წარმოგიდგენთ ახმეტა-თელავის #28 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: გელა სამხარაული „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, შაქრო ტერტერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ზურაბ ნაცარაშვილი საარჩევნო ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“, ოთარ კვირიკაშვილი „თავისუფალი დემოკრატებიდან“, ლევან ქინქლაძე „რესპუბლიკური პარტიიდან“, ერეკლე საღლიანი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და გია გორთამაშვილი „ლეიბორისტული პარტიიდან“.

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების ერთმანეთთან შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

გელა სამხარაული („ქართული ოცნება“)

ეს არის ჩემი სამშობლო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მე ახმეტაში დავიბადე, დედა ახმეტელია, მამა თელაველი, იყალთოდან. მთელი ცხოვრებით თანაბრად ვარ დაკავშირებული როგორც ახმეტასთან ისე თელავთან. ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია მაქსიმალურად დაიხარჯოს თავისი ოჯახის, თავისი კუთხის და ქვეყნის წინაშე. დეპუტატობაც ჩემთვის სწორედ ეს ვალდებულებითი ნაწილია. მუნიციპალიტეტის, ქალაქებისა თუ ქვეყნის მასშტაბით არსებული ბევრი პრობლემა თითქმის იდენტურია, თუმცა ამა თუ იმ კუთხის სპეციფიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მცირე განსხვავებები მაინც არის. ჩემთვის ნაცნობია ეს დეტალები და ვიცი რა გზებით შეიძლება მისი მოგვარება. მაქვს გამოცდიელება, შესაბამისი კომპეტენცია და რაც მთავარია საფუძველი და გარემო, სადაც რეალურია განვითარებაზე ფიქრი.

ზურაბ ნაცარაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

მრავალი წლის მუშაობის გამოცდილება მაძლევს საფუძველს, რომ ვიყარო კენჭი და გავხდე ხალხის წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე ძირითადად ამ ოლქის მაცხოვრებელი ვარ, აქ მაცხოვრებლებთან მქონდა ურთიერთობა, მაქვს ამ ადამიანების ნდობა და ეს გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღეს პარტიაში.

ლევან ქინქლაძე („რესპუბლიკური პარტია“)

ახმეტა არის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, დანარჩენი საქართველოს სიყვარული ჩემთვის ახმეტიდან იწყება და ამიტომაც მსურს, რომ ახმეტელებმა ამირჩიონ საქართველოს პარლამენტში. ახმეტა ჩემთვის მშობლიური ქალაქია. ვთვლი, რომ კარგად ვიცნობ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს და მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში თავს არ დავზოგავ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

ერეკლე საღლიანი („პატრიოტთა ალიანსი“)

პარტიაში გადაწყვიტეს, რომ მე ახმეტა-თელავის გაერთიანებულ ოლქში ვყოფილიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი.

გია გორთამაშვილი („ლეიბორისტული პარტია“)

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში ვცხოვრობ. რადგან თელავის მუნიციპალიტეტის 14 სოფელი ახმეტის ოლქს მიეურთეს, აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში ჩემი ახმეტა - თელავის გაერთიანებულ ოლქში დეუტატობის კანდიდატად დაყენების საკითხი.

ოთარ კვირიკაშვილი - („თავისუფალი დემოკრატები“)

წარმოშობით ახმეტელი ვარ, ახმეტაში დავიბადე და გავიზარდე, აქ დავიწყე პოლიტიკური მოღვაწეობა და ძალიან კარგად ვიცნობ ამ ოლქს. მეორე და მთავრი: ახმეტას აქვს უნიკალური შანსი რომ იყოს თანამედროვე ევროპული ტიპის ქალაქი, მაგრამ დღეს ამ პოტენციალის 1 პროცენტსაც ვერ ვიყენებთ. ვთვლი, რომ სწორედ დღეს უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი, რადგან მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად გავუმკლავდე ყველა იმ გამოწვევას რაც ჩვენი რეგიონის და ზოგადად ქვეყნის წინაშე დგას.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

გელა სამხარაული („ქართული ოცნება“)

მართალია, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, თუმცა გაკეთდა ძალიან ბევრი რამ. მოწესრიგდა გზები, გაზიფიცირდა სოფლები, გარემონტდა საბავშვო ბაღები და სკოლები, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო წყლის სისტემების რეაბილიტაციას, სამელიორაციო სისტემების მოწესრიგებას.

დღეს უმთავრესი პრობლემა ეს არის უმუშევრობა, სრულყოფილად მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, პრობლემებია ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებითაც, რაც უშედეგოს ხდის მრავალი ათასი ადამიანის შრომას, აუცილებელია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაზე ზრუნვა. ჩვენ ვალდებული ვართ, ვასწავლოთ, როგორ გახადონ შრომა ნაყოფიერი, მივეხმაროთ მიზნების დასახვასა და მათ რეალიზებაში.

ახმეტაში არსებული ტყის რესურსი აუცილებლად ახმეტელების კეთილდღეობას უნდა ხმარდებოდეს. ეს არის ის საკითხი, რომლის მოგვარებაც ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელია. დაწყებულია აქტიური მუშაობა „ტყის კოდექსზე“. გარემოს დაცვის სამინისტროში უკვე შექმნილია კანონპროექტი, რომელიც ვცდილობთ მოვარგოთ მოსახლეობის ინტერესებს. ასევე პრინციპულია ჩემთვის ახმეტა-თიანეთის გზის მშენებლობა. გზა, რომლის მშენებლობაც მომავალი წლისთვის დაიწყება, იქნება გარდამტეხი ცვლილება ქალაქ ახმეტისთვის. ახმეტა სატრანზიტო ფუნქციას შეიძენს, რაც თავისთავად დამატებით შემოსავლებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტურიზმის თვალსაზრისით კახეთი ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონია, განსაკუთრებით თუშეთი, არსებობს თუშეთის განვითარების გეგმა. თუმცა, ამ მხრივ კონკრეტულად ქალაქ ახმეტას და მის მიმდებარე ტერიტორიას საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს, ტურისტების დასაინტერესებლად აქ მრავალფეროვანი არჩევანია ისტორიული ძეგლების სახით, მაგალითისთვის კვეტერას დასახელებაც იკმარებს. ტურიზმის განვითარება პარალელურად ბევრი სხვა სფეროს განვითარებას ითხოვს და ადგილებზე დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს იძლევა.

შაქრო ტერტერაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ დღეს გვიწევს წყალზე, გაზზე, გზაზე, ინფრასტრუქტურული ობიექტების შეჩერებაზე საუბარი. ეს ძირითადი პრობლემებია მთელ საქართველოში და განსაკუთრებით ისეთ რაიონში, როგორიც არის გეოგრაფიული ჩიხი - ახმეტა. „ნაციონალურ მოძრაობას“ 2010-2011 წლებში ჰქონდა გეგმა, რომ 2013 წელს ყველა სოფელი უნდა ყოფილიყო გაზიფიცირებული, მაგრამ ჩვენ 2012 წელს დავმარცხდით და ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, რომელმაც გააჩერა ეს პროექტები და ახლა წინასაარჩევნოდ რაღაცებს ქაოტურად აკეთებენ, რომ ხალხს თავი საქმინად მოჩვეენონ.

ახმეტა არის გეოგრაფიული ჩიხი, რომელსაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკირი ვარდნები უფრო მეტად ეტყობა და აქ ყველაზე რთული ამოსაქაჩია ეკონომიკური ვარდნა. ახმეტას აქვს დიდი პოტენციალი, რომ ტურიზმი განვავითაროთ. რაიონში ეკონომიკური აღმავლობის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ადგილებს. ამავდროულად მცირე მეწარმეებს და მცირე საწარმოებს სახელმწიფომ უნდა მისცეს წახალისება, რომ ადამიანები მიუბრუნდნენ თავიანთა საქმეს, რაც კარგად იციან.

ზურაბ ნაცარაშვილი (პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის)

ჩემ ოლქში მაცხოვრებლებს განსაკუთრებით აწუხებთ უმუშევრობა, რთული სოციალური პირობლემები. ასევე, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები არამარტო ჩემი ოლქის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ვითომ გაამარტივეს მიწის რეგისტრაციის პროცესი, მაგრამ კიდევ არის ხარვეზები, რომელზე საუბარიც ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ გუნდს აქვს კონკრეტული მონახაზები, რომლზე მუშაობასაც პარლამენტში ვაპირებთ. რაც უფრო მეტად გაუადვილებს მოსახლეობას მიწის რეგისტრაციას.

ლევან ქინქლაძე („რესპუბლიკური პარტია“)

ახმეტას ყველაზე მეტად აწუხებს ეკონომიკური სიდუხჭირისგან გამოწვეული პრობლემები, როგორიც არის უმუშევრობა, მცირე და საშუალო ბიზნესს არ აქვს განვითარების შესაძლებლობა.

ახმეტას ასევე აწუხებს თვითმმართველობის დამოუკიდებლობის კუთხით არსებული სისტემური პრობლემები. აქ თვითმმართველობა განიცდის ცალკეული ჩინოვნიკებისგან მის საქმიანობაში ჩარევასა და ზეწოლას.

ერეკლე საღლიანი („პატრიოტთა ალიანსი“)

მარტო ამ ოლქის მოსახლეობის კი არა, მთელი საქართველოს საწუხარი სამართლიანობის აღდგენაა. ვერ აღდგა დღემდე სამართლიანობა. არადა, ქართველი კაცი ყველაფერს დაითმენს, ყოველგვარ გაჭირვებას შეებრძოლება, ოღონდ ქვეყანაში არ ჰქონდეს უსამართლობას ადგილი, მის პირად ღირსებას ნურავინ შეეხება. ახლა გადავხედოთ ჩვენი ერის მიერ განვლილ გზას, რას შეწირა ჩვენმა ერმა ყველაფერი - ღირსების დაცვას და სამართლიანობისთვის ბრძოლას, ეს არის უმთავრესი. მეორეა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ეს ერთი სიტყვით არ გადაიჭრება. ამ პრობლემის გადაწყვეტას ჭირდება დეპუტატი, რომელიც ხალხის მიერ იქნება არჩეული. იგი მოვალეა თავის გარშემო შემოიკრიბოს ძლიერი გუნდი, შექმნას ეკონომისტების, იურისტების გუნდი, დაიხმაროს გამოცდილი ადამიანები და ადგილობრივი უხუცესები, რადგან აქაურობის იმათ უკეთ იციან. ეს აუცილებელია, დეპუტატი ამ გამოცდილებას უნდა დაეყრდნოს. უნდა შეიქმნს სოფლებში სათათბიროები. დღეს ადამიანის ხმა არაფერს წარმოადგენს. ჩვენ ვართ ვაგონების მდგომარეობაში. პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის ელმავლის როლს ასრულებს და ხალხი მიყვება ბრმად. ეს დაუშვებელია, ქვეყანა ასე წინ ვერ წავა. ქვეყნის გადარჩენაში და განვითარებაში ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. მათ აზრს უდიდესი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს.

გია გორთამაშვილი („ლეიბორისტული პარტია“)

არანაირი ხელმისაწვდომობა მკურნალობაზე არ არის, 38-40 ათასი გამორიცხული სტუდენტია, რომლებიც სწავლის გადასახადს ვერ იხდიან, სოფლის მეურნეობა გაჩანაგებულია. რაც „ნაციონალებს“ დარჩათ გასაყიდი - საძოვრები, ტყეები, მდინარეები, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყიდის. ბანკის პროცენტები ნაცვლად იმისა, რომ დაბლა დაწეულიყო და გრძელვადიანი ყოფილიყო კიდევ მაღლა წავიდა, მიგრაციამ არსებულ მონაცემებს გადააჭარბა. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად არის ერთადერთი გზა - ხალხმა ამ ორი პარტიის გარდა მხარი უნდა დაუჭიროს სხვადასხვა პარტიებს და პირველ რიგში „ლეიბორისტულ პარტიას“.

ოთარ კვირიკაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“)

უპირველესი პრობლემა ახმეტისთვის მისი ჩიხური მდგომარეობაა, რაც შემდეგ ბევრი სხვა პრობლემის სათავე ხდება. გაიხსნას ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზა რაც ქალაქს შეძენს სატრანზიტო ფუნქციას და გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს.

მეორე მთავარი პრობლემა: არ გვაქვს რეალური თვითმმართველობა, ხალხის ჩართულობის დონე არის ნული. ფაქტიურად გადაწვყვეტილებების მიღება არ ხდება ადგილზე და რაიონი სუსის და ცალკეული მაღალჩინოსნების საჯიჯგნად არის გადაქცეული.

ასევე, თუშეთში საძოვრების პრობლემა, რომელიც მონოპოლიზირებული აქვს ერთ ერთ შპს-ს და ლამის გასამმაგებულ ფასს ახდევინებენ მეცხვარეებს. ზოგადად ამ დარგს უამრავ ხლოვნურ პრობლემას უქმნიან. რადგან გარკვეულმა ჯგუფმა შეძლოს და სომხეთიდან საქართველოს გავლით რეექსპორტზე იორდანიაში გაიყვანოს გაცილები იაფასიანი ცხვარი. დამეთანხმებით ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება, ამ ჯგუფს უნდა ჩამოერთვას ყველა პრივილეგია.

არ ხდება ტურისტული პოტენციალის გამოყენება, როცა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ძალიან მცირე რესურსების გამოყენებით შეგვიძლია მთელ მსოფლიოში გავწიოთ ამ ულამაზესი მხარის პოპულარიზაცია.

რაც მთავარია, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის არის ის, რომ ინტერნეტი უნდა ჰქონდეს ყველა სოფელს და ყველა სოფლის სკვერში უნდა იყოს wi-fi, ეს არის ორჯერ ორი და ამას არ ვამბობ მხოლოდ ახმეტაზე. ჩვენ ვცხოვრობთ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ბოლომდე ავუწყოთ ფეხი ყველა იმ გამოწვევას რასაც თანამედროვე სამყარო გვთავაზობს.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

გელა სამხარაული („ქართული ოცნება“)

გაგრძელდება და უფრო მასშტაბური გახდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მოეწყობა გზები, გაკეთდება ჭაბურღილები, გარემონტდება სასწავლო და სპორტული დაწესებულებები, რეაბილიტირდება წყლის ქსელები. ქვეყნის მასშტაბით გატარდება საპენსიო რეფორმა და სახელმწიფო პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს მისცემს, გაიზრდება პედაგოგთა ხელფასები. უფრო მოცულობითი გახდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობამ მოსავლის რეალიზება მათთვის ხელსაყრელ ფასად შეძლოს.

წარმოება, ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა - ეს არის შრომატევადი საქმიანობა და თანაბრად სჭირდება ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ აქცენტი ამ მიმართულებაზე ავიღეთ. ყველა პროგრამა და პროექტი რაც განხორციელდა იყო აბსოლუტურად რელევანტური და კონკრეტული შედეგების მომტანი.

შაქრო ტერტერაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენ, პირველ რიგში, დაახლოებით 1-2 წელიწადში მოვაწესრიგებთ საგზაო ინფრასტრუქტურას (მათ შორის სასაფლაოებთან და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან მიმასვლელი გზებს, შიდა გზებ და ცენტრალურ გზებს). ამავე პერიოდში არ დარჩება არცერთი სოფელი სადაც გაზი არ იქნება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არცერთი სოფელი დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში სადაც სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა იქნება. ასევე, ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი ყველა სოფელი. ეტაპობრივად აღვადგენთ სკვერებსა პარკებს, მოვაწყობთ სპორტულ მოედნებს და სტადიონებს, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე მოვაწყობთ მზის ენერგიის თანამედროვე სისტემის გამათბობლებს. ამ პრობლემების გადაწყვეტად მუშაობა ჩვენ უნდა დავიწყოთ მყისიერად, არჩევნების დასრულებისთანავე. თუ ვინმეს ნათქვამი შესაძლოა ეჭვის გარეშე დაიჯერო, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს უამრავი პროექტი განხორციელებული. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გააკეთა გომბორის გზა. ეს მანამდე იდეაშიც კი არავის ჰქონია. ის, რომ ავტობანი უნდა ყოფილიყო დასავლეთში, ამას ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და გავაკეთეთ. ხელისუფლებას, რომელსაც ასეთი პროექტები აქვს შესრულებული, კითხვა აღარ უნდა ჩნდებოდეს, რომელიმე სოფელში გზის შეკეთება შეუძლია თუ არა. ჩვენი დაპირებების უკან დგას ჩვენი გაკეთებული საქმე.

ზურაბ ნაცარაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

მოსახეობას აწუხებს საბანკო სექტორთან არსებული პრობლემები, რომელიც შესაძლებელია მოგვარდეს მცირე ბიზნესის ხეშეწყობით, ტურიზმის განვითარებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. ჩვენს ოლქში, ბუნებრივი რესურსების სწორი კუთხით გამოყენებით. უცხოური ინვესტიციები მოზიდვით შესაძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება, გადასახადების და ბიუროკრატიის შემცირებით შესაძლებელია მეტი თანხების ჩადება განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. შევქმნით სოფლის მეურნების გადამამუშავებელ საწარმოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ოლქში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. რადგან აქ მოსახლეობა ძირითადად მებაღეობას და მევენახეობას მისდევს, პატარ-პატარა საწარმოების შექმნა დამატებით სამუშო ადგილებს შექინის და სოციალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებ დროში გამოვასწოროთ ეს პრობლემები.

ლევან ქინქლაძე („რესპუბლიკური პარტია“)

ჩემი არჩევის შემთხვევაში ახმეტელებს ვპირდები, რომ ახმეტის თვითმმართველობას სრულად გავათავისუფლებ მაჟორიტარის ინსტიტუტის წნეხისაგან და მავნე ზემოქმედებისგან, ასევე გავაკეთებ ყველაფერს რათა ახმეტელებმა ისარგებლონ იმ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამებით, რომელსაც „რესპუბლიკური პარტია“ სთავაზობს ამომრჩეველს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ეკონომიკა არ განვითარდა, ქვეყანა ვერ აიღებს სოციალურ ვალდებლებებს და პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაზრდა შეუძლებელი გახდება.

ერეკლე საღლიანი („პატრიოტთა ალიანსი“)

მე დაიმედებული ნამდვილად არ ვარ, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ გაიმარჯვებს, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უწერია წეს-კანონში გვაქვს ჩვენ, რომ თუ ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატმა ვერ გაამართლა, ხალხს უფლება ექნება 3-4 თვის შემდეგ გადააყენოს ის. მე ჯერ ხალხს არ შევხვედრივარ და არ გავცნობივარ. ამ ოლქთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ჯერ ხალხის აზრი არ ვიცი.

გია გორთამაშვილი („ლეიბორისტული პარტია“)

ჩვენი უმრავლესობით მოსვლის პირველივე წელს მთავარი დაპირება წლების განმავლობაში არის სოციალური სამართლიანობის აღდგენა. ქვყანაში არ უნდა იყოს 5-10 პროცენტი ღარიბი, და 80-90 პროცენტი გაღაკებული ფენა. ამის მოგვარება შეიძლება პირველ რიგში გადასახადების გაკონტროლებით. პირველივე წელს რასაც გავაკეთებთ, ეს არის პენსიის ასაკის დაწევა - 60 წლის უნდა გავიდეს მამაკაცი, 55 წლის ქალბატონები. 10 მილიარდი ბიუჯეტი გვაქვს და 2 მილიარდია სახელმწიფო აპარატის ხარჯი. აქედან თავისუფლად შეილება ერთი მილიარდის გამოთავისუფლება ჯიპების და პრემიების ხარჯზე. ქვეყანაში გაკონტროლებული უნდა იყვნენ ძირითადი მწარმოებლები და ბიზნესმენები, რომლებიც გადასახადებს მიზერული სახით იხდიან და სამწუხაროდ, დღეს, ბიუჯეტის შევსება დამოკიდებულია ამ უბრალო ხალხის პატარა ჯარიმების ხარჯზე. არცერთი მსხვილი გადამხდელი ბიუჯეტში იმ თანხას არ იხდის, რაც ბიუჯეტშია გათვალისწინებული. რაიონებში უნდა გაიხსნას მუნიციპალური საავადმყოფოები, მკურნალობას კი სახელმწიფო 100%-ით დააფინანსებს. ჩვენ არ ვეხებით კერძო საავადმყოფოებს. ვისაც სურვილი აქვს კომფორტში იყოს პალატაში და ნორმალური ხედი ჰქონდეს, იმან იქ იმკურნალოს ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. ახლა ვითომ 15 ათას ლარს ურიცხავენ პაციენტს და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ 5-6 ათას ლარის მკურნალობის მიღება შეუძლია.

ოთარ კვირიკაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“)

ჩემი მთავარი დაპირება იქნება ის, რომ ფუნქციას შეიძენს თითოეული ამომრჩეველი. მათი ჩართლობის გარეშე ახმეტაში არაფერი გადაწყდება. თითოეულ მათ პრობლემას გავაჟღერებ საპარლამენტო ტრიბუნიდან და რაც მთავარია, ახმეტას მომავალი წლის თითმმართველობის არჩევნებისთვის შევთავაზებ ისეთ გუნდს, ისეთ გამგებლობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, რომლებიც ამ კუთხეს თანამედროვე ევროპული მხარედ გადააქცევს.

კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

გელა სამხარაული („ქართული ოცნება“)

ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა. მართალია თვითმმართველობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს საკუთარი პასუხისმგებლობით და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მართავს, მაგრამ ამ ფუნქციის მინიჭების ერთგვარი გარანტები ვართ ჩვენ. ჩვენი მიღებული კანონები იძლევა არჩევითი, წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანოების ყოლის და ფინანსების დამოუკიდებელად განკარგვის უფლებას. მე მაქვს კანონით მონიჭებული უფლებები და იმ შემთხვევაში თუ ჩემს ოლქში დავინახავ, რომ რაღაც არასწორად კეთდება, ვიღაცის არაკომპეტენტურობის გამო, საერთო საქმე ზიანდება, კანონის ფარგლებში ყველანაირ ბერკეტს ავამოქმედებ ვითარების გამოსასწორებლად.

შაქრო ტერტერაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

არსებობს მიზნობრივი ტრანსფერები, რომლიც გულისხმობს ცენტრალური ხელისუფლების და თვითმმართველობებზე გადაცემულ მიზნობრივ თანხას, რომელიც კონკრეტულ საქმეს უნდა მოხმარდეს. ჩვენ გამოვიყენებთ ინსტრუმენტს და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივად მივცემთ თვითმმართველობას თანხას კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად და ის, ცხადია, ამ ფულს ვერსად წაიღებს. გარდა ამისა ჩვენ თვითმმართველობას გავაკონტროლებთ, რომ თანხები დაიხარჯოს ეფექტურად. ჩვენ არ დავემსგავსებით „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 2012 წლის შემდეგ თვითმმართველობები შტურმით აიღო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, ვინც ხელფასს იღებს ბიუჯეტიდან და მოემსახუროს იმ საქმეს, რისთვისაც ის ანაზრაურებას იღებს. ჩვენ, ახმეტელებს გვაქვს პრეტენზია დისკრიმინაციული კანონის მიმართ - „მაღალმთიანი რეგიონების კანონის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, ახმეტის ერთ ნაწილს მიანიჭეს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი, ხოლო მეორე ნაწილი დატოვეს ამ სტატუსის მიღმა. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ახმეტა არის გეოგრაფილი ჩიხი და ასეთ მუნიციპალიტეტს უნდა ხელისშეწყობა განვითარებისთვის. აქ ადამიანებს უფრო მეტად უჭირთ, რადგან დაბალი ეკოომიკის რაიონია. ამ ეკონომიკურ ფონზე, როცა რაიონის ერთ ნაწილი უყურადღებოდ დატოვეს ეს არის არასწორი და ჩვენ ამას გამოვასწორებთ.

ზურაბ ნაცარაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

დიდ ძალისხმევას დავხარჯავ ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირების ხელშეწყობაში. ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. ძლიერი თვითმმართველობა თავისთავად ქმნის ძლიერ მუნიციპალიტეტს. ამჟამად თვითმმართველობები არ არის დაკომპლექტებული ხალხის სურვილის მიხედვით, თანამდებობის პირების მიერ მართული პიროვნებებით.

ლევან ქინქლაძე („რესპუნლიკური პარტია“)

კონკურენტი კანდიდატებისაგან განსხვავებით, ჩემს ამომრჩეველს არაფერს ვპირდები ისეთს, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებში შეჭრა სჭირდება და შესაბამისად ამას არც არჩევის შემთხვევაში ვიზამ. ახმეტა თელავის ოლქის განვითარებისთვის თანხების მოზიდვას შესაბამისი გრანტებიდან თუ ქვეყნის ბიუჯეტიდან შევეცდები.

ოთარ კვირიკაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“)

ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ათწლეულებია გრძელდება და ამას ვერც თვითმმართველობის რეფორმამ უშველა, რადგან მააჟრიტარები ისევ ისე აგრძელებენ ჩარევას ადგილობრივ თვითმმართველობებში, კანდიდატებს ვერ გაურკვევიათ კომპეტენციები ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის და წარმოუდგენელ დაპირებებს იძლევიან. ამ საკითხის გადაწყვეტა ძალიან მარტივია: უბრალოდ არ უნდა ჩაერიო ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და ერთხელ მაინც გქონდეს წაკითხული თვითმმართველობის კოდექსი. ერთადერთი რამ რაშიც მე ჩავერევი იქნება ის, რომ ჩემს გუნდთან ერთად შევარჩევ ღირსეულ, კომპეტენტურ და გამოცდილ კადრებს როგორც გამგებლობის, ისე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად და მათ მივანდობ ადგილობრივ საკითხებს.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ლევან ქინქლაძე („რესპუბლიკური პარტია“)

ვფიქრობ არსებობს მეტ-ნაკლებად სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა და ეკონომიკური რესურსები რათა მაჟორიტარმა დეპუტატმა კეთილი ნების შეთხვევაში ბევრი სიკეთე მოუტანოს საკუთარ ოლქს.

ოთარ კვირიკაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“)

საკმარისი არასოდეს არაფერი არ არის, ჩვენ მუდმივად უნდა ვპროგრესირებდეთ, მაგრამ რაც გაგვაჩნია სრულიად საკმარისია იმისათვის რომ ეს დაპირებები იქცეს რეალობად. ეს არ იქნება ადვილი გასეირნება. ამას მუხლჩაუხრელი შრომა ჭირდება. მაგრამ მოსახლეობას ვპირდები იმას რომ ვიბრძოლებ ყველა იმ წურბელის წინააღმდეგ რომელიც ხელოვნურად აბრკოლებს ჩვენი მხარის განვითარებას. ახმეტას აქვს თვითკმარი რესურსი იმის რომ ძლიერ ევროპულ ქალაქად იქცეს. რათქმაუნდა ამას სწორი მიდგომა და კვალიფიციური კადრები ჭირდება.

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

გელა სამხარაული („ქართული ოცნება“)

ჩემი, როგორც მაჟორიტარის და როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა ყოველთვის იყო სოფლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრასთან პირდაპირ კავშირში. კონკრეტულად ჩემს ოლქ არ გამოვყოფ, თუმცა ბოლო საკანონმდებლო აქტივობები კახეთის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კანონპროექტები, რომელთაგანაც ერთი ქარსაფარ ზოლებს მეორე კი ნიადაგის დაცვასა და გაჯანსაღებას შეეხება, თითქმის მზადაა, იმედი მაქვს ახალი მოწვევის პარლამენტში მისი ინიცირების საშუალება მომეცემა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა კი პრობლემები გადაჭრის გარანტი გახდება. ქარსაფარ ზოლთა აღდგენა ხელს შეუწყობს ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარებას. მაგალითად კახეთში, ეფექტური და მომგებიანი იქნება ნუშის გაშენება. აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო მიწების ხარისხთან დაკავშირებული საკითხების კანონით რეგულირება. ატქიურად მიმდინარეობს მუშაობა „ტყის კოდექსზე“ უკვე აღვნიშნე, რომ მისი მიღება ახმეტელების ცხოვრებაში ძირეულ ცვლილებებს მოახდენს. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამხვილო მიწის რეგისტრაციის საკითხზე. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. წინა ხელისუფლების მიერ ფორმალურად გატარებული რეფორმისა და უმიზნოდ გახარჯული მილიონების შემდგომ, ჩვენ შევძელით მიწის სრულყოფილი რეგისტრაციის სისტემის არსებობისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა. მივიღეთ კანონი, რომელიც უკვე შევიდა ძალაში და მოსახლეობას აქვს საშუალება მარტივად და თითქმის უფასოდ დაირეგისტრიროს საკუთრება.

შაქრო ტერტერაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენ დავნერგავთ ხე-ტყით სარგებლობის და განაშენიანების თანამედროვე მეთოდებს, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამასთან ერთად, შეუძლებელი უნდა გახდეს, რომ ხე-ტყეს ჭრიდნენ და სანაცვლოდ ნერგებს არ რგავდნენ იმ ადგილებში სადაც ამის საჭირება არსებობს. ეს სკითხი მოწესრიგდება საკანონმდებლო დონეზე.

ასევე მნიშვნელოვანია ინერტული მასალების მოპოვების და მდინარეების კალაპოტების წმენდის საკითხი. ახლა მდინარის კალაპოტებში, გაწმენდითი სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტი და ცენტრალური ხელისუფლება ფულს იხდის, რომ ეს ხევები გაწმინდოს და გაატანინოს კალაპოტისთვის ზედმეტი ქვიშა და ქვა. ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მსგავსი ადგილებიდან უსასყიდლოს მოიპოვონ მათთვის საჭირო ინერტული მასალები. განისაზღვრება კარიერები, საიდანაც სამშენებლო მასალის მოპოვება არაკომერციული მიზნებისთვის უსასყიდლო იქნება. ამასთან ერთად, მდინარეების კალაპოტების იმ ადგილებში, სადაც გაწმენდითი სამუშაოების აუცილებლობა არსებობს, სამშენებლო მასალების მოპოვება იქნება უფასო, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის, მათ შორის სამეწამეო მიზნებისთვის. ამ გზით, ერთის მხრივ ბიუჯეტიდან ნაკლები თანხა დაიხარჯება, მეორეს მხრივ, მეწარმეს,რომელიც სამშენებლო

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი