შიდა ქართლი, გორი
გორის მერიამ ინტერესთა კონფლიქტი არ გაითვალისწინა და კანონი დაარღვია
ვერდიქტის გარეშე
474 ნახვა
A+
A
A-

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი ირწმუნება, რომ გორის მერიის ახალი სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნადიბაიძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობით, კანონი დაარღვია. კერძოდ, ბასიშვილი განმარტავს, რომ ნადიბაიძეც იმ მომღერალთა შორის იყო, რომლებმაც ქალაქის მერიისგან სიმღერის შესრულებაში სარგებელი მიიღო.

„ეს ბატონი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან იქამდე, ვიდრე არ აუხსნის საზოგადოებას, რომ მისი ეს ქმედება არ იყო კანონთან შეუსაბამო. ფაქტია, რომ მისი თანამდებობა და პარალელურად მერიის მიერ დაფინანსებულ კონცერტში მონაწილეობა [როგორც მომსახურების მიმწოდებელი] ინტერესთა კონფლიქტს იწვევს“, – აცხადებს ბასიშვილი.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქალაქ გორის მერიის ცნობით, 26 მაისს გალა კოცერტის მოსაწყობად 38 200 ლარი დაიხარჯა. მასში მონაწილე შემსრულებლების ჰონორარმა კი საერთო ჯამში 17 200 ლარი შეადგინა. მერიამ მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია წინა დღეს გაავრცელა. ანონსის მიხედვით, სხვა მომღერლებთან ერთად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე გორში „ახალი ტალღის“ მესამე ადგილოსანი გიორგი ნადიბაიძეც იმღერებდა. კონცერტის ორგანიზება და მომღერლების მობილიზება შპს „რიო 2“-მა ითავა, რომლის შუამავლობითაც, მოწვეულმა შემსრულებლებმა მერიისგან შესაბამისი ჰონორარები მიიღეს. გიორგი ნადიბაიძემ აღნიშნულ ღონისძიებაზე სამი სიმღერა 1 250 ლარის სანაცვლოდ შეასრულა.

მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ნადიბაიძე მერიის ახალი გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნა. თუმცა, როგორც თავადვე განმარტა, დაკისრებული მოვალეობის შესრულებას უფრო ადრე, 10 მაისიდან შეუდგა, როდესაც მერმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა. ახალი ა(ა)იპ კი, რომელიც მას სამართავად ჩააბარეს, საჯარო რეესტრში 30 მაისსაა დარეგისტრირებული. ამ პერიოდიდან გიორგი ნადიბაიძე დირექტორის პოსტს უკვე ოფიციალურად იკავებს. მერის ბრძანების მიხედვით, ახალი გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო 1 500 ლარს შეადგენს. ფაქტ-მეტრთან საუბარში გიორგი ნადიბაიძე აცხადებს, რომ მაისის თვეში მან ხელფასის თითქმის ნახევარი აიღო: „ვინაიდან მე მთლიანი თვე არ მიმუშავია და 10 მაისიდან დავიწყე საქმიანობა, ხელფასის 40-50% ჩამერიცხა“.

რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, გიორგი ნადიბაიძემ განაცხადა, რომ 26 მაისს გორში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე თვენახევრით ადრე შეუთანხმდნენ და, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს ვერ ხედავს.

26 მაისის ღონისძიებებისთვის შესყიდვის ხელშეკრულებაში მხარეებს (შემსყიდველი და მიმწოდებელი) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „რიო 2“ წარმოადგენენ. თუმცა, დანართში მომსახურების მიმწოდებელთა შორის გიორგი ნადიბაიძის სახელიც ფიქსირდება. რამდენად ჰქონდა ადგილი აღნიშნულ შემთხვევაში ინეტერსთა კონფლიქტს და კანონის დარღვევას ცალსახად რთული სათქმელია „საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში მიიჩნევენ, რომ ამ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, რადგან აშკარად ჩანს დანაშაულის ნიშნები სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეობის წესებში.

 

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მომღერალი გიორგი ნადიბაიძე ნამდვილად მონაწილეობდა, რისთვისაც მან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან ჰონორარი მიიღო.

26 მაისამდე 16 დღით ადრე, ნადიბაიძე, ქალაქ გორის მერის ბრძანებით, ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირეტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. დაირღვა თუ არა კანონი მაშინ, როცა ნადიბაიძემ დაურეგისტრირებელი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობაში ხელფასის ნახევარი მიიღო, მერიის მიერ კულტურული ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხიდან კი – ჰონორარი, ცალსახად რთული სათქმელია და ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.

შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

გააზიარეთ: