ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით გოგისვანიძე ქუთაისის მერიის მიერ პარტიებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ორი შენობის გამოყოფას გამოეხმაურა. "ეს არის დაცინვა, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების. მაგრამ, ეტყობა, მერს მეტი ადგილის გამოყოფის ნება არ ჰქონდა ზევიდან მიღებული" - განაცხადა

 გოგისვანიძემ. დეპუტატმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სხვა არჩევნებთან შედარებით, წელს კამპანიისთვის "გაცილებით ნაკლები" შენობა გამოიყო.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის სააგიტაციო ადგილების გამოყოფას "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" არეგულირებს. კოდექსის 45-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას".

ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 ივნისს დაიწყო. ქუთაისის მერმა 13 ივნისს ბრძანება 

გამოსცა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის, წინასაარჩევნო აგიტაციის გამართვის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიას ორი  შენობა გადასაცა. კერძოდ, პარტიებს აგიტაციის ჩატარება ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ტერიტორიაზე და ე.წ. ხარაზოვის ბაღში არსებულ შენობებში შეეძლებათ.

ფაქტ-მეტრმა სხვა არჩევნების დროს სააგიტაციოდ გამოყოფილი ადგილების რაოდენობაც გადაამოწმა. როგორც გაირკვა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სულ სამი ადგილი იყო გამოყოფილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ქუთაისის #59 ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ ოსეფაიშვილსაც ვესაუბრეთ და 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოლქისთვის გადაცემული შენობების რაოდენობის დაზუსტება ვთხოვეთ. მისი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიისთვის აღნიშნულ წლებშიც სამი შენობა იყო გამოყოფილი.

ქუთაისის საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ პარტიები ადგილობრივი მერიის მიერ გამოყოფილ ადგილებს თითქმის არასოდეს იყენებდნენ და შეხვედრები მოსახლეობასთან ძირითადად სადარბაზოებსა და ეზოებში იმართებოდა. დიდი შეკრებები კი, პარტიის ლიდერების მონაწილეობთ, დრამატულ ან საოპერო თეატრებში, რომელსაც პარტიები ქირაობდნენ.

ჩვენ დავით გოგისვანიძეს ასევე იმის დაზუსტება ვთხოვეთ, თუ რა იგულისხმა პარტიების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში. მისი თქმით, გამოყოფილი შენობების რაოდენობის შეზღუდვით ყოველთვის ოპოზიცია ზარალდება, რადგან მმართველ პარტიას ისედაც აქვს წვდომა ნებისმიერ უბანში ნებისმიერ შენობაზე, რომელსაც ქალაქი განკარგავს. უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კოდექსის 48 -ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნიო კამპანიაში "იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არ აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა". აღნიშნული აკრძალვა მმართველ პარტიასაც ეხება, შესაბამისად, მის მიერ სხვა შენობის გამოყენება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენებად.

დასკვნა

როგორც ფაქტ-მეტრმა დაადგინა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ პარტიებს აგიტაციის ჩასატარებლად ნაკლები შენობა გამოუყო, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს (ორი შენობა 2016 წელს, სამი - 2012, 2013 და 2014 წლებში).

შესაბამისად, ენმ-ის წევრის განცხადება იმის შესახებ, რომ წინა არჩევნების დროს პარტიების საჭიროებებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მეტი შენობა იყო გამოყოფილი, სიმართლეა. თუმცა, წელს ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული შემცირება არ ფიქსირდება, რადგან 2016 წლის არჩევნებისთვის სამი შენობის ნაცვლად ორი გამოიყო. ასევე, ამ გადაწყვეტილებით, პარტიების არათანაბარ პირობებში ჩაყენების ფაქტი ცალსახად არ დასტურდება, რადგან მერიის მიერ გამოყოფილი ორივე შენობით სარგებლობა როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას ერთნაირად შეუძლიათ.

შესაბამისად, დავით გოგისვანიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი