მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ჭკუასელმა განაცხადა: „ნოემბრის ბოლოს ყველას გეპატიჟებით ძალიან მძლავრი, გამორჩეული საწარმოს გახსნაზე სოფელ ლაითურში (გურიის რეგიონი). იხსნება საწარმო, რომელიც ყველა სახის ხილს შეუზღუდავად ჩაიბარებს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

როგორც თემურ ჭკუასელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დასახელებული საწარმო სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დეპრესიული რეგიონებისთვის არის განკუთვნილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროექტი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნულ პროგრამას, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხარისხის ზრდას, პირველადი წარმოების გაფართოებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპიროებების გაუმჯობესებას, სანედლეულო ბაზის განვითარებას და შედეგად სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდას.

პროექტით, ახალი საწარმოების დაფინანსების სამი წყაროა განსაზღვრული:

  • შეღავათიანი გრძელვადიანი საბანკო კრედიტი ან ლიზინგი – პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 50%
  • კრედიტის თანმხვედრი გრანტი - პროექტის ჯამური ღირებულების 40%
  • ბენეფიციარის თანამონაწილეობა - პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%

კრედიტით ან ლიზინგით დაფინანსებისას, სესხის/ლიზინგის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 აშშ დოლარს, ხოლო პარალელური სესხების გაცემის შემთხვევაში, სესხების და ლიზინგის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000 აშშ დოლარს.

აღნიშნულ საწარმოზე ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით. მათი ინფორმაციით, გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტით, სოფელ ლაითურში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა არ დაფინანსებულა. აღნიშნული ფაქტი ჩვენ არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაგვიდასტურა. დამატებითი ინფორმაციისთვის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, გიორგი ჭყონიას დავუკავშირდით, რომელიც ასევე არ ფლობდა ინფორმაციას სოფელ ლაითურში აღნიშნული საწარმოს მშენებლობის შესახებ.

დეპუტატის მიერ დასახელებულ სოფელში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა არ ფიქსირდება, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი ტიპის საწარმოს მშენებლობა გურიაში, სოფელ ანასეულში მიმდინარეობს. აღნიშნული საწარმოც თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ვინაიდან, აღნიშნული გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა  გურიაში, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ თემურ ჭკუასელს სოფლის დასახელება შეეშალა და ის სწორედ ანასეულის ხილის გადადმამუშავებელ საწარმოს გულისხმობდა.

პროექტით, ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკის ბაზაზე არასტანდარტული ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს  შექმნაა გათვალისწინებული. საწარმო გამოუშვებს შუალედურ პროდუქტს – ხილფაფას, რომლის შეძენასაც (სრული მოცულობით) შპს „ასკანელი ძმები“ განახორციელებს. საწარმოს ჯამური ინვესტიციის მოცულობა 971 961 აშშ დოლარია (გრანტი 388  ათასი აშშ დოლარი, სესხი 486 ათასი აშშ დოლარი). საწარმოში გამოყენებული ნედლეული 100%-ით ადგილობრივი იქნება. საწარმო მთლიანად შპს „ანასეულის ექსპერიმენეტალური ჩაის ფაბრიკის“ პერსონალით იქნება დაკომპლექტებული, სადაც ამჟამად 9 ადამიანი მუშაობს. პროექტით, წლის განმავლობაში, საშუალოდ 368 427 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტის წარმოებაა დაგეგმილი. გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანასეულის ხილის გადამამუშავებელი საწარმო 2015 წელს გაიხსნება.

  დასკვნა

არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ლაითურში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებელობა არ დასტურდება. მსგავსი ტიპის ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მართლაც მიმდინარეობს გურიაში, თუმცა სოფელ ანასეულში, რომელიც ასევე  თანადაფინანსების პროგრამით ხორცილდება. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ვარაუდობს, რომ დეპუტატმა სწორედ ანასეულში მშენებარე საწარმო იგულისხმა.

გარდა მშენებარე საწარმოს მდებარეობისა, დეპუტატი საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლის თარიღშიც შეცდა. კერძოდ, მისი თქმით, საწარმო მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა გახსნილიყო, მაშინ, როდესაც გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმოს გახსნა 2015 წელს იგეგმება.

ბუნებრივია, ფაქტ-მეტრი მიესალმება რეგიონებში ახალი საწარმოების მშენებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში გადაჭარბებულია დეპუტატის განცხადების ის ნაწილიც, სადაც ის საწარმოს მასშტაბურობასა და სიმძლავრეზე აკეთებს აქცენტებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გვაცნობეს, საწარმო ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკის ბაზაზე იქმნება და მასში ხსენეული ფაბრიკის 9 თანამშრომლის დასაქმებაა დაგეგმილი. საწარმოს მასშტაბურობას (ისე როგორც ამას დეპუტატი გულისხმობდა) არც მასში ჩადებული ინვისტიციის და არც დაგეგმილი პროდუქტის წლიური წარმოების ოდენობა ადასტურებს.

როგორც კვლევის შედეგად აღმოჩნდა, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი თავისივე რეგიონში მშენებარე საწარმოს შესახებ მონაცემების დასახელებისას რამდენიმე ასპექტში შეცდა, თუმცა თავად საწარმოს მშენებლობის ფაქტი დასტურდება.

შესაბამისად, თემურ ჭკუასელის განცხადება: „ნოემბერში ყველას გეპატიჟებით ძალიან მძლავრი, გამორჩეული საწარმოს გახსნაზე სოფელ ლაითურში (გურიის რეგიონი). იხსნება საწარმო, რომელიც ყველა სახის ხილს შეუზღუდავად ჩაიბარებს,“ არის ნახევრად სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი