„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, გადაცემა „რეაქციაში“ ხე-ტყის გაჩეხვის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა: „2013 წლის 31 ოქტომბრის მთავრობის განკარგულება ჩაგვივარდა ხელში, რომელსაც ხელს აწერს ბიძინა ივანიშვილი. შაორის ტერიტორიაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით ნებართვა აქვს ივანიშვილს გაცემული, რომ მისივე კომპანია „ატუმ“ გაჩეხოს ეს ტერიტორია“.

იმავე გადაცემაში, საკითხს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ბენო ქაშაკაშვილი და განაცხადა, რომ ხსენებული ფაქტი ტყუილია და „პრემიერ-მინისტრი ხელს არ აწერს ასეთ რამეს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.

2013 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება (N1529) „სოციალური ჭრის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, რომლის თანახმადაც, ა(ა)იპ „ასოციაცია ატუს“ მიეცა სოციალური ჭრის განხორციელების უფლება და გამოეყო 10 000 კუბ.მ ხე-ტყე. განკარგულებას ხელს აწერს იმ დროისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულიინფორმაციის თანახმად, „ატუ“ წლების განმავლობაში ახორციელებს საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას. შაორზე მიმდინარე ტყეკაფებიდან მიღებული პირველი ხარისხის (სამასალე) მერქანი „ასოციაცია ატუს“ მიერ უნდა მოხმარებოდა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას, კერძოდ, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ძირითადი კორპუსის მშენებლობა-შეკეთებას; მიწის ძვრით დაზარალებულთა სახლების მშენებლობას; მოსახლეობის ინდივიდუალური სახლების სახურავის შეცვლას; ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობას; ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და გორში რაგბის რეგიონალური ბაზის მშენებლობას; საჩხერის მუნიციპალიტეტის პერევის საჯარო სკოლის მშენებლობას; საჩხერის I საჯარო სკოლის მშენებლობას და სხვა არაკომერციულ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-5 მუხლის და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილების მე-10 მუხლის თანახმად, ხე-ტყის სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად. იგივე „ტყის კოდექსის“ 93-ე მუხლის მიხედვით, სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებულიხე-ტყის, ასევემისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტისნებისმიერი ფორმითგასხვისება აკრძალულია.

რაც შეეხება „ასოციაცია ატუს“, საქართველოს საჯარო რეესტრის მიხედვით (სარეგისტრაციო კოდი 51/9-4), იგი დარეგისტრირებულია 2001 წლის 15 თებერვალს საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ და არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საქმიანობის სფეროდ კი ასოციაციას მითითებული აქვს საქველმოქმედო საქმიანობა. ყოველი სარეგისტრაციო წარმოებისთვის „ატუს“ ფინანსური ვალდებულება დაფარული აქვს ბანკ "ქართუს". ასოციაცია „ატუ“ რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, რომელზეც განთავსებულია ბანკი „ქართუს“ ცენტრალური ოფისი. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სხვადასხვა დროს ასოციაციას წარმოადგენდნენ შიო მაჭავარიანი, ვახტანგ არაბული, როსტომ ჩაბრაძე და გელა კობერიძე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს სამი უკანასკნელი, "ქართული ოცნების" აქტიური შემომწირველები არიან. ასოცაციაციის გენერალური დირექტორი კარლო ლეკვეიშვილიაგრეთვე არის „ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიაში. მთავრობის დადგენილება ხე-ტყის სოციალური ჭრის განხორციელების შესახებ არ არის ერთადერთი ნებართვა, რომელიც ასოციაციას მიენიჭა. მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის განკარგულებით (1521) „ატუ“ გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან. განკარგულებას ხელი მოაწერა იმ დროისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ასოციაცია „ატუს“ მიერ ხე-ტყის სოციალურჭრას მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, „ატუ“ ახორციელებდა ხეების სანიტარულ ჭრას, ხოლო, მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას საშეშე მასალად დაურიგდებოდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრულიად განსხვავებული მიზეზი დაასახელა გარემოს დაცვის სამინისტრომ.

რაც შეეხება ბენო ქაშაკაშვილის განცხადებას, რომ პრემიერ-მინისტრი ხელს არ აწერს მსგავს დოკუმენტებს, არ შეესაბამება სიმართლეს. გარდა „ატუსადმი“ გაცემული ნებართვისა, რომელსაც ხელი ბიძინა ივანიშვილმა მოაწერა, ასევე არსებობს საქართველოს მთავრობის სხვადასხვა განკარგულება, თუნდაც ხე-ტყის სოციალურ ჭრასთან დაკავშირებით და მას პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს. მაგალითად, იგივე „ატუსათვის“ მიცემული ნებართვა ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის არასაჭიროებასთან დაკავშირებით (ხელს აწერს ირაკლი ღარიბაშვილი); საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ნოემბრის განკარგულება (N 1922) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – სკო­ლამ­დელ სააღ­მზრდელო დაწესებულებათა ცენტრისადმი სოციალური ჭრის განხორციელების უფლების მინიჭება (ხელს აწერს ბიძინა ივანიშვილი) და ა.შ.

დასკვნა

საქართველოს მთავრობის განკარგულება (N1529) „სოციალური ჭრის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, რომელზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, ნამდვილად არსებობს და იგი ასოციაცია „ატუს“ ნებართვას აძლევს განახორციელოს 10 000 კუბ.მ ხე-ტყის ჭრა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, ეს ჭრა სოციალური და საზოგადოებრივი მიზნებისთვის განხორციელდა. თუმცა, ლევან ხაბეიშვილის განცხადების კონტექსტი იმას გულისხმობს, რომ აღნიშნული ხე-ტყის გაჩეხვა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ინტერესებს ემსახურებოდა, რისი დადასტურება ან უარყოფა ფაქტ-მეტრს არ შეუძლია.

„ასოციაცია ატუ“ ნამდვილად ახლო კავშირშია ბანკ „ქართუსთან“ და მისი წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ აქტიური დამფინანსებლები არიან, თუმცა პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთი, რომ ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია, ფაქტ-მეტრმა ვერ მოიპოვა.

რაც შეეხება ბენო ქაშაკაშვილის განცხადებას, იგი არ შეესაბამება სიმართლეს - პრემიერ-მინისტრები ნამდვილად აწერენ ხელს მსგავს სამთავრობო განკარგულებებს და როგორც აღვნიშნეთ, ხე-ტყის სოციალური ჭრის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მართლაც არსებობს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს, ხოლო ბენო ქაშაკაშვილის განცხადება ფასდება როგორც -მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი