ხალხი ღარიბდება – შემოსავლები მცირდება, ხარჯები იზრდება
მეტწილად მცდარი
529 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 3 მაისს „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „პროდუქტი და მედიკამენტი ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე და აქციზის გაზრდამ ბენზინზე, დიზელსა და გაზზე ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება – ხალხი ღარიბდება, ოჯახების შემოსავალი მცირდება, ხარჯი კი იზრდება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ნავთობპროდუქტებზე, მათ შორის საწვავზე, აქციზის გადასახადი მიმდინარე წლის იანვრიდან გაიზარდა. თავისთავად აქციზის გადასახადის ბუნებისა და დასახელებულ პროდუქტზე მოთხოვნის არაელასტიურობის გათვალისწინებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ გადასახადის ზრდა თითქმის სრულად საქონლის ფასებში აისახა. საწვავის ფასების ზრდა ბუნებრივად იწვევს ნებისმიერი სხვა პროდუქტის თვითღირებულების მატებას, ლოგისტიკური და საწარმოო ხარჯების ზრდის შედეგად, რაც თავის მხრივ სარეალიზაციო ფასების მატების წინაპირობაა. ბოლო ერთ წელიწადში დიზელის საწვავი 40%-ით, ხოლო ბენზინი 37%-ით გაძვირდა. 22.5%-ით გაძვირდა ბუნებრივი აირის საწვავი.

იმის დადგენა, კონკრეტულად რა წილი აქვს აქციზის გადასახადს ფასების დონის ცვლილებაში, ანუ მთლიანი ცვლილების რა წილია გამოწვეული ცალკე აღებული აქციზის გადასახადის მატებით, შედარებით რთულ სტატისტიკურ ანალიზს მოითხოვს და მოცემული სტატიის ფარგლებს სცდება, თუმცა მოსაზრება, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ  ფასების დონის ზრდა წაახალისა, სწორი მტკიცებაა. ცხრილი 1 განცხადებაში მოყვანილ სასაქონლო კატეგორიებზე ფასების ცვლილების მაჩვენებლებს ასახავს:

 

ცხრილი 1: ფასების ცვლილების ტენდენცია

teat h

წყაროსაქსტატი

 

რაც შეეხება ქვეყნის გაღარიბებას, აღნიშნულის შესაფასებლად შესაძლებელია გამოვიყენოთ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მეორე ცხრილშია ასახული და პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, როგორც ნომინალური, ისე რეალური მაჩვენებლების შემთხვევაში. 2015 წელს დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანწილად საყოველთაო აღწერის შედეგებით, კერძოდ მოსახლეობის ოდენობის შემცირებითაა გამოწვეული. თუმცა, მოსახლეობის რაოდენობის უცვლელობის პირობებშიც, ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავალი გაზრდილია.

 

ცხრილი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე

teat i

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

შემოსავლების შეფასების მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორია ხელფასის სახით მიღებული ანაზღაურების ცვლილება, რომელსაც ცხრილი 3 ასახავს.

 

ცხრილი 3: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი

teat y

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წლის ბოლო კვარტალში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1,066 ლარი შეადგინა რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4%-ით აღემატება. სრული ტენდენციის შესაფასებლად კი აუცილებელია ითქვას, რომ საშუალო ხელფასის შემცირება ბოლო წლების მანძილზე არცერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა, მხოლოდ ზრდის ტემპია შემცირებული.

 

დასკვნა

აქციზის გადასახადის ზრდამ ფასების დონის მატება გამოიწვია. ფასები გაიზარდა განცხადებაში დასახელებულ სამედიცინო და სასურსათო პროდუქციაზე, თუმცა იმის განსაზღვრა, მთლიან ნაზარდში რა წილი მოდის კონკრეტულად აქციზის გადასახადის მომატებაზე, მოცემული სტატიის ფარგლებს სცდება.

მოსახლეობის გაღარიბების კუთხით კი აუცილებელია აღინიშნოს, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით მსგავსი ტენდენცია არ იკვეთება, პირიქით, ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდის მიუხედავად მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა გაიზარდა, რადგან საშუალოდ ქვეყანაში შემოსავალი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ხარჯი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

გააზიარეთ: