ხაშურის საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულია ხაშურის მერობის 8 კანდიდატი.

რამაზ ნოზაძე (საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი), ილია კაპანაძე (საინიციატივო ჯგუფის წარდგენილი), გიორგი ბერიძე (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო"),  ნატო კიკაძე (საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“),  გიორგი გურასპაშვილი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), აკაკი ჩიტაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), გიორგი მახათაძე (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ლაშა გელაშვილი (

საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“)

ფაქტ-მეტრი ყველა მათგანს დაუკავშირდა და ინტერვიუს ძირითადი საკითხები გააცნო, რამდენიმე მათგანი ჩაწერას დათანხმდა, ზოგიერთმა კი, დაპირების მიუხედავად, კითხვები უპასუხოდ დატოვა. ფაქტ-მეტრი გთავაზობთ ხაშურის მერობის კანდიდატების - გიორგი გურასპაშვილის, გიორგი მახათაძის და ნატო კიკაძის ინტერვიუებს.

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?   გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

ამომრჩეველმა ჩემს კანდიდატურაზე უნდა შეაჩეროს არჩევანი იმიტომ, რომ მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით რა გამოწვევის წინაშე დგას მუნიციპალიტეტი, მისი მოსახლეობა და გვაქვს მათი მოგვარების რეალური გეგმა.

გიორგი მახათაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე კარგად ვიცნობ ჩემ მუნიციპალიტეტში  არსებულ პრობლემებს.  ჩემი სამსახურიდან გამომდინარე პირადად მაქვს შესწავლილი პრობლემები, ამიტომ სხვა კანდიდატებთან  შედარებით მაქვს დიდი უპირატესობა   მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის და პრობლემების ადგილზე შესწავლის ხარჯზე.

ნატო კიკაძე (ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“)

ვთვლი ჩემს კანდიდატურაზე არჩევანს შეაჩერებენ ის ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მე გახლავართ სამართლიანი, გულწრფელი და კომუნიკაბელური პიროვნება, მე ფრიად მაწუხებს ჩემი რაიონის პრობლემები.

  ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?   გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

მთავარი დაპირებაა, რომ მომავალი წლიდან დაიწყება წყალმომარაგების, კანალიზაციის ქსელის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ამჟამად, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. ამის შემდგომ დაიწყება ქუჩების მოასფალტება და ტროტუარების მოწყობა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება სოფლად წყალმომარაგება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღდგება ზემო სერის პარკი, მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება კულტურის სახლის რეაბილიტაცია, გაგრძელდება სპორტული მოედნების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა.

გიორგი მახათაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

პრობლემაა სასმელი წყალი, უმუშევრობა, კულტურისა და დასვენების ზონების სიმცირე, კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ქვიშხეთისა და სურამის კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარება.

ნატო კიკაძე (ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“)

ჩემი ოლქის ამომრჩევლებს უამრავი პრობლემა აქვთ. ეს არის საზოგადო თუ პირადული. მათ შორის, რამდენიმეზე დავკონკრეტდები: ა) თითქმის ყველა სოფელში სასმელი წყლის პრობლემა. კანალიზაცია და წყალ-გაყვანილობა, საწრეტი არხები; ბ) სოფლებში მისასვლელი გზები სავალალო მდგომარეობაშია. განსაკუთრებით ქალაქიდან დაშორებულ სოფლებში; გ) დიდი პრობლემაა ბუნებრივი გაზის უქონლობა სოფლებში, განსაკუთრებით სურამის სოფლებში; დ) უდიდესი პრობლემა აქვთ რაიონში იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებიც ამაოდ ითხოვენ დაბალ პროცენტიან შეღავათებს; ე) უკმაყოფილებაა მოქალაქეების ვინც დაკარგეს სოციალური დახმარება.

ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, საჭიროა, გამოთავისუფლდეს გადატვირთული ბიუჯეტი. გადაისინჯოს სოციალური სტატუსების ადეკვატურობა.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? (გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი).   გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

ვიზრუნებთ მრავალბინიანი სახლების კეთილმოწყობაზე. გაგრძელდება ამბულატორიების მოწყობა სოფლად, აშენდება საბავშვო ბაღები იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ამის საჭიროება დგას. აშენდება ხაშურის ცენტრალური სტადიონი (პროექტი დამზადებულია და გადაცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის) იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით მომდევნო წელს აშენდება იუსტიციის სახლი. ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით მომდევნო წლიდან დაიწყება სურამში და ქვიშხეთში გზების მასშტაბური მშენებლობა და სკვერების მოწყობა. დაიხვეწება სოციალური პაკეტები და ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ინიციატივებს.

ნატო კიკაძე (ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“)

ჩემი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები გამომდინარეობს თითოეული მოქალაქის პრობლემებიდან და მათი ნება-სურვილიდან. მერიის ბიუჯეტიდან გამოვყოფ ფონდს, რომელიც იქნება ადგილობრივი საავადმყოფოს დაფინანსება, პირველადი დახმარებისთვის.

გავატარებ ღონისძიებებს მრავალშვილიანი ოჯახების და მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად. უყურადღებოდ არ დამრჩება არცერთი წარმატებული მოსწავლე და სწავლას მოწყურებული ადამიანი. ჩემი დაპირებების შესრულება დაიწყება პირველივე დღიდან. გავაუქმებ კაბინეტურ სისტემას. მეტი კომუნიკაცია და მსჯელობა  ხალხთან ერთად.

  არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)   გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

სამი წლის განმავლობაში მქონდა მჭიდრო ურთიერთობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. ვპასუხობ ყველა სატელეფონო ზარს და ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩემი ნახვა სამუშაო ოთახში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება ურთიერთობა ამომრჩეველთან.

გიორგი მახათაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ვიქნები მაქსიმალურად გახსნილი, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას  მათ შორის სოციალურ ქსელსაც. დავგეგმავ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე,  მოსახლეობისათვის წინასწარ ცნობილი გრაფიკით. ასევე მექნება მიღების დღეები სამუშაო ადგილზე.

ნატო კიკაძე (ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“)

ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებთან შეხვედრებს დავგეგმავ მათი პრობლემებიდან გამომდინარე. ვიქნები მათთან გახსნილი და ხელმისაწვდომი. მე კარგად ვხედავ მათ პრობლემებს და გულის ტკივილს.

  თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა ქალაქსა და სოფლებში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რამდენ დასახლებას/სოფელს აწუხებს ეს საკითხი და თქვენ რას პირდებით მათ?   გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

ამ ეტაპზე სრულდება გაზიფიცირება ქვიშხეთის და გომის ადმინისტრაციულ ერთეულში. დასრულდა პროექტირება და წელსვე იწყება გაზიფიცირება წაღვლი, ფლევის და ალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელში. მომდევნო წელს დასრულდება გაზიფიცირება მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებშიც.

გიორგი მახათაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ქალაქისა და სოფლების გაზიფიცირება ძირითადად წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო და მოიცვა რაიონის მოსახლეობის დაახლოებით 60%.  ამჟამად კვლავ  მოუგვარებელია გაზიფიცირების პრობლემა მთელ რიგ სოფლებში: წრომი, ახალშენი, აძვისი, ალი, ნაბახტევი, ბრილი, ქინძათი, დუმაცხოვრი, მცხეთიჯვარი, კლდისწყარო, აძვისი, ახალუბანი, უწლევი, ცოცხნარა,ქემფერი, ოძისი, ცივწყარო, ცედანი, წაბლოვანა. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში შევძლებ ზემოთ აღნიშნული სოფლების გაზიფიცირებას  შესაბამის სამსახურებთან ერთად.

ნატო კიკაძე (ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“)

გაზიფიცირებასთან დაკავშირებით უამრავი სოფელია უკმაყოფილო. მე ვაპირებ ყველა სოფელში ამ პრობლემის აღმოფხვრას, 21 საუკუნეში უგაზოდ ყოფნა შეიძლება?

  თქვენს მუნიციპალიტეტში სად არის ყველაზე დაზიანებული გზა ამ დროისათვის და მერობის შემთხვევაში, რა ვადებში ფიქრობთ მათ აღდგენა-რეაბილიტაციას?   გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

ამ დროისათვის გზა ყველაზე მეტად დაზიანებულია სოფელ ტეზერში, სავანისუბანში და სათივეში. დაზიანება გამოიწვია გაზიფიცირების სამუშაოებმა და პრობლემა მოგვარდება უახლოეს დღეებში. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მოასფალტდება სოფლებამდე მიმავალი გზები.

გიორგი მახათაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მუნიციპალიტეტში გზების პრობლემა დგას მწვავედ. კარგად უნდა განისაზღვროს, რომელი გზა არის ყველაზე პრიორიტეტული, რომელი გზის მოწესრიგებაა შესაძლებელი არსებული მატერიალურ ტექნიკური პოტენციალით. გზები დაზიანებულია როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. ვადის განსაზღვრა ამ ეტაპისათვის შეუძლებელია.

ნატო კიკაძე (ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“) დაზიანებული გზების საკითხს რაც შეეხება, ვერ დავკონკრეტდები, რადგან უამრავია ასეთი დასახლებები და სოფლები (ხაშურში ჭალის უბანი, ღუდის დასახლება, შინდარა, ქიმერიძეების უბანი. სოფლები: ქვიშხეთი, ტეზერი, ბეკამი, ცოცხნარა, ქემფერი, ბიჯნისი). ვფიქრობ. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ხარჯების სწორად  და ეფექტურად განკარგვის შემთხვევაში, პირველივე დღიდან.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი