გაცრუებული იმედები

გასულ კვირას იაპონიაში პუტინის დიდი ხნის წინ დაანონსებული ვიზიტი შედგა. დრო სპეციალურად იყო შერჩეული - ამერიკაში ძალაუფლების გადაბარების პერიოდი. იაპონიისა და რუსეთის შესაძლო დაახლოებას, ცხადია, ვაშინგტონში დიდი სიხარულით არ შეხვდებოდნენ და ამიტომაც გადაწყდა, ვიზიტი ისეთ დროს დამთხვეოდა, როცა ამერიკაში ამ საკითხისათვის ნაკლებად ეცლებოდათ. ამის მიუხედავად, ცხადია, როცა ობამამ თავის დროზე ამ დაგეგმილი მოვლენის შესახებ შეიტყო ეს არანაირად არ გახარებია - რუსეთი ყველა ფრონტზე პრობლემებს ქმნის და ამ დროს მის ლიდერს მოკავშირე ქვეყანა ეპატიჟება. მაგრამ, იაპონიის პრემიერმა აბემ ობამას აუხსნა, რომ ვიზიტი იძლეოდა შანსს, „მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობისათვის წერტილი დაესვათ“ და ამის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტს ხმა აღარ ამოუღია. მან ერთადერთი ის ითხოვა, რომ ვიზიტისათვის მაინდამაინც საზეიმო და ოფიციალური სახე არ მიეცათ.

„მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობისათვის წერტილის დასმა“ რომ იოლი საქმე არ იქნება ამას ბევრი მტკიცება ნამდვილად არ სჭირდება. საქმე ეხება იაპონიასა და რუსეთს - ორ მეტად თავმოყვარე და ამბიციურ ერს. აქედან პირველი არაფრით აპირებს საბოლოოდ დაემშვიდობოს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დაკარგულ კურილიის კუნძულებს, მეორესგან კი ძნელად წარმოსადგენია ამ კუნძულების (და საერთოდ რაიმე ტერიტორიის) ვინმესთვის დაბრუნება. მით უფრო, რომ კურილიის კუნძულები რუსეთისათვის მარტო სიმბოლური მნიშვნელობის არაა. ეს ტერიტორიები უმნიშვნელოვანესი სამხედრო პლაცდარმის როლს თამაშობს მოსკოვისთვის წყნარ ოკეანეში და სწორედ მათი წყალობით რუსეთს საშუალება აქვს ამ რეგიონში ამერიკულ ფლოტს სერიოზული საფრთხეები შეუქმნას.

ცხადია, იაპონიაში ეს გარემოება კარგად იცოდნენ, მაგრამ რატომღაც მაინც არსებობდა იმედი, რომ კუნძულების თაობაზე შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა. იქ ფიქრობდნენ, რომ წესით მოსკოვში კარგად უნდა გაეაზრებინათ ერთი ჭეშმარიტება - იაპონია რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, განსხვავებით ჩინეთისგან. იაპონელი შრომითი მიგრანტები ციმბირს წალეკვით არ ემუქრებიან, იაპონიას ბირთვული იარაღი არ აქვს... გარდა ამისა, წესით მოსკოვში უნდა გაეაზრებინათ, რომ ჩინეთი არც ისე კომფორტული ეკონომიკური პარტნიორია. 2014 წელს როცა უკრაინაში აგრესიის საპასუხოდ დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაადო რუსეთმა დემონსტრაციულად დაიწყო დაახლოება ჩინეთთან და 30 მილიარდი დოლარის პროექტიც გააფორმა გაზსადენის მშენებლობის თაობაზე. მაგრამ, ჯერჯერობით, არც ეს პროექტი დაძრულა და საერთოდ, ჩინეთისგან რუსეთს არაფერი მიუღია ისეთი, რაც სანქციებით მიღებულ ზარალს აანაზღაურებდა.

სანქციები და „ჩინური საფრთხე“ - ამ ორმა ფაქტორმა გაუჩინა იმედები იაპონიას.

პირველი ფაქტორი - რუსეთს უჭირს და ფული სჭირდება. აბემ უზარმაზარი გეგმა წარადგინა, სადაც გაწერილი იყო რუსეთისთვის დახმარება მთელ რიგ სფეროებში. იაპონია წინანადებით გამოდიოდა ქალაქი ვორონეჟი აეყვავებინა სამაგალითოდ, რათა მთელ რუსეთს ენახა რა სიკეთეს მოიტანდა კურილიის საკითხებში დათმობა. მიდიოდა საუბარი, რომ სწორედ იაპონელები გადაიხდიდნენ 10 მილიარდ დოლარს „როსნეფტის“ აქციების სანაცვლოდ, მაგრამ ეს მალე ჩაიფუშა, რადგან „როსნეფტს“ ამერიკული საქნციები ადევს... მაგრამ, "ვორონეჟის პროექტს" ხელს ვერაფერი შეუშლიდა.

მეორე - რუსეთს წესით ჩინეთის უნდა ეშინოდეს და ამიტომ უნდა შეეცადოს, რომ ზოგადად ჩინეთი იაპონიით დააბალანსოს.

და ბოლოს, ყველაფერ ამას დაემატა პუტინის მიერ წარმოთქმული ჯადოსნური სიტყვა „ჰიკივაკე“, რაც იაპონურად ძიუდოში ფრეს ნიშნავს. „მოდით მივაღწიოთ ჰიკივაკეს ტერიტორიულ საკითხში“, - უთხრა ძიუდოისტმა პუტინმა იაპონელებს, რომლებიც მსგავს ფრაზებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. წესით, ასეთი დიდი სახელმწიფოს ლიდერი ასე მარტივად ასეთ სიტყვას არ უნდა იყენებდეს.

მოკლედ, იმედები გაჩნდა. თუმცა, ვიზიტი დაწყებულიც არ იყო, რომ დელიკატურმა მომენტებმა მისი წარმატება ეჭვის ქვეშ დააყენა. ჯერ იყო და პუტინმა მასთან მისულ იაპონელ ჟურნალისტებს უზარმაზარი ქოფაკები დაახვედრა და როცა ჟურნალისტები დაფრთხნენ, მან კმაყოფილებით აღნიშნა, სწორია, უნდა გეშინოდეთო. შემდეგ კი, პუტინის თვითმფრინავმა გვარიანად დააგვიანა, რამაც მთელი იაპონია გააოგნა. ამ ქვეყანაში ჟესტებსა და პროტოკოლს ხომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და შესაბამისად დაგვიანება სერიოზულ შეურაცხყოფად ითვლება. იაპონელი ჟურნალისტები ცდილობდნენ ვითარება შეემსუბუქებინათ და აუდიტორიას უხსნიდნენ, დაგვიანება რუსული კულტურის ნაწილია და არაფერი უნდა გაგვიკვირდესო. თუმცა, საქმეში ჩახედულ იაპონელებს ალბათ გაახსენდათ, რომ პუტინი ყველასთან აგვიანებს (ობამას ჩათვლით) და არც აბესთან არდაგვიანება მიიჩნია დიდ პრობლემად.

აბემ კი, ობამას თხოვნა გაითვალისწინა და შეხვედრას ნაკლებად ოფიციალური ხასიათი მისცა: პუტინი პატარა, ბევრი იაპონელისათვის საერთოდ უცნობ ქალაქში მიიღეს და იმპერატორს არ შეახვედრეს. ეს ყველაფერი, ცხადია, თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტს არ ეამა. შედეგებიც შესაბამისი დადგა. გაფორმდა უამრავი ხელშეკრულება თანამშრომლობაზე, თუმცა ყველა ეს ხელშეკრულება მხოლოდ კონკრეტული თანამშროლობის საკითხებზე მზაობას აფიქსირებს. კუნძულებზე ითქვა, რომ იქ „უნდა ითანამშრომლოს ორივე მხარემ“. თავად პუტინმა კი, ისიც დაამატა, რომ კუნძულების თაობაზე "პინგ-პონგის თამაში უნდა დასრულდეს". გარდა ამისა, აბესთან შეხვედრაში იაპონიისა და ამერიკის მიერ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარების გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რითაც მასპინძლებს მიანიშნა საით მიჰყავდა საუბარი - თუკი კუნძულები (უფრო სწორად კუნძულებზე ოცნება) გინდათ, ამერიკელებს უნდა დაემშვიდობოთო.

ცხადია, ასევე გაჩნდა გაზსადენის მშენებლობის იდეაც (რუსეთთან თანამშრომლობის განუყოფელი ატრიბუტი). „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა მილერმა მედიას განუცხადა, რომ მხარეებმა ამ საკითხის განხილვა დაიწყეს. მაგრამ, იაპონიაზე გაზსადენი ეჭვებს იწვევს, რადგან იაპონია სახალინიდან ისედაც დიდი ოდენობით იღებს გათხევადებულ გაზს და წესით დამატებითი რუსული გაზი არ სჭიდება, მით უმეტეს მეტად ძვირიანი გაზსადენის მშენებლობის სანაცვლოდ. ასე რომ, აქაც დიდი გაუგებრობაა.

მოკლედ, ყველაფერი 50-იან წლებს დაემსგავსა. მაშინ იაპონელებს კუნძულების დაბრუნების იმედი ჰქონდათ, მაგრამ რუსებმა წინაპირობად ამერიკული სამხედრო ბაზის გაძევება დააყენეს. თუკი რუსებს მაშინ უჭირდათ ამ ტერიტორიების დათმობა, ეს კიდევ უფრო რთული იქნება ახლა, როცა რუსეთი ტერიტორიების დატაცებაზეა გადასული.

მაშინ გადაწყდა დიპლომატიური ურთიერთობები აღმდგარიყო, სამშვიდობო შეთანხმება კი გადაედოთ. რამდენად დააყენებს საშველს სამშვიდობო შეთანხმებას ახლანდელი შეთანხმება „კურილიის კუნძულებზე თანამშრომლობის“ შესახებ, ძალიან რთული სათქმელია.

ვინ არის ტრამპის საგარეო მინისტრი

ამერიკაში კი ხელისუფლების გადაბარება მიდის და ტრამპმა ახალი სენსაცია გამოაცხო - სახელმწიფო მდივნად (საგარეო მინისტრად) „ექსონის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი რექს ტილერსონი. კაცი, რომელსაც დიპლომატიაში არასოდეს უმუშავია და რომელსაც... პუტინისგან აქვს მიღებული ჯილდო.

ტილერსონი განათლებით ინჟინერია. არა მხოლოდ საგარეო სამსახურთან, არამედ ზოგადად სახელმწიფო სამსახურთანაც არასოდეს ჰქონია შეხება. პრაქტიკულად მთელი კარიერა „ექსონში“ გაატარა - ამერიკის ნავთობგიგანტში. მაშ რა უნდა მას სახელმწიფო მდივნად თუნდაც ტრამპის კაბინეტში? ცხადია, გაჩნდა ეჭვები და გაღვივდა შეთქმულების თეორიები, რომ ტრამპმა „პრორუსული“ მინისტრი დანიშნა.

მაგრამ, ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის შერჩევის პროცესს თუ გადავხედავთ აშკარა ხდება, რომ დანიშვნა საკმაოდ ქაოტურად მოხდა და „პრორუსული კანდიდატის“ ძებნას ადგილი არ ჰქონია. ამ პოსტზე მომავალი პრეზიდენტი ხან რუდი ჯულიანის (ნიუ იორკის ლეგენდარულ მერს), ხან გენერალ პეტრეუსს (დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს), ხანაც მიტ რომნის (ობამას რესპუბლიკელ კონკურენტსა და ტრამპის სასტიკ კრიტიკოსს) განიხილავდა. შემდეგ, უეცრად, ტილერსონი არჩია, რადგან ამ უკანასკნელს მხარი დაუჭირეს კონდოლიზა რაისმა (ყოფილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სახელმწიფო მდივანი), რობერტ გეიტსმა (ყოფილი თავდაცვის მინისტრი და დაზვერვის ხელმძღვანელი) და თვით ჯეიმს ბეიკერმაც კი (უფროსი ბუშის სახელმწიფო მდივანი). „ექსონის“ ხელმძღვანელის რუსეთის გავლენის აგენტად განხილვა უკვე ღიმილის მომგვრელი უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა მას ასეთი ფიგურები უწევენ რეკომენდაციას.

ჩნდება კითხვა - რა დამსახურების გამო მიიღო ეს რეკომენდაცია ერთი შეხედვით ასე გამოუცდელმა ტილერსონმა? საქმე ისაა, რომ იგი ათი წელია „ექსონს“ ხელმძღვანელობს, მანამდე კი ამ კომპანიის საერთაშორისო განყოფილების დირექტორი იყო.

ნავთობკომპანია კი ერთობ სპეციფიური თემაა, რადგან მის ხელმძღვანელს შეხება უწევს არა მხოლოდ სხვა კომპანიების ხელმძღვანელებთან, არამედ სახელმწიფოთა ლიდერებთან, კონკრეტულად კი ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოთა ლიდერებთან. ესენია არაბული სახელმწიფოები, აფრიკული სახელმწიფოები, რუსეთი... ძირითადად დიქტატურები და დიქტატორები. მოკლედ, ტილერსონს არ უმუშავია საგარეო სამსახურში, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება საკმარისზე მეტი აქვს, თანაც ეს გამოცდილება ძირითადად უარყოფითია (დიქტატორებთან ურთიერთობა სასიამოვნო ნამდვილად არ უნდა იყოს) - ანუ უფრო მეტად ჭკუის სასწავლებელი ვიდრე დადებითი და სასიამოვნო გამოცდილება.

სწორედ ასე გაიცნო ტილერსონმა პუტინი, რომელთანაც უმძიმესი მოლაპარაკებები ჰქონდა. კოლეგების თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ იგი რეპეტიციას გადიოდა ხოლმე - თავის ყველაზე უფრო გამოცდილ და ხისტ თანამშრომელს დაისვამდა და მასთან ვარჯიშობდა მოლაპარაკებებში. ის, რომ პუტინმა ტილერსონი დააჯილდოვა, უფრო იმას ნიშნავს, რომ ტილერსონი აღიარა როგორც ღირსეული მეტოქე. თავის მხრივ ტილერსონს პუტინთან დაკავშირებით არანაირი ილუზიები არ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, რომ ოდესღაც ხოდორკოვსკის დაპატიმრებამ „ექსონის“ ინტერესებს დაარტყა - ხოდორკოვსკი აპირებდა „იუკოსი“ სწორედ ტილერსონის კომპანიისათვის მიეყიდა.

ასე რომ, საქმე ასე მარტივად არაა.

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი