ბათუმის სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ნავმისადგომის გახსნაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა: "

სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს საკუთარი საზღვრის გაძლიერებაზე, საკუთარ მესაზღვრეებზე, იქ საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე მიდის ზრუნვა, არის ზედმეტი. ჩვენ ამის მომსწრენი ვიყავით სულ რაღაც სამი წლის წინ. წინა მთავრობის დროს, მთელი სანაპირო დაცვა იგნორირებული იყო. 100-ზე მეტი მცურავი საშუალება (გემები) იქნა გასხვისებული, რაც, ვფიქრობ, დანაშაულია".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2009 წელს, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო სასაზღვრო ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციას გადაეცა და მისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ინტეგრირება მოხდა. შესაბამისად, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მცურავი საშუალებები აღნიშნული ორი უწყების ბალანსზე ირიცხება. შესაბამისად, ჩვენ ინფორმაცია როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2003 წლიდან 2009 წლამდე, მის ბალანსზე აღრიცხული მცურავი საშუალებები არ გასხვისებულა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს თავდაცვის სასაზღვრო ძალები 2009 წლიდან სანაპირო დაცვის პოლიციის შემადგენლობაში გადავიდა. ამიტომ, ჩვენ ამ უწყებასაც დავუკავშირდით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2003

წლიდან დღემდე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის  ბალანსზე მყოფი არცერთი მცურავი საშუალება არ გასხვისებულა.

იმის გასარკვევად, თუ რა ინფორმაციით ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი განცხადების გაკეთებისას, ჩვენ პრემიერის პრეს-სამსახურს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ რა რაოდენობის მცურავ საშუალებებს ფლობს სანაპირო დაცვის სამსახური. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ეს სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.

თუმცა, ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სამი მცურავი საშუალება განადგურდა (სადარაჯო ხომალდი "აიეტი", საპატრულო კატარღა "ორბი" და მცირე სწრაფმავალი კატარღა).

  დასკვნა

სახელმწიფოს კუთნილებაში მყოფი მცურავი საშუალებები 2009 წლამდე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა, ხოლო 2009 წლიდან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე გადავიდა. ორივე უწყების ინფორმაციით, 2003 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბალანსზე მყოფი მცურავი საშუალებების გასხვისებას ადგილი არ ჰქონია. ფაქტ-მეტრი იმის გარკვევასაც შეეცადა, თუ რამდენ მცურავ საშუალებას ფლობს საქართველოს მთავრობა, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიპასუხეს, ეს მონაცემები საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიას განეკუთვნება.

იმის გასარკვევად, თუ რა ინფორმაციას ეყრდნობოდა ირაკლი ღარიბაშვილი განცხადების გაკეთებისას, ჩვენ პრემიერის პრეს-სამსახურს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი