გაზეთი ფაქტ-მეტრი
ხელფასები ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ხარჯზე
უკატეგორიოდ
2715 ნახვა
ხარაგაულში ის ფული, რომლითაც გზები უნდა დაეგოთ და ხიდები შეეკეთებინათ, ჩინოვნიკების ხელფასებში მიდის
A+
A
A-

ხარაგაულის ა(ა)იპ-ებში ხელფასების დასარიგებლად ფულს სხვადასხვა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკლებენ. მუნიციპალიტეტში ღიად საუბრობენ, რომ უმჯობესია, დაზიანებული ხიდის ან გზის შეკეთება დროებით გადადონ და ხალხს ხელფასები დაურიგონ, ადგილობრივი ოპოზიცია კი აცხადებს, რომ საჯარო სამსახურში არჩევნების შემდეგ თანამშრომლების გათავისუფლება და დარჩენილებისთვის ხელფასების შემცირების პროცესი დაიწყო.

2016 წლის ივლისის ბოლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა 2014 წლის 1-ლი მაისიდან 2015 წლის 5 ოქტომბრამდე მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებ-ში დასაქმებულთა რაოდენობისა და დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების კვლევის შედეგები. ამ პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 450-დან 641-მდე გაიზარდა, შესაბამისად, ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯიც თითქმის გაორმაგდა.

ხარაგაული, მოცემულ დროში ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს შორის პირველ ადგილზე მოხვდა – 191 ახლად მიღებული თანამშრომლით მაშინ, როცა მეორეადგილოსანმა ჭიათურამ ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ ნაკლები – 100 ახალი თანამშრომელი მიიღო.

„ფაქტ-მეტრმა“ ხარაგაულის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფრო დიდი პერიოდის სტატისტიკაც მოიძია. აღმოჩნდა, რომ 2012 წელს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში 327 ადამიანი მუშაობდა. 2016 წლისთვის კი ამ ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა რიცხვი 712-მდე გაიზარდა.

ბუნებრივია, დასაქმებულთა ასეთ ზრდას ავტომატურად მოჰყვა ადმინისტრაციული ხარჯების საგრძნობი მომატება. შედეგად, 2016 წელს მუნიციპალიტეტის მიერ წლის დასაწყისში ა(ა)იპ-ებისთვის გაწერილი ხარჯები 9 თვეში ამოიწურა. ვინაიდან ა(ა)იპ-ების წლის ბოლო თვეების დასაფინანსებლად ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები ვერ მიიღეს, როგორც თავიდან ჰქონდათ დაგეგმილი, გამგეობაში მათი მოძიება ისევ ბიუჯეტში, ოღონდ სხვა მუხლებისა და პროგრამებისთვის დაფინანსების მოკლებით გადაწყვიტეს.

ზოგადად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევებით, იმერეთში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგეობების საკუთრებაში არსებულ  ა(ა)იპ-ებში საქართველოს მასშტაბით, პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს მძიმე ტვირთად აწევს. ამას ხარაგაულის მაგალითიც მოწმობს.

 

„ჭრა-კერვის“ დასაწყისი

პირველი საბიუჯეტო ცვლილებები ხარაგაულის საკრებულომ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დაამტკიცა და ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავებას“ ოქტომბერში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გადაურიცხა – 40 100 ლარი  თანამშრომლების ხელფასებისთვის, ხოლო დანარჩენი – სხვადასხვა გადაუდებელი ხარჯებისთვის. გამგეობამ ეს თანხა გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებს მოაკლო.

საკრებულოს მაშინდელ სხდომაზე დეპუტატების ნაწილმა მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაწყვეტილება არ მოუწონა და უკმაყოფილებაც გამოთქვა. მაშინ, როცა ხარაგაულის გზები სავალალო მდგომარეობაშია, ამ პუნქტისთვის თანხების შემცირება და ადმინისტრაციულ ხარჯებში გადამისამართება მართებულად არ ჩათვალეს. თუმცა, უკმაყოფილო  კოლეგები სხვა, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა კოლეგებმა შემდეგი არგუმენტებით დაამშვიდეს – 40 ათასი ლარი მაინც არაფერს შეცვლის, თან გზები, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სარეზერვო ფონდიდანაც შეკეთდება, სადაც ზუსტად ამდენივე თანხა გვაქვსო.

ამ დეპუტატებმა ა(ა)იპ-ისთვის სუბსიდიის მატება კიდევ ერთი არგუმენტით გაამყარეს – კერძოდ,  ნოემბერ-დეკემბერში გზის კაპიტალური შეკეთება ისედაც არ არის მიზანშეწონილიო.

ხარაგაულის ბიუჯეტის „ჭრა-კერვა“, რა თქმა უნდა, ამით არ დასრულებულა, ვინაიდან ხელფასები ნოემბერში და დეკემბერშიც არის გასაცემი და არამარტო ერთ ა(ა)იპ-ში.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)იპ-ებმა ნოემბრის ხელფასებისა და სხვა ხარჯების დასაფარად დამატებით 170 ათასი ლარი მოითხოვეს და საკრებულომაც მათთვის თანხების დასამატებლად ბიუჯეტში მორიგი ცვლილება 14 ნოემბერს შეიტანა, რომლითაც სხვადასხვა პროგრამებს, ჯამში, 170 000 ლარი მოაკლდა: ხიდ-ბოგირების აშენება-შეკეთების თანხას – 35 ათასი ლარი, წყლის სისტემის რეაბილიტაციას – 50 ათასი ლარი, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების მოწყობას – 19,9 ათასი ლარი, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას – 13 ათასი ლარი, სოფლის მეურნეობის დაფინანსებას – 5 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდს – 20 ათასი ლარი, უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტით სწავლებას – 6 ათასი ლარი, სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაციისა და ინვენტარიზაციის ხარჯებს – 15 ათასი ლარი, საკრებულოს შრომის ანაზღაურებისა და არაფინანსური აქტივების ხარჯებს – 6 ათასი ლარი (წყარო: “ჩემი ხარაგაული“).

საბიუჯეტო ცვლილების შედეგად ნოემბერში „ხარაგაულდასუფთავება“ დამატებით 45 ათას ლარს მიიღებს, „ხარაგაულკეთილმოწყობა“ – 24 ათას ლარს, „სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“ – 65 ათას ლარს, „კულტურის ცენტრი“ – 20,3 ათას ლარს, „ცენტრალური ბიბლიოთეკა“ – 15 ათას ლარს, „ისტორიული მუზეუმი“ – 700 ლარს.

 

ან ხელფასი, ან გზა, ხიდი, წყალი…

„არც ერთი დეპუტატი არ მიესალმება და შინაგანად მხარს არ უჭერს ხარჯების შემცირებას იმ ფონზე, როცა სოფლებში პრობლემებია, მაგრამ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების გასაცემად ეს აუცილებელია“, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი.

მორიგი ცვლილებები საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს ნოემბრის სხდომაზეც ძველი არგუმენტებით ახსნა: მისი თქმით, „ამჟამად ინფრასტრუქტურული პროექტების თანხის შემცირება მოსახლეობას არ დააზარალებს, რადგან მათ შესასრულებლად ტენდერების გამოცხადება დაგვიანებულია. ტენდერების ჩატარება რომც მოესწროს, კლიმატური პირობების გამო პროექტები უხარისხოდ შესრულდება“.

ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს შემდეგი არგუმენტებით ეწინააღმდეგება ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი კობა გოგსაძე: 

“ხელფასებში თანხის მიმართვა ნიშნავს იმას, რომ სოფლებში პროექტები ვეღარ განხორციელდება, ვარძიაში გზა, წყალი, ხიდი არ გვაქვს და ამის ხარჯზე რომ ვიღაცამ ხელფასი აიღოს, ასეთ ცვლილებებს ვერ დავეთანხმები”.

ცვლილებების წინააღმდეგია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილიც. მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავის დროზე მოქალაქეები არჩევნებში ხმების მისაღებად დაასაქმა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები სასტიკი რეალობის წინაშე დააყენა – მათ ან ათავისუფლებენ სამსახურებიდან, ან ხელფასს უმცირებენ.

„თითქმის 90% ა(ა)იპ-ებში სამსახურის ხელმძღვანელებმა თანამშრომლები დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ ხელფასზე 150-200 ლარი დააკლდებათ. ეს მოხდა არჩევნებიდან ერთ კვირაში. ასევე, ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავებიდან“ უკვე 5 თანამშრომელი გაათავისუფლეს. სხვებსაც აცნობეს, რომ კვლავ იგეგმება შემცირება. თუ ეს ხალხი საარჩევნოდ არ ჰყავდათ გამოყენებული, რატომ არ მოხდა ხელფასების დაკლება ან მათი სამსახურიდან გაშვება არჩევნებამდე? და რატომ მოხდა არჩევნების შემდეგ ერთ კვრაში ეს ყველაფერი?“ – სვამს კითხვას საკრებულოს დეპუტატი „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას.

ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ისეთი მწირი საფინანსო რესურსების მქონე რაიონისთვის, როგორიც ხარაგაულია, პრობლემას რომ წარმოადგენს, ამას არც მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი უარყოფს. „ფაქტ-მეტრთან“ მან ასევე განაცხადა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, სხვადასხვა პროგრამებს მოაკლოს თანხა იმისთვის, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასები დააფინანსოს, „კატასტროფას“ არ წარმოადგენს.

„ბიუჯეტი არის ხალხისთვის და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ხალხი დავაკმაყოფილოთ, და მერე სხვა რამ“, – ამბობს გელაშვილი და ამატებს: „ჯობია, მოცემულ მომენტში გზა და ხიდი დავტოვოთ და ხელფასი არ დავუტოვოთ მიუცემელი მოქალაქეებს“.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსი ამბობს, ა(ა)იპ-ებში თანამშრომლებისა და თანამშრომელთა ხელფასების შემცირებაზე დირექტივა არ გაუციათ და ორგანიზაციებმა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. თუმცა, შესაცვლელი რომ ბევრი რამ არის ა(ა)იპ-ებში, ამას არ უარყოფენ.

თუკი ხარაგაულის ბიუჯეტი ამ თვეშიც ისევე დარჩა მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავლების გარეშე (რაც სრულიად მოსალოდნელია), საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ა(ა)იპ-ებისთვის დეკემბერში საჭირო დაახლოებით 170-180 ათასი ლარის მოძიება ისევ ბიუჯეტის სხვა პროგრამებიდან მოუწევს. ასეთ შემთხვევაში 2016 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი და შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, ბრაილის შრიფტის სწავლების გარეშე დარჩენილი უსინათლოები, ინვენტარის გარეშე დარჩენილი სოციალური ობიექტები და თითქმის დაცარიელებული სარეზერვო ფონდი მომდევნო წლის ბიუჯეტს დააწვება ტვირთად.

მომავალი წლისთვის კი, ხარაგაულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი იმედოვნებს, რომ ახლად არჩეული გამგებელი გამოსავალს მოძებნის.

* * *

ზოგადად, ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი, ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი დაპირებებისა და  გადაწყვეტილებების ტყვეობაში აღმოჩნდა. თავის დროზე მწირი საბიუჯეტო შესაძლებლობების მქონე მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში საჭიროზე მეტი ადამიანი დაასაქმეს, რასაც ახლა თავადაც აღიარებენ. ამის გამო კი, ბიუჯეტიდან თანხები აკლდება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს. შედეგად სადღაც გზა, ხიდი, წყალი არ მიდის ხალხამდე… ხალხისავე ფულით შეკოწიწებული ბიუჯეტიდან.

გააზიარეთ: