ინტერვიუ საჩხერის მერობის კანდიდატებთან – რას პირდებიან ისინი ამომრჩეველს
კობა მოდებაძე
ევროპული საქართველო
ირინე გრძელიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გიორგი მაჭარაშვილი
ერთობა ახალი საქართველო
ბენიამენ ფალავანდიშვილი
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
უკატეგორიოდ
1481 ნახვა
A+
A
A-

საჩხერის №50 საარჩევნო ოლქში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის ექვსი კანდიდატია რეგისტრირებული: კობა მოდებაძე (“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”), ირინე გრძელიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ალექსანდრე ნადირაძე („ტრადიციონალისტები“), თამაზ დოღაძე („ახალი ქრისტიან დემოკრატები“), გიორგი მაჭარაშვილი („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“) და ბენიამენ ფალავანდიშვილი ( „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”). ფაქტ-მეტრმა ოთხ მათგანთან ჩაწერა ინტერვიუ, ვინაიდან ერთ-ერთმა კანდიდატმა, თამაზ დოღაძემ გვაცნობა, რომ მისი პარტიის გადაწყვეტილებით, ის აღარ იბრძოლებს საჩხერის მერობისთვის. ხოლო, „ტრადიციონალისტების“ მერობის კანდიდატთან დაკავშირება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

 

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?

 

კობა მოდებაძე (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ვარ დაბადებული და გაზრდილი ჩემსავე რაიონში, სადაც დავაყენე ჩემი კანდიდატურა მერის პოსტზე. ამომრჩველმა არჩევანი უნდა შეაჩეროს ჩემს კანდიდატურაზე იმიტომ, რომ კარგად ვიცი ჩემი რაიონის პრობლემები, მოსახლეობის ძირითადი პრობლემები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მთელ ჩემს ენერგიას მოვახმარ მათ მოგვარებას გამარჯვების შემთხვევაში, რადგან მაქვს მეტად საპასუხისმგებლო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ირინე გრძელიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

დაბადებული და გაზრდილი ვარ საჩხერეში, კარგად ვიცნობ მუნიციპალიტეტის პირობებს, მაქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება, ვარ კომუნიკაბელური, მაქვს ორგანიზატორული უნარები და მხარს მიჭერს გამოცდილი, კომპეტენტური მეგობრები და პარტია.

გიორგი მაჭარაშვილი („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“)

„გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ წარმოადგენს ახალი თაობის პროფესიონალების გუნდს, რომელთა სახელს საქართველოშიც და უცხოეთშიც ბევრი განხორციელებული პროექტი უკავშირდება. მეც ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ და გვინდა, შესაძლებლობა მოგვეცეს ის სიკეთეები, რასაც ჩვენი პროექტების სახით უცხოეთში ვახორციელებთ, ჩვენი ქალაქებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს.

ბენიამენ ფალავანდიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

დავიბადე საჩხერეში, დავამთავრე საჩხერის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროფესიით ვარ არქიტექტორი, ვმუშაობდი თბილისში სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებში, ბოლო სამი წელი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა მეჭირა. შესაბამისად, საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კარგად ვიცნობ გამგეობის ყველა სამსახურს და მის საქმიანობას. ამიტომ ვთვლი, რომ ამომრჩეველმა უნდა შეაჩეროს არჩევანი ჩემს კანდიდატურაზე.

 

როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის/გამგებლის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)

 

კობა მოდებაძე (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

მოქმედი გამგებლის საქმიანობას შევაფასებ შემდეგნაირად: ბეტონის გზების მოკლე მონაკვეთების მასშტაბური დაგებით,  ქალაქში გარე განათებისა და სკვერების კეთილმოწყობით.

ირინე გრძელიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მიუხედავად იმისა, რომ სურვილი არ მაქვს შევაფასო მოქმედი გამგებლის საქმიანობა, ვიტყვი მხოლოდ ერთს: პოზიტიური მის საქმიანობაში პირადად ჩემთვის აღმოჩნდა ის, რომ სრული სიცხადით დავინახე, როგორი არ უნდა იყოს ხელმძღვანელი. მან გამოიწვია ის ნეგატიური შედეგი, რომ ადამიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მის მართულ კოლექტივში სრული გათიშულობაა.

გიორგი მაჭარაშვილი (საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“)

საჩხერის მუნიციპალიტეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთგვარ საცდელ ოაზისს წარმოადგენდა. აქ, სხვადასხვა სამთავრობო პროექტებთან ერთად, საკმაოდ დიდი რესურსი ჩაიდო კერძო პირის მიერ, რაც საჩხერეს გარკვეულ ინფრასტრუქტურულ უპირატესობას აძლევდა იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით. თუმცა, ფაქტია, რომ 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ფაქტობრივად, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, ძალიან გამიჭირდება მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების დადებით კონტექსტში შეფასება.

ბენიამენ ფალავანდიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

მოქმედი გამგებლის საქმიანობას ვაფასებ დადებითად, უამრავი სასიკეთო პროექტია მუნიციპალიტეტში განხორციელებული „ქართული ოცნების“ პირობებში და სწორედ დადებით მხარეზე მეტყველებს გუნდური მუშაობა და შესაბამისად, შედეგიც სახეზეა, რასაც კარგად აფასებს თვით მოსახლეობაც. ნეგატიურ მხარეს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ადგილობრივ საკრებულოსთან მეტი კომუნიკაციის შემთხვევაში შედეგები იქნებოდა მეტად უფრო დამაჯერებელი.

 

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

 

კობა მოდებაძე (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

სოციალურ-ეკონომიური პრობლემები, სოფლებში მისასვლელი და შიდა სასოფლო გზების პრობლემები, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, სოფლებში საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მინიჭების პრობლემა, ინფრასტრუქტურული პროექტები ტურისტული მიმართულებით.

ირინე გრძელიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

უმუშევრობა, სოციალური მდგომარეობა, ეკოლოგიური პრობლემები, ქალთა ნაკლებად ჩართულობა პოლიტიკაში და არა მარტო პოლიტიკაში, საჩხერელი ახალგაზრდობის მიგრაცია. ამ პრობლემების მოგვარებისათვის უპირველესია ხელისუფლების ნება.

გიორგი მაჭარაშვილი („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“)

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, საჩხერეშიც მთავარია დასაქმება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. განსაკუთრებით გამოვყოფდი საჩხერეში ნეპოტიზმის მაღალ დონეს, რასაც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მარტივად დავასრულებთ.

ბენიამენ ფალავანდიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

მიუხედავად მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისა, პრობლემები კიდევ ბევრია, განსაკუთრებით რიგ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი, ასევე ცენტრალური და საუბნო გზების მოწესრიგების საკითხი. მოსახლეობის უმეტესობა ისევ განაგრძობს ცხოვრებას 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლებში და ითხოვს დახმარებას.

 

რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის და როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) აპირებთ მათ შესრულებას? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი. 

 

კობა მოდებაძე (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

სოციალურ-ეკონომიური პრობლემების მოგვარება, პენსის ზრდა, სოციალური დახმარების აღდგენა და საარსებო მინიმუმის გაზრდა. ჩვენ რაიონში მიწა არის მწირმოსავლიანი, რომელსაც ესაჭიროება ნიადაგის განაყოფიერება დამხმარე საშუალებებით (ხელის შეწყობა ვაუჩერის დარიგებით, ვინაიდან გლეხს გაუადვილდეს შრომა და შედეგი იყოს მნიშვნელოვანი). მოვახდენ სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, მოვაგვარებ წყლით მომარაგების პრობლემას, საკანალიზაციო სისტემის მოწყობას, მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მინიჭებისთვის მივმართავ კომპეტენტურ სამსახურს სწრაფი რეაგირებისათვის. ბიზნესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით შევქმნი ქალაქსა და სოფლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას.

ირინე გრძელიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით, როგორ მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. გეგმები გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი, გათვლილი უახლოეს 4-5 წელიწადზე.

გიორგი მაჭარაშვილი („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“)

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ცალკეული პარტიებისა და კანდიდატების მიდგომებს, რომლებიც ხმების მიღების სანაცვლოდ ყველანაირ ავანტიურაზე მიდიან და სოციალური, ფსიქოლოგიური მანიპულაციებით ცდილობენ ამომრჩევლების ნებაზე ზემოქმედებას. ჩვენს გუნდს გააჩნია აბსოლუტურად განსხვავებული შეთავაზებები, სადაც ძირითად აქცენტს არა შედეგების, არამედ გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე ვაკეთებთ. ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი, სადაც ძირითადი აქცენტი თითოეული  მუნიციპალიტეტისთვის კონკრეტული ფუნქციის მინიჭებაში გამოიხატება. რაც შეეხება კონკრეტულად საჩხერისთვის ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებას, ვფიქრობთ, მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის ინვესტიციების მოძიებაზე, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის საჩხერეში.

ბენიამენ ფალავანდიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

ვინაიდან მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა მთლიანად უკავშირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სივრცით მოწყობას და გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მიმაჩნია, რომ მომდევნო ოთხი წელი იქნება ქვეყანაში აღმშენებლობის წლები, განხორციელდება უამრავი პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ეკონომიკაზეც, რადგან სამშენებლო სექტორი არის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. მუნიციპალიტეტში 2018-2021 წლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:

ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზის მშენებლობა. 2019 წ. სოფ. ცხამის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2018 წ. სოფლების: სარეკის, ბაჟითის, საირხის და ჭორვილის სასმელი წყლის მშენებლობა. 2018-2019 წ. სოფ. ხვანის გადასახვევიდან ლიჩის ცენტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2017-2020 წ. სოფ. სავანეში მეფრინველეობის ფაბრიკისა და იტავაზის კვარცის ქვიშების კარიერისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. 2018-2019წ. მოძვი-ჯალაურთის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. 2018-2020წ. ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა. 2018-2020წ. მოდინახეს ციხისა და მასთან მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2021 წლამდე სოფ. კორბოულში (სისვაძეების უბანი) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2018-2019 წ. ჭალა-სპეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2018-2019 წ. ქ. საჩხერეში დარჩენილი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. 2018-2021 წ. სოფ. არგვეთში კულტურის ცენტრის მშენებლობა. 2018-2021 წ. ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა. 2018-2021 წ. სოფ. ჭალაში საბავშვო ბაღისათვის შენობის რეაბილიტაცია. 2018-2019 წ. ქ. საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. 2017-2018 წ. საჩხერე-მერჯევი-საირხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2018-2020 წ. სოფ. არგვეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2018-2019 წ. სოფ. კორბოულში ძლევის წმ. გიორგის სალოცავისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2018 წ.

 

არჩევის შემთხვევაში, როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)

 

კობა მოდებაძე (ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

რაც შეეხება მოქალაქეებთან ურთიერთობას, აბსოლუტურად გახსნილი ვიქნები მათთან, კომუნიკაბელური, ობიექტური, მიუკერძოებელი. მოსახლეობის საჭიროებისა და მოთხოვნილების შესაბამისად, მოვახდენ სწრაფ რეაგირებას. ყველა სუბიექტთან მიმართებაში ვიქნები სამართლიანი და წინააღმდეგი ყოველგვარი უსამართლობისა და ნეპოტიზმისა.

ზემოთ მოგახსენეთ რაიონში არსებულ ძირითად პრობლემებზე, რაიონში აგრეთვე არსებობს სხვა, ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებზეც, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მექნება სწრაფი რეაგირება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათ დეტალურად გამოვიკვლევ, შევისწავლი და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე მათზე გავატარებ შესაბამის ღონისძიებებს და მივიღებ საჭირო ზომებს მათ სწრაფად მოსაგვარებლად.

ირინე გრძელიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩემი საქმიანობის ყველაზე იოლად დასაძლევ პრობლემად ხალხთან ურთიერთობა მიმაჩნია, რამეთუ ვარ სრულიად გახსნილი და განწყობილი ვარ, სრული გაგებით და პატივისცემით მოვეკიდო ყველა ჩემს თანამოქალაქეს, როგორც ამომრჩეველს, ისე არა ამომრჩეველს.

გიორგი მაჭარაშვილი („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“)

ჩვენი გუნდი გამოირჩევა ღიაობით და გახსნილობით, გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. სხვადასხვა სმარტ და ონლაინ-სერვისების დანერგვა, რაც მოქალაქეებს გაუადვილებს მერიასთან და საკრებულოსთან ურთიერთობას.

ბენიამენ ფალავანდიშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

მერად არჩევის შემთხვევაში მზად ვარ, თითოეული მოქალაქის გულისტკივილი გავითავისო და გულწრფელად ვეცდები, არ დავიშურო ენერგია პრობლემის გადასაწყვეტად. ვინაიდან მაქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, ასევე საკმაოდ კარგად ვფლობ სიტუაციას და ვიცნობ საზოგადოებას, ვფიქრობ, ჩემი გამოცდილებაც ძალიან დამეხმარება მოქალაქეებთან ურთიერთობებში.

გააზიარეთ: