კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემა გასული საუკუნიდან არსებობს - ჯერ კიდევ 80-იან წლებში მოსახლეობის ნაწილმა თანხები სახელმწიფო ბანკებში შეიტანა, სახელმწიფომ კი, თავის მხრივ, მათი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. ბინების უმრავლესობა ვერ დასრულდა, ნაწილის მშენებლობა კი საერთოდ არ დაწყებულა.

1998 წელს ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხა სახელმწიფო ვალად აღიარა და ფინანსთა სამინისტროს ვალის გადახდის წესის შემუშავება დაავალა. პრეზიდენტის (ედუარდ შევარდნაძის) ბრძანებულების მიხედვით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა განისაზღვრა. ამ პერიოდიდან 2003 წლამდე რამდენიმე კორპუსის მშენებლობა მართლაც დასრულდა და დაზარალებულებზე ჯამში 2 მილიონი ლარის კომპენსაცია გაიცა.

ამ პრობლემის გადაჭრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაც შეეცადა. 2009 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის დადგენილებით, ვალის გადახდა თბილისის მერიას დაევალა, რაც ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ დაზარალებულთათვის მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემას ითვალისწინებდა. ამ განკარგულების შემდეგ დაზარალებულთა გარკვეულ ნაწილს ნაკვეთები სიმბოლურ ფასად მართლაც გადაეცათ. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი დაზარალებულთათვის ნაკვეთების გადაცემის პროცესი შეჩერდა.

ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემა პირველი რიგის პრობლემად განსაზღვრა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, კოოპერატიულ ბინათმშენებლობებით დაზარალებულებთან შეხვედრისას ის აცხადებდა, რომ მათი პრობლემა უახლოეს დროში გადაიჭრებოდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეექვსე წელსაც პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კოოპერატიული ბინათმშენებლობების პრობლემის შემსწავლელი კომისია შეიქმნა. 2016 წელს მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომლის თანახმადაც კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი ვალდებულების მოგვარება თბილისის მერიას დაევალა. განკარგულების მიხედვით, მერიას დაზარალებულთა მხრიდან ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემა მათთვის სიმბოლურ ფასად უნდა უზრუნველეყო. ამ ფორმით 300 ოჯახის დაკმაყოფილება მოხერხდა.

ფაქტ-მეტრი საკითხში დეტალურად გასარკვევად კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულთა კავშირ „ერთობის“ მიმართულების კოორდინატორს, ლაშა გეგეჭკორს, დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით საქართველოს მასშტაბით 8 000 ადამიანზე მეტი არის დაზარალებული, თბილისში კი დაახლოებით - 3 500. თბილისში რამდენიმე კორპუსის მშენებლობა დაწყებულია და ეს მშენებლობები სასწრაფოდ არის დასასრულებებლი, რადგან მათში ხალხი ცხოვრობს და მათი ტექნიკური მდგომარეობა კი ყოველწლიურად უარესდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2015 წელს 9 კორპუსის ტექნიკური შესწავლა განხორციელდა, რისთვისაც 230 000 ლარი დაიხარჯა. დაიდო დასკვნა, რომ მშენებლობის გაგრძელება და მისი დასრულება შესაძლებელია. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო კორპუსის პროექტირება, შედგენილიყო ხარჯთაღრიცხვა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა ხელისუფლებას ჰქონდა საკითხის მოგვარების მცდელობა, მაგრამ პრობლემის გადაჭრა დღემდე ვერ მოხერხდა.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ბინათმშენებლობის და ავარიული შენობების გამაგრების მიზნით 18 მილიონი ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, აღნიშნულია (პროგრამული კოდი 02.02.), რომ გარკვეული თანხა დედაქალაქის მოსახლეობაზე განაწილებული და დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების (მათ შორის კოოპერატიული სახლების) დამთავრებისთვის საჭირო ღონისძიებებს მოხმარდება(თანხის ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის).

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახი კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: „დაახლოებით 3 000 ოჯახია ბინათმესაკუთრეთა კოოპერატივებიდან დაზარალებული, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. დღეს არსებობს სქემა, რითაც თბილისის მერია მუშაობს. გამოყოფს კონკრეტულ მიწის ფართობს, შემდეგ ისინი ქმნიან ამხანაგობებს, ეძებენ ინვესტორს და ძალიან ბევრი ხდება ინვესტორის მძევალი. მიდის შანტაჟი, თუ რა ფართი უნდა წაიღოს ინვესტორმა და რა ფართი უნდა დარჩეთ კონკრეტულ დაზარალებულ ადამიანებს. ხშირად ინვესტორი რჩება მოგებული. ამიტომ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი ფორმა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს და ერთხელ და სამუდამოდ ამ პრობლემაზე საუბარი დავამთავროთ. მე, ჩემს გუნდთან ერთად ამას აუცილებლად გავაკეთებ“.

როგორც საკითხის კვლევისას გაირკვა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარების მცდელობა თითქმის ყველა ხელისუფლებას ჰქონდა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი განკარგულება თუ დადგენილება გამოიცა, თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. სწორედ ამიტომ, დღემდე, მხოლოდ დედაქალაქში, ამ კატეგორიის 3 000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია.

ჩვენ ამ საკითხს თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი