საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა:

„ოქტომბრის თვეში ინფლაცია 6.4%-ია, რაც უმნიშვნელოდ აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს... საბაზო ინფლაცია, სტაბილურად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახლოსაა მიზნობრივ მაჩვენებელთან“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ზოგადად, ეკონომიკურ თეორიაში მიღებული აზრია, რომ ეკონომიკისთვის საზიანოა როგორც მაღალი, ასევე ნულოვანი ინფლაცია და დეფლაცია (ფასების დონის შემცირება). ინფლაციის ოპტიმალურ მიზნობრივ მაჩვენებლად განვითარებულ ქვეყნებში 1-2%, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 2-4%-ია მიჩნეული. საქართველოში 2017 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიერ 4%-ის ნიშნულზეა განსაზღვრული.

2017

წლის დასაწყისიდან ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდებოდა (იხ. გარაფიკი 1). ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა პირველი ორი კვარტლის განმავლობაში და ივნისში წლიურმა ინფლაციამ 7.1%-ს მიაღწია. ივლის-აგვისტოში შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა და მაჩვენებელი 5.7%-მდე შემცირდა. ოქტომბერში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი 1:

 ინფლაციის მაჩვენებლის ცვლილება 2017 წლის განმავლობაში

image001 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმდინარე წელს ფასების დონის ზრდა ძირითადად განაპირობა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სასაქონლო ჯგუფებზე ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ (იხ. ცხრილი 1).

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ ინფლაციის ძირითადი ტენდენციის შესაფასებლად გამოიყენება, არ მოიცავს სეზონურ კომპონენტსა და ყველაზე ცვალებადი ფასების მქონე პროდუქტებს, როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ენერგომატარებლები, ადმინისტრირებადი ტარიფები, ტრანსპორტი (ტარიფები). შესაბამისად, საბაზო ინფლაციისა და წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ერთმანეთთან შედარება შინაარსს მოკლებულია. საბაზო ინფლაცია ბოლო თვეების განმავლობაში 4.3-დან 4.5%-მდე მერყეობდა, ოქტომბერში კი 4.4%-ის ნიშნულზეა.

ცხრილი 1:

წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენის მქონე სასაქონლო ჯგუფები

სასაქონლო ჯგუფი ფასის ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან წვლილი წლიურ ინფლაციაში
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7.4% 2.21% პუნქტი
ტრანსპორტი 14.7% 1.83% პუნქტი
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 17.6% 1.13% პუნქტი
ჯანდაცვა 5.8% 0.50% პუნქტი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ცხრილიდან ჩანს, ინფლაციის ზრდა ძირითადად აქციზურ საქონელზე ფასების მატებას უკავშირდება, შესაბამისად ინფლაციის განმაპირობებელი ერთ-ერთი უთავრესი ფაქტორი, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 1 იანვრიდან გაზრდილი აქციზის გადასახადია, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად. სურსათზე ფასის ზრდის კუთხით კი, ეროვნული ბანკის პოზიციით,

გასათვალისწინებელია ის, რომ 2016 წელს ხილსა და ბოსტნეულზე ფასი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, ასევე, შაქრის მაღალი ფასი მსოფლიო ბაზარზე, ხოლო ხორცპროდუქტების შემთხვევაში, პირუტყვის ექსპორტის ზრდის შედეგად ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების შესაძლო შემცირება.

ინფლაციის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია იმპორტირებულ საქონელზე. სექტემბრის მდგომარეობით იმპორტულ საქონელზე ფასების ზრდამ 10.4% შეადგინა, შედარებით ნაკლები მაჩვენებელია (4.8%) ადგილობრივი წარმოების საქონელზე.

ერთჯერადი ფაქტორებით (აქციზის გადასახადის ზრდა) გამოწვეული გავლენა წლიურ ინფლაციაზე საკმარისად მაღალია, ხოლო საბაზო ინფლაცია შედარებით დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში ფასების დონის მატების ტენდენციის შენარჩუნების საფუძველი არ იკვეთება. ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული ეფექტის ამოწურვასთან ერთად ინფლაციის მაჩვენებელის მიზნობრივთან დაახლოებას პროგნოზირებს ეროვნული ბანკიც.

  დასკვნა 2017

წლის ოქტომბრის მდგომარეობით წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 6.4% შეადგინა, რაც არსებითად (2.4% პუნქტით) აღემატება ეროვნული ბაკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს (4%). 2.4% პუნქტიანი გადამეტება საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მისი უმნიშვნლოდ მაღალ მაჩვენებლად მოხსენიება არამართებულია. ფაქტობრივად, გვაქვს მდგომარეობა, როცა ინფლაციის მაჩვენებელი დაგეგმილზე 60%-ით მეტია.

ეს ფაქტი ძირითადად ერთჯერადი ფაქტორების მოქმედების გავლენითაა გამოწვეული. კერძოდ, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქციზის გადასახადის ზრდა გახდა, განსაკუთრებით, საწვავზე აქციზის ზრდა, რაც სწორედ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან განხორციელდა.

საბაზო ინფლაციის გაანგარიშების დანიშნულება კი მხოლოდ ინფლაციის ძირითადი დინამიკის შეფასებაა და მისი შედარება წლიური ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შინაარსს მოკლებულია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი