28 ოქტომბერს ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა გაიმართება და 17 ნოემბერს ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტმა პირველი მცდელობისას მოახერხა მთავრობის დამტკიცება. თუ არადა, ეს პროცესი 1-ელ დეკემბრამდე გადაიწევს.

კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტის შეკრებისა და მთავრობის ფორმირებისთვის მაქსიმალური ვადები ამგვარადაა განსაზღვრული. თუმცა, ყველაფერი შესაძლოა, უფრო სწრაფად მოხდეს. გააჩნია, პროცესები როგორ განვითარდება და პრეზიდენტი პარლამენტის პირველი სხდომისთვის რომელ რიცხვს აირჩევს.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება (მუხლი 51).

პარლამენტის პირველი სხდომის მოსაწვევად აუცილებელი პირობაა, რომ 100 დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად დადასტურდეს. პროპორციული არჩევნებით 73 პარლამენტარი აირჩევა. შესაბამისად, პარლამენტის სხდომის მოსაწვევად საჭიროა, მინიმუმ, 23 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული უკვე გამოვლენილი იყოს.

დიდი კონკურენციისა და მაღალი საარჩევნო ბარიერის გათვალისწინებით, ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მასობრივად გახდება საჭირო მეორე ტურის დანიშვნა. შესაბამისად, 77 ოლქიდან რამდენში გამოვლინდება გამარჯვებული პირველივე ტურში, ძნელი სათქმელია.

ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს 8 ოქტომბერს შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგანაც მხოლოდ პროპორციული არჩევნების შედეგებით, სავარაუდოდ, ვერ გამოვლინდება პარტია, რომელიც პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მიღებას შეძლებს.

მეტიც, ექსპერტები არც იმ სცენარს გამორიცხავენ, როდესაც ვერცერთი პარტია ვერ აგროვებს დამოუკიდებლად პარლამენტში უმრავლესობას და ამის გამო კოალიციური უმრავლესობისა და შესაბამისად, კოალიციური მთავრობის ფორმირება ხდება საჭირო.

კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიული ხელისუფლება

აქამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას პარლამენტში ხმების უმრავლესობის მიღება გაუჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს მთავრობის ფორმირებისთვის შეთანხმება მოუწევთ.

კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. ახალი შემადგენლობის შესაქმნელად კი, მაქსიმუმ, 21-დღიანი ვადაა.

კოალიციური მთავრობის გამოცდილება საქართველოს არ აქვს. კოაბიტაციის პირობებში, მთავრობა ერთ გუნდს, პრეზიდენტი კი მეორე გუნდს წარმოადგენდა და კოაბიტაციის 1-წლიან პერიოდსაც არ ჩაუვლია მაინცდამაინც მშვიდად. თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტმაც თავისი ვადა ამოწურა, მთავრობაც ფუნქციონირებდა და პარლამენტიც არ დაშლილა.

მაგრამ კოაბიტაციის შემდგომმა პერიოდმა, მარგველაშვილის პრეზიდენტობის მაგალითზე, აჩვენა, რომ, თუკი გუნდში გარკვეული უთანხმოებაა, თანამმართველობა ჭირს. ამიტომაც, მომავალი შესაძლო კოალიციური მთავრობის ჯერ ფორმირების და შემდეგ უკვე მმართველობის პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

ამ ეტაპზე, კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა სიმპათიები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იხრება. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის ფორმირება, თუ ამის საჭიროება გაჩნდა, მათი მეშვეობით უნდა მოხდეს. ამის ვარიანტი კი სამია: 1. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის კოალიციურ მთავრობას; 2. „ქართული ოცნება“ ქმნის კოალიციურ მთავრობას სხვებთან და 3. „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის კოალიციურ მთავრობას სხვებთან.

თუკი წინასწარი განცხადებებითა და ქმედებებით ვიმსჯელებთ, პირველი ვარიანტი თეორიულად გამორიცხულია. მეორე და მესამე ვარიანტი კი დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგი ექნება თითოეულ მათგანს და კიდევ იმაზე, რომელი ძალები მოახერხებენ პარლამენტში გასვლას და, ცხადია, რა მაჩვენებლით.

ბარიერის მხოლოდ გადალახვა იმას ნიშნავს, რომ გადამლახავი პარლამენტში 6 მანდატს იღებს. 10%-იანი გამარჯვება კი, უხეში გათვლით – 8 მანდატს. ზუსტი გადანაწილება საბოლოო შედეგებზეა დამოკიდებული.

კვლევების თანახმად, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი პაატა ბურჭულაძისა და ვაშაძე-ჯაფარიძის ახლად შექმნილ ბლოკს, „პატრიოტთა ალიანსს“, „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვთ.

მნიშვნელოვანი ის არის, მათგან რეალურად ვინ გადალახავს ბარიერს და ვინ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

„ქართული ოცნების“ შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, რომ მათთან კოალიციური მთავრობის შექმნას, „ლეიბორისტების“ გარდა, ყველა დასთანხმდება. გააჩნია, ვინ როგორ იქნება წარმოდგენილი და ვის რას შესთავაზებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში კი ასეთი წითელი ხაზი „პატრიოტთა ალიანსი“ ჩანს. შესაძლოა, რომელიმე პარტიამ მხოლოდ მაჟორიტარების გაყვანაც შეძლოს და ცხადია, გადამწყვეტ მომენტში მათ ხმებსაც მნიშვნელობა ექნება.

არსებითი კი ის არის, რომ მოქმედი კონსტიტუცია უპირატესობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას აძლევს, რა მაჩვენებელიც არ უნდა ჰქონდეს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელების უფლება პირველ ადგილზე გასულ პარტიას აქვს და შესაბამისად, ის ხდება უკვე წარმმართველი ძალა, ვის გარშემოც შეიქმნება კოალიციური მთავრობა.

მეორე მომენტი კი ის არის, როგორ გადანაწილდება მთავრობაში მინისტრების თანამდებობები, რაც, ცხადია, მოლაპარაკებებისა და ვაჭრობის მთავარი ინსტრუმენტია.

როგორც წესი, პრემიერ-მინისტრი ცდილობს, კოალიციურ მთავრობაში წამყვანი მინისტრების პოსტები მის პარტიას ერგოს, მაგრამ, დასავლეთში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ეს პორტფელებიც ნაწილდება და მინისტრების მოადგილეების თანამდებობებსაც უკვე სხვადასხვა პარტიების კანდიდატები იკავებენ.

მთავარი ის არის, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობა კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას ეკისრება.

საქართველოში კი ეს არც ისე მარტივი იქნება, მით უმეტეს, რომ ამის პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. მაგრამ კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომელიც მხარეებს აიძულებს, რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ.

საქმე ის არის, რომ, თუკი პარლამენტი ერთხელ ვერ მოახერხებს მთავრობის დამტკიცებას, მოლაპარაკებებისა თუ შეთანხმებისთვის გარკვეული დრო, დაახლოებით 21 დღე, ეძლევა, რომ სხვა კომბინაციის მთავრობა ჩამოყალიბდეს. ამ ვარიანტის ჩავარდნის შემთხვევაში კი, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას უკვე პარლამენტის სიითი შემადგენლობის 2/5, მინიმუმ, 60 კაცი არჩევს და უკვე მისი წარმდგენები მონაწილეობენ მთავრობის ფორმირებაში. მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო და თუკი ამ შემთხვევაშიც ვერ დაამტკიცებენ მთავრობას, პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

რიგგარეშე არჩევნები კი უკვე პარლამენტში მოხვედრილი პარტიებისთვის და თან ახლად ჩატარებული არჩევნების ფონზე, რამდენად სასურველი იქნება, ადვილი წარმოსადგენია.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი