წარმოგიდგენთ გურჯაანის #24 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“), გიორგი ღვინიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), გიორგი ხაზიური („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“), ნათია გიორგაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), სიმონ ქოჩორაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“), ზვიად ყვირალაშვილი („რესპუბლიკური პარტია“), ელგუჯა გიორგაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების ერთმანეთთან შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“)

გურჯაანი ჩემთვის მშობლიური მხარეა. ჩემი ფუძე და ფესვი აქ არის. ბავშვობა სოფელ ძირკოკში მაქვს გატარებული. ვსწავლობდი გურჯაანის გიმნაზიაში. აქაურობის სიყვარული სისხლში მაქვს გამჯდარი. კარგად ვიცი, რა პრობლემებიცაა გურჯაანში და გული მწყდება, რომ გურჯაანის პოტენციალი გამოუყენებელია.

ძალიან მინდა და ამასთან ძალაც შემწევს, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ შევცვალო. მაქვს კონკრეტული პროგრამა, ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტი, რა ფუნქცია და დანიშნულება უნდა ქონდეს ქვეყნის ეკონომიკაში და სამეზობლოში. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ გეგმავს შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტს სწრაფი განვითარების საშუალებას მიცემს. ეს ყველაფერი კი თითოეული გურჯაანელის ცხოვრებაზე, მათ კეთილდღეობაზე ძალზედ მალე აისახება.

გიორგი ღვინიაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

გურჯაანი ჩემი მშობლიური რაიონია და ძალიან კარგად ვცნობ აქ არსებულ პრობლემებს. ჩემი გუბერნატორობის პერიოდში ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ და ბევრი გასაკეთებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლების მიერ 2012 წელს გაცემული არცერთი დაპირება არ შესრულდა. გურჯაანში, როგორც მთელ ქვეყანაში, გაიზარდა სიღარიბე, ადამინებს უკიდურესად უჭირთ. ამიტომ მე მინდა, მე და ჩემი გუნდი „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეთ ხელისუფლებაში, ქვეყანა წავიყვანოთ წინ და შევაჩეროთ ეს უკუსვლა, რათა თითოეულმა გურჯაანელმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა.

გიორგი ხაზიური („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

გურჯაანის რაიონის სოფელ ახალშენში, მშრომელი კაცის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, ვიცი აქაური პრობლემები. კაცმა, რომელმაც გაჭირვება არ იცის რა არის, როგორ უნდა გაუგოს ამდენ გაჭირვებულს?! გაჭირვებული ადამიანი რომ მოდის მის ადგილზე თუ არ წარმოიდგინე შენი თავი, ვერასოდეს ვერ გაიგებ მას რა უჭირს. ეს გულში და სულში მაქვს გამჯდარი. მე ჩემი ბიზნესი მაქვს და არაფერი მინდა. პაატა ბურჭულაძე რომ არ ყოფილიყო მე აქ არ ვიქნებოდი. მე 2012 წელს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა მთხოვეს, მაგრამ უარი ვთქვი. მე თანამდებობა არ მაინტერესებს. ჩემი მიზანია, პაატა ბურჭულაძე რისთვისაც მოდის - ხალხმა იგრძნოს, რომ სახელმწიფოში ცხოვრბს, რომელიც მათთვის არის.

ნათია გიორგაძე („პატრიოტთა ალიანსი“)

ამ რაიონში დავიბადე, გავიზარდე და აქ ვმოღვაწეობ. ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ საკრებულოში და კარგად ვიცი ჩემი რაიონის მტკივნეული წერტილები, პრობლემები და აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ მეყარა კენჭი.

სიმონ ქოჩორაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“)

გურჯაანის რაიონში დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ ვაპირებ სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრებას. ამ რაიონში 49 წლის ურთიერთობები მაქვს. აქედან გამომდინარე სხვა ოლქში კენჭს ვერ ვიყრიდი. კენჭს იმიტომ ვიყრი, რომ 26 წლის განმავლობაში ვინც მოვიდა ხელისუფლებაში თუ მაჟორიტარი ყველამ თვალში ნაცარი შეგვაყარა და მოგვატყუა. 47 წლის ასაკში ვიყარე პირველად კენჭი ადგილობრივ არჩევნებზე ჩემი სოფლის კარდენახის მაჟორიტარად სადაც გავიმარჯვე და ახლა მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ როგორც კარდენახზე მეწვება გული და ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს, გურჯაანის რაიონზე ვიზრუნო და ადამიანებში არსებული ნიჰილიზმი გავაქრო. ხალხმა დაინახოს სახელმწიფოს და ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ ზრუნავენ ადამიანებზე და რაღაცას აკეთებენ მათთვის.

ზვიად ყვირალაშვილი („რესპუბლიკური პარტია“)

მე არ ვარ დღეს შექმინილი მაჟორიტრობის კანდიდატი. გურჯაანში ჩემი პოლიტიკური საქმიანობა 2005 წლიდან იწყება. 2006 წელს თვითმმართველობის არჩევებში ვმონაწილეობდი, როდესაც გავედი ოპოზიციური კოდის ნიშნულით და შევქმენი ოპოზიციური ფრაქცია „რესპუბლიკელები“. 2008 წელს ვიყავი საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატი, როდესაც უკვე სისტემას ვებრძოდით. 2012 წელს ვიყავი საპარლამენტო არჩევნების პროცესებში ჩართული, რომ ყოფილი ხელისუფლება და არსებული რეჟიმი დაგვემარცხებინა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვიყავი გამგებლის პირველი მოადგილე, რა დროსაც ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები, საგანმანათლებლო და დემოგრაფიული პროგრამები განვახორციელე გურჯაანის რაიონისთვის. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამირჩიეს ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარად და დღემდე ვარ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მთლიანობაში, პროცედურულად ამ წლების განმავლობაში ჩემი პოლიტიკური მზარდობა ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდებოდა და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. გვაიარე რამდენიმე პოლიტიკური სკოლაც. ვფიქრობ, გურჯაანელების პრობლემების მოგვარების საუკეთესო არჩევანი ვარ.

ელგუჯა გიორგაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)

გურჯაანელი ვარ და კენჭს აქ იმიტომ ვიყრი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტიებიდან შემოთავაზებები მქონდა არცრთს არ დავთანხმდი. მინდა პარლამენტში დამოუკიდებელი კაცი ვიყო. მე კარგად ვიცი, დღეს გურჯაანის მაცხოვრებლებს რაც უჭირთ და ჩემნაირი კაცის დახმარება ჭირდებათ.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“)

სხვა მუნიციპალიტეტისგან განსხვავებული პრობლემები თითქმის არ არის. სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება, სოფლებში შიდასაუბნო და სავენახე-სავარგული გზების მოწესრიგება, ელექტოგადამცემი ხაზების მოუწესრიგებლობა, სოციალური დახმარების მოხსნა - ეს საკითხები აწუხებს მოსახლეობას. დარჩენილია რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება, რომელიც ამავე წელს დასრულდება.

დარწმუნებული ვარ ყველა საკითხის გადაჭრა უახლოეს მომავალში არის შესაძლებელი. აქ ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო - უნდა წავიდეთ კლასიკური, ნაცადი გზით: უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის ქონებისა და რესურსების სრული ინვენტარიზაცია, ჩამოყალიბდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა, შეფასდეს კონკრეტული პროექტების განხორციელების რისკები და სარგებელი და აღიწეროს საჭიროებები. ძირითადი მიმართულებები ჩემს პლატფორმაშია გამოკვეთილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი უნდა იყოს აგროტექნოლოგიური ცენტრის ფუნქციონალით აღჭურვილი დასავლური ტიპის (ბურგუნდიის ტიპის) თვითმმართველი ერთეული, სადაც სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებასთან ერთად, როგორიცაა მევენახეობა, მეხილეობა, მემარცვლეობა, მესაქონლეობა, უნდა იყოს განვითარებული სასწავლო ცენტრები (აგროტექნოლოგიური ტიპის), სპეციფიკური (აგრო, ღვინის, რეკრეაციული და სათავგადასავლო, რელიგიური, ბალნეოლოგიური) ტურისტული მიმართულებების კომპლექსური სისტემა, ინოვაციური ტექნოლოგიების და სტარტაპების რეგიონული ცენტრი. ამასთან, უნდა განვითარდეს გადამამუშავებელი წარმოება და სამაცივრო საწარმოები. ეს ყველაფერი უნდა უნდა მოხდეს სივრცითი დაგეგმარების სტრატეგიის ფარგლებში. თითოეულ საწარმოს, თითოეულ ობიექტს ექნება განსაზღვრული ზომა და მოცულობა, კონკრეტული ადგილმდებარეობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სივრცითი განვითარების ღერძებთან, რაც საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ როგორც სამუშაო ძალის, ასევე ტვირთბრუნვის ნაკადების ოპტიმიზაცია.

გიორგი ღვინიაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

გურჯაანის რაიონი ძირითადად ყურძენზეა ჩამოკიდებული და მოსახლეობა წლიდან-წლამდე ამ მოსავალს ელოდება. ჩვენ ვიცით, რომ როგორც სხვა დაპირებები ესეც არ შესრულდა. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, ლარიც კი სამარცხვინოა ყურძენი რომ ღირდესო. ახლა ორი დღის წინ იყო თელავში ჩამოსული და ადამიანი ამბობს, რომ რთველი მიდის წარმატებულად, ეს არის კარგი ფასი და ზოგადად არ უნდა ემდუროდნენ ადამიანები სახელმწფოს, მუდმივად, რომ რატომ არ ღირს ყურძენი ლარზე მეტი. კახელი გლეხი მიტოვებულია. ჯერ მოსავლის მოყვანის პერიოდში უკონტროლოდ ხდება შხამქიმიკატების შემოტანა. წელს, მაგალითად, შხამქიმიკატების უხარისხობამ ადამიანებს გაუნახევრა მოსავალი. სტიქიური უბედურების შემთხვევაში არავინ მათი პატრონი არ არის და ახლაც ხედავთ რა ფასი აქვს ყურძენს. ჩვენ გვაქვს ამის ძალა და უკვე 2012 წელს ყურძენი ლარი გავხადეთ. ზოგი გვსაყვედურობს იმის გამო, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა რუსეთიის ბაზარი. არა, ეს არავის არასდროს უთქვამს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთის ბაზარიც გვჭირდება, მაგრამ ხელისუფებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოიძიოს უფრო მდგრადი ბაზრები. გვინდა რუსეთის ბაზარი, მაგრამ მარტო რუსეთის ბაზარზე ჩამოკიდება არ შეიძლება. ეს არის არასაიმედი ბაზარი როგორც პოლიტიკურად, ასევე რუსეთში თვითონ კრიზისია და რეალურად ძალიან უჭირს. უნდა მოხდეს სხვა ბაზრების დივერსიფიკაცია, მოპოვება რათა კარგად მოხდეს ქართული ღვინის რეალიზება და გლეხს აღარ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ ის ყურძენს ვერ ჩააბარებს. ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ გაწბილებულები დარჩნენ პენსიონერები. 2012 წელს, ეს ხელისუფლება შეპირდა, რომ პენსია იქნებოდა 230 ლარი და როგორც ყველაფერში ამაშიც ძალიან მწარედ მოატყუეს. ჩვენ უკვე გაწერილი გვაქვს პროგრამაში და ეს თანხა უკვე მოძიებული გვაქვს და ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ შევამცირებთ ბიუროკრატიის ხარჯებს, თუნდაც პრემიებს, რომელსაც წელიწადში 300 – 400 მილიონს იღებენ თანამდებობის პირები. პირველივე თვიდან, ნოემბერში ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფელებაში პენსიონერებს გაეზრდებათ 50 ლარით პენსია. მინდა შევეხო სოფიალურად დაუცველ ადამიანებს. გურჯაანის რაიონში დაახლოებით 3 ათას ადამიენზე მეტს და აქედან ძალიან ბევრ შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით მოუხსნეს სოციალური დახმარება. ჩვენ ვპირდებით ამ ადამიანებს, რომ ყოველი უსამართლოდ მოხსნილი სოციალურ დახმარება აღდგენილი იქნება. ასევე გაიზრდება ამ ადამიანების რიცხვი, ვისაც დაენიშნება ეს დახმარება. ჩვენი ხელისუფლება ჯანდაცვის პროგრამით თავს იწონებს. საყოველთაო დაზღვევას ჩვენც მივესალმებით, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება იმას ნუ იფიქრებს, რომ ეს მათი დაწყებულია. ყველას ახსოვს, ჩვენ 2012 წლისთვის ქვეყანაში დაზღვეული გვყვავდა ორმილიონნახევარი ადამიანი. საყოველთაო დაზღვევა უნდა იყოს სამართლიანი. მდიდარმა ადამიანმა ნება უნდა იბოძოს და თვითონ უზრუნველყოს საკუთარი თავის და ოჯახის დაზღვევა, ხოლო ისეთი მცირეშემოსავლიანი ადამიანები, როგორებიც არიან პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ამათზე უნდა გააკეთოს აქცენტი სახელმწიფომ და მათ უნდა დაეხმაროს. ჩვენ 2012 წელს გვაძახებდნენ, რომ მედიკამენტების მაფია გვქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმიტომ იყო წამლები ძვირი. დღეს, თუ რამე პრობლემაა ქვეყანაშიც და რაიონშიც არის ის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მედიკამენტები იყიდონ. ამიტომ ვამბობთ, რომ ჯანდაცვის პროგრამაში უნდა შედიოდეს მედიკამენტებიც და ჩვენ ამ პროგრამას ისე ჩამოვაყალიბებთ, რომ საყოველთაო დაზღვევაში შევა მედიკამენტების ფასიც.

გიორგი ხაზიური („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

გურჯაანში სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია. გურჯაანელი გლეხის ეკონომიური მდგომარეობა დამოკიდებულია ვენახზე, ატამზე და ბაღჩეულზე. ახლა აზერბაიჯანელ ბიზნესმენებზე ვართ დამოკიდებული, რომლებიც გლეხებისგან ლარიან ატამს 35-40 თეთრად ყიდულობენ. ამ ზაფხულს დარიალის ხეობა რომ ჩაიკეტა15-20 თეთრზე ჩამოვიდა ატამი, რის გამოც ბევრმა არ დაკრიფა. დიდი პრობლემაა ყურძნის რეალიზაცია და ფასი, რომელიც ერთი ლარიც არ ღირს. სახელმწიფო ქარხანა „გრუზვინპრომს“ შარშან 70 თეთრი დაუჯდა კილო ყურძენი, ერთი ლიტრი ღვინო კი 1.30. ვერსად რომ ვერ გაიტანეს საქართველოში გაყიდეს ათიათასობით ტონა ღვინო 60-70 თეთრად დღგ-ს ჩათვლით. ამით მეწარმეებს, ვისაც დაგვიჯდა 1.30 ბიზნესი და ფასი დაგვიგდეს. ღვინო ჩვენ აქ ვერ გავყიდეთ და ვინც საზღვარგარეთ ვერ გაიტანა გასაყიდი დარჩა. მე მაგალითად, 400 ტონა ღვინო გასაყიდი დამრჩა ისე მოვიდა რთველი. ღვინო მაქვს ჩემი ფული აქ არის ჩადებული და ამიტომ ისევ წრეზე ვტრიალებთ - სახელმწიფო, 35 თეთრი ქარხანა, სუბსიდია. ახლა საარჩევნო წელი რომ არის 45 თეთრი იმიტომ გახადეს, თორე საშინელება იქნებოდა. შარშან 35 თეთრი იყო. ეს სუბსიდია კიდევ საერთოდ წყვეტს წელში ქვეყნის ეკონომიკას. სახელმწიფო ასეთ შიდა ეკონომიკურ ტერორს უკეთებს გლეხს და მეწარმეებს. ერთი ჭაბურღილი რომ იბურღება იმაში ორი-სამი ჭაბურღილის თანხას წერენ. ამას კონტროლი უნდა.

ახალგაზრდები უყურადღებოდ არიან მიტოვებული. ახალგაზრდული ცენტრი არ არის სოფელში, სავარჯიშო დარბაზი არ არის. ველისციხეში, სამგზის მსოფლიო ჩემპიონს სავარჯიშო დარბაზი დაუკეტეს, ეს შეიძლება?

ნათია გიორგაძე („პატრიოტთა ალიანსი“)

მე საკრებულოში სოციალური კომისიის თავმჯდომარე ვარ და უფრო სოციალურ პრობლემებზე გავამახვილებ ყურადღებას. თუმცა, არც ინფრასტრუქტურაში არ გვაქვს პროგრესი. სოციალურ პრობლემებს რაც შეეხება, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები თვლიან, რომ უსამართლოდ შეუწყდათ სოციალური დახმარება. ეს იყო მოდელი, რომელიც ევრპიდან პირდაპირ გადმოიღეს და ძალიან არ გაამართლა. სახლის ფართის მიხედვით ითვლება ქულა. შეიძლება წინაპარმა ააშენა ეს სახლი და ამ დროს ადამიანებს თავისი კედლები მტრად ეკიდებათ. ბევრს არც ასაკობრივი პენსია აქვს, ინვალიდია და ეს დახმარებაც არ აქვთ. წყალმომარაგების პრობლემაა. გზები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. თუმცა, საუბნო გზებში არ გვაქვს კარგი მდგომარეობა.

სიმონ ქოჩორაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“)

პირველ პრობლემად სამართლიანობის აღდგენა მიმაჩნია და მგონია, რომ თუ სამართლანობა არ იქნება რაღაც დოზით გაზრდილი არაფერს ეშველება. არსებული ინფრასრტუქტურული და სოციალური პრობლემები ამ სამართლიანობაზეა დამოკიდებული. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურად დაუცველების შეფასების კრიტერიუმები არასწორად არის შერჩეული. ეს კრიტერიუმები უნდა იყოსზუსტად და სწორხაზოვნად განსაზღვრული, რომ არ ქონდეს საშუალება ვინმე შუალედურ რგოლს მიანიჭონ უპირატესობა იმას ვისაც დახმარება არ ეკუთვნის. სამართლიანობაა დასამყარებელი და არა აღსადგენი. აღდგენა ხდება, როცა იყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არასდრს ყოფილა. სამყაროში იდელური არაფერია და არც სამართლიანობა იქნება, მაგრამ სამართლიანობის იდეალთან მიახლოებული მაინც უნდა იყოს. საქართველო დღეს რომ გაჩერებული ჭაობშია ჩაძირული ეს არის ინსტიტუტების უფუნქციობის ბრალი. დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ არსებობს. პარლამენტი, სასამართლო ყველა ფუნქციადაკარგულია, იმიტომ არ ხდება არანაირი დასაწყვეტილებების მიღება და შუალედურ რგოლში არაფერი წყდება. მინიმალური ეფექტი მაინც რომ მიიღოს ქვეყანამ და გადაწყვეტილებების მიმღები პირები რომ ისხდნენ თანამდებობებზე ეს არის იგნორირებული და ზევიდან არის ინიციატივა დასჯადი.

ზვიად ყვირალაშვილი („რესპუბლიკური პარტია“)

ადგილობრივი დონის პრობლემების მოგვარებაში წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული. ჩემი აქტიური ჩართულობით 7 00 ათასი ლარიდან 1 400 000 ლარამდე გავზარდეთ სოციალური პაკეტის მზარდობა, რომ მეტ ადამიანს მიეღო დახმარება. წელს დავნერგეთ წარჩინებულ სტუდენტთა, ობოლი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების 500 ლარიანი დახმარების პროგრამა. მე მოსახლეობასთან არ მივდივარ დაპირებებით. მე ამომრჩეველს ვხვდები ჩემი გაკეთებული საქმეებით რის გაკეთებაც შევძელი. პრობლემა რჩება წყალი, თუ არ ჩავთვლით 1-2 სოფელს, სადაც უკეთესი მდგომარეობაა. ჩვენ გვყვავდა სპეციალისტები, რომელთაც დავათვლევინეთ მტკნარი წყლების სადებეტო მაჩვენებლები თუ რამდენი გვაქვს ბაზა და რის გამოყენების საშუალებას მოგვცემს არსებული სახსრები და აღმოჩნდა, რომ 17%-ის ათვისების შემთხვვაში 24 საათიანი წყალმომარაგება შესაძლებელი იქნებოდა. ეს პროგრამა უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის დონეზე აყვანილი, რადგან მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს ამ პროგრამის სრულფასოვნად განხორციელებას. დასაქმების პრობლემაა ყველაზე მიშვნელოვანი. რამაც უნდა უზრუნველყოს არამარტო მუნიციპალიტეტების განვითარება, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარება. რამდენი ქარხანაც არაუნდა ააშენოს სახელმწიფომ თუ ეს არ იქნება მძიმე მრეწველობა, რომ ადამიანები მასიურად დასაქმდნენ,400-500 კაცის დასაქმება ქვეყნის მასშტაბით არაფერს შეცვლის. მინდა ხაზი გავუსვა მევენახეობის განვითარების ხელშეწყობას. ეს არის ჩემი რაიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. შხამქიმიკატებზე კონტროლი რომ არ არსებობს ჩემი რაიონის პრობლემაა ეს, რომელმაც წელს ძალიან დააზარალა გლეხი. კლიმატური პირობების გარდა, შხამქიმიკატების უხარისხობამ გამოიწვია ის, რომ გლეხებს მოსავლის 2/3 გაუნადგურდათ და არიან ძალიან ცუდ მდგიმარეობაში აღმოჩნდნენ. სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე გრძელვადიანი სესხების გაცემა იყო კოალიცის ერთ-ერთი დაპირება 2012 წელს, რომელიც არ შესრულდა და მოტყუებული დარჩა ხალხი. ჩვენ ვგეგმავთ ამ პროგრამის განხორციელებას, რადგან ეს ერთ-ერთი პოსტულატია გლეხური მეურნეობის მხარში დგომისთვის.

ელგუჯა გიორგაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)

პირველი პრობლემა სუბსიდირების საკითხია. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გამოვიდა და თქვა, მომავალ წელს სუბსიდია აღარ უნდა გაიცესო. სახელმწიფომ როდემდე უნდა გაიღოს მეღვინის გამო თანხა და ქარხანას აყიდინოს 25 თეთრად ყურძენი. დღეს მეღვინე გლეხისგან ყირძენს 25 თეთრად ყიდულობს. მევენახეს თავის ვენახებში ამ ყურძნის მოყვანა უჯდება 40 თეთრი. თუ უხარისხოა ყურძენი ფასი უფრო ეცემა. გასულ წელს ასობით ტონა იყიდეს ქარხნებმა 5 თეთრად. სუბსიდია რომ არ ყოფილიყო ადამიანი 5 თეთრად ვერც დაკრეფდა. ერთი კილოგრამი ყურძნის კრეფა 10 თეთრი ჯდება. სუბსიდიის გაუქმების შემდეგ შველა უნდა მევენახეებს. მე ვთავაზობ მთავრობას, რომ ყველა სოფელში აშენდეს უფასოდ ქარხანა. გლეხებმა ასოციაცია ან შპს გააკეთონ და თავისი ყურძენი იქ შეიტანონ. ამით 3-ჯერ მეტი მოგება მაინც ექნება გლეხს. სახელმწიფომ ერთი წელი სუბსიდია რომ არ გასცეს 100 მინი ქარხანას ააშენებს. გლეხების დაყენებული ღვინო გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე მეღვინეების. სხვა შემთხვევაში სოფელი შეიძლება დაიცალოს. დიდი პრობლემაა ხილის რეალიზაცია. საწყალი ხალხი გააშენებს ატამს რამდენიმე წელი კარგად იყიდება და ყველა აშენებს, შემდეგ ხდება ფასის დავარდნა, რის გამოც ყველა ჩეხავს და სხვა კულტურას აშენებენ. როცა 40 წელი უნდა იმუშაოს ნარგავებმა 5 წლის მერე ისევ ძირკვავენ და ისევ თავიდან აშენებენ. სამაცივრე მეურნეობები უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება გლეხი ვენახს სხლავდეს და არ იციდეს რა ფასად უნდა გაყიდოს ყურძენი. ფასი რომ ეცოდინება ის დაზღევასთან გააფორმებს ხელშეკრულებას და სტიქიის შემთხვევაშიც მიიღებს ანაზღაურებას. ჩვენთან სანამ რთველი არ იწყება არ იციაან რა ეღირება ყურძენი. ხილისთვის სამაცივრე მეურნეობები უნდა გაკეთდეს.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“)

საბოლოო შედეგი, რაც უნდა მივიღოთ ცნობილია - კეთილდღეობის გაზრდა, რომელიც სწრაფი განვითარებით მიიღწევა. ზევით უკვე მოგახსენეთ ჩემი დაპირებების ძირითადი ნაწილი. ყველა ეს დაპირება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას ემსახურება: შევამციროთ ის სხვაობა, რომელიც ცენტრსა და პერიფერიას შორის არის, გავზარდოთ იმ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც საერთო დოვლათით არის შექმნილი, უზრუნველვყოთ თანაბარი განვითარების შესაძლებლობა შემოსავლების სამართლიანი განაწილების გზით.

კიდევ რა შედეგს უნდა ველოდოთ? ეს არის განათლების სისტემის მკვეთრი გაუმჯობესება - ეკონომიკაზე მორგებული პროფესიების განვითარება - მსურველების გადამზადებისა და მომზადების საფეხურებრივი სისტემის შექმნა, ეს არის ახალგაზრდობის ადგილებზე დამკვიდრება და ადგილებზე მათთვის სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შექმნა-გაუმჯობესება, საყოველთაო ჯანდაცვის მოდიფიცირება და მასში წამლის კომპონენტის ჩართვა, წარმოების მოდერნიზაცია.

3-დან 5 თვემდე დაჭირდება ინვენტარიზაციასა და სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, კონკრეტული ობიექტების საჭიროების განსაზღვრას და საინვესტიციო წინადადებების მომზადებას 1 წლამდე. თუმცა, ეს პროცესი არ იქნება მონოტონურ რეჟიმში წარმართული - ეს იქნება მრავალმხრივი და კომპლექსური პროცესი, რომელშიც მთელი მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას. ადგილობრივი არასამათავროებოები და მედია, ინტერესთა ჯგუფები, პროფესიული გაერთიანებები, დარგობრივი სპეციალისტები და ექსპერტები.

პროცესი იქნება გამჭვირვალე და მასში მონაწილე პირების გარდა, სრული მონიტორინგის განხორციელება შეეძლება ნებისმიერ პირს. მომზადდება ინიციატივები, რომელიც უკვე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის სახელით ჩემგან შევა პარლამენტში კონკრეტული კანონპროექტების, ხოლო სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში ინსტრუქციების პროექტების სახით.

ამას გარდა, 4 წლის განმავლობაში სრულად დამთავრდება მუნიციპალიტეტის სასმელი წყლითა და გაზით უზრუნველყოფის, ელექტრომრიცხველებით გამრიცხველიანების პროცესი.

გიორგი ღვინიაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

კიდევ ვიმეორებ, მთავარი დაპრებებია, რომ პირველივე თვეს 50 ლარით გაიზრდება პენსია. ადამიანებს, რომელთაც შეუწყდათ სოციალური დახმარება აღუდგებათ და მათ რიცხვს კიდევ ბევრი დაემატება. ჩვენ ბევრი ინფრასტრუქტურული პროქტი გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაჩერდა. 2013 წლისთვის გურჯაანის რაიონის ყველა სოფელი უნდა ყოფილიყო გაზიფიცირებული, მაგრამ დღეს არის სოფლები ამ რაიონში, სადაც გაზიფიცირება არ არის დამთავრებული. არის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ წყლის პრობლემაა და ეს უნდა მოწესრიგდეს. ქალაქში აქვს პრობლემები კორპუსებს სხვადასხვა მიმართულებით, შიდა საუბნო გზები, სავარგულებთან მისასვლელი გზები, ინფრასტრუქტურული კუთხითაც ძალიან ბევრი სამუშაო იქნება, რასაც შეძლებს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“.

გიორგი ხაზიური („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩემი ამომრჩევლის უფლებების დაცვა პირველი დაპირებაა. ამ მხრივ ძალიან დიდი განუკითხაობაა. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში სოციალური სტატუსის მისაღებად 1 200 000 ადამიანს აქვს დაწერილი განაცხადი და ნახევარი მილიონი ფინანსდება. თუ ვინმე ძროხას იყოლიებს არჩევნების შემდეგ მიდიან და დახმარებებს უხსნიან. სამაცივრე მეურნეობები, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები უნდა შეიქმნას. ქარხანას არ მივცემ იმის საშუალებას, რომ გლეებს ფასი დაუგდოს. ეს არის მავნებლობა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აუცილებელია იაფიანი კრედიტებით გაკეთდეს სამაცივრე მეურნეობები, სადაც ეს მალფუჭებადი პროდუქტი შეინახება და ოპტიმალურ ფასში გაიყიდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც ბევრი ადამიანი დასაქმდება. საზღვარგარეთ რომ წავა პროდუქტი უცხოური ვალუტა შემოვა და ეროვნულ ვალუტას გაამაგრებს, ხოლო მოგების გადასახადი ბიუჯეტში შემოვა. დღეს გლეხი ბანკიდან აღებული კრედიტით ყიდულობს ატამს. ჩვენი მოყვანლი ატამი აზერბაიჯანელ მეწარმეებს თავიანთ ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში მიაქვთ და ამხელა სიკეთეს იღებენ. პირველივე წელს მინდა პარლამენტი დავარწმუნო ჩემს გუნდთან ერთად, რომ იაფიანი კრედიტები გაკეთდეს სასწრაფოდ, სამაცივრე მეურნეობები და ხილის გადამამუშავებელი გაკეთდეს, რომ გლეხმა აზერბაიჯანელი ბიზნესმენის ულტიმატუმს აღარ უყუროს. შევისწავლით სოფლების მიხედვით, არსებული ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და ეტაპობრივად, პირველივე წელს დავიწყებთ სამუშაოებს. ამ სამუშაოებს უნდა კონტროლი და ვაი იმის ტყავის ბრალი ვინც უხარისხოდ გააკეთებს.

ნათია გიორგაძე („პატრიოტთა ალიანსი“)

მინდა გვერდში დავუდგე და ვიზრუნო მარტოხელა დედებზე, რომელთაც არა აქვთ სტატუსი, რეალურად ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება და რთული ტვირთის ზიდვა, რადგან შვილებს ზრდიან მარტო. მარტოხელა დედის სტატუსი კი ენიჭებათ მხოლოდ მათ როდესაც ბავშვს დაბადების მოწმობაში უწერია, რომ მამა დაუდგენელია. თუ მამის იდენტიფიცირება ხდება, მას უკვე აღარ აქვს მარტოხელა დედის სტატუსი და აქედან გამომდინარე ის შეღავათები, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტში გვაქვს და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით მათზე არ ვრცელდება. ჩვენთან მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არ არის ადაპტირებული გარემო. ამომრჩეველს არჩევნებზე ეტლით მისვლა არ შეუძლია. სმენადაქვეითებულებს არ ყავთ ჟესტების თარჯიმანი, რაც ძალიან აუცილებელია და ესაჭიროებათ. ყველაზე მტკივნეულია, რომ ჩვენთან არიან ძალიან ბევრი უსახლკაროები, რომლებიც ყოფილ ადმინისტრაციულ შენობებში არიან ჩასახლებული და ბავშვებთან ერთად გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მე არ ვარ აღმასრულებელი ორგანო, მაგრამ მე როგორც საკრებულოს დეპუტატს და კომისიის თავმჯდომარეს ძალიან ბევრი მსგავსი პრობლემა მომიგვარებია თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით და სხვა ბერკეტებით და ვფიქრობ, რომ კიდევ მოვაგვარებ. მე პირველივე წელს უნდა დავიწყო ყველა იმ ადამიანზე ზრუნვვა, რომელებზეც მე ავიღე პასუხისმგებლობა. მინდა მათ იგრძნონ რას მიშნავს პირადი დეპუტატი, რომელიც სულ საქმის კურსში იქნება ყველა პრობლემაზე რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხდება.

სიმონ ქოჩორაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“)

კონკრეტული დაპირებით მოსული ადამიანების არ მჯერა. პარლამენტში შევალ თუ არ შევალ, მე ჩემი გეგმები მაქვს და შემიძლია ეს საკითხი საკრებულოზე გავიტანო. გურჯაანში პარკი არ არის დასასვენებელი. სკვერები კი არის, მაგრამ ელემენტარული აქტიური დასვენებისთვის ჩვენ გვაქვს გურჯაანში პარკი, რომელიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს. იქ ხალხი ადიოდა, ბავშვები აყავდათ, იყო ამფითეატრი, საზაფხულო კინოთეატრი ატრაქციონები, ტარდებოდა ლიტერაურული საღამოები ეს აუცილებლობას წარმოადგენს. ბავშვებს არ აქვთ საშუალება ჯანსაღი ცხოვრების წესით რომ იცხოვრონ. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, გურჯაანში, სააკაშვილმა გახსნა სამმილიონნახევარ ლარად ღირებული პროექტი სადაც არის საცურაო აუზი, მაგრამ რაც გაიხსნა იმის შემდეგ დაკეტილია. წყლის პროცედურები, ბავშვების ცურაზე ტარება ეს არის ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღი სულის და სხეულის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიმართულება. ეს ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც უნდა განვითარდეს. ეკონომიკა არის კომპლექსური ეს საკითხი რომ მოგვარდეს კომპლექსურად უნდა დაიწყოს ყველაფრის კეთება. ყველამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და თავჩახრიელბმა ვიმუშავოთ. კენჭს რომ იყრი გათავისებული უნდა გქონდეს, რომ მიდიხარ პარლამენტში და არა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ზვიად ყვირალაშვილი („რესპუბლიკური პარტია“)

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი