ეკლესიებს. 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ბექა ბარამიძის განცხადებით, აღნიშნულ ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭათ, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდა. „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის არქონის გარეშე სააგენტო არცერთი ძეგლის რეაბილიტაციას არ ახდენს. ამ ძეგლების შემთხვევაშიც, 2016 წელს მოხდა სტატუსის მინიჭება, რის შემდეგაც დაიწყო რეაბილიტაცია“, - განაცხადა ფაქტ-მეტრთან საუბარში ბექა ბარამიძემ.

დასკვნა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 2016-2017 (ამ დრომდე) წლებში თელავის მუნიციპალიტეტში სამი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გადაწყვეტილება სააგენტომ ძეგლების მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი