ახალციხე-ადიგენის #44 გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის. ამ ცხრა კანდიდატიდან ფაქტ-მეტრმა ექვსი ისეთი კანდიდატი შეარჩია, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი აქვთ: გიორგი კოპაძე – „ქართული ოცნება“;ვაჟა ჩიტაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; კობა გორგოძე – საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“; ნიკოლოზ ინასარიძე - „პატრიოტთა ალიანსი"; შალვა გოგოლაძე - „თავისუფალი დემოკრატები“ და ნუგზარ პარუნაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი.

ყველა მათგანისთვის ერთი და იგივე შეკითხვები მომზადდა. ექვსი შერჩეული კანდიდატიდან, ჩვენს კითხვებს მხოლოდ ხუთმა უპასუხა. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატთან, გიორგი კოპაძესთან ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა უშედეგოდ.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ვაჟა ჩიტაშვილი(„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ვარ ამ კუთხის შვილი და მაწუხებს მოსახლეობის პრობლემები, კარგად ვიცნობ ჩვენს ოლქში მცხოვრები ხალხის მდგომარეობას. ჩემი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე მაქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩემი მშობლიური მხარე, როგორ უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და როგორ უნდა გაუჩნდეს მეტი შემოსავალი სოფლის მოსახლეობას.

მე უკვე მომიწია მოღვაწეობა საქართველოს პარლამენტში. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ყოველთვის ვიცავდი ჩვენი ხალხის ინტერესებს, დიდი წვლილი მიმიძღვის მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების კანონის დახვეწაში სამცხე-ჯავახეთის სასარგებლოდ და მზად ვარ ჩემი ენერგია და გამოცდილება კვლავ მოვახმარო ახალციხისა და ადიგენის განვითარებას.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

კარგად ვიცნობ ოლქში არსებულ რეალურ მდგომარეობას, ოლქის მოსახლეობის პრობლემებს და საჭიროებებს. ყოველდღიურად მაქვს შეხება ოლქის მოსახლეობასთან და ვთვლი, რომ ვიცი თუ რა სჭირდება რეალურად მოსახლეობას დეპუტატისგან.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

დავიბადე და გავიზარდე ახალციხის რაიონში, ამასთანავე დედაჩემი იყო ადიგენის რაიონის სოფელ მოხიდან, სადაც გავატარე ბავშვობის წლები. ორივე რაიონთან მაქვს მჭიდრო კავშირი და ვიცნობ მათ პრობლემებს...

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

იმიტომ, რომ აქაური ვარ, კარგად ვიცნობ აქაურ პრობლემებს და ისინიც მიცნობენ. 1981 წლიდან სულ აქ ვარ. ისეთ უწყებებში ვმუშაობდი... უშიშროების სამინისტროს სამხედრო კონტრდაზვერვის განყოფილებაში, მთელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჩემს ხელში გაიარა 1992 წლიდან 2003 წლამდე. ძალიან ბევრი მიცნობს ადიგენშიც და ახალციხეშიც.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

იმიტომ, რომ მაქვს დიდი გამოცდილება ცოდნა, პოლიტიკური მოღვაწეობის დიდი სტაჟი. კარგად ვიცნობ რეგიონის პრობლემებს.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ვაჟა ჩიტაშვილი(„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

პირველი და უმთავრესი პრობლემა უმუშევრობა; სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის უსამართლოდ გაუქმებული შემწეობა; სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები: სარწყავი წყლის, პროდუქტის შესანახი საწყობების, გადამამუშავებელი საამქროების არ არსებობა; სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გასაღების პრობლემა; სასმელი წყლისა და წყალანირების მოუწესრიგებელი სისტემები; კვლავ პრობლემად რჩება სოფლებში მისასვლელი და შიდა გზების მდგომარეობა; ტურისტული ინფრასტრუქტურის სიმცირე; კულტურული ობიექტების მდგომარეობა; ახალგაზრდობის გადინება დიდ ქალაქებში და სხვა.

ყველა პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი პირობაა ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკა, ჩვენს გუნდს გააჩნია კონკრეტული ხედვა ეკონომიკის განვითარებისათვის, გვაქვს უნარი და შეგვწევს ძალა გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს კარგადაა აღწერილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაში.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩემი ოლქის მოსახლეობას დღეს ბევრი პრობლემა აწუხებს, მაგამ ჩამოვთვლი და გამოვყოფ ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, ესენია : სიღარიბე, უმუშევრობა, არაეფექტური სადაზღვეო სისტემა და გაძვირებული მედიკამენტები, ამორტიზებული და მოუწესრიგებელი გზები, სარწყავი და სასმელი წლის მუდმივი პრობლემა, მოძველებული და ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემა.

ჩემი აზრით ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა ეფექტური მუშაობა და სწორი და შესაბამისი კანონების მიღება, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პრობლემების ეფექტურად მოგვარებას.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

სიღარიბე, უმუშევრობა, საკადრო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ეს პრობლები კომპლექსურია, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია სწორი საკადრო პოლიტიკით...

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

ეს არის სიღარიბე, გამომდინარეობს უმუშევრობიდან ძირითადად, ერთმანეთს მიბმულია; ეს არის ეკოლოგიური პრობლემა და გაზიფიკაცია, ხე–ტყის შენარჩუნებას ვგულისხმობ. ზამთრის პერიოდი ჩვენთან არის 5 თვე, მოსახლეობას შეშა სჭირდება. ადრე რუსეთიდან ვაგონებით შემოდოდა და ძალიან კარგი იქნება თუ აღდგება. საშეშე მერქანი შემოვიდეს რუსეთიდან, რა მოხდა?! რუსეთი აგრესორი არის, მაგრამ მასთან ვაჭრობას ხომ არ გვიკრძალავენ?! ჩვენთვის სასარგებლო თუ იქნება, და რა თქმა უნდა იქნება. როდესაც ნებართვას აძლევენ, ხმელზე აძლევენ ნებართვას, მაგრამ ხშირად ხმელთან ერთად ნედლსაც ჭრიან. მე ვთვლი, რომ გაზიფიცირება ამ პრობლემას დიდი ნაწილით გადაწყვეტს.

აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემები ქალაქში მრავლად არის, „სლოტ კლუბები“. იქ შესული მოთამაშეების უმრავლესობა 95% არის ქრონიკულად დაავადებული ამით და ოჯახებში აქვთ პრობლემები.

შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამას ყურადღებას მივაქცევ. გვყავს შშმ პირები, მათთვის ადაპიტრებული გარემო უნდა შეიქმნეს, ვგულისხმობ პანდუსებს, შენობაში უნდა იყოს ისეთი პირობები, მითუმეტეს საჯარო დაწესებულებებში უნდა იყოს შესაძლებლობა ხელმძღვანელი პირების კაბინეტებში თავად შეძლოს მისვლა.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

რაც საქართველოს ყველა რეგიონშია, იგივე პრობლემებია ჩვენს რეგიონშიც: უმუშევრობა, სოციალური საკითხების მოგვარება და სამართლიანობის დამკვიდრება. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს სამართლიანობის პოვნა, მაგალითად, ადამიანი რომ მიდის სასამართლოში, სამართალს ვერ პოულობს, ამიტომაც არის, რომ საოლქოში და ზემოთ, რაც უფრო მაღლა მივდივართ, უამრავი საქმეა გადასაწყვეტი. ყველა ჩივის მაღალ ინსტანციაში. დაბალ ინსტაციებში ნორმალურად რომ წყდებოდეს საკითხები, მაღლა ვინ გაიქცევა?! უნდა გატარდეს რეგორმები.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში მე უკვე მომიწია კარდაკარის ჩატარება ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. თითოეული დასახლებული პუნქტისა და თითოეული მოსახლის პრობლემები სპეციფიკურია, მათი ჩამოთვლა და გაანალიზება შორს წაგვიყვანს. ჩემთვის კარგად ნაცნობია ეს პრობლემები. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც მაქვს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად, მაქვს და მექნება მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან. ჩვენი გუნდისთვის უცხო არაა დაძაბული სამუშაო გრაფიკი, რაც შესამჩნევი იყო ახალციხის უახლოეს წარსულში. ამდენად ვდებ პირობას, რომ ყველა დაპირება რაც კი დავდე წინასაარჩევნო შეხვედრებისას მაქვს გაანალიზებული და ჩემი გამარჯვების შემდეგ აუცილებლად შესრულდება უახლოეს პერიოდში.

აქვე მოგახსენებთ რამოდენიმე პროექტს რომლებსაც განვახორციელებთ უახლოეს პერიოდში: ახალციხის ისტორიული უბნის „რაბათის“ განვითარების მეორე ეტაპი, კურორტ აბასთუმნის სრული რეაბილიტაცია, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია აბასთუმნიდან დასავლეთ საქართველოსა და ადიგენიდან აჭარის მიმართულებით, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა (წყალსაქაჩების, ტბორებისა და საგუბრების მშენებლობა).

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

ვიქნები სოციალური დაცულობის გარანტი. გავუწევ ზედამხედველობას თვითმმართველობის ხარჯებსა და საქმიანობას. პარლამენტში გავაჟღერებ ოლქის პრობლემებს. ხშირი შეხვედრები მექნება ოლქის მოსახლეობასთან.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

მთავარი საარჩევნო დაპირება არის ის, რომ მთელი შემართებით ვიბრძოლებ სამართლიანობის აღდგენისთვის. ასევე ჩემს ხალხს ვპირდები, რომ პარლამენტში მათი ინტერესების დამცველი ვიქნები და არ დავუშვებ, რომ პარლამენტი იყოს სანოტარო კანტორა. მან უნდა შეასრულოს თავისი მთავარი ფუნქცია (კანონების მიღება და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი). რის განხორციელებასაც შევუდგები პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე...

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

მე ვიქნები ამომრჩეველთა ხშირი ვიზიტორი. მე ამას შევასრულებ. ეს არ იქნება, როგორც ხდებოდა 4 წელიწადში ერთხელ, არჩევნებიდან არჩევნებამდე, წინასაარჩევნოდ რომ გამოჩნდებოდნენ და ისე ითხოვდნენ ხმებს. მე პირობას ვიძლევი, რომ მაგ მითს დავანგრევ. მე ვიქნები ხშირი ვიზიტორი ჩემი ამომრჩევლების, მოვისმენ მათ პრობლემებს და გავახმოვანებ მაღალი ტრიბუნიდან და მივდევ გადაჭრამდე, ვიდრე არ გადაიჭრება.

ვიზრუნებ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ეს არის მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება და სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების გრაფიკი დამოკიდებულია არა მარტო ჩემზე, არამედ სახელმწიფო რესურსებზე. ამგვარად, მე რომ შევადგინო გრაფიკი და ვთქვა, ამ გრაფიკში მოვრჩები, უხერხულია. შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

თვითმმართველობის სრული პოტენციალის გამოსავლენად აუცილებელია პარლამენტისა და მთავრობის მხარდაჭერა, ადგილიდან მიწოდებული ინიციატივების დაკმაყოფილება. სწორედ აქ ვხედავ ჩემს თავს. თანხები დასახული მიზნების განსახორციელებლად უნდა დაიხარჯოს მიზნობრივად და არა ისე როგორც ეს ხდება დღეს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის განსავითარებლად ბოლო წლებში დაიხარჯა ასეულობით მილიონი ლარი და ვერ ვიტყვით, რომ ამ დარგს აქვს რაიმე სერიოზული მიღწევები. მოსახლეობისათვის საჩუქრად გადაცემული „დრუჟბებით“, ცელებით, ურიკებით და ელექტრო ქანჩსაჭერით არც ერთ ქვეყანაში არ აყვავებულა სოფლის მეურნეობა. ჩემს მიერ მოხდება თითოეული თეთრის ხრჯვის მიზნობრიობის მაქსიმალური მონიტორინგი.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

მე ვიმუშავებ აქტიურად ადგილობრივი მუნიციპალიტეტში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა ერთად შევძლოთ არსებული პრობლემების გადაჭრა, მაგრამ როგორც დეპუტატი ვიმუშავებ ისეთ კანონპროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების მოგვარებას და ჩემი დაპირებების შესრულებას.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

ადგილობრივ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებთან ერთობლივი თანამშრომლობით.

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

პრობლემური საკითხების მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერებით ვაპირებ ამ საკითხების მოგვარებას. შეიძლება ის იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, მაგრამ მათ წინაშე დავაყენებ და გავაკონტროლებ, თუ ეს იქნება რომელიმე სამინისტროს გადასაწყვეტი, ან სხვა უწყების, დავაყენებ იქ.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

ყველა საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ გადაწყვეტს, რადგან ზოგიერთ საკითხს სჭირდება დიდი დაფინანსება. მე რომ პარლამენტში ვიქნები უნდა მოვიძიო ეს დაფინანსება. ჩემი წინა პარლამენტში ყოფნის დროს, მე მოვიძიე და ჩემი ძალისხმევით გაკეთდა 8 კილომეტრიანი წყალსადენი, 300 მმ მილით. დღეს ახალციხეს რომ აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება, ეს არის ჩემი დამსახურება. დაფინანსება უნდა გამოგლიჯო ხელიდან ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს ჩემი ინიციატივით, ჩემი ბრძოლით გაკეთდა. ეხლა რომ არის 8–9 მილიარდი, მაშინ იყო 800 მილიონამდე . იმ მომენტში მხოლოდ მე, ახალციხემ და ბათუმმა შეძლეს ის, რომ დაგფინანსება გამოგლიჯეს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ გაგვეკეთებინა ეს წყალსადენი. ეს იყო2004–2008 წლებში.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი სახელმწიფო ჯერ კიდევ მშენებლობისა და დახვეწის პროცესშია, რათქმა უნდა ბევრი ხარვეზი საკანონმდებლო ბაზაში გამოსასწორებელია (მ. შ. ბოლო ოთხ წელიწადში მიღებული ქვეყნის ინტერესებისათვის მავნებლური აქტები). რაც შეეხება ჩემი დაპირებების შესასრულებლად საჭირო ეკონომიკურ რესურს, ამის პოტენციალი გააჩნია ჩვენი ქვეყნისა და საარჩევნო ოლქის თვითმმართველობის ბიუჯეტებს.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

მე ვპირდები ოლქის მოსახლეობას იმას, რისი შესრულებაც შესაძლებელია.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

საკანონმდებლო ბაზა მეტნაკლებად არსებობს, თუმცა პარლამენტის წევრებმა უნდა უზრუნველყონ მისი ეფექტურობა, თავიანთი ობიექტური და პრინციპული მუშაობით...

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

რაიმეს აშენებას, ქარხნის ან ასფალტის გაკეთებას, მე არ ვპირდები არცერთ ჩემს ამომრჩეველს და არც არაფრის ჩუქებას. ჯერ ერთი, არ მაქვს ამის საშუალება და მეორეც, წინასარჩევნო პერიოდში მაგას ვერ დავპირდები, რომ ამას გაგიკეთებთ, რადგან ეს წინასაარჩევნოდ აკრძალულია. რაც შეეხება ამომრჩეველთა მონახულებას, მათ დროდადრო, მათი პრობლემების მოსმენას და ადრესატამდე მიტანას და შემდეგ კონტროლს, ამას რა რესურსიც სჭირდება ეს არის პარლამენტის ხელფასი და შესაბამისად, მე ამას პარლამენტარის ხელფასიდან გავიღებ. არ ვიქნები ჩაკეტილი და დამალული. ვიქნები ძალიან ღია. ჩემთან კომუნიკაცია ჩემს ამომრჩეველს ექნება ძალიან მარტივად.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

კითხვების გამეორებაა... თუ არსებობს ისეთი საკითხები, რასაც სჭირდება მსხვილი დაფინანსება, დიდი ფულის გამოყოფა, მე უნდა ვიბრძოლო, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან გამოვყოთ ეს თანხა. დანარჩენი, წვრილ–წვრილი რაც არის, ამას გააკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, თვითმმართველობები.

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

კანონი სოფლის მეურნეობის სწრაფად და ეფექტურად განვითარების შესახებ. ვფიქრობთ ბევრი კანონი ითხოვს ცვლილებების განხორციელებას, რათა არ შეაფერხოს ქვეყნის სწრაფი განვითარება.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

კანონებს სოციალური და საგადასახადო კუთხით.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

კანონპროექტის ინიცირებას ღრმა ანალიზი ჭირდება, საკითხზე ინტენსიური მუშაობის შემდეგ შეიძლება კანონპროექტის ინიცირება...

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

კანონის რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ვფიქრობ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ ძალიან სერიოზულად თურქეთთან. ეს იქნება ძალიან მომგებიანი ჩვენი რეგიონისთვის. ეს იქნება ნახტომი, პროგრესი ეკონომიკაში. დაუნეგრავი იქნება ეს ყველფერი და წარმოიდგინეთ რა იაფი იქნება. გარდა ამისა, მაქვს იდეა, რომელიც შეეხება ეკოლოგიას და აბასთუმანს. სეზონზე, ძალიან მომრავლებულია ავტომობილების მოძრაობა. აბასთუმნის ხიბლი და მიმზიდველობა იქაურ ჰაერშია, თუ იქ დაბინძურდება ამდენი გამონაბოლქვით, რაღა აბასთუმანი იქნება. მე ამ საკითხს დავაყენებ, რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი. აბასთუმნის შესასვლელთან მოეწყობა სადგომი, პარკირების ადგილი იქნება და მისაღებ ფასში გააჩერებ მანქანას უსაფრთხოდ. ელექტრომობილების პარკი უნდა არსებობდეს აბასთუმანში და მოემსახუროს გადაადგილებისთვის დამსვენებელს. და ეს უნდა იყოს მისაღები ფასი. ეს თუ არ იქნება შესაძლებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში, ეს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს და მე მგონი ძალიან კარგი ინიციატივაა.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

ცალკეული ოლქებისთვის კანონპროექტი არ მიიღება. პროექტი არის ყველა რაიონისათვის და მე მაგალითად აუცილებლად მინდა სამართლიანობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონშიც და საქართველოშიც, რეფორმები გატარდეს სასამართლოსა და პროკუტარურაშიც. ამდენად, მე მგონი ყველაფერი დარეგულირდება.

კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო დაპირებებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით. ეს საკითხი ჩვენ არაერთხელ წამოვწიეთ ბოლო ოთხ წელიწადშიც.

პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებისათვის წარვადგინეთ 200000 ადამიანის ხელმოწერაც, მაგრამ უმრავლესობის მიერ საერთოდ იგნორირებულ იქნა აღნიშნული საკითხი. ვფიქრობთ, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, რადგან პროპორციული სისტემა უფრო ასახავს ამომრჩევლის ნებას.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

ვფიქრობ, რომ არა, რადგანაც ყველა ოლქს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში.

ნიკოლოზ ინასარიძე ("პატრიოტთა ალიანსი")

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ვემხრობი, პირიქით, სისტემა უნდა დაიხვეწოს.

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

მე ვფიქრობ, რომ უნდა გაუქმდეს. ეს წინასაარჩევნო დაპირება იყო ჩვენიც, როდესაც კოალიციაში ვიყავით, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატებისაც“. პოლიტიკას ქვეყანაში უნდა აწარმოებდნენ პოლიტიკური პარტიები და შესაბამისად ამომრჩეველი მათი გუნდის კომპეტენტურობის, პატრიოტობის და ყველაფრის მიხედვით პროგრამის მიხედვით უნდა ახდენდეს არჩევანს არჩევნების დროს.

მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში მმართველ პარტიას უჩნდება შანსი მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე პროცენტულობით ამოირჩია ამომრჩეველმა. ამიტომ, აქედან გამომდინარე, სამართლიანი გადანაწილება რომ იყოს ხმების, მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში არ უნდა არსებობდეს.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გაუქმდეს. მაგალითად მოგიყვანთ ბალტიისპირეთის ერთერთ ქვეყანას, სადაც გააუქმეს მაჟორიტარული სისტემა და მერე მაჟორიტარებმა იჩივლეს და საკონსტიტუციო სასამართლომ გაუუქმა. ეს არის ადამიანების უფლებების დარღვევა, მე არ მიდა არცერთ პარტიაში ყოფნა, მაგრამ მინდა მთავრობაში. კომუნისტებმა მოიფიქრეს, რომ დაარქვეს პარტიულთა და უპარტიოთა ბლოკი, ანუ იმათ მისცეს საშუალება, რომ მწველავიც კი ყოფილიყო თანამომაწილე ამ ხელისუფლებაში. ეს რომ მოხდეს, რომ გაუქმდეს, დამერწმუნეთ, რომ იქნება რეგიონები, სადაც ერთი დეპუტატიც კი არ ეყოლებათ. ან ძალით უნდა შეიყვანო პარტიაში. ხომ შეიძლება რეგიონში არ იყოს არცერთი პარტის წევრი, მაშინ რეგიონი უნდა იყოს დეპუტატის გარეშე?! ეს ხომ შეუძლებელია. მე ვფქირობ, რომ სულ თბილისიდან და ცენტრალური ქალაქებიდან იქნება წარმომადგენლები. ამის გამო არ მინდა გაუქმდეს ეს სისტემა.

კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში და ამ შემთხვევაშიც აუცილებლად განვახორციელებ ჩემს დაპირებებს შეუპოვარი ბრძოლისა და მუშაობის შედეგად.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩემი არჩევის შემთხვევაში პარლამენტში, თუკი მე ოპოზიციაში ვიქნები ხელისუფლებას შევთავაზებ რეალურ და ეფექტურ გზებს თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემები.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

ჩემი დაპირებების განხორციელებას შევეცდები საპარლამენტო ხმის უფლების სრული გამოყენებით.

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

ვეცდები დავარწმუნო კოლეგები საკითხის აქტუალობაში და მოვიპოვო მხარდაჭერა. ეს იქნება ჩემი მუშაობა ამ მიმართულებით.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

მე არ ვაპირებ ოპოზიციაში ყოფნას. გარდა მაგისა, თუ საკითხს სწორად დააყენებ, არამგონია რომ მის წინააღმდეგ ვინმე წავიდეს.

კითხვა 9: გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენს გუნდს გააჩნია კონკრეტული ხედვა ეკონომიკის და სხვა დარგების განვითარებისათვის, რაც აღწერილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაში. გვაქვს უნარი და შეგვწევს ძალა გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა მუშაობის პერიოდში მექნება ინიციატივები ინდივიდუალურად ჩვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

მექნება.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

აუცილებლად.

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

ეს არის საშუალო ფენის შექმნის იდეა, რომლიც დღეს არ არსებობს. არის ღარიბები ძალიან ბევრი და არცთუ ბევრი მდიდარი. მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით, დაბალპროცენტიანი, მრავალწლიანი სესხებით. სესხის დაფარვა არ უნდა იწყებოდეს იმ წელსვე და ეს უნდა იყოს კარგად გათვლილი წარმოდგენილი გეგმის და იდეის და არ უნდა ახრჩობდეს სესხის მიმღებს. ეს უნდა იყოს 15–20–25 წლიანი.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

ეს არის აქსიომა. თუ მთავრობას და ხელისუფლებას უნდა, რომ სამუშაო ადგილები გაზარდოს და უმუშევრობა შეამციროს, აუცილებლად უნდა გაზარდოს საშუალო და მცირე ბიზნესი, მიღებული უნდა იქნეს სათანადო კანონპროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას. ამ განვითარებით აღმოიფხვრება ან მინიმუმამდე დავა უმუშევრობა.

კითხვა 10: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე გახლავართ იმ საარჩევნო ოლქის მკვიდრი, სადაც ვიყრი კენჭს. დღეის მდგომარეობითაც ვარ ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი. არასდროს მოსახლეობას არ ჰქონია ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩემი საკონტაქტო მონაცემები არავისთვის არ არის საიდუმლო. როგორც დღეს ვარ მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში ასევე გავაგრძელებ შემდგომშიც. გავხსნი დამატებით ბიუროს ადიგენშიც.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩემი პარლამენტარობის შემთხევაში ამომრჩეველთან მექნება ყოველდღიური კომუნიკაცია, მე ვიქნები მათი ხმა პარლამენტში.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

კომუნიკაციას აუცილებლად გავაგრძელებ როგორც პირადი შეხვედრებით, ასევე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საშუალებით.

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

პარლამენტის სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე მაქსიმალური სიხშირით. შეიძლება ყოველდრე ვერ ჩამოხვიდე, რადგან პლენარული და ბიუროს სხდომები მიმდინარეობს, ყველაფერს ვერ გააცდენ. როდესაც ამის საშუალება შეიქმნება, ჩამოვალ, აწყურიდან დავიწყებ და ადიგენის ყველაზე მაღალმთიან სოფლებში ავალ. ყველას მოვინახულებ.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

თუ სესიების კვირა არ არის, აუცილებლად მექნება კომუნიკაცია ამომრჩევლებთან.

კითხვა 11: არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ამ საკითხზე არ მიფიქრია. არაფერია გამორიცხული, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მექნება გარანტია ჩემი წინასაარჩევნი დაპირებების განხორციელების.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

არა, რადგან მინდა, რომ ბოლომდე ვიბრძოლო ჩემი ოლქის ამომრჩევლის ინტერესების დასაცავად.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

სადაც ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მოტანას შევძლებ, ჩემი ადგილიც იქ იქნება.

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

არა, მე ვიქნები დეპუტატი, მე რასაც ვპირდები, როგორც დეპუტატმა, უნდა გავაკეთო.

ნუგზარ პარუნაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი)

შესაძლებელია! თუ მხარეს დასჭირდება ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ჩემი ენერგია.

კითხვა 12: რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯებისა და ბარიერების გაუქმება.

კობა გორგოძე (საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)

პროფესიონალი კადრები, და არა ნეპოტიზმი.

ნიკოლოზ ინასარიძე („პატრიოტთა ალიანსი")

ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად ვთვლი, რომ მისი კადრები უნდა შეირჩეს ცოდნის, გამოცდილების, პატიოსნებისა და პრინციპულობის საფუძველზე.

შალვა გოგოლაძე („თავისუფალი დემოკრატები“)

ვთვლი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში, კერძოდ საკრებულოებში დეპუტატთა რაოდენობა არის დიდი, თითქმის ორჯერ დიდი. ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ყავდეს მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატები, განსხვავებით პარლამენტისა. ჩემი შეხედულებით 15 დეპუტატი სრულიად საკმარისია. პარტიული სიით წარმოდგენი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი