ჯანდაცვის სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 128  000  ადამიანით შეამცირა… მათ შორის არიან მარტოხელა პენსიონერები
მეტწილად სიმართლე
1734 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 28 ივლისს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შემცირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით: „2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506 245-დან 377 971 მოქალაქემდე (128 000-ით) შემცირდა. ამავე პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30 000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა“.

ფაქტ-მეტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტები გადაამოწმა და ამასთან, შეეცადა გაერკვია, თუ რატომ შეუჩერდა/შეუწყდა საარსებო შემწეობა სოცილურად დაუცველთა დიდ ნაწილს.

მიზნობრივი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა 2006 წელს ამოქმედდა. 2010 წელს საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია დაამტკიცა. ფორმულა სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: ოჯახის შემოსავალი, ოჯახის ქონება და  ოჯახის საჭიროებები.

სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღები ოჯახის პირველი წევრი 30 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი 24 ლარს იღებდა. 2013 წლის პირველი ივლისიდან კი სოციალური გასაცემელი გაორმაგდა და ოჯახის პირველ წევრი 60 ლარს, ყოველი მომდევნო წევრი კი 48 ლარს იღებს.

გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტრომ UNICEF-ის მხარდაჭერით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. ახალი მეთოდოლოგიით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულების გრადაცია მოხდა. ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, 60 ლარს მიიღებს. 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები 50 ლარს, 57 000-დან 60 000-მდე – 40 ლარს, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე კი 30 ლარს მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე 10-ლარიან  დანამატს მიიღებს. მიზნობრივი სოციალური დახმარების წინა მეთოდოლოგიაში ბავშვზე დანამატი გათვალისწინებული არ იყო. ამასთან, ფულად დახმარებას ვერ იღებდნენ ის ოჯახებიც, რომელთა სარეიტინგო ქულაც 57 000-ს აღემატებოდა.

2014 წლის ბოლოს, სოციალურად დაუცველი ოჯახების შინამეურნეობების შეფასების ახალი მეთოდოლოგიის ხარვეზებზე საუბრობდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე).

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, ახალი მეთოდოლოგიით, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობდა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია ძალაში 2015 წლის 1 აპრილიდან უნდა შესულიყო. თუმცა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 მარტის დადგენილების თანახმად, ახალი მეთოდოლოგია 1 მაისიდან ამოქმედდა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე).

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 9 970-ით, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 26 648-ით შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვეში კი სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა 15 265-ით, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 43 416-ით შემცირდა (იხილეთ გრაფიკი1).

 

გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა (დეკემბერი, 2014 – ივნისი, 2015)

image001

 

ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში სტატისტიკური მონაცემები 2013 წლის იანვართან არის შედარებული. 2013 წლის იანვართან შედარებით, მიმდინარე წლის ივნისში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 38 210 ოჯახით და  128 274 მოქალაქით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2008-2015 წლების სტატისტიკის თანახმად,სოციალურად დაუცველთა ყველაზე მეტი რაოდენობა – 506 245 მოქალაქე 2013 წლის იანვარში დაფიქსირდა. შესაბამისად, სხვაობაც უფრო მაღალია. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებს 2012 წლის ოქტომბერს თუ შევადარებთ, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული (94 122 მოქალაქით და 27 239 ოჯახით), თუმცა, ამ შემთხვევაში, სხვაობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე 2013 წლის იანვართან შედარებით. აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების და მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იცვლება. კლების და ზრდის დინამიკა შეინიშნება როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების პირობებში (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და მათ შორისაა საპენსიო ასაკის მოსახლეობაც. ამ ფაქტს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოც გამოეხმაურა. „არ მოვერიდები ამის თქმას – ეს იყო შეცდომა, რომ მარტოხელა პენსიონერები ამ ორი თვის განმავლობაში აღმოჩნდნენ მოწყვლად ჯგუფში, თუმცა, საბედნიეროდ, დროული რეაგირება გავაკეთეთ, ეს გამოსწორდება და გამოტოვებული თანხები აუნაზღაურდებათ“ – განაცხადა სერგეენკომ.

იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომელთაც ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ სოციალური დახმარება შეუჩერდათ, ფულადი დახმარება 20 აგვისტოდან აღუდგებათ. მათ ასევე აუნაზღაურდებათ ის თანხები, რაც ამ პერიოდის განმავლობაში უნდა აეღოთ, ამის შესახებ 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროში არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მართლაც შემცირდა. მათივე განმარტებით, სოციალურად დაუცველთა ბაზა მუდმივად განახლების რეჟიმშია და სოციალურად დაუცველთა რაოდენობაც შესაბამისად იცვლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს  სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება . აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ნაწილს სოციალური დახმარება შეუწყდა, ნაწილს კი დროებით შეუჩერდა. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადამოწმების შედეგად კვლავ შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაშინ მას ის პერიოდიც აუნაზღაურდება, როდესაც დახმარება შეჩერებული ჰქონდა.

 

დასკვნა

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების და მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იცვლება. თუმცა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, მთავარი ხარვეზი აღმოჩნდა ის, რომ ახალი ფორმულით გადამოწმების შემდეგ მარტოხელა პენსიონერებს საარსებო შემწეობა შეუწყდათ, რის გამოსწორებასაც ჯანდაცვის სამინისტრო 20 აგვისტოდან გეგმავს.

მიმდინარე წლის 6 თვეში ფულადი სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 43 416-ით შემცირდა. მიმდინარე წლის ივნისში კი მათი რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 26 648-ით არის შემცირებული. თუმცა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეს მონაცემები 2008-2015 წლებში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს შეადარა და, შესაბამისად, სხვაობაც კიდევ უფრო დიდი გამოვიდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

გააზიარეთ: