კახეთი
2014 წელთან შედარებით, დღეს ლაგოდეხის გამგეობაში 55 ადამიანით ნაკლები მუშაობს და წელიწადში 300 ათასი ლარი იზოგება
მეტწილად სიმართლე
783 ნახვა
A+
A
A-

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კარლო ჯამბურიამ, გამგეობის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მისი სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. მან ამ პეროდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა (1:30 წთ-დან). „ჩვენ მოგვიწია ატესტაციების/კონკურსების ჩატარება და მოხდა შეფასება ყველა თანამშრომლის, ვინც ადრე მუშაობდა და ვინც შემდგომ დაინიშნენ თანამდებობებზე. მანამდე ჩვენს მუნიციპალიტეტში მუშაობდა 234 საჯარო მოხელე, ხოლო რეორგანიზაციის და კონკურსების შედეგად 179 მოხელე დარჩა ადგილზე, ანუ 55 ადამიანით ნაკლები ადამიანი მუშაობს დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და ამან გამოიწვია თანხების დაზოგვა. დაახლოებით 300 ათასი ლარი დაიზოგა ყოველწლიურად“, – განაცხადა ჯამბურიამ.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

კარლო ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.

2014 წლის 10 სექტემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისთვის კონკურსის კრიტერიუმების შესახებ ბრძანება გამოსცა. ბრძანებით განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები. ამავე წლის 24 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დებულება დამტკიცა.

ფაქტ-მეტრის მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ლაგოდეხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები 2014 წლის 17 დეკემბერს, 2015 წელს – აპრილში, ივლისში, აგვისტოში და ნოემბერში, ხოლო 2016 წელს – მარტში, ივლისსა და დეკემბერში ჩატარდა.

გამგეობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2014 წელს (საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებამდე) 189 შტატით და 92 ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული თანამშრომელი ირიცხებოდა. მათი შრომის ანაზღაურებაზე კი ყოველთვიურად 118 290 ლარი იხარჯებოდა.

2014-2016 წლებში ჩატარებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსების შედეგად, ამჟამად გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 156-ს შეადგენს. აქედან 122 შტატიანი, ხოლო 34 ხელშეკრულებით მომუშავე პირია. მათი შრომის ანაზღაურება თვეში 96 400 ლარია.

 

ცხრილი 1: 2014 და 2017 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და შრომის ანაზღაურება

წელი თანამშრომელთა რაოდენობა შრომის ანაზღაურება 1 თვეში (ლარი)
2014 281 118 290
2017 156 96 400

 

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტში ჩატარებული რამდენიმე კონკურსის შედეგად, ლაგოდეხის გამგეობაში დასაქმებულთა რაოდენობა 281-დან (189 შტატიანი და 92 შტატგარეშე თანამშრომელი) 156-მდე (122 შტატიანი და 34 შტატგარეშე თანამშრომელი), ანუ 125-ით შემცირდა.

გამგეობის ცნობით, 2014 წლის შემდეგ 262 680 ლარით (წლიური მაჩვენებელი) შემცირდა მუნიციპალიტეტის სახელფასო ფონდი (1 419 480-დან 1 156 800-მდე), რაც გამგებლის მიერ დასახელებულ რიცხვზე (300 ათასი ლარი) 37 320 ლარით ნაკლებია.

ლაგოდეხის გამგებლის მიერ დასახელებული სტატისტიკა ფაქტობრივად ბოლომდე ზუსტი არ არის, თუმცა, განცხადების მთავარი კონტექსტი, თანამშრომელთა რაოდენობისა და ბიუჯეტის ხარჯების შემცირების შესახებ, ნამდვილად დასტურდება.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კარლო ჯამბურიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

გააზიარეთ: