ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბათლომე შელიამ, განაცხადა:

„21-ე საუკუნეში ადამიანებს წყალი რომ არ მიეწოდებათ კომბინატის დასახლებაში და გრაფიკით აქვთ, დღეში ორ-ორი საათი, ეს არის ჩვენი სირცხვილი“.

ფაქტ-მეტრი განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

არსებული ვითარების გასარკვევად ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით. როგორც მოსახლეობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მათ წლებია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, ისიც სულ 3 საათით, საღამოს 7-დან 10 საათამდე. წყლის მიმწოდებელი კომპანიის თუ კერძო პირის ვინაობაზე მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს. ისინი გადასახადს ერთ სულ მოსახლეზე 1.50 ლარის ოდენობით, ხელზე იხდიან მიმწოდებლის წარმომადგენლებთან, რომლებიც გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს (ჩგდ-ს) უტოვებენ, სადაც არც წყლის მიმწოდებელი კომპანია და არც სხვა საჭირო ინფორმაცია არ არის მითითებული.

ჩგდ მომსახურების საფასურის ხელზე გადახდისას ივსება და მასზე მხოლოდ დავალიანების ოდენობა, აბონენტის ვინაობა, გადახდის თარიღი და თანხის ამკრეფის ხელმოწერაა დატანილი. ამ ტიპის ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ მიეწოდებათ წყალი გრაფიკით და არა 24 საათის განმავლობაში, მოსახლეობას მიმწოდებლის წარმომადგენელი უსაბუთებს, რომ საქაჩი ტუმბო მოძველებულია და თანხა, რასაც მოსახლეობა იხდის, მხოლოდ 3 საათით წყლის მიწოდებისთვის არის საკმარისი. კომბინატის უბნის მაცხოვრებელთა განმარტებით, წლებია, მათ წყლისა და კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ დასახლებისთვის წყლის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პიროვნებას დაგვაკავშირა, რომელიც შ.პ.ს „კომუნალური სერვისის“ ხელმძღვანელი ემირ ყოლბაია აღმოჩნდა (მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ ამ კომპანიას ჯემალ კანკია ხელმძღვანელობდა). ყოლბაიას განმარტებთ, ორივე უბანში წყლის საქაჩი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში შეიცვალა. „[საქაჩები] მე თვითონ, ჩემი სახსრებით შევიძინე, ერთი თეთრი არ ყოფილა არც მოსახლეობის და არც ხელისუფლების მხრიდან. აბონენტების მიერ დავალიანების დაფარვით შემოსული თანხა დაახლოებით 1 300-1 400 ლარს შეადგენს, რაც გადასახადებშივე მიგვდის. ხელფასს ვუხდი ბუღალტერს, თანხის ამკრეფებს და ელექტროენერგიის გადასახადს ვფარავ. ქვითრებს (ჩგდ) ვყიდულობ საფინანსოსგან. ფულს სალაროში ვიხდი“, - აღნიშნა ყოლბაიამ.

ფაქტ-მეტრი ქალაქ ზუგდიდის მერიასაც დაუკავშირდა. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომბინატის I და II უბნის წყალმომარაგებას შპს „მშენსერვისი“ უზრუნველყოფს. მერიის განმარტებით, 2015 წლის იანვრის თვეში ი.ქ.კ.-ს[1]

დასახლების I და II უბნებში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეული იყო 650-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი და ტექნიკური წყლის საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიუწვდომობით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან 6 300 ლარი გამოიყო, რაც არტეზიული ჭის წყლის ტუმბოს შესყიდვა-მონტაჟს მოხმარდა. მერიის ცნობით, წყალმომარაგების ქსელი (ინფარსტრუქტურა) შპს „მშენსერვისის“ ბალანსზეა, რომელსაც მურმან ნაჭყებია ხელმძღვანელობს.

საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში კომპანიის მონაცემებში

ბოლო ცვლილება 2014 წლის 23 სექტემბრით თარიღდება და ამონაწერის თანახმად, დირექტორად ქეთევან ნაჭყებიაა მითითებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიამ კომენტარი არ გააკეთა და დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ვგებულობთ, რომ შპს „მშენსერვისის“ დამფუძნებელი ჯემალ კანკიაა, ასევე მის მიერ არის დაფუძნებული შპს "კომუნალური სერვისიც". რაც შეეხება „მშენსერვისს”, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიამ კომბინატის წყალმომმარაგებელ კომპანიად დაასახელა, მას ბიზნეს კატალოგის მიხედვით საქმიანობა შეჩერებული აქვს.

დასკვნა

წლებია, კომბინატის დასახლების I და II უბნის მოსახლეობას წყალი გრაფიკით, დღეში სამი საათით მიეწოდება, ხოლო მომსახურე ორგანიზაციის შესახებ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ. მოუწესრიგებელია ანგარიშსწორების პროცედურაც. წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდიან სერვისის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც თავს ორგანიზაციის ხელმძღვანელად მოიხსენიებს, და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წლამდე, ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტის დასრულებამდე, ამ უბნებისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესების კუთხით რაიმე სახის ცვლილება დაგეგმილი არ არის.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბათლომე შელიას განცხადება არის სიმართლე.

[1] ინგურ ქაღალდ კომბინატი

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი