21

თებერვალს, გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ ისაუბრა. მისი შეფასებით, საქმეზე დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია და შეჯიბრებითობის პრინციპი. „ამ დღეებში, როდესაც უმაღლესი ტრიბუნებიდან განცხადებები გაკეთდა, ჩვენ დავინახეთ როგორ შეილახა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია და ამ შელახული უდანაშაულობის პრეზუმფციის ფონზე შეილახა აგრეთვე ჩვენი ინფორმირებულობის საკითხიც. მართალია, შეჯიბრებითობა შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა გვქონდეს ამ საკითხებზე დუმილი. თუ სახელმწიფოს სჭირდება ამ ინფორმაციის შეზღუდვა, მაშინ ყოველ დღე არ უნდა ვისმენდეთ სხვადასხვა პოზიციებს ადამიანებისგან, რომელთაც არავითარი კომპეტენცია არ უნდა ჰქონდეთ ამ საქმეში”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

2017 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ გამართული საგანგებო ბრიფინგიდან

ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ოპერაციასთან დაკავშირებით ბერლინში მიემგზავრებოდა, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გიორგი მამალაძის ბარგის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - ნატრიუმის ციანიდი.

"ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ. მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა", - განაცხადა

ირაკლი შოთაძემ.

მართალია პროკურატურის განცხადებაში პირდაპირ არ იყო მითითებული თუ კონკრეტულად ვისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, თუმცა როგორც პროკურატურის ირიბმა მინიშნებებმა, ასევე შემდეგში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ პატრიარქის უსაფრთხოებაზე პირდაპირმა ხაზგასმამ საზოგადოებას განცდა გაუჩინა, რომ დანაშაულის შესაძლო ადრესატი სწორედ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი იყო (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). დეკანოზის დაკავებიდან 3 დღის თავზე, მთავარმა პროკურატურამ დამაზუსტებელი განცხადება

 გააკეთა და თავისი თავდაპირველი განცხადების ისეთი ინტერპრეტირება გამორიცხა, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ადრესატად შეიძლება პატრიარქი იქნეს აღქმული.

ამ დრომდე ისევ უცნობია, რეალურად ვისი შესაძლო მკვლელობის მომზადებას ედავებიან გიორგი მამალაძეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზის ადვოკატის განცხადებით, ბრალის შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულს პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ედება ბრალი.

დეკანოზის დაკავებას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები გამოეხმაურნენ და მოსახლეობას ეკლესიისა და ზოგადად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების შესახებ ამცნეს.

გიორგი კვირიკაშვილი: „უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშული, 

ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე და მათ ნამდვილად თავიდან აგვაცილეს ეს დიდი უბედურება“.

თამარ ჩუგოშვილი: „პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, როგორც ოპერაციის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ასევე ამ შემზარავი დანაშაულის აღკვეთიდან გამომდინარე.

მე ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს და ქვეყანას ტრაგიკული დანაშაული ააცილეს თავიდან“.

კახა კალაძე:

 „ამის განხორციელება ჩაფიქრებული იყო და ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიაზე, მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე, თუმცა ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ“.

არჩილ თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს და ის დანაშაული აღკვეთეს, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო.

სახელმწიფომ ძალიან ყურადღებით და სწრაფად მოახდინა რეაგირება. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება საზოგადოების ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს და კიდევ უფრო მეტი გაირკვევა ამ საქმეზე“.

მამუკა მდინარაძე: „მთავარია, რომ ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა

და როგორც ჩანს, ძალიან დიდ ტრაგედიას ავცდით, რისთვისაც პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა უნდა გადავუხადოთ. გამოძიება გაგრძელდება და დანარჩენ დეტალებსაც დაადგენს მრავალ ვერსიასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა პასუხს ყველა კითხვას გასცემს. ძალიან კარგია, რომ პატრიარქი და მისი თანმხლები პირები კარგად არიან“.

როგორც ვხედავთ, გარდა ბრალდების მხარის პირდაპირი და მტკიცებითი განცხადებებისა, რომ „გ.მ. ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას“, „შეიძინა გამოძიებით დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება“, “მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა კუსტარულ ცეცხლსასროლ იარაღს“, „...სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა“,

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიც ქმნის განცდას, რომ მათ ეჭვიც არ ეპარებათ იმაში, რომ დანაშაული მართლაც მზადდებოდა და ეს ქმედება სწორედ გიორგი მამალაძის დროული დაკავებით თავიდან იქნა აცილებული. შესაბამისად, მართალია განმცხადებლები პირდაპირ არ ამბობენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა, თუმცა მათი განცხადებების პათოსისა და ზოგადი კონტექსტიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ბრალდებულის ბრალს, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს, უკვე დადგენილად მიიჩნევენ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (2) მუხლის თანახმად, „ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ სანამ მისი ბრალეულობა კანონის შესაბამისად დამტკიცდება“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მიხედვით, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე არაერთხელ იმსჯელა და მისი საკმაოდ ფართო განმარტებაც დაადგინა. საქმეში Allent De Ribemont v. France, სასამართლომ განმარტა,

რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არა მხოლოდ სასამართლოს ან მოსამართლეების მხრიდან არის შესაძლებელი, არამედ საჯარო მოხელეების მხრიდანაც (პარ. 36). აღნიშნულ საქმეში, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირის მიერ, პრესკონფერენციაზე, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე პირის დანაშაულის წამქეზებლად მოხსენიება პრეზუმფციის დარღვევად შეფასდა. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული განცხადება ნათლად წარმოადგენდა ბრალდებულის ბრალის დადასტურებას, რაც პირველ რიგში, საზოგადოებას უბიძგებდა დაეჯერებინა მისი ბრალეულობა და ამასთან, ამგვარი განცხადებები სასამართლო ორგანოების წინასწარი მოსაზრების ჩამოყალიბებას გამოიწვევდა (პარ. 41).

ასევე, საქმეზე Daktaras v. Lithuania,

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის დადგენამდე საჯარო მოხელის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ასახავს მის მოსაზრებას ამ პირის ბრალეულობის შესახებ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად ჩაითვლება (პარ. 41). შესაბამისად, სასამართლო საჯარო მოხელეების მიერ პირის ბრალეულობის დამტკიცებამდე, ბრალდებულის მისამართით გამოთქმული განცხადებებისას, სიტყვების სწორედ შერჩევის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და მათ მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ვინაიდან ის ბრალდების მხარეს წარმოადგენს, საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, მისი წარმომადგენლები საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას უფრო თავისუფალნი არიან, თუმცა მათი მხრიდანაც დაუშვებელია მტკიცებით ფორმაში პირის ბრალეულობაზე საუბარი, სანამ ეს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დადასტურდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს საზოგადოების აზრის წინასწარი ფორმირება, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე სახალხო დამცველმაც

გააკეთეს და შესაბამის ორგანოებსა და საჯარო მოხელეებს მსგავსი შეფასებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩიეს.

საქართველოს პრეზიდენტმა „ციანიდის საქმესთან“ მიმართებით მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზეც გაამახვილა ყურადღება. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ასევე მის ადვოკატებსა და საქმეში არსებულ მოწმეებს გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა (გარდა ერთი ადვოკატისა, რომელმაც ხელწერილის დადებაზე უარი განაცხადა, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალების გამჟღავნებისგან ამ დრომდე თავს იკავებს), რაც ზღუდავს მათი მხრიდან საქმის შინაარსობრივი დეტალების გამჟღავნების და საზოგადოებისთვის დაცვის მხარის არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას.

თუმცა, დაცვის მხარის დუმილის მიუხედავად, სხვადასხვა პირების მიერ, მედიასაშუალებებით, საზოგადოებაში მაინც ვრცელდება საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია (რომლის სიზუსტეც დადგენილი ჯერ არ არის). ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება საქმესთან გაურკვევლ კავშირში მყოფი პირებისგანაც, რომლებიც ძირითადად ცდილობენ დააჯერონ საზოგადოება, რომ პროკურატურას საქმე სწორი მიმართულებით მიჰყავს და საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროებისთანავე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ამ ვითარებაში კი, დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას საკუთარი არგუმენტები შესთავაზოს და ბრალდებულის უდანაშაულობა ამტკიცოს.

საქმეში ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატ ირმა ჭკადუას განმარტებით, პროკურატურისთვის მიმართვამდე ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ მას ფარული ჩანაწერები მოასმენინა და რჩევა ჰკითხა. გაუთქმელობის ხელწერილის მიუხედავად, ირმა ჭკადუა ჩანაწერებზე მაინც საუბრობს. „როდესაც ფარულ ჩანაწერებში საუბრის შინაარსი მოვისმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სამივე პირი იყო თანამზრახველი. ამ საუბრის მონაწილეებს შორის ერთ-ერთია დეკანოზი გიორგი მამალაძე. დანარჩენი ორიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირია“, - განაცხადა

საქმის ერთ-ერთმა მოწმემ.

ასევე, ირმა ჭკადუა აცხადებს:

„მე ვიცი, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას ყველაზე მეტად უნდა გასაჯაროვდეს ეს საქმე, იმიტომ, რომ იქ არის შოკისმომგვრელი მასალა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს არცერთ მოქალაქეს არცერთი კითხვა არ დარჩება ამ მასალის მოსმენის შემდეგ, უბრალოდ პროკურატურა და სახელმწიფო დღეს უფრთხილდება საპატრიარქოს პრესტიჟს და სახელს, რომ არ შეიბღალოს“. აღნიშნული განცხადება ცხადყოფს, რომ ჭკადუას მოსაზრებით, ჩანაწერების შინაარსი სწორედ პროკურატურის ამჟამინდელ პოზიციას ამყარებს.

ასევე, შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქის დაბრუნებისთანავე საქმეზე გამოძიებამ საგამოძიებო ორგანოებიდან ფაქტიურად საპატრიარქოში გადაინაცვლა, სადაც აქტიური მიმოსვლა დაიწყეს როგორც პროკურატურის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქმის მოწმეებმაც კი.

მართალია, საპატრიარქოს დატოვებისას განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, რომ შეხვედრაზე საუბარი „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით არ ყოფილა და მათ მხოლოდ პატრიარქი მოინახულეს, თუმცა ორი დღის შემდეგ განათლების მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ პატრიარქსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ამ საქმეზე ინფორმაცია მიაწოდეს. „ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ პატრიარქსაც და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებს და მათი მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, როცა ასეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი, ცალსახად საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება“, - განაცხადა

ჯეჯელავამ.

გაურკვეველია რა სტატუსით იმყოფებოდა საპატრიარქოში ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, რომელმაც საპატრიარქოს დატოვებისას "ციანიდის საქმეზე" ისაუბრა

და ისიც დაადასტურა, რომ პატრიარქს ჩანაწერები ნანახი ჯერ არ ჰქონდა.

მან ასევე პატრიარქთან მიმდინარე შეხვედრების დეტალებზეც და საპატრიარქოს წარმომადგენელთა პოზიციებზეც ისაუბრა, თუმცა როგორც მოგვიანებით მის მიერ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემული ინტერვიუდან გაირკვა, შეხვედრას სულაც არ ესწრებოდა და წესით შეხვედრის დეტალები არ უნდა სცოდნოდა. „შეხვედრას არ ვესწრებოდი, მაგრამ ინფორმაცია მაქვს. საპატრიარქოში მე არავის მიწვევით არ დავდივარ. იქ 1978 წლიდან დავდივარ“, - განახადა

კაკაბაძემ. შესაბამისად, უცნობია თუ ვინ მიაწოდა მას ინფორმაცია, რა მიზნით იყო საპატრიარქოში მისული ან ზოგადად მის მიერ და ასევე სხვა პირების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა ისაუბროს საქმის დეტალებზე, საჯაროდ გამოეხმაუროს ბრალდებებს და წარადგინოს შესაბამისი არგუმენტები, რომლებიც ბრალდებულის უდანაშაულობას ამტკიცებს, სხვადასხვა პირების მიერ ამ სახის განცხადებების გაკეთება, რომლის სიზუსტის გადამოწმებაც შეუძლებელია და მიმართულია მხოლოდ საზოგადოების აზრის წინასწარი ფორმირებისკენ, დაცვის მხარეს აშკარად არათანაბარ პირობებში აყენებს, რითაც ირღვევა შეჯიბრობითობის პრინციპი.

  დასკვნა

„ციანიდის საქმეზე“ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების მომენტიდან პროკურატურისა და ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში ადასტურებენ დანაშაულის ჩადენის განზრახვის არსებობისა და გიორგი მამალაძის დაკავებით ამ დანაშაულის თავიდან აცილების შესახებ ინფორმაციას, საზოგადოებაში დეკანოზის ბრალეულობის შესახებ შეხედულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე დეკანოზის ბრალეულად წარმოჩენა კი, არღვევს მის  უდანაშაულობის პრეზუმფციას.

პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის მართებულობის შესახებ საზოგადოების წინასწარი აზრის ფორმირებას განსაკუთრებით ხელს უწყობს ის არათანაბარი გარემო, რომელიც პროკურატურის მხრიდან დაცვის მხარის მიერ საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბრის შეზღუდვას მოჰყვა, მაშინ, როდესაც ბრალდების პოზიციების გამყარებას სხვადასხვა პირი, მედიასაშუალებებით, აქტიურად და შეუზღუდავად ცდილობს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი