იმერეთი, ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 73 ათას ლარზე მეტი არაეფექტური ხარჯი გასწია
სიმართლე
2355 ნახვა
A+
A
A-

2016 წლის 21 ივნისს მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრებმა, ხათუნა ლაგაზიძემ და კობა ჩიხლაძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციული გარიგებების წარმოებაში დაადანაშაულეს.

პრესკონფერენციაზე კობა ჩიხლაძემ განაცხადა: “ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ კომპანია “ჯი-აი-დი”-სთან გაფორმდა ხელშეკრულება, ხარაგაულში 8 ქუჩის შეკეთების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში შევიდა 9 ცვლილება და სამუშაო ვადამ 10 თვით გადაიწია. ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობა და ამისთვის გადახდილი იქნა 73 ათას ლარზე მეტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ხელშეკრულებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით, მოხდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება და ახლადდაგებულ ქვაფენილს გადაეგო ბეტონის საფარი, რაც მუნიციპალიტეტს დამატებით 33 500 ლარი დაუჯდა. სულ, აღნიშნულ ქუჩაზე შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ 107 ათას ლარზე მეტი შეადგინა. შედეგად, უსარგებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბიუჯეტმა გასწია 73 ათას ლარზე მეტი არაეფექტური ხარჯი”.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენ ხარაგაულში 2013-2015 წლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშს გავეცანით. ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის 29 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შპს “ჯი-აი-დი”-სთან დაბა ხარაგაულის ქუჩების კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოების ღირებულება 8 630 ლარს შეადგენდა.

2013 წლის 29 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურმა სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაბა ხარაგაულში თენგიზ ჭიპაშვილის, ელისო ჭიპაშვილის, წერეთლის, გლუნაჩაძის, გურამიშვილის და გრიშაშვილის ქუჩების მოასფალტების სამუშაოების ჩატარება ევალებოდა. ამავე დღეს არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე კიდევ ერთი დოკუმენტი განთავსდა. ამ უკანასკნელში ჩამოთვლილია სამუშაოები, რომლებიც კომპანიას კონკრეტულად თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩაზე უნდა ჩაეტარებინა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმწოდებლის დავალებაა აღნიშნულ ტერიტორიაზე ცენტრალური ქვაფენილის რიყის ქვით მოწყობა. ჭიპაშვილის ქუჩაზე ჩასატარებელი სამუშაოების თავდაპირველი ღირებულება 73.6 ათას ლარს შეადგენდა. აღნიშნული ორი დოკუმენტის შედარებისას ირკვევა, რომ გამარჯვებული კომპანიისადმი დაკისრებული დავალებები ერთმანეთისგან განსხვავდება – პირველ ხელშეკრულებაში საუბარია ჭიპაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობაზე, მეორეში კი ქვაფენილის დაგებაზე.
საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამჟამად უკვე “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტში განაცხადა, რომ კომპანია “ჯი-აი-დის” მიერ დაგებული ქვაფენილი მალევე დაზიანდა. სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, დამატებითი თანხების გაღება და თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩის მობეტონება გადაწყდა. გამგებლის განცხადებით, მობეტონებისთვის საჭირო თანხა – 33.5 ათასი ლარი, სხვა ქუჩებზე შესასრულებელი სამუშაოს ეკონომიის ხარჯზე დაიზოგა. შესაბამისად, ბიუჯეტს რაიმე დამატებითი ხარჯი არ გაუღია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეკონომიიდან მიღებული 33.5 ათასი ლარის ჭიპაშვილის ქუჩის შესაკეთებლად გამოყენება ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გაწევას ნიშნავს და გამგებლის განმარტება არასწორია. აღნიშნულ ქუჩაზე ბეტონის გადაგება რომ არ გამხდარიყო საჭირო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დაზოგილი თანხის სხვა პროგრამებზე დახარჯვას შეძლებდა. შესაბამისად, რეალურად ეს ფული ბიუჯეტს მოაკლდა.

იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროექტები გაწერილი ისე, რომ მოგვიანებით შესაძლებელი გახდა ეკონომიის გაკეთება, ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ პროექტის ინიციატორი, ხარჯთაღრიცხვის ავტორი და შემსყიდველი წინა მოწვევის საკრებულო იყო და შესაბამისად, ამ კითხვაზე ის ვერ გვიპასუხებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსგავსი განცხადებით გამგებელი ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები წინა ხელისუფლებას დააკისროს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ქვაფენილის ბეტონით ჩანაცვლება ადგილობრივმა მოსახლეობამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც რამდენიმე თვის შემდეგ ბუნებრივი პირობების გამო რიყის ქვით მოწყობილი გზა წყობიდან გამოვიდა.

 

დასკვნა

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ ანგარიშშიც ცალსახად ვკითხულობთ, რომ 2014 წელს მუნიციპალიტეტმა დაბა ხარაგაულში, ჭიპაშვილის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებზე 73.6 ათასი ლარის არაეფექტური ხარჯი გასწია, ვინაიდან გზა მალე დაზიანდა და საჭირო გახდა განმეორებითი სამუშაოების ჩატარება, კერძოდ მობეტონება. გზის ბეტონის საფარით დაფარვას თავად მოსახლეობაც ითხოვდა. როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, ასევე კომპანია “ჯი-აი-დის” შეეძლოთ სამუშაოების დაწყებამდე ჩაეტარებინათ კვლევა, რამდენად გამძლე გამოდგებოდა რიყის ქვის საფარი ან რა სურდა თავად ქუჩის მოსახლეობას. ბუნდოვანია ის გარემოებაც, თუ რატომ იყო თავდაპირველად სატენდერო ხელშეკრულებაში გამარჯვებულის ვალდებულება ჭიპაშვილის ქუჩის მოასფალტება და რატომ გადაწყდა მოგვიანებით მისი რიყის ქვით მოწყობა.

ჩვენ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ჰქონდა თუ არა ამ შემთხვევაში ადგილი საბიუჯეტო ხარჯების მიზანმიმართულ გაფლანგვას, თუმცა ფაქტია, რომ 73.6 ათასი ლარი არაეფექტურად გაიხარჯა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, კობა ჩიხლაძის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: