2013 წლის 19 ნოემბერს, მთავრობის წევრობის კანდიდატები საპარლამენტო უმცირესობას შეხვდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან კამათისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა (შემდგომ პრემიერ-მინისტრი), ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „თქვენ [მიმართავს „ნაციონალურ მოძრაობას“]

რაღაც კორუფციული სქემები შეადგინეთ ჩემს სამინისტროზე. კორუფციული სქემები უნდა შეგედგინათ თქვენი გუნდის წევრებზე, თქვენს მინისტრებზე. კორუფციული სქემები უნდა შეგედგინათ მაშინ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარი ოჯახის წევრებს ლარად აძლევდა სახელმწიფო ქონებას ... ეს არის ერთ-ერთი უნივერსიტეტი“. ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ ტყუილი უწოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სოზარ სუბარმა კი პრემიერ-მინისტრის ნათქვამი დააკონკრეტა და თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის 3 კორპუსი ყოფილი პრეზიდენტის დედას ერთ ლარად გადაეცა.

20 ნოემბერს აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და შემდეგი განცხადება გააკეთა: „გუშინ განსაკუთრებული კამათი გამოიწვია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ორმა ნაწილმა, აქედან ერთი ელიტურ კორუფციას ეხებოდა. უმცირესობის მხრიდან იყო შეძახილები, რომ ეს განცხადება ტყუილია. მე მინდა წაგიკითხოთ დოკუმენტი. ეს იმისთვის, რომ ჩვენ ფაქტებით ვლაპარაკობთ. საქართველოში ათეულობით უნივერსიტეტია. თუ არა კორუფცია, რა შეიძლება დავარქვათ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთადერთი ახსენდებოდა, როდესაც გამოსცემდა სპეციალურ განკარგულებას 2007 წელს და ქალაქ თბილისში 101,222 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცემდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელშიც მისი დედის ინტერესებია. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია ელიტური კორუფციის, რომელიც საქართველოში ყვაოდა“.

ფაქტ-მეტრი უნივერსიტეტებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის თემით დაინტერესდა და პრემიერ-მინისტრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საკითხის დეტალურად შესწავლისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ და იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალი გამოვითხოვეთ, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით და სიმბოლურ ფასად - 1 ლარად აქვთ გადაცემული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის შესწავლისას დავადგინეთ, რომ 2003–2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით და სიმბოლურ ფასად -1 ლარად, შემდეგ უნივერსიტეტებს გადაეცათ:

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2012 წლის 31 აგვისტო);
  • ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (2012 წლის 18 სექტემბერი);
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2012 წლის 5 ნოემბერი);
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (2012 წლის 16 აგვისტო);
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2012 წლის 12 სექტემბერი);
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2012 წლის 11 მაისი).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება 1 ლარად გადაეცათ, არ მოხვდა არც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და არც საქართველოს უნივერსიტეტი.

„კორუფციულ სქემებზე“ საუბრისას პრემიერ-მინისტრს კონკრეტული უნივერსიტეტი არ დაუსახელებია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი სწორედ ის უმაღლესი დაწესებულებებია, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის სახელთან ასოცირდება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მას წლების განმავლობაში პრორექტორის თანამდებობა ეკავა. საქართველოს უნივერსიტეტში კი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა, ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სიტყვით გამოსვლისას თინა ხიდაშელმა გააჟღერა და პრემიერ-მინისტრის ნათქვამს დაუკავშირა. სოზარ სუბარმა კი საქართველოს უნივერსიტეტზე მიანიშნა, როდესაც მან პრემიერ-მინისტრის ნათქვამი დააკონკრეტა და ტექნიკური უნივერსიტეტის სამი კორპუსის ყოფილი პრეზიდენტის დედისთვის 1 ლარად გადაცემაზე განაცხადა.

ფაქტ-მეტრმა ორივე უნივერსიტეტს ოფიციალური წერილით მიმართა და მათ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის პირობების ამსახველი დოკუმენტაცია გამოითხოვა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხიდან გაირკვა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია 2002 წლიდან მოღვაწეობდა და 2007 წელს, როდესაც უნივერსიტეტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა, მას სამეცნიერო და აბრეშუმის გზის კვლევის დარგში პრორექტორის თანამდებობა ეკავა. 2013 წლის 31 დეკემბრიდან კი გიული ალასანია დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

უნივერსიტეტის განმარტებით, მის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობები ასეთი იყო: 2007 წლის 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სახელმწიფოსაგან (წარმომადგენელი ქ. თბილისის მერია) 1 923 218 ლარად იყიდა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე „ავტოვაზის“ მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 01.19.18.05.002). დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სრულად აქვს დაფარული.

წერილში განმარტებულია, რომ მშენებლობისთვის გამიზნული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთში განთავსებული იყო მიწისქვეშა კონსტრუქციები (მაღალი წნევის მილები და მაღალი ძაბვის კაბელები). შესაბამისად, მხარეთა შორის 2007 წლის 24 აგვისტოს დადებული შეთანხმებით, 2007 წლის 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის მახასიათებლების ნაწილში ცვლილება შევიდა - შეიცვალა ნასყიდობის საგნის მისამართი - ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი „რადიოსადგურის“ მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 01.19.25.001.133) და „ავტოვაზის“ მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმდა.

უნივერსიტეტიდან მიღებულ წერილს თან ერთვის შესაბამისი სანოტარო ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე, მამუკა ახვლედიანი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორის ნდობით აღჭურვილი პირი, რესულ დექმენი. აგრეთვე, შესაბამისი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტის ისტორია 2002 წლიდან იწყება. 2005 წლის 24 მარტს ჩატარდა მეურვეთა საბჭოს პირველი სხდომა და მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გიული ალასანია. აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის ამსახველი სტატისტიკა და პირობები კი ასეთია:

2007 წლის 1 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტს 1 320 000 აშშ დოლარად (ექვივალენტი ლარებში) პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, კოსტავას ქ. #77-ში მდებარე 731 მ2, 587 მ2 და 877 მ2

მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით.

უნივერსიტეტს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და უძრავ-მოძრავი ქონება შემდეგი პირობებით გადაეცა:

  • უნდა განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა საზოგადოებრივი მეცნიერების, ჰუმაიტარული და ტექნიკური განათლების პროფილით;
  • უზრუვნელეყო მინიმუმ 120 თანამშრომლის დასაქმება, რომელთა საშუალო ხელფასი მინიმუმ 300 ლარი უნდა ყოფილიყო;
  • განეხორციელებინა როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამები და სტუდენტთა კონტიგენტის საერთო რაოდენობა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 400 ადამიანისა.

2007 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ შორის სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების თანახმად ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისში, კოსტავას ქ. #77-ში მდებარე სპორტული მოედნების და მათზე დამაგრებული 9 273 მ2

მიწის ნაკვეთი 305 000 აშშ დოლარად (ექვივალენტი ლარებში) უნივერსიტეტს პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა. უნივერსიტეტს საპრივატიზებო ობიექტის საგანმანათლებლო-სასწავლო და სპორტული პროფილით ფუნქციონირება დაეკისრა.

2008 წლის 25 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოწყობილ აუქციონზე საქართველოს უნივერსიტეტმა 2 050 000 აშშ დოლარად (ექვივალენტით ლარებში) ქ. თბილისში, კოსტავას #77-ში მდებარე შენოდა-ნაგებობა (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 მ2

მიწის ნაკვეთი შეისყიდა. სანაცვლოდ მყიდველს 15 წლის განმავლობაში ობიექტის საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირება დაეკისრა.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ბოლო ხელშეკრულება საქართველოს უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2009 წლის 8 ივლისს გაფორმდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოწყობილ აუქციონზე საქართველოს უნივერსიტეტმა 5 000 აშშ დოლარად (ექვივალენტით ლარებში) ქ. თბილისში კოსტავას #77ა-ში მდებარე 31 მ2

არასასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთი შეისყიდა.

დასკვნა

საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, სხვადასხვა დროს პირდაპირი მიყიდვის წესით და სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შემდეგ უნივერსიტეტებს გადაეცათ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული უნივერსიტეტების ჩამონათვალში არ მოხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი. სწორედ ეს ორი უნივერსიტეტი უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის სახელს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირდაპირი მიყიდვის წესით 2007 წელს 1 923 218 ლარად შეძენილი აქვს ისანი-სამგორის რაიონში არსებული 101 222 მ2

მიწის ნაკვეთი. საქართველოს უნივერსიტეტს კი 2007-2009 წლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა მოცულობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავ-მოძრავი ქონება აუქციონის წესით ჯამში სულ 3 680 000 აშშ დოლარად (ექვივალენტით ლარებში) აქვს შესყიდული. პრემიერ-მინისტრის მიერ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფო ქონების 1 ლარად გადაცემის ფაქტზე საუბარი აღნიშნულ კონტექსტში ცალსახად არასწორია.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „კორუფციული სქემები იყო მაშინ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარი ოჯახის წევრებს ლარად აძლევდა სახელმწიფო ქონებას... ეს არის ერთ-ერთი უნივერსიტეტი “, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5403 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი