სერგეენკოს დაპირება იყო, რომ მარტოხელა პენსიონერებს სოციალური დახმარება აღუდგებოდათ, თუმცა ბაზაში პენსიონერთა რიცხვი განუხრელად იკლებს
ნახევრად სიმართლე
1139 ნახვა
A+
A
A-

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, “ჯანდაცვის მინისტრი [2015 წლის] აგვისტოში გამოდის და ამბობს, რომ პენსიონერებს სოციალურად დაუცველის სტატუსი აღუდგებათ. სტატისტიკურ მონაცემებს თუ ვნახავთ, სოციალურად დაუცველთა ბაზაში პენსიონერთა რიცხვი განუხრელად იკლებს. მათი რაოდენობა არათუ იმდენი არ არის რაც იყო, არამედ ზოგადად მატებაც კი არაა”.

2015 წლის 1 მაისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა. ახალი ფორმულით გადამოწმების შემდეგ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მათ შორის მარტოხელა პენსიონერებიც აღმოჩნდნენ. ამ ფაქტს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა: “მარტოხელა პენსიონერები ამ ორი თვის განმავლობაში აღმოჩნდნენ მოწყვლად ჯგუფში, თუმცა, საბედნიეროდ, დროული რეაგირება გავაკეთეთ, ეს გამოსწორდება და გამოტოვებული თანხები აუნაზღაურდებათ”. ეს განცხადება სერგეენკომ 2015 წლის 30 ივლისს გააკეთა. მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტოხელა პენსიონერებს ფულადი დახმარება 20 აგვისტოდან აღუდგებოდათ. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა.

ჩვენ დავინტერესდით, შესრულდა თუ არა ჯანდაცვის მინისტრის დაპირება.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ის განცხადების გაკეთებისას მარტოხელა პენსიონერებს გულისხმობდა.

ახალი ფორმულის ამოქმედების შემდეგ (2015 წლის 1 მაისიდან), სოციალურად დაუცველთა ბაზაში 60-65, 65-70, 70 და მეტ ასკობრივ ჭრილში, რომელიც საპენსიო ასაკია, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში შემცირების ტენდენცია 2015 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტოხელა პენსიონერებისთვის, რომელთაც საარსებო შემწეობა მოეხსნათ, ფულადი დახმარება 2015 წლის აგვისტოდან უნდა აღედგინათ. სოციალურად დაუცველთა ბაზაში სწორედ აგვისტოდან იწყება საპენსიო ასაკობრივ ჭრილში რაოდენობის ზრდა. ზრდის ტენდენცია სამივე კატეგორიაში (60-65, 65-70, 70 და მეტი) უწყვეტად გრძელდება მიმდინარე წლის აპრილის ჩათვლით (იხ. გრაფიკი 1).

 

გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივ ჭრილში (საპენსიო ასაკი)

image001

 

ამ თემაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა 21 აპრილს პრესკონფერენციაც გამართა. “ნაციონალური მოძრაობის” პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ “70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, 515-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის ზაფხულში დავით სერგეენკომ პენსიონერებისთვის საარსებო შემწეობის აღდგენის პირობა დადო”. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მან 2016 წლის მარტის მონაცემები 2015 წლის ივნისის მონაცემს შეადარა. თუმცა, ჯანდაცვის მინისტრმა მარტოხელა პენსიონერებისთვის დახმარების აღდგენის შესახებ არა ივნისში, არამედ 30 ივლისს განაცხადა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში საპენსიო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა, მათ შორის 70 წელს ზემოთ კატეგორიაში, აგვისტოდან ყოველთვიურად იზრდება.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის N 380 დადგენილებით, სოციალურად დაუცველთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევიდა. მარტოხელა პენსიონერთა საჭიროების ინდექსი შეიცვალა (გაიზარდა), რის შემდეგაც სარეიტინგო ქულების ხელახლა გადათვლა მოხდა და მარტოხელა პენსიონერების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში აღადგინეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მათ განაცდური თვეების თანხაც აუნაზღაურდათ.

მართალია, მინისტრის დაპირების შემდეგ საპენსიო ასაკობრივ ჭრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, თუმცა ჩვენ საარსებო შემწეობის მიმღებ მარტოხელა პენსიონერთა რაოდენობითაც დავინტერესდით. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. 2015 წლის მაისში, როცა ახალი ფორმულა ამოქმედდა, საარსებო შემწეობის მიმღები 67 412 მარტოხელა პენსიონერი იყო. 2015 წლის ივლისის მდგომარებით კი, საარსებო შემწეობას 64 608 მარტოხელა პენსიონერი იღებდა. ეს რიცხვი მიმდინარე წლის ბოლო, აპრილის მონაცემებით, 63 592-მდეა შემცირებული. აქვე განვმარტავთ, რომ ახალი ფორმულის ამოქმედების შემდეგ 1 006 მარტოხელა პენსიონერი გარდაცვალების გამო ბაზიდან ამოვარდა. ამასთან, ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა გადამოწმების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. სამინისტროში განმარტავენ, რომ იმ მარტოხელა პენსიონერთა ნაწილს, რომელთაც დროებით აქვთ დახმარება შეჩერებული, საარსებო შემწეობა აღუდგებათ.

ამ თემაზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ნუცი ოდიშარიასაც ვესაუბრეთ. მისი განცხადებით, “ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ გამოჩნდა, რომ მარტოხელა პენსიონერების დიდი ნაწილი ვარდებოდა საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზიდან. ახალი ფორმულით რომ გაგრძელებულიყო გადამოწმება, დახმარების მიმღები მარტოხელა პენსიონერების დაახლოებით 55% დარჩებოდა. ამის შემდეგ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ფორმულაში ცვლილებების შეტანის შესახებ და მათი საჭიროების კოეფიციენტი გაიზარდა. შედეგად, ახალი ფორმულით გადამოწმდა 26 000 მარტოხელა პენსიონერი, აქედან 77% დახმარებას ისევ იღებს, 19%-ს შეუწყდა სოციალური დახმარება, დაახლოებით 4% კი გარდაცვალების გამო ამოვარდა ბაზიდან. ამას ემატება ის მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც ძველი მეთოდოლოგიით დახმარებას არ იღებდნენ და ახლა იღებენ”.

 

დასკვნა

2015 წელს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედებიდან პირველ სამ თვეში, საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში პენსიონერების, მათ შორის მარტოხელა პენსიონერების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული, ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ფორმულის ხარვეზად აღიარა და 30 ივლისს განაცხადა, რომ მარტოხელა პენსიონერებს სოციალური დახმარება აღუდგებოდათ. ამავე დღეს, ფორმულაში მარტოხელა პენსიონერების საჭიროების ინდექსი გაიზარდა, თავიდან მოხდა ქულების გადაანგარიშება და მათ დიდ ნაწილს, 77%-ს, საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდა.

2015 წლის აგვისტოდან საპენსიო ასაკობრივ ჭრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. თუმცა, დახმარების მიმღები მარტოხელა პენსიონერების რიცხვი, 2015 წლის ივლისთან შედარებით (როცა მინისტრი მარტოხელა პენსიონერებს დახმარების აღდგენას დაპირდა), 1 016-ით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი ფორმულის ამოქმედების შემდეგ, 1 006 მარტოხელა პენსიონერი ბაზიდან გარდაცვალების გამო ამოვარდა. ამასთან, ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა გადამოწმების პროცესი გრძელდება. შესაბამისად, იმ მარტოხელა პენსიონერთა ნაწილს, რომელთაც დახმარება შეჩერებული აქვთ, კვლავ აღუდგებათ. ასევე, დასკვნის გაკეთებისას ფაქტ-მეტრი ითვალისწინებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის დაპირება და ფორმულაში პენსიონერთა საჭიროების ინდექსის ზრდა რომ არ ყოფილიყო დღეს საარსებო შემწეობის გარეშე გაცილებით მეტი მარტოხელა პენსიონერი იქნებოდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

გააზიარეთ: