2016 წლის 10 მარტს, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა დავით ონოფრიშვილმა საქართველოს პარლამენტს მოქალაქეებისთვის უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივა წარუდგინა. პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა და საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით 2016 წლის 8 ივნისს მიიღო.

დავით ონოფრიშვილი კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც და სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებშიც აცხადებდა, რომ „კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ათასობით ჩვენს მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისგან, ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებული შიდა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში“.

კანონპროექტთან და შემდეგ უკვე მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების ფონზე, საზოგადოებაში გადაჭარბებული მოლოდინები გაჩნდა, რაც ონოფრიშვილის მხრიდან ათასობით მოქალაქის სასესხო ვალდებულებებისგან გათავისუფლებაზე აპელირებამ კიდევ უფრო განამტკიცა.

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ინიცირებული ცვლილებების ის ნაწილი, რომელმაც სასესხო ვალდებულებებით დატვირთული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, 87-ე მუხლს შეეხო და ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებლისა და კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შიდა პროცედურების, ანალიზისა და შეფასების გათვალისწინებით, 2014 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად უიმედო სესხად კლასიფიცირებული სასესხო ვალდებულების პატიებისას (ჩამოწერისას) ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

ცვლილებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც შეეხო. კანონში ნათქვამია, რომ მიკროსაფინანსოები უიმედო სესხის კლასიფიცირებას ახორციელებენ ამავე ნაწილში მითითებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

აღნიშნულ ცვლილებებამდე ბანკებს მოქალაქისთვის უიმედო სესხის პატიების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტისთვის საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევდათ. ასევე, უიმედო სესხის პატიება ხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ონოფრიშვილის განმარტებით, ბანკები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევაში, მეტად მოტივირებულები იქნებიან, რომ მოქალაქეებს უიმედო სესხი აპატიონ.

ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბანკების მხრიდან უიმედო სესხების პატიება საზოგადოებაში გააჩენს მოლოდინს, რომ სესხები აიღონ და აღარ დაფარონ.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რამდენად აისახა ეს ცვლილებები რიგით მოქალაქეებზე და საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა.

კითხვა: რა შემთხვევაში ხდება უიმედო სესხის პატიება და როგორია ის შიდა კრიტერიუმები, რომელსაც კანონის გათვალისწინებით ბანკი თავად ადგენს, რათა მოქალაქეს უიმედო სესხი აპატიოს? – თითქმის ყველა კომერციულმა ბანკმა უპასუხოდ დატოვა, რის ძირითად მოტივადაც ინფორმაციის არქონა დაასახელა. „თიბისი“ ბანკში კი გვითხრეს, რომ უიმედო სესხის პატიებას ისინი კვლავ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი განაჩენის საფუძველზე ახორციელებენ.

საქართველოს ეროვნულ ბანკში განგვიმარტეს, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, ბანკისთვის სესხის ჩამოწერის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადს ხსნის, თუმცა მომხმარებელზე პირდაპირი გავლენა ამ ცვლილებებს არ აქვს.

სხვადასხვა კომერციული ბანკების იურიდიული დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან საუბრის შემდეგ „ფაქტ-მეტრი“ თავად კანონპროექტის ინიციატორს, საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს დავით ონოფრიშვილს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია მოისმინა.

ონოფრიშვილმა კითხვაზე, რა შეიცვალა მის მიერ არაერთ ინტერვიუში დასახელებული „ათასობით მოქალაქისთვის“ ამ საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პასუხის სახით, მიღებული კანონის შინაარსი გაგვაცნო და განაცხადა: „მოქალაქეებისთვის შეიცვალა ის, რომ არსებობს კანონი, რომლის საფუძველზეც მათ შეუძლიათ, მიმართონ კომერციულ ბანკებს, როდესაც უიმედო სესხებზეა საუბარი“.

ონოფრიშვილმა დაადასტურა, რომ ისევ თავად კომერციულმა ბანკებმა უნდა გადაწყვიტონ, ჩამოაწერენ თუ არა მოქალაქეს უიმედო სესხს და განმარტა, რომ კანონში აღნიშნული ცვლილებით, ბანკებს, უბრალოდ, მოტივაცია აუმაღლდებათ, რომ უიმედო სესხების პატიება მოახდინონ, ვინაიდან მათ, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ.

თავდაპირველად,ონოფრიშვილმა საუბარში აღნიშნა, რომ კომერციული ბანკების საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა.

„რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ კანონის ამოქმედებით, ბანკებს უიმედო სესხის პატიების ვალდებულება არ გაუჩნდებოდათ, უბრალოდ, შეუძლებელია, დაავალდებულო“, – განუცხადა მან „ფაქტ-მეტრს“, თუმცა მოგვიანებით დასძინა, რომ, თუ კანონი „არ შესრულდება“, მას კიდევ აქვს დაგეგმილი ცვლილებები და უფრო „რადიკალურ მეთოდებს“ მიმართავს.

კანონპროექტის ინიციატორმა, ასევე, აღნიშნა, რომ უკვე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა მის მიერ ინიცირებული ცვლილების საფუძველზე, უიმედო სესხისგან გათავისუფლება მოახერხეს, თუმცა კონკრეტული ფაქტები არ დაგვისახელა.

„მე არ ვფლობ ინფორმაციას ამ ადამიანების შესახებ და რომც ვფლობდე, თქვენ ნამდვილად არ გეტყოდით ამას, რადგან ისინი მხოლოდ ჩემთან ამხელდნენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

მან ბანკების მხრიდან უიმედო სესხების მქონე მოქალაქეებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კანონის რიგით მოქალაქეებზე გავრცელების მიმართულებით მთავარი პრობლემა შეიძლება სწორედ ეს იყოს.

ონოფრიშვილმა დაგვიდასტურა, რომ იცოდა, აღნიშნული კანონის მიღება ათასობით მოქალაქის უიმედო სესხის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საკმარისი არ იყო, თუმცა დაამატა, რომ მას შემდეგი ნაბიჯებიც დაგეგმილი აქვს.

საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, კანონმდებლობით, უიმედო სესხის პატიებისას, სახელმწიფოსთვის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება მოეხსნათ. თუმცა, მათ დარჩათ უფლებამოსილება, თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ, ვის ჩამოაწერენ სესხს. შესაბამისად, ონოფრიშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ახლა უკვე კანონია, ბანკებისთვის უფრო მეტად სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე იმ „ათასობით მოქალაქისთვის“, რომლებზე აპელირებასაც ონოფრიშვილი საპარლამენტო სესიების დროს ახდენდა. ბანკები კვლავ თავს იკავებენ უიმედო სესხების პატიებისგან, მოქალაქეებისთვის კი თითქმის არაფერი შეცვლილა.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი