იძულებითი ღონისძიებები და ყადაღის დადება შეიზღუდა, საგადასახადო შემოწმებას საგამოძიებო სამსახური ვეღარ ჩაატარებს
მეტწილად სიმართლე
1936 ნახვა
A+
A
A-

მიმდინარე წლის 20 ივნისს, GDS-ის ეთერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა: “მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2012 წლამდე რჩებოდა საკუთრების უფლება და გვქონდა კანონი, რომლის თანახმადაც პირველივე ინსტანციის სასამართლოს დასრულების შემდეგ, ისე, რომ აღარ ველოდებოდით მეორე, მესამე ინსტანციას, ხდებოდა ქონების მიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში. ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რომელიც შევიტანეთ საგადასახადო კოდექსში, იყო ის, რომ იძულებითი ღონისძიებები ქონებაზე აღარ განხორციელდებოდა, ვიდრე დავა სრულად არ დასრულდებოდა. დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღასაც ვერ ახორციელებს შემოსავლების სამსახური. საგადასახადო შემოწმებას განახორციელებს მხოლოდ შემოსავლების სამსახური, აქამდე ამის უფლება ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოსაც, დღეს მას ამის უფლება აღარ აქვს”.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

საქართველოში საგადასახადო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ძირითად საკანონმდებლო აქტს საქართველოს საგადასახადო კოდექსი წარმოადგენს. საგადასახადო დავის პერიოდში საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფას და მოცემულ პროცესში საგადასახადო ორგანოს უფლებებს კი საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლი არეგულირებს.

ხელისუფლების ცვლილების მომენტისათვის მოქმედებდა საგადასახადო კოდექსის კონსოლიდირებული ვერსია 2012 წლის 22 ივნისის მდგომარეობით. აღნიშნული რედაქციით, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება შეჩერებულად ითვლებოდა საგადასახადო დავის დაწყების დღიდან საქალაქო (რაიონული) სასამართლოს, ანუ პირველი ინსტანციის[1] მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სადავო საგადასახადო დავალიანების გადახდევინება ხორციელდებოდა საქალაქო (რაიონული) სასამართლოს გადაწყვეტილებით და გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაშვებული იყო საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, 2012 წლის 28 დეკემბრის №189-რს კანონით, 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის რედაქცია შეიცვალა და გავრცელდა საგადასახადო დავის მთელ პერიოდზე, მე-4 ნაწილი კი ამოღებულ იქნა, რითაც სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეიზღუდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის საგადასახადო შემოწმების ჩატარების უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოებს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლი განსაზღვრავს. 2016 წლის 13 აპრილის რედაქციით, აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილები, ერთობლივად, საგადასახადო შემოწმებაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართულობის კანონიერ საფუძველს იძლეოდა.

2016 წლის 13 მაისის №5092-IIს კანონით ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს საგადასახდო კოდექსში. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, 255-ე მუხლის მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნა, მე-2 ნაწილით კი საგადასახადო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირად მხოლოდ საგადასახადო ორგანო განისაზღვრა, გამონაკლის შემთხვევებზე მითითების გარეშე. შედეგად, საგამოძიებო სამსახურის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარების კანონიერი საფუძველი გაუქმდა.

რაც შეეხება ქონებაზე ყადაღის დადებას, საგადასახადო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ ღონისძიებას 241-ე და 242-ე, საგადასახადო დავის პერიოდში მის გამოყენებას კი ასევე 254-ე მუხლები განსაზღვრავენ. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ 241-ე და 242-ე მუხლებში ერთადერთი ტექნიკური ხასიათის შესწორება შევიდა და შინაარსობრივ ნაწილს ცვლილება არ შეხებია. საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად კი შემოსავლების სამსახურს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე პირის ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა) ყადაღის დადების უფლება მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში აქვს.

არაღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში კი, შემოსავლების სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში არის უფლებამოსილი დაადოს ყადაღა პირის ქონებას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, თუ ქონების გასხვისების საშიშროება არსებობს და აღნიშნული ფაქტი გაართულებს ან შეუძლებელს გახდის დავალიანების გადახდევინებას. ყადაღის დადებიდან 48 საათის განმავლობაში კი შემოსავლების სამსახური ვალდებულია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, პირის ქონებაზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ.

საგადასახადო დავის პერიოდში კი 254-ე მუხლის 1 ნაწილი საგადასახადო ორგანოს პირის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების უფლებას ანიჭებდა. 2016 წლის 13 მაისის ცვლილებით, 254 მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად, ყადაღის დადების მიზნებისათვის ერთმანეთისაგან გამოიყო პირის ქონება და საბანკო ანგარიშები. ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურის არსებული სახით შენარჩუნების პარალელურად, საგადასახადო დავის მიმდინარეობის პერიოდში საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება 241-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, საგადასახადო დავის მიმდინარეობის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახდო ორგანოს გადაწყვეტილება 48 საათში სასამართლოს მიერ დადასტურებას დაექვემდებარა.

შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო დონეზე გაწერილი, ყადაღის დადების საფუძვლები და პროცედურა, ერთი შეხედვით, არ ანიჭებს საგადასახადო ორგანოს ჭარბ ძალაუფლებას და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოქმედების მხოლოდ ვიწრო არეალს უტოვებს. მიუხედავად ამისა, ყადაღის, როგორც იძულების ერთ-ერთი ღონისძიების მაღალი სიხშირით გამოყენების მიზანშეწონილობა ხშირად ხდება განხილვის საგანი, რისი მიზეზიც სასამართლო სისტემაში ამგვარი საკითხების განხილვის დამკვიდრებული პრაქტიკაა. ხშირად, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, სასამართლო წინასწარ ეთანხმება დაყადაღების ღონისძიების გამოყენებას.

 

დასკვნა

ხელისუფლების ცვლილების პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქცია უშვებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო საგადასახადო დავალიანების აღსასრულებლად მიქცევას, აღსრულების იძულების ღონისძიებების გამოყენებით. 2012 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით, აღნიშნული მიდგომა შეიცვალა და დავალიანების აღსრულების შეჩერების პერიოდი საგადასახადო დავის მიმდინარეობის პერიოდს გაუტოლდა.

რაც შეეხება ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, აღნიშნული უფლება საგადასახადო ორგანოს, როგორც ხელისუფლების ცვლილებამდელი, ისე დღეს მოქმედი რედაქციით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აქვს. მოცემულ განცხადებაში ფინანსთა მინისტრი, სავარაუდოდ, 2016 წლის 13 მაისის ცვლილებას გულისხმობს. ამ ცვლილების თანახმად, საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს მიერ 48 საათში დადასტურების შემთხვევაში გახდა შესაძლებელი. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ სხვა არსებითი ცვლილება აღნიშნული მიმართულებით არ განხორციელებულა. პრობლემად კი რჩება ის გარემოება, რომ სასამართლო ხშირად (მათ შორის საქმის არსებითი განხილვის გარეშეც) მიმართავს დაყადაღების ღონისძიებას.

2016 წლის 13 მაისის კანონით ცვლილება შეეხო საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილებს, რის შედეგადაც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საგადსახადო შემოწმების ჩატარების კანონიერი საფუძველი გაუქმდა. საგადასახადო კონტროლის განხორცილებაზე უფლებამოსილ ერთადერთ სტრუქტურად კი საგადასახადო ორგანო განისაზღვრა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

 

__________________________

[1] იგულისხმება სასამართლოს პირველი ინსტანცია, ვინაიდან საგადასახადო დავა სასამართლოსთვის მიმართვამდე შესაძლებელია განხილულ იქნეს იერარქიულად უფრო დაბალ დონეზე – ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ორ ეტაპად.

გააზიარეთ: