ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის.

ეფექტური ადმინისტრაცია თეთრ სახლში ნიშნავს საერთაშორისო წესრიგის რღვევის შეჩერებას, რუსული და ისლამისტური აგრესიის აღკვეთას და კიდევ ერთი გლობალური ეკონომიკური კრიზისის არდაშვებას.

არჩევნებში, ერთი მხრივ, ჰილარი როდჰემ კლინტონია, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება ხელისუფლებასთან ახლოს ან ხელისუფლებაში გაატარა: „პირველად“ არჩევნებში 16 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო, ტრიუმფალურად წარმართა დემოკრატიული პარტიის ყრილობა, გააერთიანა პარტია გავლენიან მემარცხენე ფრთასთან მოლაპარაკებით და ქვეყნის მართვის ჩამოყალიბებული გეგმა (იდეოლოგიისა და გემოვნების საკითხია, ვინმეს ეს გეგმა მოსწონს, თუ არა) წარმოადგინა.

რესპუბლიკელებმა მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირეს – აუტსაიდერს, რესპუბლიკური პარტიის ელიტასთან დაპირისპირებულ, მუშათა კლასის გმირ მილიარდერს; მან პრაიმერისში 17 ოპონენტი დაამარცხა, არც ერთი კონკრეტული შეკითხვისთვის პასუხი არ გაუცია, არც ერთი ციფრი არ დაუსახელებია; ყველას ყველაფერს დაჰპირდა, ყველას – ბავშვებიდან ქალებამდე და ვეტერანებამდე – შეურაცხყოფა მიაყენა, და ახლა რესპუბლიკური პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებზე მის არდაშვებას ითხოვს.

ფინალურ ეტაპზე ქ-ნი კლინტონის გასვლა ეჭვს არ იწვევდა, დ. ტრამპის აღზევებამ (და ბ. სანდერსის „რევოლუციამ“) კი უამრავი პოლიტიკოსისა და დამკვირვებლის გაოცება გამოიწვია. გაცხარებული დისკუსიის შედეგად ამერიკის პოლიტიკური კლასი ასკვნის: ამომრჩევლების უმრავლესობა აჯანყდა. ამომრჩეველი კატეგორიულად უკმაყოფილოა თავისი სოციალური მდგომარეობით, რაც აშშ-ის 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა კიდევ უფრო გააუარესა.

ეს კრიზისი საქართველოში, და არამარტო, ჩვეულებრივ ციკლურ მოვლენად იქნა აღქმული, მაგრამ სინამდვილეში მან ამერიკული ცხოვრების ეგალიტარული წესისა და ეკონომიკის ფუნდამენტის 30-წლიანი რყევა დააგვირგვინა.

აშშ-ის ოჯახების (households) შემოსავალს კრიზისის შედეგად მხოლოდ 2008-2009 წლებში, საშუალოდ, 5 800 დოლარი დააკლდა, ხოლო ფედერალურ ბიუჯეტს – 648 მილიარდი დოლარი; უძრავი ქონების ღირებულება 3,4 ტრილიონით შემსუბუქდა; 500 ათასმა ამერიკულმა ოჯახმა დაკარგა სახლი; ამერიკული კომპანიების ღირებულება 7,4 ტრილიონით შემცირდა; 5,5 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა; ფედერალურმა მთავრობამ, The Emergency Economic Stabilization Act of 2008-ის თანახმად, 700 მილიარდი დოლარი დახარჯა ფინანსური სისტემის გაჯანსაღებისთვის.

ეს ყველაფერი რიგით გადასახადის გადამხდელს დააწვა კისერზე, ხოლო ფინანსური კატასტროფის შემოქმედნი პასუხისმგებლობას გაექცნენ.

2008 წლის 22 ოქტომბერს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავმჯდომარემ ალან გრინსპენმა – კომერციული და საინვესტიციო ბანკების გაერთიანების აკრძალვის კატეგორიულმა მოწინააღმდეგემ – 2008 წლის კრიზისისადმი მიძღვნილი კონგრესის მოსმენებზე შემდეგი განაცხადა ელეგანტურად: „ჩვენ, ვისაც საკრედიტო ინსტიტუტების ეგოისტური ინტერესების გაკონტროლება და რიგითი აქციონერის ინტერესების დაცვა გვევალებოდა, ამ სიტუაციას გაოგნებულები ვუყურებთ“. ეს აღიარებითი ჩვენება სახლდაკარგულ რიგით ამერიკულ ოჯახს, რა თქმა უნდა, ვერ დაამშვიდებდა.

ნათელი ხდება, რომ აშშ-ის განვითარების პოსტინდუსტრიულ ეტაპზე ამერიკული სოციუმი ორ ნაწილად გაიყო – „ელიტა“ და ყველა დანარჩენი.

აქ მარტო ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობაზე არ არის ლაპარაკი. სეგრეგაციამ კულტურული და გეოგრაფიული ხასიათი მიიღო. „ელიტა“ სხვაგვარად ცხოვრობს, ლაპარაკობს, იცვამს, ჭამს. მას და „დანარჩენს“ შორის უკვე გეოგრაფიული საზღვრები გამოიკვეთა: „ელიტურ“ ქალაქებში – ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონში, ჩიკაგოში და ა. შ. – არის კიდევ უფრო „ელიტური“ რაიონები, სადაც ამერიკის მოქალაქეების უმრავლესობა დასახლებას კი არა, „ელიტური“ სახლების დასათვალიერებლად ექსკურსიის ბილეთის ყიდვასაც ვერ გასწვდება. უოლ-სტრიტის თრეიდერის, იეილის პროფესორისა და ჰიუსტონელი ადვოკატის ყოფას თითქმის არაფერი საერთო აღარ აქვს აიოვას ფერმერის ან დეტროიტის პოლიციელის ყოველდღიურ არსებობასთან.

„ელიტური“ ხასიათი შეიძინა განათლებაზე ხელმისაწვდომობამ. პიტსბურგში მცხოვრები მეტალურგისთვის შეუძლებელია წელიწადში 43 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ მისმა თუნდაც უნიჭიერესმა შვილმა უნივერსიტეტში ისწავლოს.

„ელიტა“ აკონტროლებს ფულს, აწესებს, როგორ არის ნებადართული კაპიტალის შექმნა. „ელიტა“ წყვეტს, რა ზომის „ოქროს პარაშუტი“ უნდა მიიღოს გადადგომისას ბანკის მმართველმა, რომელმაც თავისი უთავობით მილიონობით მოქალაქეს შვილების განათლებისთვის ან პენსიებისთვის გადადებული ფული დააკარგვინა.

„ელიტას“ არ სჯერა, რომ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. მას სჯერა, რომ მშპ-ს ზრდა, რის ფასადაც არ უნდა იყოს ეს მიღწეული, ავტომატურად აისახება ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე. „ელიტას“ არ სჯერა, რომ მოქალაქეს არა მარტო ეკონომიკური პროგრესი აღელვებს, არამედ ის სოციალურ პროგრესსაც ელოდება.

მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები მისი ოჯახისთვის.

აშშ-ს მოქალაქის პრეტენზიას სტატისტიკა ამყარებს. შეერთებულ შტატებში შემოსავლის უთანასწორობა იმდენად გამძაფრდა, რომ მოსახლეობის 10 პროცენტის შემოსავალი ცხრაჯერ აღემატება დანარჩენი 90 პროცენტის შემოსავალს. მოსახლეობის 1 პროცენტის შემოსავალი 38-ჯერ აღემატება 90 პროცენტის შემოსავალს. ეს ყველაფერი ფერმკრთალდება, თუ 0,1 პროცენტის შემოსავალს შევხედავთ, რომელიც 184-ჯერ აღემატება 90 პროცენტის შემოსავალს.

2008 წლის ფინანსური კრიზისის პირობებში ასეულობით ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირების მოგება გასამმაგდა!

1971 წლიდან 2015 წლამდე საშუალო შემოსავლის ოჯახების რაოდენობა 61%-დან 50%-მდე შემცირდა.

როგორც inequality.org-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ფიზიკურად მომუშავე პირებისა და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შემოსავალი, თუ ამ მაჩვენებელს ინფლაციას გამოვაკლებთ, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაზრდილა ან თითქმის არ გაზრდილა.

სოციალური კიბის მწვერვალზე მყოფი 1 პროცენტის შემოსავალი 174,5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მათი შემოსავალი გადასახადების გადახდის შემდეგ – 200.2 პროცენტით.

ბიუროკრატიამ 2008 წლის კრიზისის ყველაზე საგანგაშო შედეგების გადასალახავად სოციალურად ყველაზე დაუცველი პირების „დამატებითი კვების ხელშეწყობის პროგრამაში“, ანუ SNAP-ში ჩართვა გადაწყვიტა. შედეგი? დღეს 45,4 მილიონი ამერიკელი ამ პროგრამაზეა დამოკიდებული.

Bloomberg-ის მონაცემებით, SNAP-ში ჩართული პირის საშუალო შემოსავალი თვეში 335 დოლარია. პროგრამა მას დამატებით თვეში 150-დან 190 დოლარამდე აძლევს. ამ პროგრამის შეწყვეტა ან მასში ჩართვის პირობების გამკაცრება – მაგალითად, მოთხოვნა, რომ SNAP-ის რეციპიენტმა თვეში 80 საათი უნდა იმუშაოს, ან დასთანხმდეს პირველივე სამუშაო ადგილს – ბევრი ოჯახისთვის მძიმე შედეგს მოიტანს. არაკვალიფიციური სამუშაო ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, და ასეთი სამუშაო ადგილების უმრავლესობა ემიგრანტებს უკავიათ.

დავამატებთ, რომ აშშ-ის ოჯახების 14 პროცენტი არაადეკვატურად იკვებება SNAP-ის არსებობის პირობებშიც კი, ხოლო მისისიპის შტატში ეს ციფრი 22 პროცენტს აღწევს (Washington Times, 2016 წლის 30 იანვარი).

უმუშევარი ან ფიზიკურად მომუშავე პირების გარდა, შექმნილი ეკონომიკური და სოციალური სიტუაციისგან ყველაზე მეტად ახალგაზრდობა ზარალდება. მათი შემოსავალი სულ უფრო ჩამორჩება უფროსი თაობის, განსაკუთრებით პენსიონერების, შემოსავლის ზრდას. თუ 1979 წელს ფედერალური მთავრობის სოციალური ტრანსფერების 50%-ს მოსახლეობის ყველაზე ღარიბი მეხუთედი იღებდა, დღეს ეს ციფრი 35%-მდე შემცირდა.

საქმე ისაა, რომ ეს შემცირება ასახავს უფროს თაობაზე მიმართული სოციალური პროგრამების – Social Security-ს და Medicare-ის ზრდას; მათ ფარგლებში რეციპიენტის ქონებრივ მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ცნობილი ეკონომისტი ფილიპ ლონგმანი ამბობს Washington Monthly-ში (ივლისი-აგვისტო, 2015 წელი) გასაკვირი არ არის, რომ უფროსი თაობა რედისტრიბუციას ეწინააღმდეგება, ხოლო ახალგაზრდობა მისი მომხრეა იმ დონემდე, რომ კონსერვატორები საუკუნეების ზღვარზე დაბადებულ პირებს „სოციალიზმის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

საქმე ისაა, რომ სოციალური კიბე საფონდო ბირჟას ჰგავს: დაბალ საფეხურზე მყოფი არსებული სისტემის შერყევისკენ მიისწრაფვის, ანუ volatility-სკენ, მაშინ როდესაც სოციალური კიბის ზედა საფეხურებზე მყოფი, პირიქით, სტაბილურობაშია დაინტერესებული. სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის მსხვერპლი ტრამპს უჭერს მხარს. მისი დაპირებების რომ არც სჯეროდეს, პროტესტული მუხტის მატარებელს არსებული ელიტის დამარცხება სურს.

აშშ-ის ყოფილმა კონგრესმენმა, ბერნი ფრენკმა თავის წიგნში ირონიული სათაურით – „გულწრფელად: ყოფა პოლიტიკაში დიდი საზოგადოებიდან ერთსქესიან ქორწინებამდე“ (Frank: A Life in Politics from the Great Society to Same-Sex Marriage) – შეკითხვა დაუსვა ფედერალური სარეზერვო სისტემის კარდინალურად განსხვავებულ ორ თავმჯდომარეს, ალან გრინსპენსა და ბენ ბერნანკეს: „აზიანებს თუ არა უთანასწორობა ეკონომიკას, და რა არის ამ თვალსაზრისით გასაკეთებელი?“ ორივე მძლავრმა ფინანსისტმა ერთი და იგივე პასუხი გასცა: „უთანასწორობა ყველა ზღვარს გასცდა, და პრობლემის გადალახვა შესაძლებელია მუნიციპალური კოლეჯების ფართო ქსელის შექმნით“ (რა არის მუნიციპალური კოლეჯი და რა როლი ეკისრება მას დემოკრატების პროგრამაში, სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ, სადაც კანდიდატების პროგრამებს განვიხილავთ).

სტატიის მეორე ნაწილში განვიხილავთ, რატომ და როგორ შეუძლია აშშ-ის მოქნილ და ეფექტურ ადმინისტრაციას (ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი იქნება ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობის შემთხვევაში მისი ადმინისტრაცია), ციტირებული ფრიად პესიმისტური რიცხვების მიუხედავად, სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესება.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი