წარმოგიდგენთ რუსთავის #29 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“), ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“) და დავით ძაგნიძე („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

რუსთავში დაიწყო ჩემი შრომითი ბიოგრაფია. მე აქ ვიყავი ზეინკალი, ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და სახელმწიფო მოხელეც. ახლაც სიამაყით მავსებს ღირსეული ქართველის, ჟიული შარტავას გვერდით გატარებული საინტერესო და საქმიანად დატვირთული დრო.

აქ ვნახე კაცები ჩვენი მამების თაობიდან, აქ შეიქმნა ჩემი ოჯახი, აქ შევიძინე მეგობრები, ახლობლები, რომლებიც დღემდე მომყვებიან და მიძლიერებენ რუსთაველობის განცდას. მე მათთვის ვალი მაქვს დასაბრუნებელი, ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ უკეთესი რუსთავი.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

დავიბადე და გავიზარდე ქ. რუსთავში, ვცხოვრობ ამ კონკრეტულ ოლქში, ვიცი აქ მცხოვრები ხალხის ყველა პრობლემა და სატკივარი. ვიცი, რა საჭიროებებია და რა საკითხებია მოსაგვარებელი ამ ოლქში და, ზოგადად, რუსთავში. მაქვს კონკრეტული გეგმა და გამარჯვების შემდეგ დავიწყებ ამ პრობლემების მოგვარებას იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ყოველდღიურად ვხვდები ქალაქში.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ვარ რუსთავის მკვიდრი და კარგად ვიცი ჩემი ქალაქის მოსახლეობის პრობლემები. ეს ის საერთო ეროვნული თემებია, რომელიც უშუალოდ მეხება მეც და მაქვს ჩემი ხედვა, როგორ უნდა გადაიჭრას კომპლექსურად.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ვარ ძირძველი რუსთაველი. კარგად ვიცნობ რუსთავის პრობლემებს. მაქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. მივიღე შემოთავაზება და დავთანხმდი ამ რთულ გამოწვევას.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ მთავარი პრობლემები, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

რუსთაველებს, ისევე როგორც ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, დასაქმების პრობლემა აწუხებთ. ეს იქნება ჩემი პროგრამის მთავარი ნაწილიც. ახალი ინვესტიციების მოძიების გზით რუსთავს უნდა დავუბრუნოთ ძველი, ინდუსტრიული ქალაქის სტატუსი. ჩემი კამპანიის ძირითადი ლეიტმოტივი იქნება დადებითი გამოცდილებით დაბრუნებული რუსთაველების ჩართვა რუსთავის აღმშენებლობაში, რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდა თაობასთან ერთად.

ერთ-ერთი პრობლემა სოციალურად დაუცველთათვის სარეიტინგო ქულების მინიჭების კრიტერიუმებია. სოციალურად დაუცველი თავშესაფრის მაძიებელი მოსახლეობის პრობლემის მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ცენტრალურ ხელისუფლებასთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, მოვიზიდავთ თანხებს სოციალური საცხოვრისების ასაშენებლად. რუსთავის მერიას უკვე შემუშავებული აქვს სოციალური საცხოვრისის პროექტი, რომლის მშენებლობა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყება. ცხადია, ერთი შენობა ვერ მოხსნის თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემას ქალაქში და ამ მიმართულებით საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

იმის მიღმა, რომ ყველას სატკივარი კიდევ უფრო გაზრდილი უმუშევრობაა, კიდევ უფრო დამძიმებულია სოციალური ფონი - გაზრდილი ფასები და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

ამ ოლქში, ასევე, არის მოუწესრიგებელი საცხოვრისის პრობლემები, მოუწესრიგებელი ეზოები, უბნები, სადარბაზოები, გზები და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენ გვერდით, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ჩემი ოლქის ამომრჩეველს, პირველ რიგში, აწუხებს ის პრობლემები, რაც საერთოა ქვეყნის მოსახლეობისთვის: უმუშევრობა, სიღარიბე, ჯანმრთელობა, გარე მიგრაცია და სხვა. ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და ინსტიტუციონალური დეტერმინანტებით.

სახელმწიფოს სხვადასხვა სექტორების პოლიტიკას შორის ურთიერთკავშირი - მაგალითად, დასაქმება, ჯანდაცვა, შემოსავლების სტაბილურობის ხელშეწყობა, სოციალური უზრუნველყოფა, საცხოვრებელი პირობები და განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის რეგიონის ქვეყნებში (და სხვაგანაც). ამ პრობლემების გადაჭრის გზა კი „ეროვნულ ფორუმს“ ჩამოყალიბებული აქვს თავის წინასაარჩევნო პროგრამაში და ის განთავსებულია მის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.forumi.ge).

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

რუსთავი არის ინდუსტრიული ქალაქი, ამიტომ აქ ყველაზე მეტად იგრძნობა: 1) უმუშევრობა; 2) მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური გაჭირვება; 3) ქალაქში არ არსებობს კინოთეატრი, სპორტის სასახლე (მცირე მაინც), ახალგაზრდული შემეცნებითი გასართობი ცენტრი.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისთვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

ჩვენ უნდა გავაჩინოთ ნდობა, სიახლეებისა და მოსალოდნელი პერსპექტივების თვალსაზრისით, ამავდროულად, სწორად და სამართლიანად უნდა შეფასდეს განვლილი საქმიანობა, ხოლო პროგნოზები ნათელი და ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ. დღევანდელი არჩევნების მთავარ გამოწვევად რჩება მოსახლეობაში ნდობისა და ქვეყნის, ქალაქის აღმშენებლობაში მათი აუცილებელი მონაწილეობის განცდის გაჩენა.

რუსთავი იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა უდიდესი ქართული საინჟინრო და სამრეწველო პოტენციალი და მან უნდა დაიბრუნებს თავისი მნიშვნელობა და როლი. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ინიციატივები და გეგმები. მალე საზოგადოებას წარვუდგენთ მაჟორიტარის საპროგრამო დოკუმენტს, რომელიც იქნება თანამედროვე რუსთავის კონცეფციის ნაწილი. საზოგადოებას შევთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ინიციატივას, მოქმედებათა დროში გაწერილ გეგმას, რომელიც გულისხმობს მასშტაბურ ცვლილებებს ეკონომიკის, ურბანული განვითარების, ინფრასტრუქტურის, სოციალური პოლიტიკის, დასაქმების, ახალგაზრდობის მხარდაჭერის, სპორტის, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებით. ჩვენ შევქმნით თანამედროვე რუსთავის კონცეფციის ფუნდამენტს, რომელიც უნდა შეივსოს და დაიხვეწოს დარგის პროფესიონალი ჩვენი თანაქალაქელების, ახალგაზრდა თაობის ნოვატორული ხედვებითა და ინიციატივებით.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

2017 წელსვე ჩვენ შევქმნით 15 000 სამუშაო ადგილს; დონორებთან ერთად ავაშენებთ სოციალურ სახლებს (2017 წელს დავაკმაყოფილებთ 400 ოჯახს ); პენსია გაიზრდება 50 ლარით და ეს მოხდება გამარჯვებისთანავე. ამოქმედდება მგზავრობის სტუდენტური ტარიფი - 0.75 ლარი (იანვარი), ყველა იმ ოჯახს, ვისაც სოციალური დახმარება მოეხსნა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, აღუდგება ნოემბერში.

2017 წელსვე შევამცირებთ გადასახადებს: საშემოსავლო გადასახადი - 15%-მდე, განაწილებული მოგების გადასახადი - 10% მდე, 90 000 ლარამდე ბრუნვის მქონე ინდმეწარმე არ დაიბეგრება.

200 000 ლარის მქონე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად დაიბეგრება. ის რუსთაველები, რომელსაც აქვთ საბაღე მიწის ნაკვეთები და მოწმობები (იალღუჯის მთა, გორის ქუჩა, ჭყონდიდელის დასახლება), დეკემბრამდე შეძლებენ საკუთრების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

შესაბამისი ტერიტორიების კეთილმოწყობისთვის დავხარჯავთ 8 მილიონ ლარს და უზრუნველვყოფთ წყლის, საავტომობილო გზისა და ყველა სხვა საჭირო კომუნიკაციის მშენებლობას (2017-2018 წლები). მოვახდენთ საგადასახადო ამნისტიას გამარჯვებისთანავე, 2017 წელსვე გავზრდით სასკოლო ვაუჩერს 50%-ით, რაც გაზრდის მასწავლებლის ხელფასს.

2017 წელსვე გავაგრძელებთ ყველა დიდ სამშენებლო პროექტს, რაც ამ ხელისუფლებამ შეაჩერა.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ჩვენი მთავარი დაპირება ამომრჩევლისადმი არის სისტემური ხასიათის ცვლილებების განხორციელება იმისთვის, რომ მოგვარდეს კონკრეტული პრობლემები - იქნება ეს ეკონომიკაში, გარემოს დაცვაში, განათლებაში თუ სხვა სფეროებში. ჩვენ თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, პირველ რიგში, შევცვლით საერთო მიდგომებს, მართვის სისტემას, დამოკიდებულებას ხალხისადმი, საქმისადმი, ქვეყნისადმი. ყოველივე ამის განხორციელება დაიწყება პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის დღიდანვე და ჩვენი პროგრამით გათვალისწინებული სისტემური ცვლილებების განხორციელება მოხდება ეტაპობრივად.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

პარტიის პროგრამიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის 10 პროცენტამდე შემცირება, მოგების გადასახადის 10 პროცენტამდე შემცირება, ქონებისა და იმპორტის გადასახადების გაუქმება. სოციალური დახმარების მიღების 4-წლიანი გარანტია. 1 მილიონი ადამიანი შეინარჩუნებს სოციალურ სტატუსს და უამრავი სხვა ინიციატივები.

დაპირებების შესრულება დაიწყება პარლამენტში მოხვედრის პირველივე დღიდან.

კითხვა 4: გვითხარითის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

პრობლემები, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, რჩება ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივად, თუმცა, თუ პრობლემის შინაარსი გულისხმობს საკანონმდებლო მდგენელს, ვიქნები აქტიური ამ ცვლილებების გატარებაში.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული პროგრამული დაფინანსებით - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სხვა საკითხი, საჭიროებს პარლამენტის ან მთავრობის გადაწყვეტილებას, თუ სხვა ნორმატიული აქტის გამოცემას.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრობლემები არის სახელმწიფო ხელისუფლების მოსაგვარებელი და მათი გადაწყვეტა ვერ მოხდება ადგილობრივ დონეზე. როგორც უკვე აღვნიშნე, პირველ რიგში შესაცვლელია სისტემური მიდგომები. აუცილებელია შემუშავდეს ქვეყნის, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი დარგობრივი განვითარების პოლიტიკა და მისი რეალიზაციის შესაბამისი, დეტალურად გაწერილი ,,სტრატეგიული განვითარების გეგმა” (ეტაპობრივი ვადები, შეფასების ინდიკატორები, პასუხიმგებელი უწყება/სამსახური/პირი და სხვა). ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ აუცილებელია სახელმწიფოს სხვადასხვა სექტორების პოლიტიკას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი. ყოველივე ამის კომპლექსურად განხორციელების შედეგი იქნება იმ კონკრეტული პრობლემების მოგვარება, რაც აწუხებს არა მხოლოდ ჩემი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

მჭიდრო თანამშრომლობით ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

არც ერთი დაპირება არ გაიცემა შესაბამისი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე, რომელიც ნათლად არის გაწერილი პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში (პროგრამაში).

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

არსებობს, უბრალოდ, ჭირდება დამატებითი ნორმატიული აქტების (გადაწყვეტილების, დადგენილება ან სხვა) გამოცემა-მიღება.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

დაპირებები ზუსტად შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს და ბაზის შექმნას სისტემური ცვლილებებისათვის, რომელიც აუცილებელია ამომრჩევლებისათვის აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად. რაც შეეხება ეკონომიკურ რესურსებს, ეკონომიკური განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს ყველაფერი ასახულია „ეროვნული ფორუმის“ პროგრამაში.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ვაპირებთ საკანონმდებლო ინიციატივების წამოყენებას მომავალ პარლამენტში და არამიზნობრივი ბიუროკრატიული ხარჯების მკვეთრად შემცირებას.

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

ზემონახსენები კონცეფციის ნორმატიული კომპონენტი მაჟორიტარი დეპუტატების მიერ წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივების სახით. პროგრამის ის ნაწილი, რომელიც მოითხოვს სამთავრობო დაწესებულებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა ჩართულობას, რეალიზებული იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრთა მიერ და ამას უზრუნველვყოფთ საერთო პასუხისმგებლობითა და თანამშრომლობით.

უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში დავაყენებთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭების წესის გამარტივების საკითხს.

გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, რუსთაველებს მაქსიმალურად გავუმარტივოთ ქონების დაკანონებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამჟამად შემუშავების ეტაპზეა საკანონმდებლო ინიციატივები წლების წინათ მიღებული მიწის ნაკვეთებისა და იმ ბინების პრივატიზების პროცესის გამარტივებასთან დაკავშირებით, რომლის დაკანონებასაც მოსახლეობა დღემდე ვერ ახერხებს. მარტივდება მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურებიც. ავამუშავებთ სპეციალურ კომისიას, რომელიც თითოეული მოქალაქის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

1 200 ჰექტარზე ამოქმედდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ კანონი, რაც მთელი რიგი გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებს საწარმოებისთვის.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ჩვენი მიდგომები სწორედაც რომ გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივებს. კერძოდ, ეკონომიკური სისტემის რეფორმა და ინსტიტუციური ცვლილებები - ხელისუფლების რეალური დეცენტრალიზაცია; ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმა და პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვა; დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა; მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერა; კონკურენციის ხელშეწყობისა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკა; ასევე, ცვლილებების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით: განათლება და მეცნიერება; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები; ნარჩენები და ქიმიური ნივთიერებები; მიწის რესურსი; ტყის რესურსი; ჯანმრთელობის დაცვა; სოციალური დაცვა; საპენსიო უზრუნველყოფა; იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები და მიგრაცია; სასამართლო რეფორმა. შესაბამისად, ეს შეეხება რუსთავსაც.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

შრომის კანონმდებლობაში, საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში და სხვა.

კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

გადაწყვეტილება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ 2020 წლის არჩევნებისთვის მიღებულია, თუმცა, მზად ვარ, მოვისმინო და განვიხილი ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც ამ სისტემის რეფორმირებისკენ იქნება მიმართული.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

მე პირადად მხარს დაუჭერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას იმისთვის, რომ შეიქმნას სამართლიანი საარჩევნო სისტემა. ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება გავლენა მოახდინოს.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ის, რომ მაჟორიტარული სისტემა აუცილებლად შესაცვლელია, უკვე მემგონი საკამათო არაა. როგორ და რა ფორმით უნდა შეიცვალოს, ეს უნდა გახდეს საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩევა გასაუქმებელია, რადგან პროპორციული წესით არჩევნების შემთხვევაში დეპუტატების მანდატების განაწილება საზოგადოებრივ განწყობას სამართლიანად ასახავს.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ეს ინიციატივა არსებობს და 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემა სავარაუდოდ გაუქმდება რასაც ვეთანხმები.

კითხვა 8: პარლამენტშითქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

ჩვენი გუნდი განიხილავს ხელისუფლების პროგრამას მომდევნო 4 წლის განმავლობაში შესაბამისი უზრუნველმყოფი სტრატეგიით და გვაქვს წარმატების საფუძვლიანი იმედიც. ამდენად, ოპოზიციაში ყოფნას გამოვრიცხავ.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

ვიბრძოლებ ყველა მეთოდით, კომუნიკაცია-კონსულტაცია ოპონენტებთან მუდმივი. დარწმუნება პროგრამის განხორციელების აუცილებლობაში, თუმცა ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად შევცვლით ამ ხელისუფლებას და დავიწყებთ ჩვენი პროგრამის განხორციელებას.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

პარლამენტში ოპოზიციაში ყოფნის შემთხვევაში გამოვიყენებ ყველა ბერკეტს და სამართლებრივ მექანიზმს, რაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დეპუტატს.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

შევეცდები საკითხების მნიშვნელობის დამტკიცებას უმრავლესობისთვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი პარტიის პროგრამა ქვეყანაში შექმნილ რეალურ პოლიტიკურ სიტუაციას ყველაზე სწორად პასუხობს და ყველა ჩვენი რეფორმა ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.

კითხვა 9: გექნებათთუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

პასუხი არ არის.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი ინიციატივით გაუქმდება დასაშლელი ავტომობილების განბაჟება, რაც ხელს შეუწყობს რუსთავში ახალი ჰაბის შექმნას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. 1 200 ჰექტარზე ამოქმედდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ კანონი, რაც მთელი რიგი გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებს საწარმოებისათვის.

საშემოსავლო გადასახადის შემცირება, მოგების გადასახადის შემცირება, 90 000 ლარამდე ბრუნვის მქონე ინდ. მეწარმის დაუბეგრაობა, 200 000 ლარის მქონე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩათვლა და შესაბამისად დაბეგვრა - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

კონკრეტული ინიციციატივები გაწერილია „ეროვნული ფორუმის“ წინასაარჩევნო პროგრამაში, მაგალითად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩვენი ეკონომიკური პროგრამის თითოეული ნაწილი, მაგალითად გადასახადების მკვეთრი შემცირება, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და ა.შ. მიზნად ისახავს სწორედ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რომელიც მთავარი წინაპირობაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და უმუშევრობის რეალურად შესამცირებლად.

კითხვა 10: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

პირველ რიგში, იარსებებს სისტემა, რომელიც მაჟორიტარისა და ამომრჩევლის ურთიერთობის ფორმებს დაარეგულირებს. ამასთან ერთად, წამოჭრილი სპეციფიკური საკითხების და მიმდინარე საჭიროებების გათვალისწინებით, დამატებით გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია და ჩართულობა.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

ყოველი არასაპარლამენტო კვირა დაეთმობა ამომრჩეველთან შეხვედრებს უბნებში, ოჯახებში მისვლით ადგილზე მოვაგვარებთ მათ პრობლემებს.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ჩემი ოლქის ამომრჩევლებთან მექნება საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია, რათა ისინი ყოველთვის საქმის კურსში იყვნენ ჩემი საქმიანობის შესახებ. შეხვედრის დღეები წინასწარ იქნება დადგენილი და ამომრჩეველი ინფორმირებული იქნება ამის შესახებ.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ვცხოვრობ რუსთავში, აქვე ვსაქმიანობ, აქვეა ჩემი ოჯახიც, შვილები და შვილიშვილები. ყოველდღიური შეხება მაქვს რუსთაველებთან და პარლამენტში მოსვლის შემდეგაც აუცილებლად გავაგრძელებ ჩემს თანაქალაქელებთან ყოველდღიურ ურთიერთობას. ერთადერთი, რაც შეიცვლება, არის ის, რომ მე მომეცემა დამატებითი ბერკეტები მათი პრობლემების გასაჟღერებლად და გადასაჭრელად.

კითხვა 11: არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

ამ ეტაპზე, ზუსტად ვხედავ ჩემს საკეთებელს საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ გუნდში რუსთავის წარმომადგენლად, რაც შეეხება ამის შემდგომ გეგმებს, ვრჩები იგივე ჯარისკაცად და სადაც უფრო სასარგებლო ვიქნები, იქ გავაგრძელებ საქმიანობას.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

მე ვიქნები რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და ვიბრძოლებ რუსთავის განვითარების გზაზე დასაბრუნებლად და იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ამომრჩეველს აწუხებს პარლამენტიდან.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

მე ვგეგმავ, რომ ბოლომდე - სადეპუტატო მანდატის ვადის ამოწურვამდე - ვიყო ჩემი ამომრჩევლის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება,კონკრეტულ შემთვევაში გუნდთან შეთანხმებით გადაწყდება.

კითხვა 12: რაწინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

ამ თემაზე უკვე მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები. რუსთავის გამოცდილების გათვალისწინებით კი სულ მზად ვიქნები თვითმართველობის რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად, ვმუშაობ წინადადებების პაკეტზე, რომელიც პირველ რიგში პოლიტიკურ გუნდში იქნება განხილული.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

ბოლომდე განვახორციელებთ ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმას, დეცენტრალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ძლიერი და დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში თვითმართველობის ჩამოსაყალიბებლად და ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. თვითმართველობა უნდა გადავიდეს პროგრამულ ბიუჯეტზე და მოსახლეობის ინტერესებზე მკვეთრად ორიენტირებული ბიუჯეტი უნდა მივიღოთ.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, გვაქვს ხედვები, რომელიც ასახულია „ეროვნული ფორუმის“ პროგრამაში და გულისხმობს ხელისუფლების რეალურ დეცენტრალიზაციას იმისათვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეძლოს უფრო ეფექტური საქმიანობა და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრა. ეს ყველაფერი აისახება ”ეროვნული ფორუმის” საკანონმდებლო ინიციატივებში.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

მე ვთვლი, რომ თითოეული ადამიანი უნდა იღებდეს მონაწილეობას და თავად წყვეტდეს როგორ დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტი.

კითხვა 13: გაქვთთუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

ვფიქრობ, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულ გეგმაზე საუბარი ჩემი მხრიდან გადაჭარბებული იქნება.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

ეკოლოგიურ გამოწვევებზე პასუხის გაცემა ცხოვრების ხარისხზე და მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილია, რაც თავის მხრივ მოიცავს: საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას; ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას; საერთაშორისო, პირველ რიგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;

2020 წლისთვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების გაზრდას; მსხვილ ქალაქებში სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელება და ამ პროცესში საერთაშორისო დონორების და უცხოური პარტნიორების დახმარების მოზიდვას; საქართველოს ბუნების შესახებ თანამედროვე ინფორმაციული ბაზის შექმნას.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

პასუხი არ არის.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

კითხვა 14: უჭერთთუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

გამიჭირდება ამ საკითხის მხარდაჭერა, პარლამენტის ორი შენობა ნებისმიერი ქვეყნისთვის ზედმეტი ფუფუნებაა.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქი და ასეც დარჩება.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ჩემი აზრით, პარლამენტის ადგილსამყოფელი უნდა იყოს სახელმწიფოს დედაქალაქში.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

პასუხი არ არის.

კითხვა 15: რასფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული – რატომ?

პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“)

ზოგადად, არჩევნებში კვოტირების სისტემის წინააღმდეგი ვარ და როგორც პრაქტიკა აჩვენებს ეს მიდგომა ატარებს დისკრიმინაციულ ნიშნებს, თუმცა, გარკვეული პროცესების წახალისების და პოლიტიკური სივრცის განახლების მოტივით, შეიძლება მსჯელობა თუნდაც კვოტირების საკითხებზე.

მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“)

ქალები პოლიტიკაში - ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ქალთა ორგანიზაციების განვითარებას. ენმ-ს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლის მარტში შეიქმნა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა 50-ზე მეტი რაიონული ქალთა ორგანიზაცია და მოხდა ათასობით ქალი აქტივისტის მობილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის სტრუქტურული განვითარება და მისი აქტივობების ეფექტიანი განხორციელება; ამგვარად, ჩვენ წავახალისებთ ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ინფორმირებული ამომრჩვლები, აქტივისტები თუ ლიდერები.

ნოდარ ყურაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

ჩემი აზრით გენდერული ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული, ხოლო სავალდებულო კვოტირება საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

დავით ძაგნიძე („სახელმწიფო ხალხისთვის“)

აღნიშნული საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენ შევეცდებით, რომ სამომავლოდ გაცილებით მეტი ქალი იყოს ჩართ

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი