მეტწილად სიმართლე
ირაკლი ღარიბაშვილი:
2012 წელს დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მლნ ლარი იყო, მომავალ წელს 85 მლნ ლარი იქნება
კობა სუბელიანი:
დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 70-75 მლნ ყოველთვის იყო, ზოგჯერ 90 მილიონამდეც ავსულვართ. "ქართულ ოცნებას" კი 90 მილიონიანი ბიუჯეტი არცერთხელ არ ჰქონია
მეტწილად მცდარი
1892 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “2012 წელს დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო. ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორ “ზრუნავდნენ” სააკაშვილი და მისი მთავრობა დევნილებზე. მომავალ წელს დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 85 მილიონი ლარი იქნება”.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საპირისპირო განცხადება გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილმა პირველმა პირმა, კობა სუბელიანმა. “სამინისტროს ბიუჯეტი 70-75 მლნ ლარი ყოველთვის იყო. ზოგ შემთხვევაში 90 მილიონამდეც ავსულვართ. თქვენ კი, რაც ხელისუფლებაში ხართ, 90 მილიონი არცერთხელ არ გქონიათ, 70 მლნ-მდე ხართ გაყინული” – მიმართა ხელისუფლებას სუბელიანმა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ჩვენ გადავამოწმეთ, თუ რამდენი იყო წლების მიხედვით სამინისტროს ბიუჯეტი 2006 წლიდან (ფაქტიური მონაცემი) 2016 წლის (გეგმა) ჩათვლით.

 

წელი ბიუჯეტი, მლნ ლარი შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება არაფინანსური აქტივები
2006 59.2 3% 28% 7%
2007 65 5 3% 31% 2%
2008 121.7 2% 18% 1%
2009 66.7 4% 36% 27%
2010 41.7 6% 64% 2%
2011 44.4 5% 56% 9%
2012 37.4 6% 40% 6%
2013 47.2 6% 20% 10%
2014 49.3 9% 10% 41%
2015 70 6% = 66%
2016 85 3% = 62%

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2006 წლიდან 2016 წლის (გეგმა) ჩათვლით, დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი ყველაზე მცირე 2012 წელს იყო და 37 მლნ ლარი შეადგინა, ყველაზე მეტი კი, 2008 წელს (121 მლნ ლარი), რუსეთ-საქართველოს ომიდან გამომდინარე. 2016 წლის საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, სამინისტროს ბიუჯეტი 85 მლნ ლარით განისაზღვრა.

წინა ხელისუფლების პერიოდში, სამინისტროს ბიუჯეტი ყველაზე მცირე 2010-2012 წლებში იყო და ეს მაჩვენებელი 37-დან 44 მლნ ლარამდე მერყეობდა, ყველაზე მეტი კი, 121 მლნ ლარი, როგორც აღვნიშნეთ, 2008 წელს იყო. “ქართული ოცნების” მთავრობის პირობებში დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი ყველაზე მეტი 2016 წელს (85 მლნ ლარი) იქნება.

მართალია, ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წლის დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტის მაჩვენებელი არასწორად მიუთითა, თუმცა როგორც ეს მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა განმარტა, პრემიერი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს გულისხმობდა. ამ პროექტის მიხედვით, სამინისტროს ბიუჯეტი 25 მლნ ლარით იყო განისაზღვრული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბიუჯეტო გეგმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე განიცდის ცვლილებას და ის თითქმის ყოველთვის იზრდება. მაგალითისთვის, 2010 წლის საბიუჯეტო გეგმით დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 27.9 მლნ ლარი იყო და ამავე წლის ნოემბრის თვეში შესული ცვლილებით კი, საბიუჯეტო გეგმა 39.6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ როგორ ნაწილდებოდა თითოეული წლის ბიუჯეტი, რა თანხა იხარჯებოდა შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების, ასევე არაფინანსური აქტივების მუხლებით. 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლი მთლიანი ბიუჯეტის საშუალოდ 4%-ს შეადგენდა. 2012-2016 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი მთლიანი ბიუჯეტის საშუალოდ 6%-ია. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროში დასაქმებულთა რიცხვი 2012 წელთან შედარებით 69%-ითაა გაზრდილი, რაც, ბუნებრივია, შრომის ანაზღაურების ხარჯებსაც ზრდის.

იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და მართვის მუხლი 2006-2012 წლებში მთლიანი ბიუჯეტის 10%-ს შეადგენდა, 2013-2016 წლებში კი, ეს მაჩვენებელი 13%-ია. განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის წინა ხელისუფლების პერიოდში, ყოველწლიურად, საშუალოდ, ბიუჯეტის 44% იყო გამოყოფილი. 2013-2016 წლებში ეს რიცხვი 86%-ს შეადგენს.

სამინისტროს მიერ არაფინანსური აქტივების მუხლისთვის, რომელიც კაპიტალურ პროექტებზე გაწეულ თანხებს მოიცავს, 2006 წლიდან 2012 წლამდე ბიუჯეტის დაახლოებით 8% იხარჯებოდა, ხოლო 2013-2016 წლებში არაფინანსური აქტივები სამინისტროს ფინანსების 45%-ს მოიცავს.

 

დასკვნა

წინა ხელისუფლების დროს დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი ყველაზე მეტი, 121 მლნ ლარი, 2008 წელს (რუსეთ-საქართველოს ომიდან გამომდინარე) იყო. სხვა წლებში კი, ეს მაჩვენებელი 37-67 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობდა. ყოველწლიური ბიუჯეტი 70-75 მლნ ლარი არ ყოფილა. რაც შეეხება მომავალ წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, დევნილთა სამინისტროს დაფინანსება 85 მილიონი ლარია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე, ხოლო კობა სუბელიანის განცხადება კი – მეტწილად მცდარი.

გააზიარეთ: