2017 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისთვის ათი კანდიდატი იბრძოლებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გიორგი ჭიღვარია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გრიგოლ ვაშაძე, „ევროპული საქართველო“ – დავით გოგისვანიძე, „შენების მოძრაობა“ – ალუდა გოგლიჩიძე, „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ – გიორგი (გოგი) წულაია, „პატრიოტთა ალიანსი“ – გრიგოლ ბახტაძე, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – სამსონი გუგავა, „ტრადიციონალისტები” - აკაკი ლოლომაძე „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” – გიორგი გოგელაშვილი, საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” – ზვიადი ბაღდავაძე.

არჩევნებამდე 14 დღით ადრე პოლიტიკურმა პარტიამ - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები მოხსნა.

ფაქტ-მეტრის კითხვებს გიორგი ჭიღვარიამ, დავით გოგისვანიძემ, გრიგოლ ბახტაძემ, გოგი წულაიამ და ალუდა გოგლიჩიძემ უპასუხეს.

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?   გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

პირველ რიგში, ამ საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის დაყენების საფუძველს მაძლევს ჩემი  განვლილი  ცხოვრება, რამეთუ  ჩემი  შეგნებული ცხოვრების  დღიდან  ვარ  ქუთაისის  და  ჩვენი  ქვეყნის  სამსახურში. ამასთანავე, მაქვს  ქუთაისის განვითარების  და  უძველესი  ქალაქიდან თანამედროვე  ევროპული  ტიპის  ქალაქად  ქცევის პროგრამა.  მე  მოვდივარ  იმ  გუნდთან ერთად, ვინც პატიოსნად, მოსახლეობის ინტერესებიდან  გამომდინარე  უნდა  ვემსახუროთ ამ ქალაქს.

დავით გოგისვანიძე (ევროპული საქართველო)

ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს ჩემი ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება და დიდი პასუხისმგებლობა. მე და ჩემი გუნდი ქუთაისის მოსახლეობის ინტერესებსა და პრობლემებს აქტიურად მივიტანთ ცენტრალურ ხელისუფლებამდე და მოვითხოვთ მოგვარებას მათი კომპეტენციის ფარგლებში.

ალუდა გოგლიჩიძე (შენების მოძრაობა)

დღეს ქართულ პოლიტიკაში, ქართულ რეალობაში დიდია მოთხოვნილება არა უბრალოდ ახალი, არამედ ახლებური ძალის ჩამოყალიბებისა. „შენების“ მოძრაობა სწორედ ახლებური პოლიტიკური ძალაა, რომელიც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს სწორად შენების ხედვა და სურვილი. ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ უარი ვთქვათ წარსულზე  და მუდმივად რევოლუციური სცენარის ქვეშ ვამყოფოთ საზოგადოება. ვფიქრობთ, რომ დადგა დრო ევოლუციური გზით ეპოქალური ცვლილებების განხორციელების. ამიტომ  არის ჩვენი დევიზი „რაც კარგია, ვუვლით! რაც ცუდია, ვცვლით!  რაც გვაკლია, ვქმნით!“

გოგი წულაია (დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო)

რადგან ვარ ქუთაისელი, ვიცი ამ ქალაქის ყველა პრობლემა, თითქმის ყველა პრობლემის გამო მიბრძოლია და მაქვს ამ პრობლემების გადაწყვეტი ხედვა.

გრიგოლ ბახტაძე (პატრიოტთა ალიანსი)

ვეჭვობ, ვინმე ისე იცნობდეს ჩვენი ქალაქის ჭირ-ვარამს, როგორც მე, რადგან 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ქართველი და ქუთაისელი, ისევე ვიბრძოდი გადარჩენისთვის და როგორც ყოველი ქუთაისელის თავზე გადაიარა ყველა უბედურებამ, ასევე ჩემს თავზეც, ქართველი ხალხის ყველა პრობლემა ჩემი პრობლემა იყო და, რაც მთავარია, ეროვნული მოძრაობიდან გამომყვა აწ უკვე სასაცილოდ ქცეული, ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი პატრიოტიზმი, მამულზე ზრუნვის, სამწუხაროდ, ჯერაც გადაუხდელი ვალდებულება და გულწრფელი უანგარობა.

როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)   გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

პოზიტიურად შეიძლება  შევაფასო  ყოფილი  მერის  მიერ  პოლიტიკური სტაბილურობის  მიღწევას, რადგან  ყველას  გვახსოვს  ქუთაისის  მერების  კალეიდოსკოპური  ცვლილებები. სამართლიანობა  მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს „ქართული ოცნების“  დამსახურებაა,  რომ  მერები  პირდაპირი  წესით არიან არჩეული, რაც თვითმმართველობის კიდევ უფრო  განვითრებაა. ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის  ბიუჯეტის მცირედით,  თუმცა მაინც გაზრდა. მიუხედავად ამისა, ბატონი შოთას შეფასებისაგან თავს შევიკავებდი, რადგან ვთვლი, რომ ეს ხალხმა, შესაბამისმა  ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა უნდა შეაფასონ.

დავით გოგისვანიძე (ევროპული საქართველო)

ჩემი შეფასებით, ქუთაისის მოქმედი მერი შოთა მურღულია არის დახვეწილი დემაგოგი, გამოირჩევა ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების მიმართ განსაკუთრებული  მზრუნველობით. მას არ ჰქონდა პოლიტიკური ნება, ცენტრალურ სტრუქტურებთან აქტიურად დაეყენებინა ქუთაისის პრობლემები და შესაბამისად, გამოეძებნა მათი გადაჭრის რეალური გზები. ვერ შეასრულა წინა საარჩევნოდ გაცემული ვერც ერთი დაპირება. მისი მერობის პერიოდში, მიუხედავად ადგილობრივ ბიუჯეტში მრავალმილიონიანი ტრანსფერებისა, არ განხორციელებულა და დასრულებულა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი მსხვილი პროექტი.

ალუდა გოგლიჩიძე (შენების მოძრაობა)

მუნიციპალური სტრუქტურების უუნარობა, სადაც მოქალაქეები მიდიან და ვერ იღებენ პასუხებს, ვერც უარყოფითს და ვერც დადებითს. ვერ არკვევენ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. ამასთან, ვხედავთ საჭიროებას, საკითხები ეროვნული პოლიტიკის დონეზე გადაწყდეს. დღევანდელმა მერმა და ამ ადგილობრივმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერც ერთი საქმე ვერ დააყენა, არც ერთი საკითხი არ დაძრულა. არის თემები, რომელიც მათ უნდა მოეგვარებინათ საკუთარი კომპეტენციისა და რესურსების  ფარგლებში. არა გვაქვს პროგრამული ბიუჯეტი. „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიცია გააგრძლეს ამ კუთხით. ეს ყველაზე დიდი ინდიკატორია, რაც თავის მხრივ იძლევა ეჭვს, რომ ეს არის ხელსაყრელი პირობები კორუფციული სქემების განსავითარებლად. პროგრამულ ბიუჯეტში ხელების ფათური გაცილებით რთულია. ამათმა გააგრძელეს ისტორიული ბიუჯეტირება, პროცესით ტკბობა და არავითარი შედეგები.

გოგი წულაია (დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო)

ნაგეტიურად, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე.

გრიგოლ ბახტაძე (პატრიოტთა ალიანსი)

ამის საუკეთესო შემფასებელი ხალხია. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იტყვის, მერად ვინ ჰყავთ. წინა მერების დასახელებაზე კი საუბარიც ზედმეტია. ეს აიხსნება შემდეგი მიზეზით – მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი საქართველოს მეორე ქალაქად და ე.წ. „საპარლამენტო დედაქალაქად“ ითვლება, დიდი ხანია, მთავარი მაჩვენებლების მიხედვით, საკუთარი პოზიციები დათმო:

უმუშევრობა – შრომისუნარიანი მოსახლეობის უმრავლესობას სამუშაო არ აქვს, ხოლო ვინც მუშაობს, დამამცირებელ ხელფასს იღებს;

მოსახლეობის გადინება – დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ დროს ქუთაისი  შეძლებული, მიმზიდველი ქალაქი იყო და სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა;

ახალგაზრდების პრობლემები – დასაქმების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს და თითქმის ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი;

პოლიციის როლის დაკნინება, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უქონლობა, შეურაცხმყოფელი პენსია, სიკვდილიანობის დონის ზრდა და სხვა უამრავი ყოფითი პრობლემა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა. სამწუხაროდ, საკმაოდ ცუდი „ტრადიციაა" დამკვიდრებული – კაცი ვერ მიხვდება, ქალაქს პატრონი თუ ჰყავს. მერია თუ მისი სამსახურები მხოლოდ არჩევნების წინ ზანტად ამოძრავდებიან ნაზამთრალი ბუზებივით და იწყება ქუჩების თხრა, თხრა, თხრა და ისევ თხრა. ეს ყველაფერი კი მოქალაქეთა აპათიას და უიმედობას იწვევს. ცალსახად ვიტყვი, ქუთაისსა და მის მოსახლეობას პოლიტიკური ხელმძღვანელები, პარტიული ლიდერები კი არ სჭირდება (ან სად ჰყავს?!), არამედ მეურნე, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა თავის ყველა გადაწყვეტილებაზე, უშნო და უადგილო ადგილას დადგმულ შენობებზე, მოჭრილ ხეებსა თუ ნაგვით სავსე ქალაქის შემოგარენზე.

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?   გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

ინფრასტრუქტურული  პროექტები,  ტრანსპორტი, წყლისა  და საკანალიზაციო  სისტემის  გაუმართავობა,  სოციალური პრობლემები.

ინფარასტრუქტურული საკითხების მოსაგვარებლად ჩვენ გვჭირდება ცენტრალურ  ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. კონკრეტულ სფეროში არსებული პრობლემების  მოსაგვარებლად ცენტრალურ ხელისუფლებაში არის მზაობა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2018 წლიდან გეგმავს ტრანსფერების გაზრდას. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში,  ინფრასტრუქტურული პრობლემების დიდი ნაწილი გადაიჭრება.

ტრანსპორტთან  დაკავშირებით გვაქვს  ორი სახის პრობლემა, რომელთა მოგვარებასაც ვხედავთ  შემდეგში: ავტოპარკის განახლება აუცილებელია, ისინი მორგებული უნდა იყვნენ თანამედროვე სტანდარტებზე და შშმ პირებზე. ღამის საათებში ვგეგმავთ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში    აპრობირებული მეთოდის გამოყენებას, რათა ტრანსპორტმა იმუშაოს მოსახლეობის  გადასაყვანად.

მესამე, მნიშვნელოვან  პრობლემად მიმაჩნია სოციალური საცხოვრისების უკმარისობა. ამ  კუთხით გვინდა, გამოვითხოვოთ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობები,  გადმოვიყვანოთ ქუთაისის  ბალანსზე, ჩავუტაროთ რეაბილიტაცია და გადავცეთ სოციალურად  დაუცველ უსახლკარო მოსახლეობას დროებით სარგებლობაში.

დავით გოგისვანიძე (ევროპული საქართველო)

გაურკვეველია ქუთაისის სტატუსი და არ არსებობს ქალაქის განვითარების რეალური გეგმა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სოციალური ფონი, მოსახლეობას აწუხებს დასაქმების პრობლემა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და  შიდასაქალაქო ტრანსპორტის გაუმართაობა. ქუთაისში დღემდე გადაუჭრელია წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც, ასევე მოქმედი თვითთმართველობის წინასაარჩევნოდ გაცემული ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

ალუდა გოგლიჩიძე (შენების მოძრაობა)

ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება. არის საბჭოური და კოლონიური მართვის სისტემა ინერციით, შესაბამისად, მოქალაქეები ზარალდებიან, რადგან ისინი ვერ იღებენ ადეკვატურ სერვისებს და ადეკვატურ გარემოს, რაც უნდა შექმნას მუნიციპალიტეტმა. სწორედ ამ მართვის სისტემის და ამ ადგილობრივი საჯარო პოლიტიკის არარსებობის  შედეგია ის, რომ  შემდეგ არ არის გამართული ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელია გარემო, ქალაქს არ აქვს  განვითარების გენერალური გეგმა. ქალაქს არ აქვს  მიწათსარგებლობის გეგმა. ამ მიწათსარგებლობის გეგმის მოსამზადებელი სამუშაოების დოკუმენტი არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, მან ვერ ჰპოვა განვითარება. მიზეზი ცხადია, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, ხელების ფათური შეზღუდულია.

გაუმართლებელი მიგრაცია, რომელიც არის კომპლექსური პრობლემების გამოხატულება. ეს არის დადასტურება, რომ ადამიანები ამ ქალაქში ვერ პოულობენ საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას. გარემო არ ქმნის პირობებს, რომ მათ თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ და რა ეღობება? ეღობება ნეპოტიზმი, გაუმჭვირვალე მმართველობა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა. არავითარი შეფასებისა და ანგარიშგების თანამედროვე სისტემა არ არსებობს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა ინერციით მართავენ ამ ქალაქს.

გოგი წულაია (დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო)

არასრულფასოვანი თვითმმართველობა, რომელიც იწვევს დანარჩენ პრობლემებს; უმუშევრობა და აქედან გამომდინარე – სოციალური პობლემები; ინფრასტრუქტურა (გზა, წყალი, კანალიზაცია და ასე შემდეგ).

გრიგოლ ბახტაძე  (პატრიოტთა ალიანსი)

უმუშევრობა, უგზოობა, უწყლობა (24-საათიან წყალმომარაგებას ვგულისხმობ), წვრილი, საშუალო და თუნდაც დიდი ბიზნესის განვითარების შეუძლებლობა, მოსახლეობის გადინება, ქალაქის ბიუჯეტის „მიზნობრივი“ ფლანგვის უკონტროლობა, ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმის უქონლობა, ანდა, თუკი ასეთი გეგმა ფურცელზე არსებობს, მისი განუხორციელებლობა. თუმცა, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ქალაქის მთავარი პრობლემისათვის რიცხვები „3-5“ საკმარისი არ არის.

რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის და როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) აპირებთ მათ შესრულებას? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

არსებულ  პრობლემებთან დაკავშირებით  ზემოთ მოგახსენეთ და ამ საკითხების მოგვარებას  ვაპირებ ძალიან კარგ, ქმედუნარიან  გუნდთან ერთად.  უფრო კონკრეტულად ამას ვიხილავთ საარჩევნო პროგრამაში, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება მზად და  წარვუდგენთ საზოგადოებას.

დავით გოგისვანიძე (ევროპული საქართველო)

ქუთაისში ყველა პენსიონერს ქალაქის ბიუჯეტიდან დაენიშნება დანამატი 20 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების გამოთავისუფლების შედეგად; აღდგება ყველა უსამართლოდ შეწყვეტილი სოციალური დახმარება; ვიზრუნებთ, ქუთაისს რეალურად დაუბრუნდეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი და იქცეს ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრად.

ალუდა გოგლიჩიძე (შენების მოძრაობა)

წინასაარჩევნო დაპირებას მე შევცვლიდი გეგმით. ეს არის ჩვენი პოლიტიკური  ნება და გეგმა, რომ სწორად შენების პროცესი დავამკვიდროთ. ამისათვის საჭიროა ზუსტად პროგრამული ბიუჯეტი, რადგან   ქალაქის თვითმმართველობას თუკი აქვს განვითარების გრძელვადიანი ხედვა, მაშინ მას უნდა ჰქონდეს რელევანტური პროგრამული ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარება შეიძლება ორ წელიწადში, არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარებას სჭირდება მინიმუმ სამი წელი და ასე შემდეგ. ზუსტად ეს არის პროგრამული ბიუჯეტი და არა სათაურის დონეზე პროგრამული ბიუჯეტი. სრული არაკვალიფიციურობის შედეგი იქნება, ყველაფერი ერთ წელიწადში რომ დამთავრდეს. ასე არ ხდება. ასეთი ფორმატით ქალაქი ვერასდროს გავა შედეგზე. გრაფიკი იქნება დაკონკრეტებული პროგამების მიხედვით. იქნება რამდენიმე მეგა-პროგრამა-პროექტი და ქვეპროექტი. საზოგადოების ჩართულობის გარეშე ასეთი პროექტები არ იქნება ხარისხიანი. თუკი ფურცელზე დაიწერება რაღაც და მისი შესრულების მოტივაცია არავის ექნება, ეს უნდა შეიცვალოს ქართულ პოლიტიკაში, როდესაც ვსაუბრობთ მართვის სისტემის  დემოკრატიულ ცვლილებაზე, დემოკრატიული არ არის განყენებული ცნება. დემოკრატიულ მართვის სისტემას აქვს კონკრეტული მაჩვენებლები, მახასიათებლები, შეფასების ინდიკატორები და ინსტრუმენტები. პროფესიონალიზმი ამიტომ არის გამოწვევა, პროფესიონალების პოლიტიკაში მოყვანა ამიტომ არის „შენების მოძრაობის“ მთავარი პრიორიტეტი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ.

გოგი წულაია (დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო)

ტყუილი იქნება ჩემი მხრიდან გრაფიკის დასახელება და რთული. დაპირები, ის, რაც პროლემურია, აღვნიშნე თავში – ამ პრობლემების გადაწყვეტა.

გრიგოლ ბახტაძე  (პატრიოტთა ალიანსი)

„დაპირებების კონკრეტული გეგმა“ ძალიან სასაცილო გამონათქვამია, მეტიც, თაღლითურიც კი, რადგან ასობით „კონკრეტული გეგმის“ მომსწრენი ვართ და ეს დაპირებები არათუ სრულდება, არამედ მათი სახსენებელიც კი აღარ არის დღეს. ცხადია, ისინი, ვინც გულუხვად გასცემენ „კონკრეტულ დაპირებებს“ და, რასაკვირელია, დანაპირებს არ ასრულებენ, ძალიან სახიფათო ადამიანები არიან, რადგანაც მომავლის იმედს კლავენ. ქუთაისს, როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილს, ყველა ის უზარმაზარი პრობლემა აწუხებს, რაც მთელ ქვეყანას. ამიტომაც, ქვეყანასთან ერთად უნდა მოგვარდეს პრობლემები, მასთან ერთად უნდა აღდგეს და განვითარდეს ქალაქი. დროა, წინასაარჩევნო ლაქლაქით დაკავებული კანდიდატები მოსახლეობამ გვერდზე გაწიოს და ქალაქს ნორმალური (ნორმალური!!!) განვითარების საშუალება მიეცეს.

არჩევის შემთხვევაში, როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)

გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

მე  არ ვიქნები მერი, რომელიც კაბინეტში იქნება ჩაკეტილი, მე არ მოვდივარ საკუთარი  კომფორტისთვის. ჩემი მოსახლეობასთან ურთიერთობა არ დასრულდება მხოლოდ წინასაარჩევნო  შეხვედრები. არჩეულ მაჟორიტარებთან ერთად გვექნება გასვლითი შეხვედრები და არ  დავკმაყოფილდებით მხოლოდ მერიაში მოქალაქეების მიღებით.

დავით გოგისვანიძე (ევროპული საქართველო)

უკვე მეთერთმეტე წელია, თვითმმართველობაში მუშაობისას, მოქალაქეებთან აქტიურად ვთანამშრომლობ, ნებისმიერ დროს ვპასუხობ მათ ზარებს, ვუსმენ მათ და ვრეაგირებ მათ პრობლემებზე. მოქალაქეებთან კომუნიკაცია ასევე აქტიურად გაგრძელდება ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში.

ალუდა გოგლიჩიძე (შენების მოძრაობა)

მე ვაპირებ  ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმართვას. ყველა ინტერესთა ჯგუფთან დაკავშირებას, ყველა ინტერესთა ჯგუფის  ასახვას ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში და ასევე გახსნილი და აქტიური ვიქნები მერად არჩევის შემთხვევაში. მე ვაპირებ, რომ დაინტერესებულ სექტორთან მქონდეს აქტიური კომუნიკაცია და მერობის პერიოდში რეგულარულად, პერიოდულად შევხვდე მათ და მივიღო უკუკავშირი. მით უმეტეს, ასეთი კომუნიკაცია საზოგადოებასთან აქტუალურია მაშინ, როდესაც საჯარო სამსახურში მოქმედი მექანიზმები  ვერ იძლევა გამჭვირვალე სურათს – რა ხდება, დიდია მოთხოვნილება ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების. გარკვეულ დროს წაიღებს, რა თქმა უნდა, სტრუქტურული რეორგანიზაცია. დავხედოთ დღეს ქალაქის სტრუქტურას, თუ ვინმე წარმოიდგენს, რომ ამ სტრუქტურის პირობებში შეიძლება რაიმე შედეგზე გავიდეს ქალაქი. საქალაქო სამსახურების ფუნქციებს თუ შევხედავთ, შთაბეჭდილება დარჩება, რომ ქალაქი არის მილიტარისტული გაქანების. არავის შეუძლია რაციონალურად, ლოგიკურად ახსნას მსგავსი დისბალანსი.

გოგი წულაია (დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო)

ქალაქის მერად არჩევის შემდეგ, მოქალაქეებთან ურთიერთობა იქნება ადვილი, არ მექნება არავითარი კონკრეტული მიღების საათები, მოქალაქეების მიღება იქნება ნებისმიერ დროის მონაკვეთში. ამასთანავე, ვიქნები ინიციატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე ნებისმიერი აქციის.

გრიგოლ ბახტაძე  (პატრიოტთა ალიანსი)

მე არ ვიცი, რას ნიშნავს „მოსახლეობასთან ურთიერთობის კონკრეტული აქტივობები“. სინამდვილეში, მერიც ადამიანია და არა ციური არსება და თანაქალაქელებთან ისეთივე ურთიერთობა მექნება, როგორც ყოველთვის, ანუ ადამიანური, უშუალო, ყოველდღიური, საქმიანი, შინაარსიანი, მზრუნველობით და თანაგრძნობით განმსჭვალული. მათი წყლული ჩემი წყლულიც იქნება, მათი ჭირი – ჩემი ჭირი და მათი ლხინი – ჩემი ლხინი, ყოველგვარი ბრტყელ-ბრტყელი ნეოლოგიზმებისა და მოდური ბარბარიზმების გარეშე.

  ქუთაისს ჯერ კიდევ 2016 წელს პირდებოდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 24 საათიან წყალმომარაგებას, მერე 2017-ში, შემდეგ 2018-ში. ამ ბოლო დროს გააჟღერეს, რომ 2019-ში ექნება ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება. თქვენ აიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას და როდისთვის დაპირდებით მოსახლეობას წყალმომარაგებას?

გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

მოგეხსენებათ, რომ  2018  წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ  ყბადაღებული თემა  – 24-საათიანი წყალმომარაგების შესახებ.  დიახ, მე ვპირდები ჩემს  თანაქალაქელებს, რომ ვეცდები ყოველდღიური მონიტორინგით, წყალმომარაგების კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობით, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ  მოვაგვაროთ.

დავით გოგისვანიძე (ევროპული საქართველო)

ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსვლის შემთხვევაში, მკაცრ მონიტორინგს გავუწევთ წყალმომარაგების პროექტის მიმდინარეობას, რათა დროულად მოხდეს დასრულება და მოსახლეობას შეექმნეს ნაკლები დისკომფორტი. რეგიონული განვითარების სამინისტროსთან გვექნება აქტიური კომუნიკაცია, რათა ტენდერში გამარჯვებულმა ფირმებმა დროულად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად ჩაატარონ მიმდინარე სამუშაოები. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში,  ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი 18 თვის ვადაში დასრულდება.

ალუდა გოგლიჩიძე (შენების მოძრაობა)

ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელიც ნათლად დაარწმუნებს მოქალაქებს, რომ, დიახ, კომპეტენტური ოპოზიციური მერის გარეშე ამ ქალაქის განვითარება წარმოუდგენელია. დღეს ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს ფორმალური პასუხი, გასამართლებელი  საბუთი, რომ სამართლებრივად წყლის კომპანია მისი მართვის ქვეშ არ იმყოფება და ეს არის სიმართლე. თუმცა, მედალს აქვს მეორე მხარე, ეს არის პოლიტიკური საკითხი, როდესაც მე ვამბობ, რომ ქუთაისის მერი უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური ფიგურა, ქუთაისი უნდა გახდეს პოლიტიკურად აქტიური ქალაქი, ერთის მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის მერმა უნდა იზრუნოს არსებული რესურსების, რეგულაციების და შესაძლებლობების ფარგლებში  ყველაზე ოპტიმალურად ხარჯოს რესურსები, გააკეთოს მაქსიმალური ქალაქის და ქალაქში მცხოვრები ადამიანების პოტენციალის რეალიზებისათვის და, მეორეს მხრივ, მას უნდა ჰქონდეს უნარი და პოლიტიკური ნება, ითანამშრომლოს, პოლიტიკურ პროცესში შევიდეს ეროვნული პოლიტიკის დონეზე, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, საკანონმდებლო დონეზე. მას არ უნდა ჰქონდეს შიში, დააყენოს საკითხები. ის არ უნდა ელოდებოდეს დირექტივებს ზემოდან იმიტომ, რომ  ეს არის თვითმმართველი ქალაქი და პირდაპირი წესით არჩეულ მერს მექნება  ყველანაირი ლეგიტიმაცია, რომ ჩემი ქალაქის ინტერესები დავიცვა. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ წყლის საკითხის  მართვის სისტემა გადაიხედოს და ეს უნდა იყოს ქალაქის პრეროგატივა. აღნიშნული ხედვის კონკრეტულ მოდელს ჩვენ წარმოვადგენთ, უბრალოდ, კითხვარში ალბათ ამის ადგილი არ არის. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 175 კანონპროექტი მომზადებული, რომელთა ლობირებას დავიწყებ ჩემი პირველი სამუშაო დღიდანვე.

გოგი წულაია (დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო)

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იქნება ძნელი, რომელიმე წელზე დაპირების გაკეთება იქნება ტყუილი, რამეთუ ვიცი, ამ პრობლემის სიმძიმე, მაგრამ რა თანხები დაჭირდება, რა ვადები, ეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკეთესად მეცოდინება.

გრიგოლ ბახტაძე  (პატრიოტთა ალიანსი)

ქალაქის ურთიერთობა .ე.წ. „გაერთიანებულ კომპანიებთან“, ფინანსურ ჯგუფებთან, „ლობისტურ საძმოებთან“ და თუნდაც ე.წ. „ცენტრთან“, ასე რომ ვთქვათ, დიდი „ავგიას თავლაა“ და დიდ სისუფთავესა და განწმენდას მოითხოვს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება არ გააჩნია! ალბათ, სუფთა წყალში დიდი ფული არ იშოვება და ამიტომაც არის „ამღვრეული“ ეგ საქმე. რასაკვირველია, ძნელი სათქმელია, მაგრამ გპირდებით, ჩემი მერობის შემთხვევაში, ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება.

ქუთაისში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი გზებია. თქვენი მერობის დასასრულს, ექნება თუ არა ყველა ქუჩას გზა მოწესრიგებული საფარით?

გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ ქუთაისში იწყება უმნიშვნელოვანესი და მეტად საჭირო  ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს გახლავთ წყალარინების (ე.წ.  კანალიზაციის) სისტემის  სრულად  შეცვლა. ეს არის სამწლიანი პროექტი და ამ  დიდი სამუშაოების  დასასრულს ქალაქში  იქნება  არა მარტო გამართული საკანალიზაციო სისტემა, არამედ სრულიად ახალი საფარით   მოწესრიგებული გზები.

დავით გოგისვანიძე (ევროპული საქართველო)

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯებით მოვახერხებთ ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულებას და ჩემი მერობის პერიოდში ქუთაისში  ყველა ცენტრალური და შიდა გზა მოწესრიგდება.

ალუდა გოგლიჩიძე (შენების მოძრაობა) მე შევქმნი სისტემას, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სახლიდან გამოუსვლელად ექნება საშუალება გაიგოს, რა ხდება თვითმმართველობაში, რა ხდება პრობლემებთან მიმართებაში, თავად წარმოაჩინონ მოქალაქეებმა პრობლემები და მიადევნონ თვალი, თუ როგორ გვარდება ეს. ამისათვის ჩვენ შევქმნით სპეციალურ ვებ-გვერდს. მოქალაქეები იქნებიან ჩემი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები და მხარდამჭერები, ვიდრე ჩვენ ბიუროკრატიულ მექანიზმს შევქმნით. დღეს  ხშირად ვიყენებთ ტერმინს „ბიუროკრატიას“, მე შემიძლია, საზოგადოებას წარმოვუდგინო, რა არის ბიუროკრატიის ცნება, რა არის მისი მახასიათებლები, შეფასების ინდიკატორები. ჩვენ არც ერთი პუნქტით არ გვაქვს ბიუროკრატია. ჩვენ გვყავს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები და არა ბიუროკრატია. ვიდრე ბიუროკრატია გაიმართება, როდესაც  შეეძლება ეფექტურად მართოს ყველა საკითხი და რეალურად შეასრულოს თვითმმართველობის ფუნქცია, ბუნებრივია, კიდე უფრო მეტი ფუნქცია ექნება ჩემს საზოგადოებასთან ურთიერთობას, ჩემს გამჭვირვალობას და ჩემს უშუალო კომუნიკაციას მოქალაქეებთან. უფრო მეტიც, მე კულუარულად მეუბნებიან, თუ რამდენად შევძლებ, როგორც მერი, გავარღვიო „ალყა“ გარემოცვა, რომელშიც  მე მოვხვდები და შევძლებ თუ არა მე ამის გაკეთებას? ძვირფასო მეგობრებო და თანამოქალაქეებო, მე მაქვს გამოცდილება არა ერთწლიანი საჯარო სამსახურში მუშაობის და ძალიან კარგად  ვიცი ფორმულა, რითიც ნებისმიერ „ბლოკადაში“ მოქცევის არიდების მექანიზმი არის  გამჭვირვალობა, ღიაობა, ანგარიშვალდებულება. საბედნიეროდ, მე არაერთი მექანიზმი მაქვს შემუშავებული  ჩემს წინარე თანამდებობებზე  მუშაობისას, რომელთა შემუშავებისთვის მე არ დამჭირდება დროის დახარჯვა. მერიის სისტემას ექნება ანგარიშგების და შეფასების დოკუმენტი, როგორი სისტემა უნდა არსებობდეს, როგორ უნდა დაიგეგმოს  და ყველას ეცოდინება, რა არის დაგეგმვა, რა არის უარი ისტორიულ ბიუჯეტზე და რა არის მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი