ჩვენ მიერ ჯანდაცვაში დახარჯული თანხა პირდაპირი ინვესტიციაა ეკონომიკაში
მეტწილად მცდარი
2108 ნახვა
A+
A
A-

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განაცხადებით, ჯანდაცვის სფერო კვლავ რჩება მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად და ჯანდაცვაში დახარჯული თანხა ეკონომიკაში პირდაპირ ინვესტიციას წარმოადგენს.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროსთვის 1.8 მილიარდი ლარის დაფინანსება იყო გამოყოფილი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების 23%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მომავალ წელს აღნიშნული თანხის 3.2 მილიარდ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების 31%-ია. შესაბამისად, 2013-2016 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მართლაც პრიორიტეტულ სფეროდ არის მიჩნეული.

 

გრაფიკი 1: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2012-2016 წლებში

image001

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

ეკონომიკაში, ინვესტიციად ისეთი ხარჯები განიხილება, რომელიც ხელს უწყობს ახალი კაპიტალის შექმნას ან არსებული კაპიტალის ღირებულების ზრდას. კერძოდ, ახალი საავადმყოფოების მშენებლობაზე ან არსებულის განახლებასა და ტექნიკურ აღჭურვაზე გაწეული ხარჯები ნამდვილად არის ინვესტიცია ეკონომიკაში, ხოლო სოციალური ხასიათის ხარჯები მიმდინარე დანახარჯებია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკით (რომლითაც ბიუჯეტის შედგენის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროც ხელმძღვანელობს), სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ინვესტიციად ითვლება არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდა. ჯანდაცვის ხარჯი კი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ნაწილია, ის მოხმარებად ითვლება და არა დანაზოგად ან ინვესტიციად.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 72% (2 273 მლნ ლარი) სოციალური პროგრამების დაფინანსებას ხმარდება, რომელიც მიმდინარე ხარჯის ნაწილია და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის კომპენსაციებით უზრუნველყოფას მოიცავს. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი ეკონომიკაში განხორციელებულ ინვესტიციად არ შეიძლება ჩაითვალოს.

2012 წელს სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე 13 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, მიმდინარე წლის ბიუჯეტით აღნიშნული პროგრამის დაფინასნება 31 მლნ ლარია, ხოლო მომავალ წელს დაფინანსების 32 მლნ ლარამდე ზრდაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ჯანდაცვის ბიუჯეტის მცირე ნაწილი (დაახლოებით 1%) მართლაც საინვესტიციო ხასიათის დანახარჯებია.

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა თავისთავად დადებით გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრების დონეზე. დაავადებათა რიცხვის შემცირება და სიკვდილიანობის დონის კლება რა თქმა უნდა დადებითი ფაქტორია და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის გაწეული ხარჯი გარკვეული თვალსაზრისით ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციად შეიძლება განვიხილოთ.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 25% (801.5 მლნ ლარი) ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული, საიდანაც ყველაზე მეტი ხარჯი 570 მლნ (71%) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაზეა გამოყოფილი.

 

გრაფიკი 2: ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 20012-2016 წლებში

image002

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

2013 წლიდან ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა. 2016 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 468.7 მლნ ლარით (141%-ით) არის გაზრდილი. გაიზარდა სოფლის ექიმის და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დაფინანსება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითი ნაბიჯია. ასევე, ამოქმედდა ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაავადებული პირებისთვის მედიკამენტის საფასურის 60%-ით დაფინანსება, ხოლო 2015 წლიდან პირველადი გამოკვლევების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ხარჯები თავისი არსით მიმდინარე ხარჯებია, თუმცა, რამდენადაც საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, ის შეიძლება ადამიანურ კაპიტალში არაპირდაპირ ინვესტიციადაც განვიხილოთ.

ჯანდაცვის პროგრამებზე გამოყოფილი ხარჯების დიდი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაზე მიემართება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან ამოქმედდა და თანდათანობით ჩაანაცვლა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა. სახელმწიფო დაზღვევის პროგრამისგან განსხვავებით, რომელიც უფასო სადაზღვევო პაკეტით მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს უზრუნველყოფდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ერთი შეხედვით სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის, პროგრამის საყოველთაო ხასიათი მის ძირითად ხარვეზად რჩება, რის შესახებაც ფაქტ-მეტრს კვლევები გამოქვეყნებული აქვს (იხ. სტატია 1, სტატია 2). მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, მოწყვლადი მოსახლეობის (მიზნობრივი ჯგუფები) მდგომარეობა არ შეცვლილა და ისინი ჯანმრთელობის დაზღვევის ანალოგიური პაკეტით სარგებლობენ, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე. ამასთან, ჯანდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი მედიკამენტების შესყიდვაზე მოდის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისთვის მედიკამენტების 50%-იან დაფინანსებას მხოლოდ მცირე ლიმიტის ფარგლებში (50-200 ლარამდე) ითვალისწინებს, რაც საკმარისი არ არის. ამასთან, აღნიშნული შეღავათით ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდეც სარგებლობდნენ (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). პროგრამის დაფინანსების მიზნობრივი და ეფექტური ხარჯვის შემთხვევაში კი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტების დაფინანსებაც იქნებოდა შესაძლებელი. ამ ეტაპზე კი, საყოველთაო ჯანდაცვის სარგებელი მოსახლეობის იმ ნაწილზეც მოდის, რომელთაც კერძო დაზღვევა სახელმწიფო დაზღვევით ჩაანაცვლეს და შესაბამისად საკუთარი პირადი ხარჯები დაზოგეს. აქედან გამომდინარე, ადამიანური კაპიტალის განვითარების მხრივ საყოველთაო ჯანდაცვა ნაკლებად ეფექტიანია.

 

დასკვნა

2013 წლიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.8 მილიარდიდან 2.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2016 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ასიგნებების 31% (3.2 მლრდ ლარი) ჯანდაცვის სამინისტროსთვის არის გამოყოფილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯების უდიდესი ნაწილი მიმდინარე ხარჯებია, რომელიც არ გულისხმობს რაიმე ტიპის კაპიტალის შეძენას, თუმცა, მეორეს მხრივ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სიკვდილიანობის შემცირება და დაავადებათა რიცხვის შემცირება დადებითად აისახება საზოგადოების ჯანრმთელობის მდგომარეობასა და შრომისუნარიანობაზე. შესაბამისად, ამ კუთხით ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციად.

ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი ხარჯები სამინისტროს ბიუჯეტის 25%-ია (802 მლნ ლარი), საიდანაც უმეტესი წილი (570 მლნ) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას ხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მიზანს მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს, მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის სამედიცინო მომსახურება, განსაკუთრებით კი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, კვლავ პრობლემად რჩება. აღნიშნული პრობლემის მოგვარება პროგრამისთვის გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრივი და ეფექტური ხარჯვით არის შესაძლებელი.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით სერგეენკოს განცხადება არის მეტწილად მცდარი.

გააზიარეთ: