მიმდინარე წლის 2 ივნისს მიხეილ დუნდუამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა,

რომ მაღალტექნოლოგიური პროექტების განხორციელებაში სახელმწიფო პროგრამებს თავისი წვლილი აქვთ შეტანილი, მან ასევე აღნიშნა, რომ პოპულარული iPhone-ს ყველა ტექნოლოგია თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების ფარგლებში შეიქმნა.

მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. როგორც წესი, ინოვაციებში ინვესტიციების ჩადება ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული, რასაც ბიზნესი ხშირ შემთხვევაში ერიდება ხოლმე. ამიტომ, სახელმწიფო ინვესტიციები კვლევასა და განვითარებაში მართლაც დიდ როლს თამაშობს.

უკვე 40 წელია კომპანია Apple კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში წარმატებით მოღვაწეობს. კომპანიის მრავალ წარმატებულ პროდუტს შორის ერთ-ერთი პოპულარული iPhone-ა. iPhone-ს ტექნოლოგიის შექმნა და განვითარება ნამდვილად კომპანია Apple-ს დამსახურებაა. ამასთან, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი მარიანა მაცუკატო (Mariana Mazzucato) თავის წიგნში - "Entrepreneureal State: Debunking Private VS Public Sector Myths", აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინვესტიციებმა კვლევასა და განვითარებაში, დიდი როლი შეასრულეს iPhone-ს შექმნაში. მართლაც, ინტერნეტი, GPS, LCD-ეკრანი, მიკროპროცესორი და ბევრი ის ტექნოლოგია, რასაც iPhone იყენებს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებშია შექმნილი.

გრაფიკი 1:

სახელმწიფო ორგანოების მიერ შექმნილი ტექნოლოგიები, რომლებსაც iPhone იყენებს

image001 წყარო: https://ineteconomics.org/ideas-papers/blog/what-the-steve-jobs-movie-wont-tell-you-about-apples-success

ნიშანდობლივია ისიც, რომ კომპანია Apple-მა განვითარების საწყის ეტაპზე დაფინანსება

სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიისგან მიიღო, რომელიც მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით იყო შექმნილი.

სახელმწიფო ინვესტიციები მართლაც დიდ როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში. ბუნებრივია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ეტაპზე, ქვეყნის საბიუჯეტო რესურსი ნამდვილად არაა საკმარისი ახალი ტექნოლოგიების გამოგონების მხარდასაჭერად. შესაბამისად, დარგის განვითარება მხოლოდ სახელმწიფო რესურსზე ვერ იქნება დამოკიდებული. ამ მიზნით საქართველომ მსოფლიო გამოცდილება და საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა გამოიყენოს, რათა ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიებისა და გამოცდილების იმპორტს ქვეყანაში. ეს კი, საგადასახადო შეღავათების, სწორი საკანონმდებლო ჩარჩოსა და სტაბილური გარემოს ფორმირებით მიიღწევა.

დასკვნა

Apple-ს ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის iPhone-ს ტექნოლოგია მართლაც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ ტექნოლოგიურ პროექტებზეა დაფუძნებული. ამასთან, კომპანიამ განვითარების საწყის ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღო.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ დუნდუას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი