ინტერვიუ გორის მერობის კანდიდატებთან – რას პირდებიან ისინი ამომრჩეველს
კოტე თავზარაშვილი
ქართული ოცნება
დავით მახნიაშვილი
ევროპული საქართველო
ნანა ხიზანიშვილი
სახალხო - ხალხის ერთსულოვნება
რევაზ კახნიაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დავით ონიაშვილი
შენების მოძრაობა
თამარ ზურაბაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
უკატეგორიოდ
1148 ნახვა
A+
A
A-

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე გორის მერად კენჭს 9 კანდიდატი იყრის.

  1. დავით მახნიაშვილი (“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)
  2. იოსებ სოსიაშვილი (“კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)
  3. რევაზ კახნიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)
  4. თამარ ზურაბაშვილი (“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)
  5. დავით ონიაშვილი (“შენების მოძრაობა”)
  6. სოფიკო აფრიაშვილი („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო”)
  7. ალიკო ლურსმანაშვილი („სოციალისტური საქართველო – კომუნისტები”)
  8. კონსტანტინე თავზარაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
  9. ნანა ხიზანიშვილი (“სახალხო – ხალხის ერთსულოვნება”)

 

ფაქტ-მეტრთან ინტერვიუზე თანხმობა მხოლოდ 5-მა განაცხადა. დანარჩენებმა კი ჩვენ კითხვებზე პასუხების გაცემას თავი აარიდეს. აქედან ერთ-ერთის, “ქართული ოცნების” კანდიდატ კოტე თავზარაშვილის პოზიციები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრმა კანდიდატთა საერთო შეხვედრიდან მოიპოვა.

 

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?

 

დავით მახნიაშვილი  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

საკუთარ თავზე ცოტა რთულია ლაპარაკი ერთი კი ვიცი მე ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნები ჩართული მოსახლეობის იმ ყოფითი პრობლემების  მოგვარებაში რაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ ან არ მოუგვარეს მათ. ერთხელ და საბოლოოდ უნდა მოვიდნენ თვითმართველობაში ის ადამიანები ვისთვისაც ქალაქიც და რაიონიც იქნება პრიორიტეტი.

ნანა ხიზანიშვილი  (“სახალხო – ხალხის ერთსულოვნება”)

იმიტომ,  რომ კარგად ვიცნობ გორის და გორის რაიონის  მოსახლეობის პრობლემებს და სურვილი მაქვს დავეხმარო გორის და გორის რაიონის მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში, რის საშუალებასაც ადგილობრივი ბიუჯეტი მომცემს, თითოეული  თეთრი დაიხარჯება მიზანმიმართულად.

თამარ ზურაბაშვილი  (“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)

ვფიქრობ ამომრჩეველმა არჩევანი ჩემზე უნდა შეაჩეროს იმიტომ, რომ ვარ ქალი, აქამდე ქალი მერი გორს  არ ჰყოლია. ვარ ასაკით ახალგაზრდა და მეტ-ნაკლებად ვიცნობ  გორში არსებულ პრობლემებს როგორც ახალგაზრდა თაობაში, ისე ყველა თაობაში.

რევაზ კახნიაშვილი  („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

მე წლებია გორში ვცხოვრობ და კარგად ვიცი რა ჭირდება ჩვენს მოსახლეობას, 2011-12 წლებში ვიყავი შიდაქართლის გუბერნატორის მოადგილე და უშუალო შეხება მქონდა ხალხთან და მათი პრობლემები კარგადაა ნაცნობი ჩემთვის.

დავით ონიაშვილი  (“შენების მოძრაობა”)

ჩემი გამგებლობის პერიოდში, 3 წლის მანძილზე, უამრავი ინოვაციური პროექტი გვაქვს დაწყებული, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობები დამყარებული და ამას აუცილებლად გაგრძელება უნდა, რადგან ეს ყველაფერი მიმართულია გორის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე, ახალგაზრდების განათლებაზე და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ დავასრულეთ 600-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი გორის სოფლებში დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები, ანუ გაკეთებული საქმეების წონიდან გამომდინარე ვარ სხვა კანდიდატებისგან გამორჩეული, რომლებზეც გადაწყვეტილებებს უშუალოდ მე დავით ონიაშვილი ვიღებდი.

კონსტანტინე თავზარაშვილი  („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)

პასუხი არ არის.

 

როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)

 

დავით მახნიაშვილი  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ახლანდელი მერის საქმიანობას შევაფასებდი უარყოფითად. ჯერ იმის გამო, რომ არჩევნების შემდეგ მან დაკარგა მოსახლეობასთან  კონტაქტი, იმ ხალხთან ვინც ის აირჩია. კაბინეტიდან ნამდვილად არ ჩანს ის პრობლემები რაც გორს აქვს. მარტო ქალაქის მერზეც არ შეიძლება ცუდი ითქვას, საკრებულოსთან შეუთანხმებლობაც ბევრ რამეს აფუჭებდა რაც ერთიანობაში აისახებოდა გორზე.

ნანა ხიზანიშვილი (“სახალხო – ხალხის ერთსულოვნება”)

მერის მოღვაწეობას  ვაფასებ უარყოფითად, იმის გამო, რომ 4 წლის განმავლობაში ქალაქის პრობლემები დღემდე  არ მოგვარებულა.

თამარ ზურაბაშვილი  (“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)

შეფასებების თვალსაზრისით  საშუალო შეფასებას მივცემდი. როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ საქმიანობაში (კონკრეტიკისგან თავს შევიკავებდი).

რევაზ კახნიაშვილი  („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

მოქმედი მერი არაა დღეს თავისუფალი, როდესაც ქალაქ გორს თვითმმართველობის სტატუსი წაართვეს “ქართული ოცნების” წევრებმა, მან შეშფოთების დონეზეც კი არ გააპროტესტა. თავისი უფლებამოსილების ვადა საკუთარ ოთახში გაატარა და მოსახლეობას დაშორდა, რაც ასახულია კიდევაც მის დღევანდელ რეიტინგში.

დავით ონიაშვილი (“შენების მოძრაობა”)

მე ჩემი კოლეგების საქმიანობის შეფასებისგან თავს შევიკავებ.

კონსტანტინე თავზარაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)

პასუხის გარეშე.

 

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

 

დავით მახნიაშვილი  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

გორში ბევრი პრობლემაა: 1) პირველ რიგში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოშლილი სანიაღვრე სისტემა რაც პატარა წვიმის დროსაც ნათლად ჩანს. 2) შიდა გზები ამორტიზირებულია, ასფალტის საფარი ზოგან საერთოდ არ არის. 3) ქალაქში ამ ბოლო დროს არის მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, რაც ქალაქის მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის. 4) ასობით ადამიანს მოუხსნეს სოციალური დახმარება. 5) სადგურის დასახლებაში ეგრეთ წოდებულ ელექტროფიკაციაში არ არის გაზიფიცირება, აქვთ სასმელი წყლის პრობლემა. 6) 6 წლამდე ბავშვებისათვის არ არსებობს კომბინირებული მოედნები.

ნანა ხიზანიშვილი  (“სახალხო – ხალხის ერთსულოვნება”)

1) გადატვირთული საბავშვო ბაღების პრობლემის მოგვარება. 2) უპოვართა სასადილო. 3) დასაქმების პრობლემა ინვესტორების მოზიდვის გზით. 4) ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრებისთვის პირობების შექმნა, რასაც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მოვაგვარებ. 5) ქალაქის გამწვანება და ჰიგიენა.

თამარ ზურაბაშვილი  (“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)

ძირითადი პრობლემა და ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის დაკარგვაა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მოსახლეობას შორის. სოციალური პრობლემა, უმუშევრობა, უიმედობა. ჩამონათვალთა სია დიდია.

რევაზ კახნიაშვილი  („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

მოსახლეობას პრობლემები უამრავი დაუგროვდა, რამდენიმეს გამოვყოფდი: უამრავ ადამიანს მოუხსნეს სოციალური შემწეობა, დღემდე მოუგვარებელია სასმელი და სარწყავი წყების პრობლემა. სამუშაო ადგილები არ შექმნილა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მეტ დაცულობას ითხოვს კომპლიქტისპირა სოფლები. ბუნებრივი აირია შესაყვანი დღემდე უამრავ სოფელში და სხვა. როგორ ვაპირებ მოგვარებას? ჩემს გუნდთან ერათად მიზანმიმართულად დაიგეგმება და დაიხარჯება გამჭვირვალედ ბიუჯეტი, მოვიძიებთ დონორ ორგანიზაციებს პროექტების დასაფინანსებლად, საგრძნობლად შევამცირებთ პრემია დანამატების გაცემას და მეტიწილი ბიუჯეტი სოციალურ პროგრამებში გადანაწილდება.

დავით ონიაშვილი (“შენების მოძრაობა”)

პირველი და უმთავრესი ეს არის დასაქმების პრობლემა, რომლის მოგვარება ჩვენი მხრიდან უკვე დაწყებულია. უკვე 6 თვეა შემოყვანილია ინვესტორთა ჯგუფი და მათთან ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს.

ინფრასტრუქტურული საკითხები, წყალი ისეთი თემაა, რომ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. წარმოუდგენელი იყო ამ მოკლე დროში ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, 50 კილომეტრამდე მხოლოდ მილია ჩადებული და ახალი სისტემები მოწყობილი. ორწელიწადნახევარში ეს ძალიან დიდი ციფრია. 20 ათას მეტრამდე ამოიცვალა ამორტიზებული ძველი სისტემებიდან მილები და გზების საკითხია კიდევ პრობლემური, რომლის მოგვარებაც დაწყებულია და გამარჯვების შემთხვევაში გავაგრძელებ. მომდევნო ოთხ წელიწადში მაქსიმალურად შევძლებთ მოვასწროთ მათი მოგვარება.

კონსტანტინე თავზარაშვილი  („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)

ინფრასტრუქტურა, დასაქმება და ტურიზმის ხელშეწყობა. აუცილებელია მინი ქარხნების მოწყობა, სადაც დასაქმდებიან ადამიანები და ჩვენი ხელისუფლება იცით რომ ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და  სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ადამიანები სხვა ადამიანებსაც ასაქმებენ. საჭიროა ასევე სოფლებსა და ქალაქში დამატებით საბავშვო ბაღების მშენებლობა, რაც გარკვეულ უხერხულობას უქმნის მშობლებს ქალაქშიც და სოფლებშიც. აუცილებელია სოციალური პროგრამების ხელშეწყობაც. ის მიმართულებები არა, რასაც უკვე სამინისტრო ახორციელებს, საჭიროა ქალაქზე მორგებული პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

 

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის და როგორ აპირებთ მათ შესრულებას?(გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? (გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი)

 

დავით მახნიაშვილი  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ჩემი წინასაარჩევნო დაპირება არის ის, რომ მე ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნები ჩართული ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებაში ყოველდღიურად მექნება მოსახლეობასთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, შესრულდება ყველა ის დანაპირები, რასაც ჩვენ – “ევროპული საქართველო” ვპირდებით ამომრჩეველს.

ნანა ხიზანიშვილი  (“სახალხო – ხალხის ერთსულოვნება”)

ჩემ მიმართ მხარდაჭერის და გამარჯვების შემთხვევაში, გორის და გორის რაიონის მოსახლეობას ბევრ სიახლეს ვპირდები, რასაც მოსახლეობა წინასაარჩევნო პროგრამიდან შეიტყობს. ამ ყველაფრის განხორციელებას ვაპირებ ჩემი მერად ყოფნის  პერიოდში.

თამარ ზურაბაშვილი  (“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)

აღვადგენ კომუნიკაციას  გორის მთავრობასა და ამომრჩეველს შორის. დავარეგულირებ გაზრდილ სატრანსპორტო ხარჯებს მერიის თანამშრომლებისათვის. ჩემი პრიორიტეტია საპატიო მოქალაქეების ცოდნის და შესაძლებლობების გამოყენება, კადრების შერჩევის პერიოდში და მუნიციპალიტეტის მართვის საქმიანობაში. ყურადღება მექნება იმ ყველაფრის მიმართ, რაც წაადგება მერიას და გორს. სოციალური პრობლემების მოგვარებას ვგეგმავ, მერიის შესაძლებლობების ფარგლებში, კანონიდან გამომდინარე. ახალგაზრდობის პრობლემებია მოსაგვარებელი და მათი ჩართულობის გაზრდა ქალაქსა და თემში, რასაც აუცილებლად გავაკეთებ გამარჯვების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, გეგმა და ჩამონათვალთა სია დიდია, რაც მთავარია ჩემი და პარტიის დაპირება ფუჭი არ იქნება. გადაჭრის ვადებზე საუბარი, ცოტა არ იყოს ამ წუთას ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ვფიქრობ ნაადრევი იქნება.

რევაზ კახნიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

გორის ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს ამომრჩეველთან შეთანხმებით და უნდა იხარჯებოდეს გამჭვირვალედ. საგრძნობლად უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები, უნდა განახლდეს მუნიციპალური ტრანსპორტი. რაიონში აუცილებელია დამატებით 6, ხოლო ქალაქში 3 საბავშო ბაღის აშენება. ეს მცირე ჩამონათვალია რის გაკეთებასაც ჩემი არჩევის შემთხვევაში ვაპირებ, ეს პრობლემები 3-4 წლის განმავლობაში მოგვარდება.

დავით ონიაშვილი (“შენების მოძრაობა”)

დაპირებების შესრულების ვადები, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან გამომდინარე იქნება და იქ იქნება გაწერილი. რაც შეეხება დაპირებებს და პროგრამას ამ ეტაპზე მათი გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, რომ არ მოხდეს შემდეგ სხვა კანდიდატების მხრიდან მათი გადაკოპირება. მაგრამ თამამად შემიძლია დავასახელო ის საქმეები და ის ინოვაციები, რაც უკვე დაწყებული და მიმდინარეა, ჩემი ხელმძღვანელობით და გაგრძელდება ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში. ჩვენ ვიცით როგორ დავიწყოთ საქმე, ჩვენ ვიცით როგორ გავაკეთოთ კარგად და როგორ მოვემსახუროთ ჩვენ მოსახლეობას მაღალი ხარისხით. დაწყებაც ვიცით, გაგრძელებაც ვიცით და დაგვირგვინებაც ვიცით.

კონსტანტინე თავზარაშვილი (“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იქნება უფრო გამჭვირვალე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენი ქალაქისათვის, ჩვენი გორისათვის, რადგან მოსახლეობის აზრი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი. სწორედ მოსახლეობისგან წამოსული აზრების გათვალისწინება მოხდება იმ ბიუჯეტში, რომელიც ალბათ ყველაზე გადამწყვეტი იქნება ჩვენი გორისათვის. სწორედ ამას ვპირდები ამომრჩეველს, რომ მათ გარეშე არცერთი საკითხი არ გადაწყდება. იცით, რომ თვითმმართველობის კანონი შეცვლილია და მერს არ შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს რაღაც გადაწყვეტილებები და მას ჰყავს თავისი მთავრობა და თქვენგან წამოსული საკითხები ამ მთავრობასთან კოლეგიალურად იქნება განხილული და შემდეგ წარდგენილი საკრებულოზე. თქვენი ეს დიდი ჩართულობა მე მომცემს ძალას.

 

არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)

 

დავით მახნიაშვილი  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

არჩევის შემთხვევაში ნამდვილად არავის დასჭირდება წინასწარ ჩაწერა ჩემთან შესახვედრად, მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვინც მანდო გორისა და გორის რაიონის მანდატი, რათა აკეთო ის, რისი ვალდებულებაც აიღე მათ წინაშე. უნდა მოხდეს ახალგაზრდების აზრის გათვალისწინებაც მათი პოტენციალის გამოყენება.

ნანა ხიზანიშვილი (“სახალხო – ხალხის ერთსულოვნება”)

ვაპირებ ხალხთან ვიყო  ყოველდღიურ ურთიერთობაში, მივიტანო გულთან მათი პრობლემები და არ ვაპირებ მათ პრობლემებს თავი ავარიდო.

თამარ ზურაბაშვილი (“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)

მოქალაქეებთან პირდაპირი და უშუალო ურთიერთობა მექნება.

რევაზ კახნიაშვილი (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ამომრჩეველთან შეხვედრებს სისტემატიურად ვგეგმავ გამარჯვების მერე, როგორც რაიონში, ისე ქალაქში. მე თვითონ ვაპირებ სიარულს მოსახლეობასთან, გარდა ამისა, ვგეგმავ კვირაში ერთი დღე ამომრჩეველთან შეხვედრებზე გამოვყო გორშიც, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების დასწრებით, რათა ოპერატიულად შევძლოთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარება.

დავით ონიაშვილი (“შენების მოძრაობა”)

ტრადიციად იყო რომ ქალაქის ხელმძღვანელს კვირაში ერთი დღე მოქალაქეთა მიღების დღედ უნდა ჰქონოდა გამოყოფილი 3-4 საათის განმავლობაში. დანარჩენი დღე დახურული და ხელმიუწვდომელი იყო მოქალაქეებისთვის. ჩემი გამგებლობის პერიოდში ეს წესი, რა თქმა უნდა, დარღვეულ იქნა. ნებისმიერ დღეს ვიღებ მოქალაქეს და უფრო მეტიც, როცა საჭიროა მე მათთან ადგილზეც მივდივარ, რომ ჩემი თვალით ვნახო მისი ესა თუ ის პრობლემა. ჩემი სამსახურში ყოფნის შემთხვევაში პირადად ვხვდები მოქალაქეს, თუ ადგილზე არ ვარ დავალებული მაქვს როგორ უნდა მოაგვარონ ამა თუ იმ მოქალაქის ესა თუ ის საკითხი. ისე რომ, აქ შემოსული ადამიანი უპასუხოდ არასოდეს გადის. არ არის აუცილებელი მერი პირადად შეხვდეს მოქალაქეს, მთავარია რომ ის საკითხი გაარკვიოს რის შესახებაც მიმართავს ხელისუფლებას. ასე იქნება ჩემი მერობის შემთხვევაშიც.

კონსტანტინე თავზარაშვილი  („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)

მოქალაქეებთან ურთიერთობაზე უკვე მოგახსენეთ და ეს არის ჩემი ერთ-ერთი დაპირება, რომ მაქსიმალურად ჩართულები იქნებიან მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტის პროცესში მოქალაქეები და მუნიციპალიტეტი იქნება გამჭვირვალე.

 

თქვენი ინფორმაციით, რა მდგომაეობაა ქალაქსა და თემში გაზიფიცირებასთან და სხვა სახის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რამდენ დასახლებას/სოფელს აწუხებს ეს საკითხი და თქვენ რას პირდებით მათ?

 

დავით მახნიაშვილი  („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა გორის რაიონის 80%-ს აწუხებს. გაზიფიცირება როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს გრაფიკით, რაც ხდება, ჩემი აზრით, ნელ ტემპში. ამიტომაც საჭიროა დაჩქარება რათა მოსახლეობა ზამთარს შეხვდეს მზად.

ნანა ხიზანიშვილი (“სახალხო – ხალხის ერთსულოვნება”)

ქალაქი გაზიფიცირებულია, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაჭრილია. ხოლო რაც შეეხება რაიონს, ბევრი თემი დღესაც ბუნებრივი აირის გარეშეა, რაც ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი მოსაგვარებელი საკითხი იქნება.

თამარ ზურაბაშვილი  (“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე თემში არსებობს როგორც გაზიფიცირების პრობლემა, ასევე სხვა უამრავი პრობლემა. მათი მოგვარებისათვის, ვფიქრობ, ადგილზე გაცნობაა საჭირო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა, რომ იმ კომპანიასთან და მოსახლეობასთან ერთად გადაიჭრას ეს პრობლემა.

რევაზ კახნიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

სოფლები: ატენი, ბოშური, ხიდისთავი, არაშენდა, კვარხეთი, უფლისციხე, ქვახვრელი, ბნავისი. დღემდე ვერ მოახერხა “ოცნების” ხელისუფლებამ მოაგვაროს ეს პრობლემები, რაზეც მოსახლეობა წუხილს გამოთქვამს.

დავით ონიაშვილი (“შენების მოძრაობა”)

გაზიფიცირების საკითხი ძირითადად სოფლებს აწუხებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დაგეგმილია ყველა სოფლის გაზიფიცირება და მერობის შემთხვევაში ამ საკითხს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რა თქმა უნდა ხელს შევუწყობთ.

კონსტანტინე თავზარაშვილი  („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)

პასუხის გარეშე.

 

გორის მუნიციპალიტეტში სად არის ყველაზე დაზიანებული გზა ამ დროისათვის და მერობის შემთხვევაში, რა ვადებში ფიქრობთ მათ აღდგენა-რეაბილიტაციას?

 

დავით მახნიაშვილი  („ბაქრაძეუგულავა-ევროპული საქართველო“)

გზებთან მიმართებაშიც ანალოგიური პრობლემაა. რაც შეეხება მათი მოგვარების ვადებს, ეს არის დამოკიდებული დაგეგმარებაზე. ეტაპობრივად უნდა მივყვეთ რაიონს და არ უნდა ხდებოდეს ალაგალაგ გზის რეაბილიტაცია. უნდა მოხდეს ერთხელ და საბოლოოდ ამ პრობლემის მოგვარება რაიონში.

ნანა ხიზანიშვილი  (“სახალხო – ხალხის ერთსულოვნება”)

დღევანდელი მდგომარეობით, როგორც ქალაქი, ისე რაიონი დგას ამ პრობლემის წინაშე, რაც ჩემი მხარდაჭერის შემთხვევაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში გათვალისწინებული იქნება. აღდგენას გპირდებით ჩემი მერად ყოფნის პერიოდში.

თამარ ზურაბაშვილი (“შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)

ასეთი საკითხები მუნიციპალიტეტში უამრავია, ვადების კონკრეტიკისგან თავს ვიკავებ, რადგან ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. მაგრამ 4 წლის ვადაში რომ უნდა შესრულდეს ამის დაპირებას ვაძლევ ჩემს ამომრჩეველს.

რევაზ კახნიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ამ ეტაპისთვის ატენის ხეობაში გამავალი გზაა დაზიანებული, რომელიც უკავშირდება ბოშურის ხეობას, აგრეთვე კვარხეთში, ციცაგიაანთ კარი, მეჯვრისხევის და ახალუბნის დამაკავშირფებელი გზა. არაშენდა, თედოწმინდა, ორთაშენი, ქიწნისის მეურნეობა, ჯარიაშენი, სათემო, ქვ. ხვითი, ხურვალეთი. შავშვების, საქაშეთისა და კარალეთის კოტეჯების გზა, კოშკებში მისასვლელი გზა და სხვა.

როგორც სოფლის, ისე ქალაქის შიდა და ცენტრალური გზები არის სარეაბილიტაციო, გამარჯვების შემთხვევაში გაზაფხულიდან დავიწყებთ გზების რეაბილიტაციას და ვეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ არამხოლოდ გზების არამედ ყველა პრობლემა რაც ჩვენ მოსახლეობას გააჩნია.

დავით ონიაშვილი (“შენების მოძრაობა”)

ჩვენ შევისწავლეთ ახალი ინოვაციები გზების დაგებასთან დაკავშირებით, ეს ძალიან იაფი ჯდება და ამ ინოვაციების გამოყენებით ჩვენ მაქსიმალურად შევძლებთ მომდევნო ოთხ წელში შევამციროთ გორის მუნიციპალიტეტში გზების მოწესრიგების საკითხი. გვაქვს უკვე მზა პროექტი, რომ დავაგოთ 1 კმ-მდე გზა ჯვარხეთის მიმართულებით, სწორედ ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მინიმალური რესურსით ბევრი გზის აღდგენა-რეაბილიტაციას შევძლებთ, რაც ბევრ სოფელს და მათ შორის ქალაქს დღეს ისევ აწუხებს. რაც შეეხება წყალს, ეს საკითხიც რჩება პრობლემად, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მთელ რიგ სოფლებში ჩემი გამგებლობის პერიოდში შევძელით და მერად არჩევის შემთხვევაში ისევ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა მუშაობას ამ პრობლემის მაქსიმალურად შემცირებისთვის.

კონსტანტინე თავზარაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)

პასუხის გარეშე.

გააზიარეთ: