არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციამ“ საკუთარ ვებგვერდზე გორის მერიის მიერ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის შეძენილი დიზელის გენერატორის შესახებ განცხადება გაავრცელა.

ორგანიზაციის განცხადებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გენერატორი შპს „ბურჯისგან“ შეიძინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

ევროპის 19 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატი 2 ივლისს გორის სტადიონზე გაიხსნა. ჩემპიონატის გახსნის შემდეგ ქალაქ გორის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია,

რომ სტადიონის ელექტროგენერატორმა 2 ივლისის მატჩზე გამართულად მუშაობა ვერ შეძლო, რაც პირველივე მატჩის მსვლელობისას გამოვლინდა და ჩემპიონატის ჩაშლის საშიშროება შექმნა. მერიის ინფორმაციით, სტადიონზე ძაბვა დაახლოებით 7-8 წუთით დაეცა.

როგორც ირკვევა, გორის მერიამ შესაბამისი დიზელის გენერატორი შპს „ბურჯისგან“ იყიდა. ამ კომპანიასთან 5 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ გენერატორის საერთო ღირებულება 165 000 ლარს შეადგენს, საიდანაც გორის მერია მიმწოდებელ კომპანიას თანხის ნაწილს (1 000 ლარის ოდენობით) 10 დღის ვადაში გადაუხდიდა, ხოლო დარჩენილ 164 000 ლარს 2018 წლის მარტში. ხელშეკრულება შპს „ბურჯთან“ გორის ვიცე-მერმა თამაზ შიოშვილმა გააფორმა. კომპანია „ბურჯის“ იურიდიული მისამართი თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე ბანკი „ქართუს“ მისამართს ემთხვევა. როგორც ცნობილია, ეს ბანკი საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით,

შპს ბურჯის 100%-იანი წილის მესაკუთრე ოფშორულ ზონაში - ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია „ვენითი ოუვერსიიზ ლიმითედია“.

შპს „ბურჯის“ ბიძინა ივანიშვილთან კავშირზე არაერთი წყარო მიუთითებს. 2015 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ „შპს „ბურჯი“ ივანიშვილთან ასოცირებული

 კომპანიაა, რომლის მფლობელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. კომპანია რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი „ქართუს“ ცენტრალური ოფისი მდებარეობს“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისს კითხვები მერიასთან სწორედ შპს „ბურჯის“ შერჩევითობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით აქვს. იურისტი ქეთი ბებიაშვილი განმარტავს, რომ ქალაქ გორის მერიამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადადგმული ყველა ნაბიჯი ოფიციალური დოკუმენტებით უნდა წარმოადგინოს.

„ყველაფერი არა ზეპირსიტყვიერად, არამედ ოფიციალური დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს, რა ზომებს მიმართეს, ვის დაუკავშირდნენ, როგორ მოძებნეს ეს კომპანია და ა.შ. ამასთან, უნდა დაასაბუთონ, რატომ აიღო გორის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარ თავზე ამ თანხის გადახდა. მართალია ჩემპიონატს გორმა უმასპინძლა, თუმცა, ორგანიზატორი გორის მერია არ ყოფილა. კარგი იქნება, თუ ამ საკითხით პროკურატურა და აუდიტის სამსახური დაინტერესდებიან“, - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

ფაქტ-მეტრი გორის ვიცე-მერს თამაზ შიოშვილს და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს აკაკი ხუფენიას დაუკავშირდა. თამაზ შიოშვილი ამბობს, რომ საჭირო სიმძლავრის გენერატორი მხოლოდ ამ კომპანიას ჰქონდა, აკაკი ხუფენიას თქმით, კი მერიამ სიტუაციის გაუმჯობესებაში მიიღო მონაწილეობა.

„სტანდარტები მოითხოვდა, რომ მოედანზე დენის გათიშვა უნდა ყოფილიყო გამორიცხული, ჰქონდა თუ არა მერიას ამის ფუფუნება, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ასეთ დეტალებზე არ ვარ კომპეტენტური“, - ამბობს აკაკი ხუფენია, რომელმაც შპს "ბურჯს" მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოუწერა.

„ქალაქში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი ჩაშლას გადავარჩინეთ, სადაც მოვძებნეთ და რა ფასიც გვაწყობდა იმის მიხედვით შევიძინეთ. რეალურად, ამ გენერატორის ღირებულება 105 ათასი დოლარია და ჩვენ 165 000 ლარად ვიყიდეთ. თანაც, ამ თანხას ეტაპობრივად ვიხდით. მე მგონი, არ გვიღირდა რომ მთელი ევროპის წინაშე ამხელა სირცხვილი გვეჭამა. რაც შეეხება შპს „ბურჯთან“ დაკავშირებას, დეტალური ინფორმაცია ბატონ ზურაბს [ქალაქის მერი] ექნება და ცუდი არ იქნება დაუკავშირდეთ“, - აცხადებს თამაზ შიოშვილი.

ფაქტ-მეტრმა შპს „ბურჯთან“ დაკავშირების შესახებ ინფორმაცია მერიის პრესსამსახურსაც სთხოვა. „საქართველოში მსგავსი ტექნიკა ფიზიკურად არ იყო, აღნიშნულმა კომპანიამ შემოგვთავაზა ორიგინალი შვედურ-ფრანგული გენერატორი, რომლის ღირებულებაც ბევრად ნაკლები იყო მის საბაზრო ღირებულებაზე“, - განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101

მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მიმართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა. სააგენტო, მისთვის მიმართვიდან არაუმეტეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გორის მერიამ შესაბამისი მიმართვა 5 ივლისს გაგზავნა, სადაც გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის განხორციელების მართლზომიერად ცნობას ითხოვს, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარე განკარგულებას

 7 ივლისს გამოსცემს, მაშინ, როცა შპს "ბურჯთან" ხელშეკრულება 5 ივლისს უკვე გაფორმებულია.

გორის მერია ამ დროისთვის შესაბამისად ვერ ასაბუთებს შპს "ბურჯის" მიერ შეთავაზებული პროდუქტის უნიკალურობას. საინტერესოა ისიც, 2 ივლისს შექმნილი პრობლემიდან 3 დღეში რა კავშირებით შეიტყო ინფორმაცია კომპანიამ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონისთვის გენერატორის შეძენის საჭიროების შესახებ, რომელმაც, როგორც მერიაში ამბობენ, შეთავაზების ინიციატივა თავად გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

5403 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი